საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მითები და რეალობა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე
2015/03/12 17:44:01
„თუ საზღვარზე ვერ დაამტკიცებ რატომ და რა მიზნით მიდიხარ, მესაზღვრეს უფლება აქვს არ შეგიშვას”

 
ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება, გარანტირებული სამუშაო თუ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა? მითები არამხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, არამედ ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც არსებობს.
eugeorgia.info დაინტერესდა, ვის როგორ ესმის საქართველოში უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან? ქუჩაში მოქალაქეებს ვკითხეთ- რას გააკეთებდნენ დღეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა რომ გვქონდეს?
 
სამოგზაუროდ წავიდოდი, შეიძლება რომელიმე ქვეყანაში დარჩენაზეც მეფიქრა”


მეტი მოტივაცია მექნებოდა ევროპაში სწავლის, საინტერესო ადგილებს დავათვალიერებდი და ბევრ კარგ რამეს გავაკეთებდი”


 
"იქ უკეთესი სამუშაო პირობებია, უფრო ადვილად მოვძებნიდი სამსახურს”

 
“ახლა გარბიან და მერე რა იქნება?! ალბათ საქართველო დაიცლება”



"ჩემი და თურქეთიდან ბულგარეთში ხვალვე წავიდოდა ნათესავთან სტუმრად, იქვეა, 15 კილომეტრში. ახლა ვერ ახერხებს და ვიზას ელოდება”



“დიდი შეღავათია, რომ 
ვიზაში ფული გადასახდელი არ მექნება. როდესაც მე და ჩემი მეუღლებუდაპეშტში წასვლას ვგეგმავდით, ვცდილობდით, იაფად გამოვსულიყავით. ვიზის ფული 70 ევრო კი დაახლოებით 160 ლარი გამოდიოდა, რითაც შეგვეძლო დამატებით რამდენიმე მუზეუმი მოგვენახულებინა.”


 
ევროპაში თავისუფლად გადაადგილება რომ კარგია ეს ყველას ესმის, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ვიზის გარეშე დარჩენა 180-დღიან პერიოდში 90 დღის განმავლობაში შეუძლია.
კიდევ რა პირობები უნდა გაითვალისწინოს საქართველოს მოქალაქემ და როგორ უნდა ისარგებლოს უვიზო მიმოსვლით- ამ შეკითხვით eugeorgia.info მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრს დაუკავშირდა.


“ეს არის შესაძლებლობა მცირე ვადით ანუ ტურისტულად, დასათვალიერებლად წავიდეთ ევროპაში, ვიზის გარეშე, რაც არ ნიშნავს იმას, რომ არაფერი მოგეთხოვება. პირველ რიგში, ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს, რომ უვიზო რეჟიმი არ აძლევს იქ მუშაობის უფლებას 
და მეორე, საზღვარზე გარკვეული საბუთების წარდგენა მაინც მოეთხოვება: ფინანსური შესაძლებლობის დადასტურება, სასტუმროსა და ბილეთის ჯავშანი, მოსაწვევი. თუ საზღვარზე ვერ დაამტკიცებ რატომ და რა მიზნით მიდიხარ, მესაზღვრეს უფლება აქვს არ შეგიშვას”-აცხადებს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენელი საქართველოში ზურაბ ყორღანაშვილი.
ფინანსური შესაძლებლობის დადასტურებისას, დღიური საარსებო მინიმუმი შენგენის კოდექსითაა განსაზღვრული. თანხის ოდენობა დამოკიდებულია დღეების რაოდენობასა და დარჩენის მიზეზებზე. ეს მონაცემი კი თითოეული ქვეყნისათვის განსხვავებულია.

მართალია, ევროკავშირი მონიტორინგს არც საზღვარზე წყვეტს, თუმცა მოქალაქეს ვიზის მისაღებად საელჩოსთან რიგში დგომა და გასაუბრებაზე რამდენიმე თვით ადრე ჩაწერა აღარ მოუწევს. მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის პროექტის ოფიცერ თამარ კიკვიძის განცხადებით, ამ პროცესში სწორად წარმართულ საინფორმაციო კამპანიას დიდი მნიშვნელობა აქვს.
“შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს შეკითხვა- ეს საბუთები საელჩოშიც ხომ მიმქონდაო? უვიზო მიმოსვლა არის ყველაზე დიდი ფუფუნება იმ თვალსაზრისით, რომ გეხსნება ბარიერები, ყველა იმ ფორმალობას იშორებ თავიდან, რომელიც საელჩოში ვიზის მისაღებად გჭირდება. ვიზა აპრიორი ქვეყანაში შესვლის უფლება არ არის. ვიზა წინაპირობაა, რომ ქვეყანაში გაემგზავრო გარკვეული პერიოდით. რაც უფრო მეტად გაცნობიერებული ინფორმაცია ექნებათ მოქალაქეებს, მით ნაკლები პრობლემები შეგვექმნება ევროპის საიმიგრაციო სამსახურთან და იქიდან გამობრუნებული ხალხის რაოდენობაც ნაკლები იქნება.”

 
აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებიდან დღეს მხოლოდ მოლდოვის მოქალაქეებს შეუძლიათ ევროკავშირში ვიზის გარეშე, ბიომეტრული პასპორტით გადასვლა. eugeorgia.info კიოშინიოვის მოსახლეობასაც გაესაუბრა და პირადად მათგან მოისმინა თუ როგორ ისარგებლეს ვიზის ლიბერალიზაციით.

ლუდმილა
 მუშინსკაია: “შაბათ-კვირას შეგვიძლია მანქანით გადავიდეთ ევროკავშირის ქვეყნებში საყიდლებზე, სულ რაღაც 2-3 საათი გვჭირდება რუმინეთში ჩასასვლელად.”

სვეტლანა ტატარუ: “სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ იტალიაში, სლოვენიასა და უნგრეთში ოჯახთან ერთად საკუთარი მანქანით წავედი. საზღვარზე ვიზა არ უთხოვიათ, არც ის გვკითხეს ფული რამდენი გვქონდა, მხოლოდ ბიომეტრული პასპორტები წარვადგინეთ”
 
ვიქტორია პუიუ: “პირადად მე ევროკავშირის საზღვარი ვიზის გარეშე, მხოლოდ ბიომეტრული პასპორტით გადავკვეთე და პრობლემა არ შემქმნია. ითხოვენ ჯანმრთელობის დაზღვევას, სასტუმროს ჯავშანს, ორი-მიმართულებით ბილეთსა და გარკვეული ოდენობის თანხას. იყო უარის თქმის შემთხვევები, იმის გამო, რომ ზოგს მოთხოვნილი დოკუმენტები წესრიგში არ ჰქონდა”. 

ბოლო 9 თვის მონაცემებით, ბიომეტრული პასპორტით 363 751-მა მოლდაველმა იმოგზაურა, აქედან 277 უკან დააბრუნეს- 213-მა არ შეასრულა ევროკავშირში შესვლის პირობები, 64 კი წარსულში არალეგალური ქმედებების გამო არ შეუშვეს.
მოლდოვის “საგარეო პოლიტიკის ასოციაციის” წარმომადგენლის ვიქტორია ბუკატარუს განცხადებით, კიოშინიოვისთვის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზებული კანონების შესრულება მარტივი არ ყოფილა, თუმცა მოქალაქეების სწორად ინფორმირებულობამ არაპოპულარული ტრანსფორმაციების ტვირთის შემსუბუქება შეძლო.
“კარგად უნდა აუხსნა რას ნიშნავს უვიზო რეჟიმი: ვადები, რა წესები უნდა დაიცვან, რა საქმიანობების განხორციელება შეუძლიათ ევროკავშირში ყოფნის დროს, რა დოკუმენტები ან ცნობა სჭირდებათ იმისათვის, რომ ისარგებლონ უვიზო მიმოსვლით. რიგით მოქალაქეებთან კომუნიკაციას, დამატებითი უპირატესობების ახსნასა და ხალხთან მუდმივი კონტაქტის შენარჩუნებას შეუძლია იმპლემენტაციის ფაზაზე უკეთესი შედეგი უზრუნველყოს."

საქართველოსთან ერთად 2015 წლის ბოლოდან ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას ელოდება უკრაინაც. პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო იმედოვნებს, რომ მაისში რიგაში დაგეგმილ აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე ევროკავშირის ქვეყნები უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების გადაწყვეტილებას მიიღებენ. პრეზიდენტისგან განსხვავებით, სამიტზე ცვლილებებს არ ელოდება უკრაინის საერთაშორისო პოლიტიკის ინსტიტუტის წარმომადგენელი როსტისლავ ტომენჩიუკი. ტომენჩიუკი ამის მიზეზად ქვეყანაში მიმდინარე ომსა და გაუკონტროლებელ საზღვრებს ასახელებს.

"ევროკავშირმა უნდა მიიღოს პრაქტიკული გარანტიები, რომ უვიზო რეჟიმის დაწესებით ლტოლვილების, არალეგალი მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა არ გაიზრდება. მოლდოვისა და საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინა დღეს სამხედრო კონფრონტაციაშია, რაცხელს უშლის ახლო მომავალში ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას. პროცესს ართულებს სახელმწიფო აპარატების უუნარობა სწრაფად განახორციელოს საკანონმდებლო ცვლილებებიც. ასევე, ევროპელ პოლიტიკოსთა განსხვავებული მოსაზრებების გათვალისწინებით, რიგის სამიტზე ვერ იქნება პროგრესი მიღწეული. რუსეთიც ყველაფერს გააკეთებს, რომ რიგაში არ იყოს პოზიტიური სიგნალები აღმოსავლეთის პარტნიორობისათვის”-აცხადებს ტომენჩიუკი
ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა მოქალაქეებისთვის, შესაძლოა, მარტივი ჩანს, თუმცა უვიზო რეჟიმის სანაცვლოდ ევროპა პარტნიორი ქვეყნებისგან არაერთი რეფორმის გატარებას ითხოვს, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვას, საზღვრისა და მიგრაციის მართვას, ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან ბრძოლას, ადამიანის უფლებების დაცვასა და დისკრიმინაციის აღმოფხვრას. ამასთან, ევროკავშირი არც უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ წყვეტს მონიტორინგს.
რიგაში დაგეგმილი აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტამდე 2 თვე დარჩა. საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ ევროკომისია უვიზო მიმოსვლის რეკომენდაციას გასცემს, თუმცა ევროკომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაშიც კი, ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის თანხმობაზე იქნება დამოკიდებული შეძლებენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები 2016 წლიდან ევროპის ქვეყნებში ბიომეტრული პასპორტებით მოგზაურობას.

მაიკო გაბულდანი

 

წყარო: http://eugeorgia.info/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1553
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია