საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
120-ე სეზონის პირველი პრემიერა ჭიათურის თეატრში
2015/04/01 13:10:25

ჭიათურის დრამატულ თეატრს გასული წლის დეკემბერში საიუბილეო ასაკი შეუსრულდა, თუმცა არ აღნიშნულა, რადგან თეატრის ხელმძღვანელობა და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა შეთანხმდა იმ საკითხზე, რომ 2015 წელი იქნებოდა საიუბილეო. თეატრი საჭიროებს შენობის მნიშვნელოვან რეაბილიტაციას (დარბაზი, სცენა, სკამები) და ნაწილობრივად _ რეკონსტრუქციასაც. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, მამუკა ცერცვაძის, აზრი, რომ ჭიათურაშიც უნდა იყოს მცირე დარბაზი, მოწონებულია მსახიობების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მაყურებელთა მხრიდან. მუნიციპალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 70 ათასი ლარით ჭიათურის გამგებელი სცენის რემონტს გეგმავს, თუმცა,  კულუარულად საუბრობენ  შენობის მთლიან რეაბილიტაციაზეც.


 31 მარტს ჭიათურის დრამატულმა თეატრმა წლის პირველი პრემიერა აჩვენა მაყურებელს. მოწვეული რეჟისორის, კახა გოგიძის, მიერ დაიდგა სპეკტაკლი „მუსუსი“, რომელიც მიხეილ ჯავახიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით შეიქმნა.

 სპეკტაკლს დაესწრნენ სხვადასხვა თაობის მაყურებლები, ქუთაისისა და ახალციხის თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები. წარმოდგენის დასრულებამდე დარბაზმა რამდენჯერმე ვერ შეძლო ემოციის მართვა და სპეკტაკლის მსვლელობისას რამდენჯერმე ხანგრძლივი ტაშით აღინიშნა  თეატრალური პროფესიონალიზმის გამოვლინება.

 მცირე სადადგმო ხარჯების მიუხედავად (2771 ლარი) სცენა და კოსტიუმები იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ სპეკტაკლის დასრულების შემდეგ მხატვრებს, ნანა ყორანაშვილს და ლელა ფერაძეს, მადლობას უხდიდნენ მაყურებლებიც.

 სპეკტაკლის დასრულების შემდეგ ჩვენ რამდენიმე ადამიანს ვთხოვეთ კომენტარი, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

ზურაბ კაპანაძე (მაყურებელი): ჭიათურის თეატრი იმდენად განსაკუთრებული ისტორიისა, რომ მასზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. საკმარისია, ვახსენოთ, რომ თავის დროზე ჭიათურის თეატრის წარმოდგენებს ესწრებოდნენ ვაჟა ფშაველა და აკაკი წერეთელი. ვფიქრობ, რომ დღევანდელი თეატრი იმ შესანიშნავი ტრადიციების ღირსეული გაგრძელებაა.

 ლია სულუაშვილი (ახალციხის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი): ჩვენ დღეს ჭიათურაში ვნახეთ სპეკტაკლი, რომელიც ორგანული და მონოლითურია. თითქოს თავიდან გადაჭარბებულად მეჩვენა აღმოსავლურ ქართული კილო, მაგრამ რამდენიმე წუთში შემეცვალა წარმოდგენა, რადგან დიალექტურმა მიქსმა შექმნა კოლორიტული ეფექტი სცენაზე. წარმატებებს ვუსურვებ ჭიათურის, და ზოგადად, რეგიონების, თეატრებს.

 

ე.წ. „წერეთლის 3,5 მილიონის“ ხარჯვასთან დაკავშირებით ჭიათურის გამგებელმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა განაცხადეს, რომ მანგანუმის მეწარმეებისგან გადახდილი ბუნებრივი მოსაკრებლის ნაწილი, რომელიც, სავარაუდოდ, ჯამურად 2015 წლიდან 3,5 მილიონი ლარი ან მეტი იქნება, აუცილებლად მოხმარდება თეატრის აღორძინებასა და პერსპექტივებს.


სულხან მახათაძე (ჭიათურის გამგებელი): ჩვენ გვაქვს უნიკალური თეატრი და არა მარტო მატერიალური დახმარება სჭირდება მას. სირცხვილია, როცა მუნიციპალიტეტში ასეთი დონის თეატრია და მისი წარმოდგენები არ ექნება ნანახი მოსწავლე-ახალგაზრდობას. ვგეგმავთ თეატრთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად ერთობლივ აქციებს, რაც გულისხმობს ბავშვების სპეკტაკლებზე ინტენსიურად დასწრებას. ამას აუცილებლად განვახორციელებთ. ბუნებრივია, რომ თეატრისთვის ეს საჭიროა, თუმცა ახალგაზრდების ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებისთვის თეატრში სიარული აუცილებელი და უფრო მეტად საჭიროა.

მალხაზ წერეთელი (ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი): ჩემ მიერ ინიცირებული კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ ბუნებრივი მოსაკრებლის გაზრდით ჭიათურის თეატრს აუცილებლად უნდა გამოეყოს დამატებით თანხა, რომელიც უნდა მოხმარდეს იმ ენთუზიაზმზე მომუშავე ადამიანებს, რომლებმაც შეინარჩუნეს და განავითარეს ჭიათურის თეატრი. ჩემთვის უცხო არ არის ჭიათურის თეატრის პრობლემები. აუცილებლად სჭირდებათ ტრანსპორტი, შიდასარემონტო ღონისძიებები, მცირე დარბაზი, მატერიალური წახალისება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჭიათურის თეატრი პროგრესის ნაცვლად კვდომას დაიწყებს. სამწუხაროა, რომ ახალგაზრდობამ დაივიწყა 90-იან წლებში თეატრის გზა და კარი, ახლა ჩვენ ამ ხარვეზის დასაძლევად უნდა ვიშრომოთ. მჯერა, რომ ჭიათურის თეატრი თავის ტრადიციულ დიდებას არ დაკარგავს და ქართული კულტურის ისტორიაში კვლავ ექნება ღირსეული ადგილი.

 მარიამ შეყილაძე (მოსწავლე): აქ ხშირად დავდივარ, მიუხედავად იმისა, რომ თეატრამდე ჩემი სახლიდან 30 კილომეტრია. ძალიან მიყვარს ჭიათურის თეატრი, ძალიან კარგ სპეკტაკლებს გვიჩვენებენ ხოლმე და მსახიობებს როლების მიხედვით ვიცნობ. ძალიან მომწონს ამ თეატრის ლამბალო, ყაშა, ახლა უკვე მუსუსიც, ყინულის დედოფალიც და ექიმიც. იმედი მაქვს, ჩემი მშობლები ხელს შემიწყობენ და სპეკტაკლზე წამომიყვანენ ხოლმე.  ამბობენ, რომ სკოლები უფრო მეტად ჩაერთვებიან თეატრალურ ცხოვრებაში, ამას სკოლის დირექცია, ადგილობრივი ხელისუფლება და „ჯორჯიან მანგანეზი“ გვპირდება.

 კახა გოგიძე (დამდგმელი რეჟისორი): მიხარია, რომ სპეკტაკლმა წარმატებით ჩაიარა. იმდენად მაღალკვალიფიციური დასი დამხვდა ჭიათურაში, რომ აქაურ მსახიობებთან მუშაობა კომფორტული აღმოჩნდა ჩემთვის. ის ელემენტები, რომლითაც „მუსუსი“ გავამდიდრე, ჩემი აზრით, ეფექტური აღმოჩნდა. როგორ რეაქციასაც ველოდებოდი დარბაზისგან, ზუსტად ის მივიღე. ქორეოგრაფიული, ავანგარდული, გროტესკული ელემენტები ამ სპეკტაკლის კოლორიტული ნაწილებია. კრიტიკული თვალით ვუყურებდი სპეკტაკლის მსვლელობას და, ვფიქრობ, მასში არ არის რამე შესაცვლელი. ყველა ნიუანსი გათვლილი მქონდა და ყველამ გაამართლა. იმედია, ამის თქმას თავმოწონებად და ტრაბახად არ ჩამითვლიან. ჭიათურის თეატრმა დღეს თავისი შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გამოავლინა, რისთვისაც მადლობას ვუცხადებ თეატრის ადმინისტრაციას, მსახიობებსა და მაყურებლებს.

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3575
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია