დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
2015 წლიდან მაწონზე ახალი რეგულაციები ამოქმედდება
2015/03/18 17:02:35

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის პროექტი მოამზადა, სადაც მაწონზე სპეციალური ჩანაწერი გაკეთდა. პროდუქტი, რომელიც მაწვნის დასახელებით გაიყიდება, მხოლოდ ნატურალური რძით და საქართველოს ტერიტორიაზე გამოყოფილი, ადგილობრივი რძემჟავა ბაქტერიების შტამებისაგან შემდგარი დედოთი უნდა დამზადდეს.


რეგლამენტი ხელმოწერიდან 6 თვეში შევა ძალაში. ამის შემდეგ რძის გადამამაუშავებელი კომპანიები მცენარეულ ცხიმზე დამზადებულ პროდუქტს მაწვნის დასახელებით ვეღარ გაყიდიან. თუმცა, მაწვნის ადგილობრივი რძემჟავა ბაქტერიების შტამებისაგან შემდგარი დედოთი წარმოების მოთხოვნა უფრო გვიან დაკანონდება.

 

რეგლამენტის მიხედვით, რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს ადგილობრივი დედოთი მაწვნის წარმოების მოთხოვნების შესასრულებლად 2-დან 5-წლამდე დრო მიეცემათ. კონკრეტული ვადა წლის ბოლომდე დაზუსტდება.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოდგილე, ბიოლოგიის დოქტორი, პროფესორი ქეთევან ლაფერაშვილი აცხადებს, რომ მაწვნის წარმოებაზე ახალი მოთხოვნების დაწესება მაწვნის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აუცილებლობამ განაპირობა: „მაწონი დარეგისტრირებულია საქპატენტში, როგორც რძის ნაწარმი, რომელიც წარმოებულია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე გამოყოფილი რძემჟავა ბაქტერიებისგან შემდგარი დედოთი. მაწვნის დაპატენტება და მასზე ახალი მოთხოვნების დაწესება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ტრადიცული ეროვნული პროდუქტი, ისე როგორც სულგუნი, ჩურჩხელა, დამბალი ხაჭო, ჩეჩილი ყველი. ეს არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, გამოირჩევა განუმეორებელი თვისობრივი, გემოვნური თუ ორგანოლეპტიკური მახასიათებლებით, რომელიც მხოლოდ ქართული პროდუქტისთვის იყო დამახასიათებელი. ამდენად, ეს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფენომენია და არა უბრალო ახირება“.


საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორი ლია თოდუა აცხადებს, რომ მომხმარებლისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმას, მაწონი ადგილობრივი დედოთი დამზადდება, თუ შემოტანილით: "მაწონი ადგილობრივი დედოთი იქნება ნაწარმოები თუ შემოტანილით, ამას მოხამრებლისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს საკითხი მნიშვნელოვანია ექსპორტისთვის და ეროვნული იმიჯისთვის. რაც შეეხება იმას, რომ რეგლამენტის ძალაში შესვლიდან 6 თვეში აღარ შეეძლებათ მაწვნის დამზადება მცენარეული ცხიმიდან, ეს კარგია, რადგან მომხმარებელს ზუსტად ეცოდინება, რომ ნამდვილად რძის ნაწარმს მიირთმევს. ადგილობრივი დედოთი წარმოების მოთხოვნის რამდენიმე წლით გადავადება უშუალოდ სურსათის უვნებლობას არ ეხება. მთავარია, რომ სხვა ქვეყნიდან შემოტანილი დედო, რომლისგანაც მაწონი დამზადდება, უვნებელი იყოს“.


გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი საქართველოში ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც ადგილობრივი რძემჟავა ბაქტერიების შტამების შეგროვებითა და კვლევით არის დაკავებული. ამ ინსტიტუტის კვლევისა და განვითარების განყოფილების გამგე ნინო ჭანიშვილი აცხადებს, რომ მაწონზე ახალი შეზღუდვის შემოღება საფუძვლიანი კვლევების ჩატარების გარეშე მართებული არ არის:„ჯერჯერობით ძალიან შორს ვართ იმისგან, რომ მაწონი მხოლოდ ადგილობრივი რძემჟავა ბაქტერიების შტამებისაგან შემდგარი დედოთი ვაწარმოოთ. მაწონზე საპატენტო განაცხადი არასწორად შეავსეს და პროცესი არასწორი მიმართულებით წავიდა. მივიღეთ იურიდიული კაზუსი, რამაც წინ გაუსწრო იმ კვლევებს, რომლებიც წინასწარ უნდა ჩატარებულიყო და დამტკიცებულიყო, რომ რძემჟავა ბაქტერიების შტამები, რომელსაც მაწვნის წარმოებაში ვიყენებთ, ნამდვილად ქართულია და ორიგინალური. ორი გამოსავალი არსებობს: ან უნდა შეიცვალოს ქართული დედოთი წარმოების მოთხოვნა, ან სასწრაფოდ უნდა დაფინანსდეს ფართომასშტაბიანი კვლევები“.


ქეთევან ლაფერაშვილის განცხადებით ქართული რძემჟავა ბაქტერიების ლაბორატორიული შტამები არსებობს, მაგრამ საჭიროა, რომ ისინი საწაარმო სიმძლავრის შტამებად გარდაიქმნას. მისი აზრით, ეს პროცესი ბიძგს მისცემს ახალი ბიზნესის განვითარებასაც: „მაწვნის საწარმოო შტამები უნდა გაჩნდეს, თორემ ლაბორატორიული შტამები რა თქმა უნდა არის. ტექნიკურ რეგლამენტში ჩაიდება ვადები, რომ მეწარმეებს მაწვნის დასახელებით მხოლოდ 2-5 წელი შეეძლებათ პროდუქტის გამოშვება. ბაზარზე როგორც კი გაჩნდება მოთხოვნა ადგილობრივ შტამებზე, გაჩნდება ბიზნესიც, რომელიც მის წარმოებას დაიწყებს. ბუნებრივია გამოჩნდება ინვესტორი, რომელიც თანხას ჩადებს იმაში, რომ აწარმოოს ადგილობრივი ტერიტორიებიდან გამოყოფილი რძემჟავა ბაქტერიებისგან შემდარი დედო“.


„კატეგორიული საუბარი იმაზე, რომ ადგილობრივი რძემჟავა ბაქტერიების შტამები არსებობს და ამ მოსაზრების საფუძველზე მაწვნის წარმოების ახალი მოთხოვნის შემუშავება არაშორსმჭვრეტელურია. რამდენ წელიწადში არის შესაძლებელი სრული კვლევის ჩატარება, ამას ვერ გეტყვით. როცა კანონს იღებ, ხომ უნდა არსებობდეს რაღაც სტრუქტურა, რომელიც ამას შეამოწმებს. ფაქტობრივად არც იცის სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და არც მისმა რომელიმე ლაბორატორიამ, როგორ განასხვაოს ქართული მაწვნის შტამი მაგალითად, სომხური, ან სხვა მაწვნის შტამისგან. გეოგრაფიული ადგილწარმოშობის დასადგენად კი უნდა არსებობდეს ბაქტერიების გენეტიკაზე დაყრდნობილი და ამ შტამის გამოყოფის ადგილმდებარეობასთან (რომელ რაიონში, ზღვის დონიდან რა სიმაღლეზე, წელიწადის რომელ დროს და რა მასალიდან გამოიყო გარკვეული შტამი) მიბმული უზარმაზარი მონაცემთა ბაზა იმისთვის, რომ ასეთი განსხვავების დაჭერა შეძლო“, - ამბობს ნინო ჭანიშვილი.


ქეთევან ლაფერაშვილის თქმით, კიდევ ბევრი კვლევაა ჩასატარებელი იმისთვის, რომ ადგილობრივი რძემჟავა ბაქტერიების შტამების ქართული წარმოშობა დამტკიცდეს: „შტამის რეალური ადგილწარმოშობა რომ დადგინდეს, უნდა შევისწავლოთ შტამის კულტურალური, ბიოქიმიური და მორფოლოგიური თვისებები. გარდა ამისა, უნდა გაკეთდეს გენეტიკური, ანუ დნმ-ის ანალიზი. შტამის ადგილწარმოშობის აღიარებისთვის სრულფასოვანი კვლევა უნდა ჩატარდეს".


ნინო ჭანიშვილი აცხადებს, რომ სრულფასოვანი კვლევის ჩატარებას დიდი დრო სჭირდება: „2-5 წელიწადში შტამების ქართული ადგილწარმოშობის დადასტურება რეალური იქნება იმ შემთხვევაში, თუ ამ კვლევებს ვინმე დააფინანსებს. მანამდე კი არსებობს გაყალბების საშიშროება. ვთქვათ მე ვიყიდე შტამი საზღვარგარეთ და ჩამოვიტანე საქართველოში და აქ გამოვყავი ეს შტამი, რაც მიკრობიოლოგისთვის მარტივია. ეს შტამი ხომ საქართველოში არის გამოყოფილი და ვინ დაამტკიცებს, რომ ეს არ არის ქართული? ადგილწარმოშობის შესახებ მოთხოვნა ძალიან საშიშია, თუ არ შეიქმნება შტამების მონაცემთა ბაზა და შესაბამისი სტრუქტურა, რომელიც ამას შეამოწმებს“.


გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის კვლევისა და განვითარების განყოფილება ნინო ჭანიშვილის ხელმძღვანელობით და ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო კვლევების და განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს ქართული რძემჟავა ბაქტერიების შტამების კველევის პროექტს. ამ ეტაპზე კვლევაში ჩართულია კომპანია „ეკო-ფუდი“, რომელსაც თანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული ინსტიტუტთან და კვლევების თანადაფინანსებას ახორციელებს. სახელმწიფო ამ პროექტის დაფინანსებაში არ მონაწილეობს.

 

 

რწყარო: http://eugeorgia.info/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3378
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია