დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თვით მოგვების ოქროც კი, რომელიც იესოს მიართვეს, გელათში ინახებოდა
2015/03/18 16:31:01

განსაკუთრებული იყო ღვთისმშობლობის დღესასწაული ქუთაის-გაენათის ეპარქიაში - ამ დღეს ცამეტი წმინდანის წმინდა ნაწილი საზეიმოდ გამოაბრძანეს ეთნოგრაფიული მუზეუმიდან, სადაც ისინი დღეისთვის სხვა სიწმინდეებთან ერთადაა დაცული... 



900 წლის წინ დავით აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება სულიერი ერთიანობით დაიწყო... მან გელათის მონასტრისათვის დიდმოღვაწე მამებს - იოანე პეტრიწსა და არსენ იყალთოელს - ათონის მთიდან ჩამოაბრძანებინა წმინდა ნაწილები, რომელთაგან თერთმეტის შესახებაა ცნობილი, თუ რომელ წმინდანს ეკუთვნის, ორი უცნობია, რადგან მათი წარმომავლობის აღმნიშვნელი ვერცხლის ფირფიტები დაკარგულია. ესენია: წმინდა დიმიტრი თესალონიკელის თავის ქალა, წმინდა გიორგის თავის ქალას ნაწილი, წმინდა თეოდორე ტირონის მთლიანი პირისახე, წმინდა თეოდორე სტრატილატის, წმინდა ემელიანეს, წმინდა სამსონ ძლიერის, წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის, წმინდა იოანე ოქროპირის, წმინდა თომა მოციქულის ლავიწის ძვლის ნაწილი, წმინდა თეოქტიდეს, წმინდა ბენედიქტეს და სხვათა წმინდა ნაწილები.


საუკუნეების მანძილზე იფარავდა და იფარავს წმინდა ნაწილები სრულიად საქართველოს. ამდენი სიწმინდე ერთად, რაც გელათის მონასტერში დავით აღმაშენებელმა შეკრიბა, განსაკუთრებული მადლით ავსებდა წმინდა მიწას, დღესაც რომ სულიერად გვარწყულებს... თვით მოგვების ოქროც კი, რომელიც იესოს მიართვეს, გელათში ინახებოდა და მრავალი სხვაც... მაგრამ 1859 და 1904 წლებში, თუმცა თორმეტი შეიარაღებული მცველი დარაჯობდა სულიერ სავანეს, მაინც ორჯერ დაარბიეს უღვთო მძარცველებმა და გაიტაცეს ბევრი რამ... რაც ავაზაკთ გადაურჩა, ტოტალიტარულმა რეჟიმმა შეიწირა...



ურწმუნოებმა არაერთი ეკლესია-მონასტერი დახურეს საქართველოში... სიწმინდეებსაც საფრთხე დაემუქრა. ნათესაური კავშირების წყალობით, დასავლეთ საქართველოს ეკლესია-მონასტრების საგანძური ქუთაისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს გადაეცა და ასე შემოინახა დღემდე. იმ წლებში ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ყოფილა გელათის მონასტრის წინამძღვრის, ნესტორ ყუბანეიშვილის სიმამრი, ტრიფონ ჯაფარიძე. სწორედ ამ კავშირის წყალობით, არაერთი სიწმინდე გადაურჩა მსახვრალ ხელს... მათ შორის უმეტესი გელათის მონასტრის განძია. 1980 წლამდე არაერთი სიწმინდე, მათ შორის ათონის მთიდან ჩამობრძანებული, გელათის მთავარ ტაძარში ინახებოდა.



საქართველოში დაცული წმინდა ნაწილების ისტორიით დაინტერესებულმა ეთნოგრაფიული მუზეუმის საფონდო განყოფილების გამგემ, გივი ტყეშელაშვილმა, იმათი ძებნა დაიწყო, რომლებიც მუზეუმის საინვენტარო წიგნის 1924 წლის ჩანაწერით, გელათის სამონასტრო კომპლექსში ჩატარებული ბოლო - 1906 წლის აღწერის მიხედვით არსებობდა. ისინი არსად ჩანდა...



1924 წლის ჩანაწერის მიხედვით, ეთნოგრაფიულ მუზეუმს გადაეცა შუშიანი სანაწილე წმინდა ნაწილებით. 2000 წელს, როდესაც კულტურული მემკვიდრეობის ფონდის ეგიდით დავით აღმაშენებლის საფლავი მოწესრიგდა, მუზეუმის თანამშრომლებმა მონასტერში ბუდეებდაცარიელებული სანაწილე ხატი აღმოაჩინეს. ისტორიული წყაროებით, ათონის მთიდან ჩამობრძანებული წმინდა ნაწილები მოოქრულ ვეცხლის კიდობანში ჩაუბრძანებია მეფე დემეტრეს. კიდობანი მეფის ბეჭდით ყოფილა დალუქული. სიწმინდეებს განსაკუთრებულ დღეებში ამოაბრძანებდნენ ხოლმე. ვერც ტაძრის წინამძღვარი და ვერც გაენათელი მიტროპოლიტი ამ კიდობანს ვერ გახსნიდა, იგი მეფის ან კათოლიკოსის თანდასწრებით იხსნებოდა. სანაწილე 1833 წელს აღუდგენიათ და მასზე შესაბამისი წმინდანებიც გამოუსახავთ. 



დავით აღმაშენებელმა კარგად იცოდა, რაც მეტი წმინდა ნაწილია ტაძარში, მეტი მადლი აქვს და ამიტომაც მოუყარა თავი სიწმინდეებს გელათის მონასტერში, საიდანაც ქვეყნის ერთიანობა დაიწყო. ანდერძში ბრძანებს: "ორი მოთხე სავსე ნაწილი წმიდათანი". "მოთხე" ძველქართულად ჭურჭელს ნიშნავს. მეორე სანაწილე, ანუ ჭურჭელი წმინდა ნაწილებისა, გელათის ღვთისმშობლის ხატია, მასში 57 წმინდა ნაწილია მოთავსებული, რომელთაგან მხოლოდ ორს შემორჩენია ვინაობის დამადასტურებელი ვერცხლის ფირფიტა. აღნიშნული ხატიც ეთნოგრაფიულ მუზეუმშია დაცული.


***

80 წლის დუმილის შემდეგ წმინდა ნაწილები კვლავ ლამობენ მადლმოსილი სიტყვის თქმას, სულიერების სამსახურში დგომა რომ ჰქვია...



მას შემდეგ, რაც დღის წესრიგში ეკლესია-მონასტრების აღდგენა დადგა, გელათის მონასტერში განთავსებული მუზეუმის ქონებამ, მათ შორის სიწმინდეებმა, ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაიდო ბინა. არასაკმარისი ფართის გამო ექსპონატები სხვადასხვა შენობაში "მოგზაურობენ"... მათ შორის - ყოფილი ესკაბესა და საოლქო სასამართლოს შენობებში. როცა საგანძურისთვის საჭირო სათავსო არც საოლქო სასამართლოში გამოიძებნა, მუზეუმის ქონების ნაწილის გადატანა გელათის სამეცნიერო აკადემიის შენობაში გადაწყდა. 



2004 წლის 7 ივლისს, იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეს, წმინდა ნაწილებმა თავი გააცხადეს... ქონების გადაზიდვისას დაცხავებულ, ძველ, უცნაურ ყუთში ის წმინდა ნაწილები აღმოჩნდა, რომლებიც თავის დროზე ქვეყნის ძლიერებისთვის დიდმა მეფემ ათონის მთიდან საგანგებოდ ჩამოაბრძანებინა წმინდა მამებს. 

ბატონი გივი ტყეშელაშვილი შეეცადა, წმინდა ნაწილებისთვის სათანადო პატივი მიეგო და თუ თავის დროზე მათ მოოქრულ ვერცხლის კიდობანში მიუჩინეს ბინა, დღეს გაეწმინდათ და ხის მინიან სანაწილეში მაინც განეთავსებინათ და გამოებრძანებინათ. მცდელობა მცდელობად დარჩა... ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის კურთხევითა და ძალისხმევით, დიდებული დღე გათენდა ეპარქიაში - სადღესასწაულოდ გელათის მონასტერში წმინდა ნაწილები წააბრძანეს. 



20 სექტემბერს, ღვთისმშობლობის წინა დღეს, საგანგებოდ გამზადებულ ლუსკუმაში ჩააბრძანეს წმინდა ნაწილები. ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, თანმხლები პირებითურთ, ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვია. ასობით მორწმუნე ელოდა მუზეუმის კართან წმინდა ნაწილთა გამობრძანებას. წმინდა ნაწილების ლუსკუმაში ჩაბრძანებაში სპეციალისტებთან ერთად აკადემიის ლექტორებიც მონაწილეობდნენ. სიწმინდეები საზეიმო მსვლელობითა და გალობით წააბრძანეს მუზეუმიდან ხარების სახელობის ტაძარში, სადაც მიტროპოლიტმა პარაკლისი გადაიხადა და მშვიდობა და ქვეყნის ერთობა შეავედრა წმინდანებს. 


მსვლელობა გელათის მონასტრისკენ დაიძრა...

წმინდა ნაწილებს უამრავი მორწმუნე მიაცილებდა თავის ისტორიულ სამყოფელში... ისინი, უპირველესად, დავით აღმაშენებლის საფლავთნ მიაბრძანეს. მეუფე კალისტრატემ დიდ მეფეს მიმართა: "დღეს მოგიბრძანეთ ეს წმინდა ნაწილები და შენ, დიდო მეფეო, სიმართლით, რწმენით, ზნეობით, ჭეშმარიტი სარწმუნოებით გაგვიმთლიანე სამშობლო და სრულიად საქართველო..."



სადღესასწაულო ლოცვა სანთლის შუქზე მიმდინარეობდა, რაც კიდევ მეტ იდუმალებას სძენდა ღვთისმსახურებას...

ღვთისმშობლის ბრწყინვალე დღესასწაულს კუთვნილი სიწმინდეებით შეეგება მონასტერი... 

ამ დღისთვის ბუკლეტიც გამოიცა წმინდა ნაწილთა სურათებით. 

მეუფე კალისტრატე: "საქართველო დღეს თავის სულიერ ცხოვრებას, ამაღლებასა და სულიერ ერთიანობას იწყებს. თუ ჩვენ, საერონი და სასულიერონი, ერთად დავდგებით, რისი მაგალითიც დიდმა მეფემ თავად მოგვცა, თუ როგორ შეიძლება ქვეყნის აღმშენებლობა, ყველა პრობლემა დაიძლევა. დღეს, ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ერთ დროს სახელმწიფოს კუთვნილებად გამოცხადებული წმინდა ნაწილების დედაეკლესიის წიაღში გადმობრძანება მოვახერხეთ. ჩვენ ერთად უნდა ვაშენოთ ქვეყანა და ბედნიერი ვარ, რომ ამ დღეს მოვესწარი. 

აღნიშნული პროცესების დაწყება შემთხვევით არ არის, წმინდა ნაწილთა ისტორიულ მიწაზე, აღმაშენებლის საფლავთან მიბრძანება საოცარი დღესასწაულია... ეს ნიშნავს იმას, რომ ისტორიული მისია დაგვიბრუნა უფალმა, რომ საქართველო სულიერ ცხოვრებას იწყებს და გაბრწყინება დაიწყო. ვერავითარი ბოროტი ძალა იმ ნათელი გზიდან ვერ გადაგვახვევინებს, რასაც ჰქვია ოჯახის, განათლების სისტემისა და ტაძრის ერთიანობა, რითაც უნდა აღიზარდონ და აღიზრდებიან თაობები... არც ის არის შემთხვევითი, რომ ჩვენს მიერ წმინდა მიწას მიბარებული სოლომონ მეორე, ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოზი და გაენათელი მიტროპოლიტი ექვთიმე შარვაშიძე წმინდანებად ირაცხებიან. ჩვენი ეროვნული ცნობიერება აღსდგა და მადლობა ღმერთს ამისათვის..."

***

2005 წლის 21 სექტემბერი ღირსსახსოვარი დღეა ეპარქიის ისტორიაში. ამ დღეს დიდი დავითისა და წმინდანთა სულები უთუოდ ზეიმობდნენ სულიერ ერთიანობას მორწმუნე მრევლთან ერთად, რომელთა გულებშიც ბედნიერი წუთები სამუდამოდ აღიბეჭდა...



"არაერთ სასწაულს უნდა ველოდოთ", - აღნიშნა გაენათელმა მიტროპოლიტმა წმინდა ნაწილთა გამობრძანებისას და შეიძლება თამამად ითქვას, რომ სასწაული უკვე მოხდა...



...ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, როცა წმინდა ნაწილებმა იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეს თავი გააცხადეს, ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელსაც ცხრა წლის მანძილზე შვილი არ ეძლეოდა, წმინდა გიორგის შეავედრა დედობა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, იგი სულ მალე დედა გახდება და ამ სასწაულის მიზეზად წმინდა გიორგის წმინდა ნაწილისადმი აღვლენილ ვედრებას ასახელებს...



აღნიშნული სიწმინდეები 22 სექტემბერს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა ბათუმიდან ბორჯომში მიმავალ უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს, ქვიტირის გზაზე შეაგება. უწმინდესი მოწიწებით ეამბორა მათ და დასძინა, რომ ისინი დედაეკლესიაში უნდა ინახებოდეს...


ილია მეორე: "ეს უნდა იყოს ეკლესიაში და ხალხი უნდა ემთხვეოდეს ამ წმინდა ნაწილებს, ისინი უნდა შემოვატაროთ მთელ საქართველოში, ვინაიდან უდიდესი სიწმინდეა და სულიერი საქართველოს სულიერი სიმდიდრე, რაც ყველამ უნდა იცოდეს..."



წმინდა ნაწილები დროებით ისევ ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაბრუნდა. მათი გამობრძანება დღეისათვის არსებულ საკანონმდებლო არეალში მუზეუმისა და ეკლესიის ურთიერთთანამშრომლობით გახდა შესაძლებელი, შესაბამის დღესასწაულებზე მუზეუმში დაცული გელათის სხვა სიწმინდეებიც გამობრძანდება. უღირალი სიმდიდრის პატრონობა მეტს გვავალებს... არც ისე შორია დრო, როცა სიწმინდეები ისტორიულ ადგილსამყოფელს, იმ წმინდა მიწას დაუბრუნდებიან, საიდანაც ქვეყნის ერთობა და ძლიერება იწყება...

 

წყარო: http://karibche.ambebi.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2659
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია