საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სატელეფონო ზარებით, „მესიჯებით“ შეწუხება, ან “გადაკიდება” დასჯადი ხდება
2015/04/15 10:33:37

თუ აღმოაჩენთ, რომ ვინმე თქვენი ნების საწინააღმდეგოდ „გიმესიჯებთ“, ქუჩაში გხვდებათ, აგედევნათ, გაწუხებთ და ამის გამო ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდით, ან ოჯახში გექმნებათ პრობლემები, მალე ამისგან დაცული იქნებით. ამის შესახებ „ალიას“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ განუცხადა. 

პატარაიას თქმით, კანონში შევა შესაბამისი მუხლი, რომელიც ამ კუთხით ადამიანების დაცვას უზრუნველყოფს.

„ძალიან ბევრი ქალი მიმართავს არასამთავრობოებს და მათ შორის „საფარს“, რომელიც რეალურ პრობლემად ასახელებს გადაკიდებას. ძირითადად ეს ხდება მეუღლის, ყოფილი მეუღლის, პარტნიორის ან ყოფილი პარტნიორისგან. ქალი განიცდის მუდმივ შეწუხებას, ყველგან ხვდება, სამსახურსა და სახლში აკითხავს, მისი სურვილის მიუხედავად, ამ პრეტენზიით მიმართავენ ხოლმე შსს-ს, მაგრამ ის ვერაფერს აკეთებს, რადგან ეს დღეს დასჯადი ქმედება არ არის“-აცხადებს პატარაია.

მისივე თქმით, სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე, „საფარმა“ კვლევა აწარმოა, რის საფუძველზეც ქართული კანონმდებლობისთვის მორგებული მუხლი შემუშავდა. 

„მუხლის სახელი განისაზღვრა შემდეგნაირად „უკანონო თვალთვალი და ადევნება“ მუხლი 148 გადაკიდება.
1. არაკანონიერი თვალთავალი, განმეორებითი შევიწროება, დევნა, მუქარა, პირადი, სატელეფონო ელექტრონული ან მესამე პირის მეშვეობით კომუნიკაციის დამყარება ან სხვა ქმედება, რომელიც მსხვერპლში იწვევს მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს და აიძულებს მსხვერპლს მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. 
2. იგივე ქმედება ჩადენილი სამსახურეობრვი მდგომარეობის გამოყენებით, ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის გამოყენებით, თექვსმეტ წლამდე არასრულწლოვანის მიმართ, მსხვერპლის ნივთის დაზიანებით ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ვადით. 
3. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, მსხვერპლის ან მისი ახლობლის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნით ისჯება თავისუფლების აღკევეთით 2-დან 4 წლამდე. 
4. იგივე ქმედება რამაც გამოიწვია დაზარალებულის ან მისი ახლობლის ჯანმრთელობის დაზიანება, ისჯება 3-დან 5 წლამდე“, - აცხადებს პატარაია.

პატარაიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლის მიმართ მსგავსი ფაქტი ხორციელდება, მან პოლიცია უნდა გამოიძახოს. 

„ასეთ შემთხვევაში მიდიხართ პოლიციაში, ან გამოიძახებთ და აკეთებთ განაცხადს, რაც შეეხება ტერმინს „ცხოვრების წესის შეცვლა“, ამაში იგულისხმება, მაგალითად, თუნდაც ტელეფონის ნომრის შეცვლა, როცა მარტო არ დადიხართ და ცდილობთ ვინმე გაიყოლოთ, როცა საჯარო ტრანსპორტით აღარ მგზავრობთ და ცდილობთ ტაქსით გადაადგილდეთ. გადაკიდება, რომელიც ადამიანში ნერგავს შიშს, მისი ქმედებების ცვლილებას უნდა იწვევდეს. ხშირია ხოლმე შემთხვევები, როცა ლექტორები გადაკიდებიან სტუნდენტებს. სცენარი შეიძლება ბევრნაირად ვითარდებოდეს. არის შემთხვევები, როცა ქალი უკვე ვეღარ აკონტროლებს სიტუაციას და უკიდურესად შეწუხებულია“, - აცხადებს პატარაია. 

მისივე თქმით, „საფარი“ ფიქრობს, რომ აღნიშნული დანაშაული სისხლის სამართალს უნდა მიეკუთვნებოდეს, იუსტიციის სამინისტროს პოზიცია კი აღნიშნული მუხლის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანაა.

პატარაია იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ინიციატივა პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე, ძალაში კი, სავარაუდოდ, წელსვე შევა.

 

წყარო: http://info9.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1397
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია