დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნაციონალური მოძრაობის „წითელი ბარათების“ აქცია მთავრობის წინააღმდეგ
2015/03/21 23:09:02

21 მარტს ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე მთელი საქართველოდან ათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა თბილისში, თავისუფლების მოედანზე, სადაც მთავრობას „წითელი“ ბარათი უჩვენეს და მისი გადადგომა მოითხოვეს.


2012 წლის შემოდგომაზე ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამართულ ყველაზე დიდ საპროტესტო აქციაზე, რომელსაც ბრიუსელიდან ვიდეო-ჩართვით მიმართა ასევე ექს-პრეზიდენტმა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა, ყოფილი სახელისუფლებო პარტიის ლიდერებმა „ოლიგარქ“ ივანიშვილის „მარიონეტული“ მთავრობის გადადგომის მისაღწევად კონკრეტული სამოქმედო გეგმა წარადგინეს.

 

„მოვლენები განვითარდება შემდეგნაირად: უნდა გადადგეს საქართველოს მთავრობა სრული შემადგენლობით, უნდა დაკომპლექტდეს ტექნიკური მთავრობა, რომელიც დაიწყებს ანტიკრიზისული პროგრამის განხორციელებას, სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს საარჩევნო  სისტემის რეფორმა და რიგგარეშე არჩევნებზე ან რიგით არჩევნებზე - მაგრამ მე ვფიქრობ, რიგგარეშე არჩევნებზე, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად მივაღწევთ, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და საბოლოოდ გავუშვათ ქართული ოცნების ხელისუფლება ქვეყნიდან“, - განაცხადა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან გოკა გაბაშვილმა, რომელმაც გაახმოვანა ეს გეგმა მიტინგზე.

 

მისი თქმით, „ეს დიდი გზა“ იწყება დღეს და გულისხმობს შემდგომი საპროტესტო აქციების მოწყობას თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში.

 

„შევქმნით სპეციალურ ანტიკორუფციულ კომიტეტებს, ჯგუფებს, რომლებიც  ამხელენ ადგილებზე გუბერნატორებს,  გამგებლებს კორუფციაში, რომელიც ტრიალებს დღეს საქართველოში და არ მოასვენებენ ადგილობრივ გათავხედებულ ჩინოვნიკებს“, - განაცხადა მან, „საჭიროების შემთხვევაში ჩვენ დავიწყებთ პერმანენტულ აქციებს; საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას და დავიწყებთ პიკეტირებებს“.

 

„ჩვენ საქართველოს პარლამენტში დავიწყებთ დეპუტატების საჭირო ხმების რაოდენობის მოგროვებას იმისათვის, რომ დავიწყოთ მთავრობის გაშვების პროცედურა“, - განაცხადა გაბაშვილმა გეგმის წარდგენისას.

 

პარლამენტს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრისთვის სულ ცოტა 60-მა დეპუტატმა მაინც უნდა მიმართოს და პროცედურა აღიძრება, თუ ამ საკითხს სულ ცოტა 76 დეპუტატი დაუჭერს მხარს. ნაციონალურ მოძრაობას 51 ადგილი აქვს 150-წევრიან პარლამენტში, რომელშიც ქართული ოცნების უმრავლესობა 87 დეპუტატით, ხოლო ოპოზიციური „თავისუფალი დემოკრატები“ 8 მანდატით არის წარმოდგენილი; დარჩენილ ოთხ ადგილს დამოუკიდებელი დეპუტატები იკავებენ.

 

მიტინგი, რომელზეც ხელში ეჭირათ პლაკატები „ბიძინა წადი“, „გადადგეს მთავრობა“, ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და მშვიდობიანად დასრულდა მას შემდეგ, რაც თავისუფლების მოედანზე ორი სხვადასხვა მიმართულებიდან თავი მოიყარეს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან ჩამოსულმა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა, რომლებიც შემდეგ წითელი ბარათებით ხელში მსვლელობით გაემართნენ მთავრობის სასახლისკენ, სადაც სკანდირებდნენ „წადით“, „წადით“. მომიტინგეებს საქართველოს დროშებთან ერთად ნატოს, ევროკავშირისა და უკრაინის დროშებიც ეკავათ ხელში. 



საპროტესტო აქციაზე გამომსვლელი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების კრიტიკის მთავარი სამიზნე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იყო, რომლის „უნიათო“ მთავრობამაც, მათი თქმით, ხელისუფლებაში მოსვლიდან ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ვერ შეასრულა დაპირებები, ქვეყანა „გააჩერა“ და „უფსკრულისკენ“ მიაქანებს. 



ბრიუსელიდან მომიტინგეებისადმი თავის მიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ იძებნება, განაცხადა: „უფსკრულისკენ მიგვაქანებს ჩვენ ერთი რუსი ოლიგარქი, რომელიც წამოსკუპებულა აქ, თქვენი შეკრების ადგილზე ზემოთ სასახლეში, დამცინავად დაგყურებთ ზემოდან ქვემოთ და გეუბნებათ, რომ სინამდვილეში ყველაფერი კარგად არის და მარტო თქვენ არ გყოფნით განვითარება, ჭკუა და გონება, რომ შეაფასოთ, თუ რამხელა სიკეთეში ცხოვრობთ... და აპირებს, რომ გასწავლოთ „სწორედ“ დანახვა, ისე როგორც მას უნდა“.

 

„ამ მთავრობამ ხალხის ნდობა მთლიანად გაფლანგა და ახლა არის მთლიანად გაკოტრებული პრაქტიკულად მთელი საქართველოს და მსოფლიოს თვალში“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს უნდა „მოვაშოროთ“ ივანიშვილის „საცეცები“, მისი „ტყუილები“ და მისი „დამანგრეველი მთავრობა“.

 

„დღეს საქართველო ინგრევა და ეს ნგრევა უნდა შეჩერდეს“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ მოქმედმა მთავრობამ „დანერგა სიძულვილის, ზიზღის, ერთმანეთთან დაპირისპირების ყოველდღიური პრაქტიკა“.

 

wyaro: http://www.civil.ge/geo/article.php?id=29247

„ჩვენ ეს შეცდომა არ უნდა გავიმეოროთ. ყოველგვარი ფიქრიც კი შურისძიებაზე და სამაგიეროს გადახდაზე ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავივიწყოთ“, – განაცხადა მან. „ჩვენ უნდა გავიხედოთ მომავლისკენ და ყველაფერი რაც მოხდა, უნდა გადავშალოთ ეს ფურცელი და აღარ მივუბრუნდეთ; ჩვენს ქვეყანას არ აქვს დასაკარგი დრო ანგარიშსწორებაზე. ჩვენ ამათგან [ქართული ოცნებისგან] იმითი განვსხვავდებით, რომ ჩვენ შეგვიძლია მომავალზე ვიყოთ ორიენტირებული და არ ვიყოთ ჩარჩენილი წარსულში“. 

 

„ეს სიბნელის და ქვეყნის დაპაუზების პერიოდი მალე დამთავრდება“, – განაცხადა სააკაშვილმა, „ჩვენ სულ მალე გავათავისუფლებთ საქართველოს ამ უმაქნისი, ბნელი და დამანგრეველი ძალისგან და დავაბრუნებთ ჩვენს სამშობლოს სწორ გზაზე“.

 


„სამი წელია ვუყურებთ თითქმის როგორ ანგრევენ ჩვენ ქვეყანას და როგორ დააყენეს უფსკრულისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენი ვალია, რომ ამას წერტილი დავუსვათ... უნდა წერტილი დავუსვათ კოლბიდან საქართველოს მართვას“, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მხედველობაში ჰქონდა რა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრი სოლოლაკში, „არავის არ დავუთმობთ ჩვენი ქვეყნის მომავალს და განსაკუთრებით კოლბაში გამომწყვდეულ მილიარდელს და მის თოჯინებს კანცელარიაში“. 



საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ დღეს იწყება ბრძოლის „ახალი ეტაპი“, რომელიც „ერთად მიგვიყვანს გამარჯვებამდე და ევროპულ საქართველომდე“.

 

„ვაკონტროლოთ და ვაიძულოთ, რომ საქმე გააკეთონ და დავაცადოთ საქმის გაკეთება - ამას ვამბობდით 2.5 წელიწადი ჩვენ და ამას ელოდა ჩვენი ხალხიც, მაგრამ 2.5 წელიწადის შემდეგ აბსოლუტურად ნათელი გახდა, რომ ამ მთავრობისთვის დაცდა ნიშნავს საქართველოს უარესობისთვის დაცდას. ამიტომ ვეღარ დავიცდით ვეღარ დაველოდებით, ვეღარ დავანგრევინებთ ამ ქვეყანას და ამიტომ დღეს ვიწყებთ იმ ეტაპს, როდესაც ყველა ერთად ვეუბნებით, რომ ეს მთავრობა უნდა წავიდეს“, - განაცხადა მან. 

 

„ჩვენ აუცილებლად ვიქნებით თანამდებობებზე, აუცილებლად ვიქნებით ხელისუფლებაშიც - ამას გპირდებით... მაგრამ ეს იქნება შედეგი ქართველი ხალხის არჩევანის და ქართველი ხალხის ნების“, - განაცხადა ბაქრაძემ, „საჯაროდ პირობას ვდებ, რომ როდესაც ჩვენ მოვალთ ხელისუფელებაში, პირველი ორი ინიციატივა იქნება პოლიტიკური შერიგების და ეკონომიკური ამნისტიის შესახებ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დავუსვათ დაპირისპირებას და ზიზღს“, რომელსაც, მისი თქმით, ეს მთავრობა აღვივებს.   



ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ ეს ნაციონალური მოძრაობის მესამე საპროტესტო აქცია იყო, რომლის გამართვაც ლარის კურსის გაუფასურებისა და ეკონომიკის შენელების ფონზე თებერვლის ბოლოსდაანონსდა და რიცხოვნობით აღემატებოდა წინ ორს, რომლებიც2013 წლის აპრილსა და 2014 წლის ნოემბერში გაიმართა. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2379
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია