დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მამის მკვლელს 7 წელი აკმარეს
2009/07/06 05:19:25

მამის მკვლელობისათვის წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანების მცხოვრები, 36 წლის გიორგი თევდორაძე გაასამართლეს.

დანაშაული ახალი წლის ღამეს, 2009 წლის დამდეგს მოხდა. როგორც ირკვევა, ივანე თევდორაძე სასმელს სისტემატიურად მოიხმარდა, შემდეგ კი უდიერად და უხამსი სიტყვებით მოიხსენიებდა გარდაცვლილ მეუღლეს, ასევე ყოფილ რძალს (შვილის ცოლს) ამის გამო მამა-შვილი ხშირად ჩხუბობდა. როგორც ჩანს, საახალწლოდ, გიორგი თევდორაძემ ყველაფერ „ძველისაგან და მობეზრებულისაგან“ გათავისუფლება მოინდომა და ეს საკუთარი მამით დაიწყო - ბრალდების ვერსიით, გიორგი თევდორაძემ მკვლელობა განზრახ, შურისძიების მოტივით ჩაიდინა. პირველი სართულის აივნის კიბეზე მყოფს მუჭი სახეში რამდენჯერმე  მძლავრად  ჩაარტყა,  კიბიდან  გადააგდო,  რის  შემდეგაც დაცემულის ცემა ფეხებით გააგრძელა, გონებადაკარგული ივანე თევდორაძე მეზობლებმა ქუთაისის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იგი მეორე დღეს გარდაიცვალა. გიორგი თევდორაძე კი სამართალდამცველებს დაემალა, ის მხოლოდ 5 დღის შემდეგ დააკავეს.

წყალტუბოს სასამართლომ თევდორაძეს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მერაბ წულაიამ გაასაჩივრა. ის გამამტყუნებელ განაჩენში სასჯელის შემამსუბუქებელ ცვლილებებს ითხოვდა, რასაც იმით ასაბუთებდა, რომ მსჯავრდებულ თევდორაძეს გონებრივი პრობლემები აქვს. მის ფსიქიკას დედის სიკვდილმა დაღი დაასვა, არც ოჯახის შექმნაში გაუმართლა, ცოლმა მიატოვა, შვილი ავადმყოფი ჰყავს და ყოფილი ცოლის მშობლები უვლიან. ადვოკატის მტკიცებით, ასეთმა უიღბლო ცხოვრებამ გიორგის ფსიქიკა გააუარესა. მამამისმა კი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სმა დაიწყო. რის გამოც ერთმანეთის საქციელი აღარ მოსწონდათ, რასაც ასეთი მძიმე შედეგი მოჰყვა. თევდორაძეების საქმეში არსებობს დასკვნა, რის თანახმადაც გიორგი თევდორაძე შეზღუდულ შერაცხადად გამოცხადდა.

სააპელაციო პალატამ საქმის ხელახალი განხილვის შემდეგ დაასკვნა, პირველი ინსტანციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში მაქსიმალურადაა გათვალისწინებული თევდორაძის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი გარემოებები. მის მიმართ გამოტანილი განაჩენი მკაცრი არ არის. ამასთან დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი რომ, მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენის დღიდან იმალებოდა და გამოძიების საწყის ეტაპზე ძიებასთან არ თანამშრომლობდა. ამ გარემოებების გათვალისწინებით პირველი ინსტანციის განაჩენი უცვლელი დარჩა. მამის მკვლელობაში ბრალდებულ თევდორაძეს თავისუფლების აღკვეთის ადგილებში დარჩენილი 7 წლის გატარება მოუწევს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1644
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია