დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქარი და ქალის ბლოგი
ყველა ასაკი მომავლის უფლებით
2015/04/01 10:00:45

ია საბანაძე ჯერ მხოლოდ 42 წლისაა.პროფესიით დაწყებითი განათლების პედაგოგია, თანაც საკმაოდ კარგი. რამდენიმე წლის წინ იძულებული გახდა, სკოლიდან წამოსულიყო.მიზეზი მოულოდნელად დაქვეითებული სმენა იყო, ავადმყოფობამ გაკვეთილის ჩატარების შესაძლებლობა აღარ მისცა, თუმცა სახლში დაწყებითი კლასის რამდენიმე მოსწავლეს მაინც ამეცადინებდა. ასე ივსებდა ფინანსურ საჭიროებას და სკოლის მონატრებას. პროგრესირებადმა დაავადებამ ეს გზაც მოუჭრა. სმენის მთლიანად დაქვეითებამ მზიას რეპეტიტორობაზეც უარი ათქმევინა. ასე დარჩა უმუშევარი, პატარა ბავშვით  „სათადარიგო პროფესიის“ გარეშე.
ია საბანაძე: „ავადმყოფობამ ჩემი ოცნების პროფესიაზე მათქმევინა უარი. არავითარი სხვა საქმე მე არ ვიცი, განსაკუთრებულად ვერც ვქსოვ და ვერც ვკერავ, რომ ამით რაიმე შემოსავალი მქონდეს. ალბათ, დამლაგებლად მომიწევს მუშაობის დაწყება, რა თქმა უნდა, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ კარგია სხვა პროფესია რომ მქონდეს... ამ ბოლო დროს ვფიქრობდი, ნეტავ ჟესტების ენა რომ მასწავლა, სპეციალიზირებულ სკოლებში პედაგოგის ადგილს თუ ვიშოვი?  მასწავლებლობა, ბავშვეთან ურთიერთობა, ალბათ, ყოველთვის გამყვება ეს ნოსტალგია.“


იამ არ იცის, რომ უწყვეტი განათლების უფლება აქვს და ამ უფლებით არც ჟესტების ენის სწავლა ეკრძალება. მას არც ტერმინი- ზრდასრულთა განათლება გაუგია. 

 

„ზრდასრულა განათლება ეს არის კომპლექსური და მრავალწახნაგოვანი არაფორმარული განათლების მოდელი, რომელიც აერთიანებს ზრდასრული ადამიანის პიროვნული და სოციალური განვითარების საკითხებს. პიროვნება შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების მქონეც, რომელიც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მიხვდა, რომ საკუთარ პროფესიაში სათანადოდ ვერ 
რეალიზდება და უჩნდება სურვილი შეისწავლოს რაღაც ახალი, უფრო პრაქტიკული და რეალურად საჭირო საქმე. როგორც წესი, ეს ხდება ზრდასრულ ასაკში, ფორმალური განათლების ასაკიდან (სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი) და სპექტრიდან გამოსვლის შემდეგ და ამიტომაც ჰქვია ასე - ზრდასრულთა განათლება. ევროპაში მას ახალგაზრდებიც საკმაოდ ხშირად მიმართავენ. სკოლადამთავრებულთა დიდი ნაწილი იქ იმთავითვე პროფესიული განათლების გზას ირჩევს, შეისწავლის მისთვის საინტერესო სპეციალობას და შემდეგ ამ ხელობით იმკვიდრებს კიდეც ადგილს ცხოვრებაში“ 

ზრდასრულთა განათლების პრობლემა საქართველოში სახელმწიფო დონეზე ნაკლებად  განიხილება. სახელმწიფო ჯერ ზოგადი განათლების სრულყოფაზეა ორიენტირებული. ამ დროს, ჩვენს ქვეყანაში უამრავი მზიას მსგავსი ადამიანი ელოდება „საკუთარ მეორე შანსს “. მათ სუბიექტური ან ობიექტური მიზეზების გამო, უარი თქვეს საყვარელ პროფესიებზე და სრულიად უმწეონი აღმოჩდნენ საზოგადოების ტრანსფორმაციის პროცესში. ვავედ, ეს პრობლემა ორმოცი წლიდან საპენსიო ასაკს მიტანებულ მოსახლეობას აწუხებს. გარდამავალ ეტაპზე ზოგის დიპლომი არაკონკურენტული აღმოჩნდა ევროპულ სერტიფიკატებთან და დიპლომებთან, ზოგმაც ცხოვრების „ფხა“ ვერ გამოიჩინა და საჭირო დროს საჭირო ადგილზე ვერ აღმოჩნდა. ზოგს არც არასოდეს ჰქონია რამე პროფესია და ა. შ. მათ ყველას ახალი პროფესია - სათადარიგო საქმე სჭირდებათ.

„მომავალი განათლებაშია“

ასეთი  ლოზუნგი უჭირავს ხელში ამ ფოტოზე ამერიკის 45 წლის მოქალაქეებს. ფოტო ინტერნეტში ზრდასრულთა განათლების შესახებ ინფორმაციის მოძიებისას ვიპოვე.სხვადასხვა საიტებიდან გარკვეული ინფორმაცია ვთარგმნე. გავოცდი, ამერიკის და ევროპის ქვეყნებში მოსახლეობას აქვს მაქსიმალური ინფორმაცია ზრდასრულთა განათლების შესახებ. მათ იციან თავიანთი უფლებები და საკმაოდ მკაცრად მოითხოვენ მთავრობებისგან ამ უფლებების დაცვას. საინტერესოა ისიც, რომ ბევრი ქვეყნის მუნიციპალურ ბიუჯეტებში, ჩადებულია საკმაოდ სოლიდური თანხები ზრდასრულთა განათლებისათვის. ფინანსდება სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსები, ტრენინგები. სპეციალური სკოლებიც კი არსებობს, რომლებსაც დაფინანსება ზოგჯერ უმცირდებათ, რასაც მოსახლეობა მკაცრად აპროტესტებს. მათ კარგად ესმით, რომ „მომავალი განათლებაშია“ და ეს მომავალი მათ ნებისმიერ ასაკში ეკუთვნით.


საქართველოში კი ინფორმირებულობის დონეც ძალიან დაბალია და ადამიანების გარკვეული ნაწილი, ვერც განათლებასა და მომავალს უკავშირებს ერთმანეთს. მოსახლეობამ ის მწირი ინფორმაციაც არ იცის, რაც  ზრდასრულთა განათლების საკანონმდებლო გარანტიებს უკავშირდება.
მეტი კონკრეტიკისთვის, ფეისბუკზე ჩემს მეგობრებს დავუსვი შეკითხვა: „რა არის ზრდასრულთა განათლება და თუ გაგიგიათ ეს ტერმინი?“
პასუხები ასეთი  იყო:
ირმა (42 წლის): „შინაარსის მიხედვით ვვარაუდობ, რაც არის. ტერმინი გამიგია, სადღაც ინტერნეტში მოვკარი თვალი“
მაკა (35 წლის): „ვიცი, გამიგია. თუმცა ზუსტ განმარტებას ვერ გეტყვით. პროფესიულ განვითარებას უკავშირდება.“
ანნა (24 წლის): „ვფიქრობ, ეს არის ეტაპი, როცა მიღებული ცოდნის საფუძველზე ახდენ დამოუკიდებლად მოვლენების გაანალიზებას, აღქმას და ანალიზს. რამდენად ამას ნიშნავს არ ვიცი, მაგრამ ასე მგონია“ 
ციცი(28 წლის): „არაფერი არ მომდის თავში. მაგრამ ადამიანის, პიროვნების ჩამოყალიბებასთან არის კავშირში, ასე მგონია.“ 
ფიქრია(39 წლის): „მე მარტივდ გავიფიქრე, თუ ეს ჩემს ასაკში შეიძლება მოირგო, რატომაც არა.“
ცირა(50წლი):„ჩვენს ქვეყანაში არ არის გავრცელებული, რამდენადაც ვიცი.“
გიორგი (39 წლის): „როდესაც ზრდასრული ადამიანი, მაგალითად, 35 წლის სწავლობს.“
ირინე (43წლის):„ზრდასრულთა განათლების სისტემა ძალიან გავრცელებული ცნებაა და გულისხმობს ტრენინგების, და სემინარების სახით განათლეების, ახალი უნარ-ჩვევების შეძენას პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენების მიზნით, adult learning principles ანუ მოზრდილთა განათლების პრინციპები განსხვავებულია მოზარდთა განათლების პრინციპებისაგან და ეს მთელი სისტემაა...“

რამდენიმე ადამიანის პასუხი, რა თქმა უნდა, სრულ სურათს არ იძლევა მაგრამ ინფორმატიულობის დონეს მაინც განსაზღვრავს. როცა ადამიანებს ინფორმაცია არა აქვთ, რა მნიშვნელობა აქვს, კანონმდებლობას და სპეციალურ სტრატეგიებს? მითუფრო, როცა მთავრობა ოფიციალურ ვალდებულებას მათ განხორციელებაზე არ იღებს.

„ოქროს გამოცდილება“

საქართველოში ზრდასრულთა განათლება საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებული არარის. ევროპული ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ კაპიტალის ჩადება, წარმატებული პრაქტიკაა. გასულ საუკუნის 80-იან წლებში ირლანდია ევროპის უღარიბესი, უმუშევარი ადამიანების ქვეყანა იყო. ის სასწრაფოდ საჭიროებდა სერიოზულ, ძირეულ რეფორმებს.რეფორმები კი ადამიანური რესურსის გარეშე წარმოუდგენელია. ახალი კადრების აღსაზრდელად  მინიმუმ 5-6 წელი იყო საჭირო. ირლანდიის მთავრობამ ზრდასრულთა განათლება და კადრების გადამზადება სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანა და სერიოზული ფინანსური რესურსი მიმართა ამ მხრივ. უფრო მეტიც, ირლანდიის ზრდასრულთა განათლების სამინისტროც კი შეიქმნა, რომელმაც სპეციალური სტრატეგიაც შეიმუშავა. უმოკლეს დროში ირლანდიიის მოსახლეობის უმეტესობა ჩაერთო ზრდასრულთა „საყოველთაო ეროვნული განათლების“ პროცესში: შეიქმნა უამრავი კურსები, ადამიანებმა საკუთარ პროფესიაში აიმაღლეს კვალიფიკაცია, ნაწილმა ახალი პროფესია, ხელობა შეისწავლა.ძალიან მალე ქვეყანამ უმუშევრობა და სიღარიბე დასძლია,სამინისტრომ კი თავისი ფუნქცია შეასრულა და დაიხურა. ირლანდიის მაგალითს „ოქროს გამოცდილებასაც“ უწოდებენ.

 

„ზრდასრულთა განათლებას“ ევროპის ქვეყნებში გასული საუკუნის დასაწყისიდან უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ხოლო, აზიის  ქვეყნებში არანაკლებკარგად ესმით მისი  მნიშვნელობა.

ჩვენი კანონმდებლობა გვიცავს ჩვენ?!

საქართველოს კონსტიტუციით ყველას აქვს განათლების მიღების და მისი ფორმის არჩევის უფლება. იმავე მუხლში წერია, რომ მოქალაქეებს აქვთ უფლება კანონის დადგენილი წესით, სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიიული განათლება.თუმცა, წმინდა საკანონმდებლო კუთხით პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონი ერთადერთი საკანონმდებლო აქტია ქართულ სინამდვილეში, რომელიც ზრდასრულთა განათლების საკითხებს, ნაწილობრივ ათავსებს სამართლებრივ ჩარჩოში. კანონის მე-­5 მუხლის თანახმად, პროფესიული განათლების ერთ-­ერთი მიზანია ერთიანი პროფესიულ-­საგანმანათლებლო სივრცის შექმნა
მთელი სიცოცხლის მანძილზე პირის მიერ სწავლის შესაძლებლობის, სწავლის მრავალსაფეხურიანობისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით. მართალია,არსებობს, პროფესიული განათლების, სრულწლოვანთა არაფორმარულ განათლებაზე, ფოკუსირებული სტრატეგიაც. თუმცა საკმარისი არც ესაა. იგივე სტრატეგიის მიხედვით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თვითმმართველობების მიერ სხვადასხვა ტრენინგ-კურსების ორგანიზებას. ეს გასაგებიცაა, რადგან ეკონომიურად ყველაზე უფრო რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას უჭირს და ყველაზე მეტადაც მათ სჭირდებათ ახალი უნარების, პროფესიული ჩვევების გამომუშავება და პრაქტიკაში გამოყენება.

 

მართალია, სახელმწიფოს მხრიდან რამდენიმე პროექტი(კომპიუტერის შემსწავლელი კურსები, ინგლისური ენის კურსები, პროფესიული სასწავლებლები და სხვა) განხორციელდა, მაგრამ ეს ძალიან მწირია საჭიროებასთან შედარებით. სახელმწოფოს, სამწუხაროდ, არ ესმის, რომ ზოგადი განათლების და საპენსიო ასაკს შორის, არის საკმაოდ მოზრდილი ასაკობრივი ჯგუფი, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ახალი  პროფესიის ათვისება, პროფესიული გადამზადება ან კვალიფიკაციის ამაღლება. პროფესიული განათლება მათთვის სიღარიბისგან თავის დაღწევის ალტერნატიული საშუალებაა.

 

 

პასუხისმგებლობა სხვაზე

იქ სადაც, სახელმწიფო იხსნის პასუხისმგებლობას, საბედნიეროდ, არასამთავრობო სექტორი იღებს მას.ნებისმიერ დასაქმების საიტზე არის სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შემოთავაზებული  კურსების დიდი არჩევანი. მათი ნაწილი სტაჟირებასაც გულისხმობს, ნაწილი- დასაქმების პერსპექტივებს გვპირდება.
შენ, მთავარია, არჩევანი გააკეთო. „მეორადი პროფესიების“ ყველაზე მოთხოვნადი ხუთეული მეტ-ნაკლებად ცვალებადია. ადრე ყველაზე მოთხოვნადი საბუღალტრო კურსები იყო, დღეს პიარი-კომუნიკაცია, hr-მენეჯმენტი და ორგანიზაციის მართვაა ყველაზე პოპულარული.ამ ბოლო დროს, მოდური პროფესიების ჩამონათვალს,IT ინჟინერიაც დაემატა. კურსების უმეტესობა აფსოლუტურად ხელმისაწვდომია ფასის მიხედვით, მაგრამ მათი სერთიფიკატი პერსონის დასაქმების გარანტი მაინც არ არის. ცნობილი უნივერსიტეტების მიერ შეთავაზებული „ყველგანმავალი სერთიფიკატები“ კი საფასურის გამო, ადამიანებისთვის ხელმიუწვდომელია.

 

 

 

 

არაფორმალური განათლების პროვაიდერები საოფისე პროფესიების მრავალფეროვან არჩევანს გვპირდებიან. რა თქმა უნდა, თუ ვინმემ ვერ შესძლო ოცნების ასრულება და უნივერსიტეტში შესაბამისი პროფესიის დაუფლება, უფლება აქვს შემოთავაზებული კურსებით აიხდინოს სურვილი. თუ ვინმეს, 60 წლის ასაკში ფოტოს გადაღების ტექნიკა აინტერესებს, ისიც თავისუფალი და შეუზღუდავია საკუთარ არჩევანში. 

 

მაგრამ სეგმენტი, რომლისთვისაც ახალი პროფესია, ახალი ხელობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ისევ „თამაშგარე“ რჩება. მათ არა აქვთ სწავლის საფასურის გადახდის საშუალება. ისინი, ძირითადად, რეგიონებში, ქალაქებიდან მოშორებით ცხოვრობენ. ამიტომ, მათ სჭირდებათ ხელობა- საქმე, რომლითაც საკუთარ ოჯახებში გარკვეული ფინანსური შემოსავლის მიღებას შესძლებენ.

„ოქროს მაგალითი“...ქართული

ჩემთვის ეს სამაგალითო მაგალითია. მის გამეორებასაც პრაქტიკაში აუცილებლად ვაპირებ. ქუთაისში, ჩემმა ჭკვიანმა მეზობლებმა შვილებს უმაღლეს განათლებასთან ერთად ხელობაც მისცეს. მათი ორივე შვილი (ქალ-ვაჟი) სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა, პარალელურად კი ოქრომჭედლობას და ტიხრული მინანქრის ტექნიკას ეუფლებოდნენ. რატომ? მშობლების პასუხი მრავალმხრივი და მრავალმხრივ საინტერესო იყო:„ვიდრე სწავლობენ, საკუთარ თავს მიეხმარებიან. რომ დაამთავრებენ, რა იცი რა ხდება, ხელობა ექნებათ. მესამე, ჩვენ სულ ხომ არ ვიქნებით, ამ ქვეყანაში კი სახელმწიფოს იმედზე შვილის დატოვებას საკუთარი ხელების იმედზე დატოვება, სჯობია.“
მაგდა ჩინიჯიშვილი
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2034
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია