საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის არსებული რეზიდენცია მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას არსებითად არ შეესატყვისება
2015/04/21 13:17:54

პრეზიდენტის რეზიდენციის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება მთავრობის უფლებამოსილებაა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კონსტიტუციონალისტმა, "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა. მისი თქმით, სწორედ მთავრობის პრეროგატივას წარმოადგენს რეზიდენციის საკითხის სამართლებრივი მოწესრიგება. 


"მთავრობა არის აღმასრულებელი ხელსუფლების უმაღლესი ორგანო და სწორედ მისი უფლებამოსილებაა ქონების მართვისა და განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება. ეს შეეხება საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასაც. აქედან გამომდინარე სწორედ მთავრობის პრეროგატივას წარმოადგენს რეზიდენციის საკითხის სამართლებრივი მოწესრიგება. პრეზიდენტის ადგილსამყოფელი არ არის კანონით დადგენილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულებაში არის ნახსენები ადგილსამყოფელი, თუმცა კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის უფლებამოსილებას არ განეკუთვნება მისი ადმინისტრაციის ადგილსამყოფლის განსაზღვრა. ეს არ არის პრეზიდენტის უფლებამოსილება. აქედან გამომდინარე საკითხი დარეგულირდება კანონმდებლობით, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ქონების განკარგვა, მართვა არის სწორედ მთავრობის უფლებამოსილება", - განაცხადა კობახიძემ. 


მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია უნდა შეესატყვისებოდეს პრეზიდენტის კონსტიტუციურ სტატუსს და უფლებამოსილებას. 


"პრეზიდენტის არსებული რეზიდენცია, ანუ შენობა, სადაც დღეს მუშაობს პრეზიდენტი, არსებითად არ შეესატყვისება მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას. განხორციელდა 2010 წელს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ამოქმედდა 2013 წლიდან და 2013 წლის შემდეგ პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. შესაბამისად, ის აღარ არის ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ლიდერი. ეს არის არსებითი ცვლილება, რომელიც სხვადასხვა სახით უნდა აისახოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე", - აღნიშნა კონსტიტუციონალისტმა. 

 

http://www.interpressnews.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1387
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია