დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვენახის გაშენებას თუ გეგმავთ, ეს უნდა იცოდეთ
2015/04/10 09:16:39

გამოგონებაზე მუშაობა 1947 წელს დაიწყო ნიკოლოზ გველესიანმა, შთამომავლობით მეღვინემ, შემდგომში ეს ძიება განაგრძო მისმა შვილმა და მისი წარმატებით დაბოლოების სიხარულიც მას ხვდა წილად. 


     1870-იან წლებში ევროპაში ამერიკიდან შემოტანილ ვაზს თან შემოჰყვა ყურძნის ყველაზე საშიში მავნებელი მწერი ფილოქსერა (ძალიან პატარა მწერი). პირველად იგი საფრანგეთში მოხვდა და მეღვინეობით ცნობილი ამ ქვეყნის ღვინის წარმოება გააკოტრა. შემდეგ ეს საშიში მწერი დასავლეთში გავრცელდა და 30 წლის განმავლობაში ვენახების დაახლოებით 6 მილიონი Hჰექტარი შეიწირა. მოგვიანებით ამერიკიდანვე შემოიტანეს ფილოქსერას ამტანი ვაზის ჯიში. თითქოს ამ პრობლემის გადაჭრის ყველაზე ადვილი გზა ევროპული ჯიშის ამერიკულით შეცვლა იყო. მაგრამ საქმე ისაა, რომ ამერიკული ვაზის ყველა მაჩვენებელი (მოსავლიანობა, შაქრიანობა, ნაყოფის გემო) დიდი ხნის წინ კულტივირებული ევროპული ვაზის ჯიშებისაზე დაბალი ხარისხისა აღმოჩნდა. ამ მდგომარეობიდან გამოსავალს ოცი წლის განმავლობაში ეძებდნენ და ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ვენახების აღდგენის საუკეთესო მეთოდი იქნებოდა ვაზის ევროპული ჯიშების ამერიკულზე დამყნობის მეთოდი, რომელიც გულისხმობს დამყნობას ინგლისური კოპულირების მიხედვით. ეს მეთოდი ყველაზე პრაქტიკული აღმოჩნდა. მან მეღვინეობის სწრაფი აღდგენა უზრუნველყო. მაგრამ მასაც თავისი უარყოფითი მხარეები ჰქონდა – კერძოდ, სტრატიფიკაცია (სათბურში ვაზის ნამყენი კალმების წინასწარი მოყვანა) და ყურძნის ხარისხიანი ნერგების დაბალი გამოსავლიანობა. 


     საუკუნის მანძილზე ყურძნის ნამყენი ნერგების მისაღებად მრავალი ტექნოლოგია შეიქმნა, რამაც ხელი შეუწყო მათი ხარისხის გაუმჯობესებასა და სიბნელეში გამოსავლიანობის 75%-მდე ზრდას. თუმცა შეუცვლელი დარჩა: 1. დამყნობის მეთოდი - ეს არის ინგლისური კოპულირება, და 2. ნამყენი მასალის წინასწარი სტრატიფიკაცია. შემიძლია დავასახელო მაგალითებიც: მსოფლიოს უდიდესი კომპანია VIVAL COOPERATIVI RAUSCEDO SCARL, რომელსაც წელიწადში ყურძნის 65 000 000 ნერგი გამოჰყავს, ცნობილი ფრანგული კომპანია RICHTER S.A.T.V., BERILLON LILIAN და მრავალი სხვ. 


     ყურძნის ნამყენი ნერგების მიღების გველესიანებისეული გამოგონება თავისი სიახლით ყველა აქამდე ცნობილი ხერხისაგან პრინციპულად განსხვავდება. დამყნობილ ყურძნის ნერგებს ნიადაგში იმწუთასვე რგავენ, წინასწარი სტრატიფიკაციის გარეშე. ხოლო ეკოლოგიურად სუფთა ყურძნის ნერგების გამოსავლიანობა 90%-ს შეადგენს. ამასთან მათი თვითღირებულება ორჯერ მცირდება. 


     ახალი ტექნოლოგიის დანერგვა დღეს საკმაოდ აქტუალურია, ვინაიდან მას შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს გლობალური დათბობის პრობლემების გადაწყვეტაში. 


     როგორც ცნობილია, ყურძნის ნერგების გაზრდის პროცესი წინასწარ სტრატიფიკაციას უკავშირდება, რომელიც, თავის მხრივ, საჭიროებს შენობას ავტონომიური გათბობის სისტემით. 


     ყურძნის ნერგების გაზრდის ტრადიციული ხერხი შემდეგში მდგომარეობს. სანაყენე სარგავ მასალას (საძირე და სანამყენე) ცხელ პარაფინში ათავსებენ, რომელიც საკვებ ნივთიერებებს შეიცავს და სანაყენე მასალას გამოშრობისგან იცავს, შემდეგ სტრატიფიცირებულ ყუთებში ათავსებენ და სველი ხის ნახერხს აყრიან. ყუთები სათბურში შეაქვთ და 2-3 კვირით აჩერებენ, სადაც მუდმივი მაქსიმალური ტემპერატურაა 25-35 გრადუსი.
   ზემოთ აღნიშნული დროის განმავლობაში მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის გავლენით, საძირესა და სანამყენეს გამყენი კალმების შეზრდის გარდა ყურძნის ნერგებს 10 სმ-მდე ნაზარდები და 15 სმ-მდე ფესვები უჩნდება. ყურძნის ნერგებს სათბურიდან გამოტანისთანავე წამოზრდილ კალმებსა და ფესვებს ძირამდე აცლიან. შემდეგ მათ ცხელ პარაფინში ათავსებენ და სანერგეში რგავენ. 


სათბურში კალმებისა და ფესვების გასაზრდელად ყურძნის ნერგები პლასტიკური ნივთიერებების 30%-ს ხარჯავენ. ნიადაგში მათი განვითარება ისევ იწყება დარჩენილი ნივთიერებების მარაგის ხარჯზე. თუ ნერგებს ნიადაგში გადავრგავთ სათბურში წამოზრდილი კალმების მოუშორებლად, ისინი ზრდას წყვეტენ და მთლიანად იღუპებიან. მათ მაგივრად სათადარიგო კვირტი განაგრძობს ზრდას. 


ზემოთ ნათქვამიდან ჩანს, რომ ყურძნის ნერგების ტრადიციული მეთოდით გამოყვანა რთული და ძვირადღირებული ღონისძიებაა. თუ ყურძნის ნამყენ სარგავს (საძირე და სანამყენე) მიწაში პირდაპირ ჩავრგავთ, წინასწარი სტრატიფიკაციის გარეშე მყნობის შემდეგ, ყურძნის ნერგების გამოსავლიანობა დაბალი იქნება და 35-40%-ს შეადგენს. 


     ამიტომ ახალი ვენახის გაშენებისათვის ყურძნის ნერგებს იმ კომპანიაში იძენენ, რომელიც მათ გამოყვანას აწარმოებს. 


აღსანიშნავია ისიც, რომ ყურძნის ნერგების ზოგი გამომყვანი მათ არასერტიფიცირებული სანერგე მასალიდან აწარმოებს, რაც ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს. 


     ახალი ტექნოლოგიის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი ყურძნის ნერგების მიწის იმ ნაკვეთზე გაზრდის საშუალებას იძლევა, სადაც ახალი ვენახის გაშენება იგეგმება. სანამყენე მასალის არჩევა და მისი შეძენა მეპატრონის მონაწილეობითა და თანხმობით ხდება, რაც ყურძნის ნერგის ხარისხის გარანტიაა. ამასთან, ყურძნის ნერგები იმთავითვე იმ ნიადაგზე ადაპტირდება, რომელზეც ახალი ვენახის გაშენებაა დაგეგმილი. 
     ყურძნის ნამყენი ნერგების გამოყვანის პროცესი ბუნებრივ პირობებში, წინასწარი სტრატიფიცირების გარეშე, ნორმალურად და თანდათანობით ხორციელდება. ამ დროს კალუსი იმწუთასვე კი არა, თანდათანობით წარმოიქმნება. მის წარმოქმნაში ყველა კამბიალური უჯრედი მონაწილეობს. მისი შემდგომი დიფერენციაცია თანმიმდევრობით მიმდინარეობს, რის შედეგადაც შეერთების ადგილი უფრო მჭიდრო და საიმედოა. საძირეზე წარმოქმნილი ფესვები წინააღმდეგობის გარეშე აგრძელებენ განვითარებას. საძირეს ძირითადი კვირტი ყურძნის ნერგის განვითარების სხვა პროცესების შესაბამისად იზრდება. ამ ყველაფრის შედეგად საძირესა და სანამყენეს შეზრდის პროცესი დასაწყისშივე ბუნებრივ პირობებში მოხვედრისას უფრო დახვეწილია, მათი შემდგომი განვითარება ნორმალურად მიმდინარეობს და ყურძნის ბუჩქს, მთავარი კვირტიდან წარმოქმნილს, საუკეთესო სიმაღლე და ნაყოფიანობა აქვს, იგი დაავადებების მიმართაც უფრო გამძლეა. 


ახალი ტექნოლოგიის გამოყენება ერთ ჰექტარზე 15 000 ყურძნის ნერგის მიღების საშუალებას იძლევა (დარგვის ფართობია 0.1X0.6) ყურძნის ნამყენი მასალის გადარგვა 25 მარტიდან 10 მაისამდე პერიოდში შეიძლება. შემოდგომაზე ყურძნის ნერგები მზადაა ვენახის გაშენებისათვის განკუთვნილ მიწის ნაკვეთზე გადასანერგად. 


     ახალი ტექნოლოგიის დასანერგად გველესიანი თანამშრომლობს Mმებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის ისეთ ცნობილ სპეციალისტებთან, როგორებიც არიან სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი ნოდარ ჩხარტიშვილი და ყურძნისა და ხილის ნერგების გამოყვანის განყოფილების გამგე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი ლევან უჯმაჯურიძე. 


 გამოგონებაზე P3912 (10.09.06) საქართველოს საპატენტო უწყების "საქპატენტის” მიერ გაიცა პატენტი.
      28.12.05-ში შეტანილ იქნა განაცხადი ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელმაც გამოგონებას უმაღლესი შეფასება მისცა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში პატენტის აღების უფლებით. 

 

წყარო: http://at.com.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2259
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია