საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
განსხვავებული შესაძლებლობები მეგობრობას ხელს არ უშლის...
ავტორი: ირმა მარდალეიშვილი
2015/04/26 11:40:32

 - სიცოცხლე რა არის? - კაბის კალთა ჩამომქაჩა ნინიკომ, დიდი, წყლიანი თვალები შემომანათა და ხმამაღლა მკითხა.


- შენ ხარ სიცოცხლე! - სხვა პასუხი არ მქონდა ამ კითხვაზე.


ნინიკო, ქეთი, ნიკოლოზი, გიორგი, სალომე, ლიზი... ისინი სულ 22 არიან. განსხვავებულები, განსაკუთრებულები, გამორჩეულები...


მარიამი, ნანო, სანდრო, თათა, ლაშა... ისინი კი - 100-ზე მეტი,  ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის მეხუთეკლასელები. კეთილები, მხიარულები, წარმატებულები...


ისინი, ყველანი, ბავშვები არიან...

 


 ***


ამირან ძაგნიძე, ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი:  „აღდგომის წინა კვირაში, ჩვენმა მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს საქველმოქმედო აქციის ჩატარებისა. ბავშვების სურვილს პედაგოგებმაც მხარი  აუბეს. მოსწავლეთა ერთი ნაწილი სმენადაქვეითებულ ბავშვთა სასწავლებელს ესტუმრა, საჩუქრებით ხელდამშვენებული, პატარა კონცერტიც გაუმართეს მათ.


მეორე ნაწილი, სააღდგმო ნობათით, სოციალურად შეჭირვებულ რამდენიმე ოჯახს ეწვია და დღესასწაული გაულამაზა.


დღეს კი, ჩვენი სკოლის ოთხივე მეხუთე კლასის აღსაზრდელები და მათი დამრიგებლები - ელისო ბაღდავაძე, თამარ ჭუმბურიძე, მაკა ჯინჯიხაძე და მაია რუსაძე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრს ესტუმრებიან და იქაურ პატარებსაც გაახარებენ. ჩვენ წინასწარ დავუკავშირდით ამ ცენტრის ხელმძღვანელებს და მათი რეკომენდაციით შევიძინეთ სასწავლო აქტივობებისთვის საჭირო სათამაშოები, თვალსაჩინოების მასალები.


უდიდესი წვლილი იმაში, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებმა თავი საზოგადოების სრულფასოვანი წევრებად იგრძნონ, თავად საზოგადოებას ენიჭება. ბავშვის განვითარებაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს გარემო, შესაბამისად, ის, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მიმართ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათივე თანატოლების დამოკიდებულება, მათთან ურთიერთობა.


ჩვენს მოსწავლეებს ადრეც ჰქონიათ ასეთ ბავშვებთან შეხვედრები და მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ  ისინი მათთან ერთადაც ისე თამაშობენ და ერთობიან, როგორც თავიანთ  კლასელებთან, მეგობრებთან.


ჩვენ ერთ-ერთ კლასში გვყავს სპეცსაჭიროების მქონე მოსწავლე და მისი კლასელები ამ ბავშვის მიმართ სულ სიყვარულს და სითბოს გამოხატავენ.


მადლობა მინდა ვუთხრა მშობლებს, რომ მხარი დაგვიჭირეს ამ კეთილი საქმეების საკეთებლად.“

 

მარიამ ბაღდავაძე, მეხუთე  კლასის მოსწავლე: „გვინდა, გავახაროთ ის ბავშვები, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. სათამაშოები ვუყიდეთ, ფერადი ფანქრები, სახატავები. კონცერტსაც ჩავუტარებთ. მე ვიოლინოზე დავუკრავ მათთვის.“

 

***


სტუმრები შესამჩნევად ღელავდნენ, მაგრამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო დღის ცენტრში „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ ისეთი ხალისით შეეგებნენ მასპინძლები, უხერხულობა უცებ გაქრა და ბავშვებმა მალევე იპოვეს საერთო ენა. საჩუქრების დარიგებამდე ერთად იმღერეს, იცეკვეს, ითამაშეს. მერე კი ლამაზი და ფერადი საჩუქრების დარიგების პროცესმა გაახარა ყველა.

 

ნანო ღვინიანიძე, მეორე საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე:  „მე აქამდევ ბევრჯერ ვყოფილვარ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან, უფროსებთანაც, მათთვის მიმღერია, მათთან ერთად მითამაშია  და ყოველი ასეთი შეხვედრისას მათგან  დადებით ენერგიას და სიყვარულს ვიღებ. მე მიმაჩნია, რომ განსხვავებული შესაძლებლობები სულაც არ გვიშლის ხელს მეგობრობაში.“

 

თვალშისაცემის ის მოსიყვარულე და მზრუნველი დამოკიდებულება, რაც დღის ცენტრის თითოეულ თანამშრომელს აქვს ამ ბავშვების მიმართ, საპასუხოდაც სიყვარულს იღებენ მათგან. განსაკუთებულად კი ცენტრის მენეჯერი, გოჩა უგულავა უყვართ და მის ყოველ გამოჩენას ოვაციებით ხვდებიან.

 

ეკა მხატვარი, „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ ფსიქოლოგი: „პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა მეორე საჯარო სკოლის დირექციას, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, იმისთვის, რომ მათ დღეს ასეთი სიხარული აჩუქეს ჩვენი ცენტრის ბავშვებს.


შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ისევე სრულფასოვნად უნდა ცხოვრობდნენ, როგორც ჩვეულებრივი ბავშვები, ამაში მათ საზოგადოებაში ინტეგრირება დაეხმარებათ, სწორედ საზოგადოებას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს მათი ცხოვრების გალამაზებასა და გაუმჯობესებაში და ყოველი ასეთი სტუმრობა ჩვენს ცენტრში უდიდესი მნიშვნელობისაა.


ეს ორგანიზაცია 2012 წლიდან არსებობს ქუთაისში, მაგრამ მანამდე ვიყავით „პირველი ნაბიჯის“  ქუთაისის ფილიალი, 2014 წლიდან კი დამოუკიდებლები გავხდით და გვქვია „ხიდი სოციალური ინკლუზიისათვის“.


ცენტრში გვაქვს როგორც ადრეული ინტერვენციის პროგრამა ნულიდან 7 წლამდე ბავშვებისთვის, რომლებთანაც ინდივიდუალურად ვმუშაობთ სახლებში, საბავშვი ბაღებში, სკოლებში, ასევე დღის ცენტრის პროგრამა 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ამჟამად 22 აღსაზრდელი გვყავს აქ, ისინი დილით მოდიან და 4 საათამდე რჩებიან ჩვენთან. საჩუქრები, რომლებიც დღეს მოგვიტანეს ჩვენმა სტუმრებმა მეორე სკოლიდან,  დაგვეხმარება, რომ ჩვენი მეცადინეობები უფრო ხალისიანი გახდეს, რადგან მათ მალე ბეზრდებათ სათამაშოები და მათთვის ყოველი ახალი ნივთი დიდი სიხარულია.“

 

 

***

სტუმარ-მასპინძლებს ერთმანეთთან დაშორება ეძნელებოდათ. დაუგემავ სიმღერებს იმპროვიზირებული ცეკვები ცვლიდა, ცეკვებს - თამაშები, თამაშებს - ლექსები...

 

„როცა სიცოცხლე ასე ნავარდობს..“ - გულშიჩამწვდომად კითხულობდა ამ ცნობილ ლექსს ერთ-ერთი სტუმარი გოგონა, როცა ნინიკომ კაბის კალთაზე ჩამომქაჩა და მკითხა:

 

- რა არის სიცოცხლე?

 

- სიცოცხლე შენ ხარ!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2296
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია