საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გერმანიაში, ქართველი მამაკაცები, განწირულები არიან კრიმინალური საქმიანობისათვის
2015/03/29 13:12:17

ცნობილია, რომ გერმანია არალეგალებს ელემენტარულ პირობებს, სამუშაო ადგილებსა თუ საცხოვრებელ სახლებს არ სთავაზობს. მიუხედავად ამისა, გერმანიის  ქალაქებში, როგორებიცაა, ბერლინი, ჰამბურგი და ფრანკფურტი, ქართველმა ემიგრანტებმა ჩამოაყალიბეს ორგანიზაციები: „ქართული სახლი“ და „ლილე“. ასევე ლიტერატურული სალონი „ევტერპე“ .

 

ლიტერატურული სალონი „ევტერპე“, ქართული კულტურის ფორუმის დამფუძნებლის, პროფესორ მანანა თანდაშვილის ინიციატივით შეიქმნა. სალონის მიზანია, ხელი შეუწყოს თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას ევროპაში. სალონში, ლიტერატურული საღამოები სამი მიმართულებით იმართება: მწერლების საავტორო საღამოები, ლიტერატურული საკითხავები და პოდიუმ-დისკუსიები.

 

„ევტერპე“ გეგმავს თანამედროვე ქართული ლიტერატურის გერმანულად თარგმნასა და გამომცემლობებთან თანამშრომლობას. ლიტერატურული სალონის პირველი სტუმარი ზაზა ბურჭულაძე იყო და აქვე გაიმართა, მისი ახალი წიგნის, „ადიბასის“ პრეზენტაცია. დასასრულისათვის კი უჩვენეს დათო ჯანელიძის ფილმი „ჯაყოს ხიზნები".

 

სალონმა, 2008 წელს დააარსა, კულტურული ინტეგრაციის პრიზი "ევტერპე". პრიზი ყოველწლიურად გადაეცემა იმ ქართველ ხელოვანს, რომელიც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ქართულ-გერმანული კულტურული დიალოგის განვითარებასა და ევროპაში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. პირველი პრიზი, 2009 წელს ქართველ პიანისტს, ვალერიან შიუკაშვილს გადაეცა.

 

გერმანულ–კავკასიური ორგანიზაცია „ლილე“ 1999 წელს, ქალაქ ჰამბურგში ჩამოყალიბდა, მისი დამაარსებელი და ხელმძღვანელი მარიკა ლაფაური–ბურკია. ორგანიზაციის ძირითადი მიზანი გერმანიისა და კავკასიური ხალხების დაახლოება და ურთიერთთანამშრომლობაა. „ლილეს“ გამოცემული აქვს უამრავი ჟურნალი და ბროშურა ქართულ კინოსა თუ მუსიკაზე. რაც შეეხება 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომს, ორგანიზაციამ გამოსცა გერმანულენოვანი ჟურნალი „Eein  Blick Georgien“. ასევე, მოახერხა სხვადასხვა მედია საშუალებებში სტატიების გამოქვეყნება, როგორც გერმანულად, ასევე ქართულად. „ლილემ“ დიდი წვლილი შეიტანა თელავის რაიონში, სოფელ კისისხევში არსებული ეკლესიის განახლებაში.

 

ქალაქ ბერლინში არსებული ორგანიზაცია „ქართული სახლი“ მაქსიმალურად ცდილობს ქართველი ემიგრანტების დახმარებას თუ დაკვალიანებასა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას. „პრესა.ჯი“ „ქართული სახლის“ თავმჯდომარეს, თამარ შალამბერიძეს ესაუბრა.

 

– რამდენი ქართველი ემიგრანტი იმყოფება გერმანიაში?

 

– ორი წლის წინ ჩატარებულ კვლევებს თუ დავეყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ლეგალურად მცხოვრები ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 5 ათასს შეადგენს. არალეგალურად კი, 2 ათასამდე ქართველი იმყოფება ამ ქვეყანაში.

 

– რა პირობებში უწევთ არალეგალ ქართველებს ცხოვრება?

 

– არალეგალურად ცხოვრება უცხო ქვეყანაში ძალიან რთულია. გერმანიაში უკანონოდ მცხოვრებ საზოგადოებას ძალიან უჭირს. იქიდან გამომდინარე, რომ არ გააჩნიათ საჭირო საბუთები, არ აქვთ დაზღვევა და ვერ ახერხებენ ელემენტარული პირობების შექმნას. ყოველთვის მიკვირს, როგორ ბედავენ საზღვარგარეთ არალეგალურად წასვლას. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი რესურსები იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევძლოთ თანამემამულეების დახმარება. ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო, რომ არალეგალურად ჩამოსული ქართველი მამაკაცები განწირულები არიან კრიმინალური საქმიანობისათვის.

 

– როგორი ურთიერთობა გაქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან?

 

– ვფიქრობ, რომ დადებითი. ისინი ხელს გვიწყობენ და გვეხმარებიან დასახული მიზნების განხორციელებაში. არ გვზღუდავენ,რადგან გერმანია დემოკრატიული ქვეყანაა და თუ იურიდიული პროცედურები გავლილი აქვს ორგანიზაციას, პროექტების დაფინანსებაც კი შესაძლებელია მათი მხრიდან.

 

– არის თუ არა ბერლინში ქართული მართმადიდებლური ეკლესია და გეგმავთ თუ არა რაიმე ღონისძიებას უახლოეს მომავალში?

 

– ეკლესიისთვის განკუთვნილი საკუთარი შენობა, სამწუხაროდ, არ გვაქვს, მაგრამ ვახერხებთ წირვის ჩატარებას. ჩვენთან მიუნხენიდან თვეში ერთხელ ჩამოდის მოძღვარი, ქადაგებს და  ეს გვაძლევს ბერლინის ქართველობას ერთად თავშეყრის საშუალებას. რაც შეეხება ღონისძიებებს, ჩვენი ორგანიზებით ქართული ფოტოგალერეა ჩამოდის, ერთი დღე ფოტოები გამოფენილი იქნება საქართველოს საელჩოში და შემდეგ გადავინაცვლებთ „ქართულ გალერეაში“, ღონისძიება ერთ კვირას გასტანს. ასევე გვაქვს პროექტი, რომელიც აგვისტოს თვისთვის იგეგმება, სადაც  ქართველი თვითნასწავლი მხატვრები ეცდებიან თვითრეალიზებას.

 

გერმანია არის ქვეყანა, სადაც მრავლადაა ქართველების მიერ ჩამოყალიბებული ორგანიზაციები. ზემოთ ჩამოთვლილი არის მცირედი მაგალითები იმ რეალობისა, რასაც ქართული დიასპორის „შვილობილი“ ასოციაციები ეწოდება. გერმანიაში არსებობს: გერმანიის ქართული სათვისტომო, ბილეფელდის გერმანულ-ქართული საზოგადოება, ფრანკფურტის ქართული სათვისტომო - ქართული კულტურის ფორუმი, ბერლინის და ზაარლანდის გერმანულ-ქართული  საზოგადოება, ბრანდერბურგ-საქართველოს საზოგადოება, გერმანულ-ქართული კულტურული საზოგადოება „კოლხეთი", ქართული საკვირაო სკოლები მიუნხენსა და ფრანკფურტში, ასევე, მიუნჰენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია.

 

წყარო: http://presa.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4280
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია