საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რა შეიცვალა სოციალურად დაუცველთა სტატუსის მინიჭების მეთოდოლოგიაში
2015/03/31 17:28:29

პირველი აპრილიდან სოციალურად დაუცველებს სტატუსი ახალი მეთოდოლოგიით მიენიჭებათ, რომლის მიხედვითაც სარეიტინგო ქულებზე გავლენას აღარ მოახდენს პირველადი საყოფაცხოვრებო ტექნიკა. სოციალური მომსახურების სააგენტოს  გაიოზ თალაკვაძის თქმით, ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რასაც ახალი მეთოდოლოგია ითვალისწინებს, არაობიექტური ქულის მინიჭებისგან ოჯახის დასაცავად  სუბიექტური ფაქტორების გამორიცხვაა, კერძოდ - აღარ გაითვალისწინებენ სოციალური აგენტის სუბიექტურ აზრს, რომელსაც აქამდე დიდი გავლენა ჰქონდა სარეიტინგო ქულებზე.

 

 

 

ახალი მეთოდოლოგიის თანახმად, ქულის განსაზღვრისას აღარ გაითვალისწინებენ ოჯახში შემდეგი საყოფაცხოვრებო ნივთების არსებობას: საბჭოთა ავტომობილები, ტელევიზორი, მაცივარი, სარეცხი მანქანა, გაზქურა, წყლის გამათბობელი ავზი, გაზის წყლის გამათბობელი, გაზის გამათბობელი, ვიდეო ან ციფრული ფოტოკამერა, ვიდეომაგნიტოფონი ან DVD ფლეერი, დენის გენერატორი, კონდიციონერი, სამზარეულოს კომბაინი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, გათბობისა თუ ცხელი წყლით მომარაგების ინდივიდუალური სისტემა. სააგენტოს ინფორმაციით, სტატუსის განსაზღვრისას ახალი მეთოდოლოგია ორიენტირებული იქნება ოჯახების შემოსავლებზე ან მხოლოდ შემოსავლის მომტან ქონებაზე და სოციალურად დაუცველის სტატუსის მიმღები შეიძლება გახდეს ოჯახი, რომელსაც არ აქვს დამატებითი ბინა, მიწის ნაკვეთი სახნავ-სათესად და ა.შ.

 

სტატუსის მინიჭების ახალი მეთოდოლოგიის გარდა, იცვლება შემწეობის გაცემის სისტემაც, კერძოდ კი, ქულათა მაჩვენებელი ხუთ კატეგორიად დაიყო. თუ აქამდე შემწეობის გასაცემად მაქსიმალური ქულა 57 000 იყო, ახლა მას კიდევ ორი ჯგუფი 60 000-მდე და 65 000-მდე ქულის მქონე ოჯახები დაემატება. გარდა ამისა, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის გაიოზ თალაკვაძის თქმით, იქნება კიდევ ერთი ჯგუფი 65 000-დან 100 000-მდე ქულის მქონე ოჯახებისა, რომლებიც უფრო დაბალი ქულის მქონე ოჯახების მსგავსად, თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 10- ლარიან დანამატს მიიღებენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს კატეგორია არ იქნება ბენეფიტის მიმღები.

 

გაიოზ თალაკვაძე ამბობს, რომ შემწეობის გაცემისას მოხდება სოციალურად დაუცველების დიფერენცირება, ანუ ქულების მიხედვით რამდენიმე ჯგუფად დაყოფა. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტად გაჭირვებული ოჯახები, მეტ დახმარებას მიიღებენ. ოჯახებს, რომლებსაც 30 000-მდე ქულა ექნებათ, 60 ლარი დახმარება დაენიშნებათ, 60 000 - 65 000 ქულის მქონე ოჯახები კი 30 ლარ დახმარებას მიიღებენ. ასევე, ამჟამინდელი მეთოდისგან განსხვავებით, როცა ოჯახის პირველი წევრი 60 ლარს იღებს და დანარჩენი - 48 ლარს, ახალი მეთოდით ოჯახის ყველა წევრი ყველა დონეზე თანაბარ დახმარებას მიიღებს.

 

ოჯახები, რომლებსაც უკვე მინიჭებული აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი და იღებენ დახმარებას, 2015 წლის განმავლობაში ეტაპობრივად, მათ მიერ შემუშავებული გრაფიკის მიხედვით გადამოწმდებიან. სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ეს 120 000-ზე მეტი ოჯახია, ამიტომ მათ გადამოწმებას დრო დასჭირდება და პროცესი, სავარაუდოდ, მომავალი წლის პირველი კვარტალისთვის დასრულდება.

 

იმ ოჯახებმა, რომელთაც წარსულში მაღალი ქულები მიენიჭათ და ახალი მეთოდით სურთ შეფასება, ხელმეორედ უნდა დაწერონ განცხადება სოციალური მომსახურების სააგენტოში.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს წინასწარი გათვლით, ახალი მეთოდოლოგიის ამუშავება რამდენიმე ასეული ათასით გაზრდის სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოსახლეობას.

 

სტატუსის მინიჭების ახალ მეთოდზე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) დაახლოებით ორი წელი მუშაობდა

 

ია ფრანგიშვილი

http://www.batumelebi.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1277
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია