დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საია: „თრიალეთის“ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვა დაცულია გამოხატვის თავისუფლებით
2015/03/31 12:33:06

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მოუწოდებს შიდა ქართლის გუბერნატორს, ზურაბ რუსიშვილს, უჩივლოს ტელეკომპანია ,,თრიალეთის“ ჟურნალისტს 26 მარტის პრეს-კონფერენციაზე დასმული შეკითხვისათვის. ცილისწამებისათვის სასამართლოში სარჩელის შეტანას არ გამორიცხავს თავად ზურაბ რუსიშვილიც, თუ ჟურნალისტი ბოდიშს არ მოიხდის.

გთავაზობთ საიას პოზიციას პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით.

,,თრიალეთის“ ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრს ჰკითხა: ,,ვის ევალება კონტროლი, რომ რეგიონში გუბერნატორმა საქმე აკეთოს და არა ბიზნესი. ზურაბ რუსიშვილი ფეშენებელურ სახლს იშენებს ატენის ხეობაში და ბიზნესინტერესები აქვს სასტუმროში, რომელიც ახლა შენდება. მოსახლეობა რუსიშვილის მუშაობით უკმაყოფილოა და აცხადებენ, რომ გუბერნატორი სამუშაო კაბინეტიდან მხოლოდ მაშინ გამოდის, როდესაც რეგიონში მინისტრები ჩადიან.“

საია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვა დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით. შესაბამისად, მას პასუხი არ უნდა მოეთხოვოს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2010 წლის 21 დეკემბერს საქმეზე „ნოვაია გაზეტა“ რუსეთის წინააღმდეგ“ მნიშვნელოვანი განმარტებები გააკეთა სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშრებით. აღნიშნულ საქმეში გაზეთის „ნოვაია გაზეტა“ სარედაქციო კოლეგიას რუსულმა სასამართლომ დააკისრა 25 000 რუბლის გადახდა. რუსულმა ხელისუფლებამ ცილისმწამებლურად მიიჩნია შემდეგი განცხადება: ,,ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამედიცინო დაზღვევის ფონდში არ გადარიცხეს თანხები. ქალაქის მერისა და მისი მეგობრების წყალობით დაიკარგა ქალაქ ნოვოვორონეჟის ბიუჯეტის ნახევარი.“

სასამართლოს შეფასებით, „ნოვაია გაზეტას“ სტატია იყო პროვოკაციული და გაზვიადებულიც კი, მაგრამ ამით გაზეთი არ გადასულა სიტყვის თავისუფლებით დაცულ ზღვარს. მიიჩნია რა, რომ აღნიშნული განცხადება დაცული იყო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე:

პირველი, ამგვარი განცხადების გამო მედია საშუალებისათვის სანქციის დაკისრებას შესაძლოა გამოეწვია, ის რომ მომავალში მედია თავს შეიკავებდა საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე დებატებისაგან. მეორე, განცხადება ეხებოდა ქალაქ ნოვოვორონეჟის მერს; პოლიტიკოსს, რომელიც მზად უნდა იყოს მედიისა და ზოგადად საზოგადოების მხრიდან კრიტიკისთვის. მესამე, საკითხი რაზედაც მედია საუბრობდა, წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის საგანს, ხოლო სახელმწიფოს უფლება შეზღუდოს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე დისკუსია უკიდურესად მცირეა. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული განცხადება წარმოადგენდა მოსაზრებას და არა ფაქტს; შესაბამისად, გაზეთისათვის ჯარიმის დაკისრებით რუსეთის ხელისუფლებამ დაარღვია კონვენციის მე-10 მუხლი (გამოხატვის თავისუფლება).

მოსაზრება დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით; ეს კი ნიშნავს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრულ და უპირობო გათავისუფლებას. ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კნონია მე-14 მუხლით საჯარო პირის ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება პირს, რომელიც გაავრცელებს არსებითად მცდარ ფაქტს და არა მოსაზრებას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს  განმარტებით,  ,,ფაქტზე მითითება ... კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური, და, რაც მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია.“ შესაბამისად, სასამართლომ აზრად და არა ფაქტად მიიჩნია შემდეგი განცხადება: ,,მისი სახელი დაკავშირებულია ორი ადამიანის მკვლელობასთან, ასე, რომ იგი არის ჩვეულებრივი პეტერბურგელი ბანდიტი ...“. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ ტელეკომპანია „თრიალეთის“ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვა იყო ჟურნალისტის მოსაზრების დაფიქსირება პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. შეკითხვის შინაარსი - მაღალჩინოსნის ქონება და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის ინტენსივობა წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხს. ამასთან განცხადების ადრესატი იყო პოლიტიკოსი, რომელსაც ეკისრება თმენის ვალდებულება კრიტიკის მიმართ, ვინაიდან მოქალაქისაგან განსხვავებით, პოლიტიკოსი გარდაუვლად და საკუთარი არჩევანიდან გამომდინარე, საკუთარივე ნებით განსჯის საგნად აქცევს  თავის თითოეულ სიტყვასა თუ მოქმედებას საზოგადოებისა თუ მედიის მხრიდან; შესამიბამისად, პოლიტიკოსს კრიტიკისადმი გაცილებით დიდი თმენის ვალდებულება აქვს.“ (ევროსასამართლოს გადაწყვეტილება „ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ“).

ამგვარად, დასმული შეკითხვის გამო ,,თრიალეთის“ ჟურნალისტისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება შელახავს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ნორმებით გარანტირებულ სიტყვის თავისუფლებას. აღნიშნული წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს ფუნდამენტს. ყველა, განსაკუთრებით კი მაღალი თანამდებობის პირი, ვალდებულია, პატივი სცეს მედიის თავისუფლებას და მის წინააღმდეგ არ გამოიყენოს ისეთი ზომები, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ამ ღირებულების დაცვასა და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ღია დისკუსიის  თავისუფლად წარმართვის შესაძლებლობას.

 

წყარო: http://www.media.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2358
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია