საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ზრდასრულთა განათლება
ირინე სახელაშვილი: „ვაკეთებ იმას, რაც ყველაზე მეტად მიყვარს და გამომდის: ვსწავლობ და ვასწავლი!“
2015/04/14 13:26:00

გაივლის  დრო და კედელთან მდგომი, ცხოვრების გარდამტეხ მომენტებში გამახსენდება ხოლმე ორი პიროვება: აურელიანო ბუენდია და... ირინე სახელაშვილი... პირველი - როგორც მარადიული ბრძოლისა და შემართების, მეორე კი - მარადიული თვითგანვითარების  ეტალონი ჩემს ცხოვრებაში.

 

შეუძლებელია ირინა სახელაშვილი გაიცნო და მისი ინტელექტითა და ადამიანური უბრალოებთ პოზიტიური შოკი არ მიიღო.

 

პირველი კულტურული შოკი  დაახლოებით 22 წლის წინ „ გვაჩუქა“,  ჩვენ - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჟურნალისტიკის ფაკულტეტის აბიტურიენტებს, როცა მისაღებ გამოცდებზე  პროფესიით ექიმი, ზრდასრული პროფესიონალი, რომელსაც ტრენდული პროფესიით დასაქმებისა და განვითარების სრული შესაძლებლობა ჰქონდა, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე წარმატებით ჩაირიცხა და  დაასრულა.  90-იანი წლების დასაწყისში ჩვენისთანა ქალაქისთვის ეს საკმაოდ უჩვეულო საქციელი იყო... თუმცა ირინას საგანმანათლებლო თავგადასავლებში ეს მხოლოდ დასაწყისი იყო...  

 

ჩვენი სტუმარია ქალბატონი  ირინა სახელაშვილი - ექიმი, ტრენერი, ექსპერტი, ჟურნალისტი, დიპლომატი, მკვლევარი...

 

 

- ირინა, რას ნიშნავს შენვის განათლება ზრდასრულ ასაკში?

 

- ზრდასრულთა განათლების შესახებ თეორიებს საფუძველი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს ჩაეყარა და, მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის პრაქტიკა, რომლის მეშვეობითაც ზრდასრულები, ახალი ცოდნის, უნარ-ჩვევების, დამოკიდებულებების ან ფასეულებების შეძენის მიზნით, ჩართულები არიან სისტემატურ და პერმანენტულ სასწავლო აქტივობებში. ანდრაგოგიკა, იგივე ზრდასრულთა განათლება, სასკოლო განათლებაზე დაფუძნებულ ბავშვთა პედაგოგიკისაგან განსხვავდება ფუნდამენტური პრინციპებით, რომლებთაგან უმნიშვნელოვანესი და მთავარი არის თავად ზრდასრულთა შინაგანი მოტივაცია და მზადყოფნა, შეიძინონ ახალი ცოდნა და უნარ-ჩვევები; ეს მოტივაცია იმდენად მაღალია, რომ მათ არ სჭირდებათ ზეწოლა და გარედან ბიძგი ამ ცოდნის მიღების მიზნით; ამასთან, ისინი მოტივირებულები არიან მიიღონ განათლება სწორედ იმ მიმართულებით და, შესაბამისად, შეიძინონ ის პრაქტიკული უნარები, რომლის შეძენის აუცილებლობას თავად ხედავენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბავშვებისაგან განსხვავებით, რომლებსაც არ აქვთ არჩევანის თავისუფლება (ყოველ შემთხვევაში, საყოველთაო სასკოლო განათლების ფარგლებში), ზრდასრულები თავად წყვეტენ, რა ისწავლონ და რა არა, და, საერთოდ, ისწავლონ თუ არა  რამე...

 

-ანუი, ზრდასრულ ასაკში ცოდნის შემეცნება და გაანალიზება გაცილებით  ეფექტურია ვიდრე ადრეულ ასაკში...

 

-ცხადია, ზრდასრულთა განათლებისა და სასკოლო განათლების  სწავლების მეთოდიკასა და პრინციპებში განსხვავება ძალიან დიდია და ანდრაგოგიკა ანუ ზრდასრულთა განათლება  მეტ თავისუფლებას და ინტერაქტიულობას გულისხმობს. დღეს სწავლების ფორმატი მრავალნაირია, ტრენინგი, სემინარი, ვორქ-შოპი, დისტანციური, ონლაინ-კურსები, ვებინარი და ა.შ. მოკლედ, მთავარია, ადამიანმა მოისურვოს და განათლების მიღება ნებისმიერი გზით არის შესაძლებელი.

 

- გვიამბე საკუთარი ისტორია: გვიამბე შენს პროფესიებზე,  

 

 

სკოლაში სწავლის ბოლო წლებში, როდესაც პროფესიას ირჩევენ ხოლმე ბავშვები, დილემის წინაშე ვიდექი, ძალიან მინდოდა ექიმობა, ასევე ძალიან მინდოდა ჟურნალისტობაც, თან, ამბობდნენ, რომ არ ვწერდი ცუდად, ამიტომ დიდხანს ვყოყმანობდი  გადაწყვეტილების მიღებამდე.  

 

საბედნიეროდ, ძალიან დემოკრატი მშობლები მყავდა და არჩევანში აბსოლუტურად თავისუფალი ვიყავი, იმდენად,  რომ როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა და ქუთაისიდან თბილისში მივემგზავრებოდით სამედიცინო ინსტიტუტში საბუთების შესატანად, მშობლებმა სავსებით სერიოზულად შემომთავაზეს, ჩემი არჩევანისთვის გადამეხედა, რომ შემდეგ გული არ დამწყვეტოდა. საბუთები მაინც სამედიცინოზე შევიტანე და ჩემდა საბედნიეროდ, იმ წელსვე ჩავირიცხე პედიატრიულ ფაკულტეტზე. დავასრულე ინსტიტუტი, შემდეგ ვიმუშავე განაწილებით ზესტაფონის სოფლის ამბულატორიაში, შემდეგ ქუთაისის ჩვილ ბავშვთა სახლში, აქვე ვიტყვი, რომ პედიატრობაზე მეტად ნევროპათოლოგობა მინდოდა, ამიტომ პირველი შესაძლებლობისთანავე, რაც ინსტიტუტის დასრულებიდან ორი წლის შემდეგ მომეცა, წამოვედი თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში, ნევროლოგიის 6-თვიანი კვალიფიკაციის გასავლელად.

 

-ირინა, მე 1993 წელს გაგიცანი... ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მისაღები გამოცდებზე...  ვაღიარებ, რომ  ჩემს მეხსიერებაში პირველი ზრდასრული სტუდენტი ხარ.

 

- მართალი ხარ... იმ პერიოდში გამოცხადდა ორწლიანი კლინიკური ორდინატურა სამედიცინო ინსტიტუტის  ნევროლოგიის კათედრაზე. ბუნებრივია, ეს შანსი ხელიდან არ გავუშვი და გავაგრძელე სწავლა ორდინატურაში. პირველი წელი რომ დავასრულე, საზაფხულო არდადეგებზე, ივლისში, ქუთაისში, სახლში ვიყავი ჩამოსული, სადაც სრულიად შემთხვევით ჩამივარდა ხელში გაზეთი, მგონი, „ქუთაისი“, სადაც გამოქვეყნებული იყო განცხადება, რომ ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი მიღებას აცხადებდა. არც დავფიქრებულვარ, მეორე დღესვე შევიტანე საბუთები. ოღონდ პედიატრის დიპლომი არ გამომიჩენია, სკოლის ატესტატი მივიტანე. ჰოდა, ახლაც მახსოვს, ისტორიის გამოცდაზე მკითხეს, სკოლის დამთავრების შემდეგ 12 წელი რას უცდიდიო?!  28 წლის ვიყავი მაშინ. ჩემმა ოჯახმა არაფერი იცოდა. ჩარიცხვის შემდეგ გაიგეს. პირველი წელი გაბმული ვიყავი თბილისსა და ქუთაისს შორის. მაგრამ ლექტორები ხელს ძალიან მიწყობდნენ, ასეთი „გადარეული“ მეორე არ ჰყავდათ და...

 

-კარგად მახსოვს, ჟურნალისტიკის გარდა, მესამე პროფესიას-დიპლომატიასაც შეეჭიდე იმ პერიოდში..

 

- ორდინატურა დავასრულე და, რომ მეგონა, ქუთაისს, შესაბამისად, ნევროლოგიას და ჟურნალისტიკის ფაკულტეტს საბოლოოდ დავუბრუნდი,  იმერეთის მაშინდელი გუბერნატორის,  ბ-ნი თემურ შაშიაშვილის ინიციტივით, ქუთაისში ჩამოვიდა იმ წელს გახსნილი, საგარეო სამინისტროსთან არსებული დიპლომატიური აკადემიის მისაღები კომისია, რომელსაც ქუთაისიდან 10 ახალგაზრდა უნდა შეერჩია, რომლის სწავლის საფასურსაც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია გაიღებდა სამი წლის მანძილზე. ჰოდა, ამ 10 ბედნიერ ახალგაზრდათა რიცხვში მეც მოხვდი და კვლავ თბილისში აღმოვჩნდი.

 

 ასე დავასრულე ერთი და იმავე წელს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და საქართველოს დიპლომატიური აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და შევიძინე „მარადმწვანე სტუდენტის“ სტატუსი, რასაც დღემდე პირნათლად ვამართლებ: ხელიდან არ ვუშვებ არც ერთ შანსს, რასაც ღმერთი მაძლევს და ვსწავლობ ყველგან და ყველაფერს, რაც მაინტერესებს.

 

-და მაინც  სად გადის შენი შესაძლებლობების ზღვარი? 

 

- აი, ეგაა, რომ ძალიან ბევრი რამ მაინტერესებს. ნევროლოგიაში უკვე თვლა ამერია, იმდენი კვალიფიკაცია გავიარე, მათ შორის, ბოლო ორი კვალიფიკაცია, აგერ ახლა, 2012 წელს დავასრულე. გავლილი მაქვს ოქსფორდის პოლიტიკის მართვისა და ჯანდაცვის სამინისტროს „ჯანდაცვის მენეჯმენტის“ ერთწლიანი კურსი, NDI-ს „მომავლის ლიდერ ქალთა“ ერთწლიანი პროგრამა;  არაერთი ტრენინგი და სემინარი გენდერულ საკითხებზე, ადამიანის უფლებების ევროპულ სტანდარტებზე და სხვა მრავალი.

 

- ბოლო წლებში თვალს ვეღარ გადევნებ... დარწმუნებული ვარ ახლაც სწავლობ...

 

- ამჟამადაც  ვსწავლობ, ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტის დოქტორანტი ვარ, ნეირომეცნიერების მიმართულებით. ჩემი სადოქტორო თემაა- საქართველოში ძილის მედიცინის განვითარების გამოწვევები: ძილის დარღვევების, პრევალენტობისა და რისკ-ფაქტორების კროს-სექციური კვლევა.

 

- მოდი  შენს სამუშაო გამოცდილებაზეც  გვიამბე...  შენნაირი კადრები ქვეყანაში  ბევრი როდია...

 

- სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარებისას, ქართული ენასა და ლიტერატურის მისაღებ გამოცდაზე დავწერე თავისუფალი თემა, სათაურით „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილასოფოსთა ბრძნობისა?!“. ჰოდა, ვინმემ რომ არ ჩათვალოს, რომ მე სწავლის მეტს არაფერი მიკეთებია, ვიტყვი, რომ მაქვს პრაქტიკოს ექიმად მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება;  12 წელზე მეტი ვმუშაობდი სამთავრობო სტრუქტურებში, ძირითადად, ხელმძღვანელ პოზიციებზე; ასევე, მაქვს არასამთავრობო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, მათ შორის, ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან: Peace Corps, Wold Vision; UNDP, UN JP; TEMPUS, SOS-Children Village; თავადაც ვეწევი საგანმანათლებლო საქმიანობას, მათ შორის, ზრდასრულთა განათლების მიმართულებით. ვატარებ ტრენინგებსა და სემინარებს დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციებისათვის.

 

ჩემი ამჟამინდელი სამუშაო ადგილი გახლავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თენგიზ ონიანის სახელობის ძილ-ღვიძილის ციკლის შემსწავლელი ლაბორატორიის ასოცირებული მკვლევარი. ვატარებ კვლევებს ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან ერთად; მაქვს სტუდენტებთან მუდმივი კონტაქტი და ვარ ბედნიერი, რადგან ვაკეთებ იმას, რაც ყველაზე კარგად მიყვარს და გამომდის: ვსწავლობ და ვასწავლი!

 

- შენი აზრით როდის სრულდება განათლების პროცესი?

 

- რთული სათქმელია: ალბათ, ადამიანს გააჩნია, უფრო სწორად, მის მოტივაციას. თუ „ფილოსოფიური“ კუთხით შევხედავთ,  არასოდეს. ანუ, ადამიანი სწავლობს მანამ, სანამ ცოცხალია. დეკარტის პერიფრაზირება რომ მოვახდინოთ: ვსწავლობ, მაშასადამე, ვცოცხლობ! ცხოვრების ყოველი წამი რაღაცას გვასწავლის, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. თავის ტვინი არასოდეს ისვენებს, ღრმა ძილის დროსაც კი ურთულესი პროცესები მიმდინარეობს, რაც დასწავლის პროცესთან  უშუალო კავშირშია, ამიტომ შეიძლება ითქვას, სანამ ტვინი ცოცხალია, ადამიანი მუდამ რაღაცას სწავლობს...

 

-ანუ,  შენც ასე თვლი რომ „სწავლა სიბერემდეა?“

 

- ასევე, ზრდასრულთა განათლების კონცეფცია გულისხმობს, და მეც აბსოლუტურად ვიზიარებ მას, სწავლა უწყვეტი პროცესია, რაც არ შეიძლება დასრულდეს, თუ პიროვნებას პროფესიული ზრდა, ან თუნდაც ახალი პროფესიის, ახალი უნარ-ჩვევების შეძენა სურს. მით უმეტეს, ასეთი გაზრდილი და ულმობელი კონკურენციის  ფონზე. კონკურენციას რომ თავი დავანებოთ, რამდენი რამ არის საინტერესო, და, რაც მთავარია, ხელმისაწვდომი...ჩემს სტუდენტებს სულ ვეუბნები, რომ მათ არაჩვეულებრივ, ინტერნეტის არსებობის დროს მოუწიათ სწავლა, რაც უდიდესი ფუფუნებაა; მთავარია, გინდოდეს მოძიება, ინტერნეტი ამოუწურავი რესურსია განათლებისათვის.

 

-ასე მგონია, ამდენწლიანი შემეცნების პროცესის მიუხედავად, მაინც  უკმაყოფილო ხარ შედეგით და გგონია, რომ კიდევ ბევრი დაგრჩა შესამეცნებელი.

 

- რა თქმა უნდა ასეა,  რაც უფრო მეტს სწავლობ, მით მეტად ხვდები, რამდენი რამე არ იცი და კიდევ რამდენი გაქვს სასწავლი....როდესაც პირველი კვალიფიკაცია დავასრულე, დარწმუნებული ვიყავი, რომ ნევროლოგიაში ყველაფერი ამოვწურე და აღარაფერი მქონდა სასწავლი; ახლა კი, ხანდახან შიში მიპყრობს, როდესმე მეცოდინება კი იმდენი, რომ საკუთარ თავზე შემეძლება გულწრფელად ვთქვა, რომ ნამდვილად მაღალი კლასის პროფესიონალი ვარ... პროფესიონალიზმი მუდმივ სწავლას, თვითგანათლებას და მუდმივ ინტერესს ნიშნავს ახლის შეცნობისა და გაგებისათვის. კონკურენცია ძლიერი მოტივატორია, მაგრამ ენთუზიაზმის გარეშე მშრალი რუტინა ნებისმიერ საქმიანობას უკარგავს ინტერესს, რაც პროფესიონალიზმზე ცალსახად და უპირობოდ ახდენს გავლენას. ეს კანონი ყველა სფეროში მოქმედებს და ერთნაირი გავლენა აქვს ხაჭაპურის მცხობელზეც და რეჟისორზეც, ქირურგზეც და „პარკეტჩიკზეც“. ამიტომ მგონია, რომ მარტო კონკურენცია ვერ აიძულებს ადამიანს, მუდმივად იყოს ჩართული უწყვეტი განათლების პროცესში. უნდა გიყვარდეს ის საქმე, რაც გინდა აკეთო და მხოლოდ ეს დიდი სიყვარული მოგცემს ძალას, გაათენო არაერთი უძილო ღამე კომპიუტერთან, წიგნებთან, ნახაზებთან ან თუნდაც ელექტროღუმელთან ან საქსოვ დაზგასთან, რომ ხვალ გახდე უკეთესი, ვიდრე ხარ დღეს!

 

სჭირდება თუ არა ქვეყანას ზრდასრულთა განათლებაზე ფოკუსირება?

 

- უდავოდ, ცალსახად და უპირობოდ!

 

ჩვენს ქვეყანას ბევრი რამის დეფიციტი აქვს, მაგრამ, ჩემი მოკრძალებული აზრით, ყველაფრის დეფიციტის თავი და ბოლო, ყველაფრის სათავე განათლებაა, უფრო სწორად, მისი არქონა.  წერა-კითხვის მასობრივი უცოდინარობა, საბედნიეროდ, არ გვჭირს, თუმცა არის რეგიონები, სადაც ამის პრობლემა ალაგ-ალაგ ნამდვილად არის. უმაღლესი განათლების დიპლომის მქონე „ტაქსის“ მძღოლების სიმრავლითაც ალბათ, ბევრ ქვეყანაზე წინ ვართ. მაგრამ ხუმრობა რომ გვერდზე გადავდოთ, რეალურად, განათლების, უფრო სწორად, გაუნათლებლობის მასობრივი „ეპიდემიის“ სიმპტომატიკა ძალიან თვალში საცემია. ამის დასტურად, ფეისბუკის 15 წუთიანი „რევიზიაც“ საკმარისია. თუმცა, ამ პრობლემას მხოლოდ ზრდასრულთა განათლებვერ მოხსნის, ეს გაცილებით გლობალური პრობლემაა.

 

- როგორ ფიქრობ, რა ქმედებებია საჭირო ამ კუთხით?

 

- იმ თვალსაზრისით, რასაც ზრდასრულთა განათლების კონცეფცია გულისხმობს, ჩვენი ქვეყნისათვის, სადაც დასაქმება  უმწვავესი პრობლემაა, ეს არის ერთ-ერთი გზა, ამ პრობლემის რაღაც დოზით მოგვარებისაკენ. ზრდასრულათა განათლების სისტემა საშუალებას აძლევს ადამიანს, შეიძინოს ახალი ცოდნა, ან თუნდაც ახალი პროფესია, ან გაიფართოვოს კომპეტენცია, აიმაღლოს კვალიფიკაცია ნებისმიერ ასაკში.  მეტი განათლება მეტ კონკურენტუნარიანს ხდის პიროვნებას დასაქმების, კარიერული ზრდის მიმართულებით.

 

ეს სისტემა ჩვენს ქვეყანაში დიდი ხანია მუშაობს, ერთ-ერთი პირველი ასეთი ტიპის სისტემა ექიმთა უწყვეტი განათლების სისტემის შემოღება იყო, თუ სწორად მახსოვს, 2003 წელს. შემდეგ მას მასწავლებელთა უწყვეტი გადამზადების, თუ განათლების სისტემა დაემატა.  კარგა ხანია, დღის წესრიგში დგას საჯარო მოხელეთა უწყვეტი პროფესიული გადამზადების სისტემის დანერგვა, რასაც ერთეული, სპორადიული ხასიათი აქვს და ჯერჯერობით, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არ არის სავალდებულო; არაერთი სასწავლო ცენტრი ფუნქციონირებს სხვადახვა სამინისტროების ქოლგის ქვეშ, იუსტიციის, ფინანსთა სამინისტროს აქვს სასწავლო ცენტრები. ჯანდაცვის სამინისტროს სხვადასხვა საქვეუწყებო სტრუქტურების თანამშრომლებს უტარდებათ ხოლმე პერიოდულად გადამზადება/ტრენინგები. ზურაბ ჟვანიას სახელობის საჯარო მოხელეთა სკოლა ამავე ფუნქციას ასრულებს. 

 

-ირინა, შენ ტრენერიც  ხარ  და ზრდასრულთა განათლების კუთხით მუშაობ, და მაინც, რისთვის სწავლობენ ადამიანები?

 

-მე თავადაც ვატარებ სხვადასხვა მიმართულებით ტრენინგებს, რომელთა მიზანს ზრდასრულთა აუდიტორიისათვის ახალი ცოდნისა და უნარების გადაცემა წარმოადგენს და ამ ტრენინგებს ესწრებიან ის ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პროფესიულ განვითარებასა და გაზრდაში. ბევრი მათგანისათვის ეს სრულიად ახალი თემა და სფეროა. თუმცა ადამიანები სწორედ იმიტომ სწავლობენ, რომ ეს შეძენილი ცოდნა შემდგომ პრაქტიკაში გამოიყენონ და ამ პრაქტიკული საქმიანობით მიიღონ მორალური, ან ფინანსური კმაყოფილება. უფრო მართალი და ზუსტი რომ ვიყოთ, სწორედაც რომ ფინანსური კმაყოფილების მიღების მიზნით არის აუცილებელი ზრდასრულთა განათლების პრინციპების საყოველთაოდ დანერგვა და ამაზე ფოკუსირება, რადგან, როგორც ზემოთ უკვე ვთქვი, მხოლოდ ცოდნის, ინფორმაციის, უნარების და ჩვევების შეძენა-განახლება-გაძლიერების გზით არის შესაძლებელი დაძლიო კონკურენცია, გახდე საუკეთესოთა შორის საუკეთესო, და რაც მთავარია, აკეთო საქმე პროფესიულად, მაღალ დონეზე, მინიმალური ხარვეზებით, მაქსიმალური შედეგებით;  პროფესიონალიზმი ყველა სფეროში კი, დამეთანხმებით, ქვეყნის ეკონომიკურ, მაშასადამე, პოლიტიკურ სიძლიერეს ნიშნავს, ამიტომ ვთვლი, რომ განათლება, საყოველთაო, უწყვეტი და პერმანენტული, მათ შორის, ზრდასრულთა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ვიტყოდი, სტრატეგიული მიზანია ქვეყნისათვის.

 

ელისო გოლეთიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4160
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია