დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ერთი შენობის ისტორია
თბილისის მარგალიტი – სახლი, რომელმაც საუკუნეს გაუძლო
2015/04/24 09:33:56

Image

იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა ბიჭი, რომელიც ექვსი წლისა, ხონის ერთ-ერთი გარეუბნიდან თბილისში ჩამოიყვანეს და სამუშაოდ ფურნეში დატოვეს. ფურნეს გვერდით გერმანელი ვაჭრის საგალანტერიო მაღაზია ყოფილა. პატარა ბიჭუნა ძალიან ნიჭერი აღმოჩნდა და ძალიან მოკლე დროში, გერმანული ენა ისწავლა. ის ამ მაღაზიაში მოჯამაგირედ მუშაობდა. რამდენიმე წლის შემდეგ კი, უმცროსი გამყიდველი გახდა. როგორც ჩანს, მაღაზიის მეპატრონეს თავი ძალიან შეაყვარა, რადგან მოგვიანებით მან ბიჭუნა სასწავლებლად ლაიფციგში გაგზავნა.

ImageImageImage

ეს ბიჭუნა ცნობილი მეცენატი და საზოგადო მოღვაწე -ერასტი ჭავჭანიძე გახლდათ. მან, შეგროვილი ფულით, იოსებ გველესიანთან ერთად, მანთაშევის ქარვასლაში სავაჭრო სახლი გახსნა. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში თბილისში მხოლოდ რუსულ წარწერებს თუ შეხვდებოდით. მხოლოდ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა“ და „ჭავჭანიძე-გველესიანის სავაჭრო სახლს“ ჰქონდა აბრა ქართულ-რუსული წარწერით. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, ერასტი ჭავჭანიძემ მაშინდელი მიხაილის გამზირზე (ახლანდელი  აღმაშენებლის გამზირი), 1903 წელს ულამაზესი სახლის მშენებლობა დაიწყო.

ImageImage

“სამსართულიანი სახლი ნაძერწი დეკორის სიუხვითა და დახვეწილობით გამოირჩევა. შენობის სახეს მოდერნული ელემენტები განსაზღვრავს. რიზალიტთა მომნიშვნელი პილასტრისებრი შვერილების დამასრულებელი ქალის თავის სიმბოლური გამოსახულებები, ტალღოვანი კარნიზები, ნაძერწი გირლანდები, ყვავილოვან ორნამენტებში ჩართული უჩვეულო კრონშტეინები თუ რკინის შეკიდული აივნების მოაჯირები. სადარბაზო მთლიანად შემკულია იმ დროისათვის დამახასიათებელი მოხატულობით. ეზოსკენ ნაგებობა ტრადიციული ხის აივნებით არის მომართული” (თბილისის არქიტექტურული გზამკვლევი).

ImageImage

გადმოცემის თანახმად, სადარბაზო ფლორენციელ მხატვრებს მოუხატავთ. არქიტექტორიც საზღვარგარეთიდან ჩამოუყვანია. სადარბაზოს მსგავსად, თურმე ბინებშიც ყოფილა მოხატული ჭერი. მერცხლებით, პეპლებითა და პალმებში ჩაფლული ლამაზი ხედებით.

სახლს ეზოს მხრიდან თბილისური ხის აივნები აქვს და გარე ფასადი სრულიად განსხვავებულია. როგორც უმრავლესობა იმ პერიოდის სახლებისა. სადარბაზოში მაღლიდან ანგელოზები დაგვცქერიან. კიბის ქვედა ნაწილებიც კი მოჩუქურთმებული ყვავილებითაა მოხატული. კედლებს ულამაზესი პეიზაჟები ამშვენებს. აქვე ნახავთ სცენებს „ვეფხისტყაოსნიდან“, რომელიც მხატვარ მიხაი ზიჩის ილუსტრაციების მიხედვითაა შექმნილი. სამწუხაროდ, ჭერიდან ჩამოსული წყალი ამ საოცარ ნახატებს ანადგურებს. ნახატებს, რომლებმაც საუკუნეს გაუძლეს…

ImageImageImage

გულგრილს ვერ დაგტოვებთ ხის ულამაზესი კარები, რომელიც სადარბაზოს დიზაინში საოცრადაა შერწყმული. ერთ-ერთ კარზე, მეტალის თხელ ფირფიტასაც დაინახავთ, რომელზეც სახლის ამშენებლის სახელი და გვარია ამოტვიფრული.

ImageImageImage

ერასტი ჭავჭანიძე თავისი ცოლ-შვილით სწორედ ამ სახლში ცხოვრობდა. მას ორი შვილი „ისპანკით“ დაეღუპა. ეს გრიპის ერთ-ერთი რთული ფორმა იყო, რომელიც იმ პერიოდში მძვინვარებდა თბილისში. მოგვიანებით, მისი ცოლი მშობიარობას გადაჰყვა. ვერც ახალშობილის გადარჩენა მოხერხდა. ერასტი ჭავჭანიძეს მხოლოდ ორი ვაჟი დარჩა. ამჟამად, ერთ-ერთ ბინაში მისი  შვილიშვილი, ქალბატონი თამარ ჭავჭანიძე ცხოვრობს, თავისი ოჯახით. ის რომ არა, ვინ იცის, რა ბედი ეწეოდა ამ ლამაზ სადარბაზოს…

ImageImageImage

როგორც ამბობენ, ჭავჭანიძეების სახლში ბევრი სტუმარი დადიოდა. სადარბაზოში პატარა სპილენძის ზარი ყოფილა, რომელსაც შვეიცარი რეკავდა და მასპინძლებს სტუმრის მოსვლას ატყობინებდა.  ქალბატონი თამარი იხსენებს, რომ ეზოში ულამაზესი შადრევანი დაუნგრევიათ, რომელსაც ანგელოზის ქანდაკება ედგა. ხოლო აუზში ოქროს თევზები დაცურავდნენ. თბილისის გასაბჭოების პერიოდში, 1927 წელს, ერასტი ჭავჭანიძეს ქონება ჩამოართვეს  (როგორც თბილისის უმეტესობა მდიდარ მაცხოვრებელს) და ერთი ოთახი დაუტოვეს. მიუხედავად ამისა, მან მოახერხა გადაერჩინა და შეენარჩუნებინა ულამაზესი სადარბაზო, რომელსაც სხვა სახლების მსგავსად, გადაღებვას უპირებდნენ.

ImageImage

შენობა მყარადაა ნაშენები, თუმცა ამჟამად სავალალო მდგომარეობაშია. ბათქაში ამძვრალი აქვს და ბარელიეფები ინგრევა. სახურავზე მდგარ ქვის სვეტებს ხელი რომ ჰკრა – გადავარდება. აივანზე გასვლაც სახიფათოა. სარდაფში წყალია. სახურავიდანაც  წყალი ჩამოდის, ისტორიულ ნახატებს შლის და ანადგურებს. შენობა სარესტავრაციოა. ერთ დროს ულამაზესი ჭიშკარი მოხსნილი და დაკარგულია. სამწუხაროა, როდესაც ის, რაც ძველი თბილისის სახეს ქმნიდა, ნელ-ნელა  ხელიდან გვეცლება. ეს ხომ ჩვენი წარსულია? განა რამდენი ასეთი სახლია შემორჩენილი, რომელსაც თავისუფლად შეიძლება არქიტექტურული შედევრი ეწოდოს? რომელიც ქმნიდა ძველი თბილისის იერსახეს?

Imageძე

დრო გადის და თუ ახლავე არ მივიღეთ ზომები, მერე ძალიან გვიან იქნება. მერე აღარ გვექნება  ის მარგალიტები, რითიც შეგვიძლია ვიამაყოთ! რასაც ნახავენ ჩვენი შვილები, შვილიშვილები… თუ ახლავე არ გავუფრთხილდით ეროვნულ სიმდიდრეს, ვერაფერს დავუტოვებთ შთამომავლობას. ამიტომ, ჩემი დიდი თხოვნა იქნება, ვისაც შეგიძლიათ მიაწვდინეთ ხმა რომ მიხედოთ ამ სახლს,  რადგან არ მინდა, რომ მხოლოდ ფურცლებმა შემოინახოს ისტორია ბიჭუნაზე, რომელმაც საკუთარი შრომით ბევრი კარგი საქმე გაუკეთა თავის ქვეყანას და რომელმაც აღმაშენებლის 36 ნომერში, ასეთი საოცარი სახლი დაგვიტოვა.

 

 

წყარო: http://www.psnews.ge/pcms/index.php

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6526
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია