დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როკოს ბლოგი
„სხვა“ საჯარო მოხელე
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/03/12 11:45:46

მისი ატირება ადვილია. ოღონდ მისი ცრემლები სოლიდარულია ყოველთვის.  თავის პრობლემების გამო არც მოთქვამს და არც ვინმესთან წუწუნებს. ცხოვრებამ ასწავლა, რომ გაუმკლავდეს პრობლემებს და სხვისი სიხარულით გამოწვეული კმაყოფილება უზენაესად ჩათვალოს.

 

მოკლე პერიოდში მეუღლე, ძმა, სიძე და მშობლები დაეღუპნენ. ყველას გარდაცვალებას გულის რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილი მიჰქონდა. ლეგენდადქცეული სიყვარული საბედისწერო გასროლამ გაუნადგურა. ძმა ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. მშობლები, „ციმბირელ მშობლებად“ წოდებულნი, სიძეებისა და ვაჟის დარდს გადაჰყვნენ.

 

დეპრესიის და ხელდაკრეფის დრო აღარ იყო. ან ცხოვრების კუდში მიმდევარი უნდა გამხდარიყო, ან ებრძოლა შვილის, დისა და ძმის შთამომავლობის საკეთილდღეოდ.

 

გასაჭირთან საბრძოლველად ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება სჭირდებოდა. ამისთვის ემიგრაციული მძიმე ცხოვრება უნდა დაეწყო. ემიგრაციაში ცხოვრება მისთვის უცხო არასდროს ყოფილა. მამა ციმბირში მუშაობდა და იქ ჩასულ ქართველებს ცოლთან ერთად მშობელივით პატრონობდა (ამიტომ ერქვათ „ციმბირელი მშობლები“). შვილებიც  ციმბირში  გაზარდეს ასანიძეებმა. სამშობლოში ხშირად ჩამოდიოდნენ, მშობლიურ სოფელში „კეთილ კვალს“ დატოვებდნენ და ისევ ბრუნდებოდნენ ცივ მხარეში.

 

 ინას, კვალიფიკაციით ექიმს, საქართველოში გაუჭირდებოდა. არა იმიტომ, რომ სამსახური არ ჰქონდა! გაჭირვებულების ჯიბიდან ფულს ვერ ამოვიღებო და ოკეანის გადაღმა გაბედა წასვლა. ყველაზე მეტად პატარა ვაჟთან განშორება უძნელდებოდა, მაგრამ ცხოვრება თავისას ითხოვდა.

 

 ფინანსური პრობლემის დაძლევის მერე საკუთარ კეთილდღეობაში არ ჩაძირულა. „სატელიტურ თეფშებთან“ მებრძოლ ხელისუფლებას არ შეუშინდა, მეგობრებთან ერთად სტამბულიდან ემიგრანტული მარში მოაწყო. სიმბოლურად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში „ემიგრანტულ თეფშებს“ არიგებდა და, მუქარის მიუხედავად, არასდროს შეშინებია.

2012  წლის 1 ოქტომბრის მერე რომელიღაც სამინისტროში ადგილიც შესთავაზა „ოცნებამო“, მაგრამ ლანგრით მირთმეული არაფერი უნდოდა. ადგილობრივ არჩევნებზე მშობლიური სოფლისკენ გაეშურა და ხალხი ადვილად დააჯერა, რომ მისი არჩევით „მზრუნველი ხმა“ ეყოლებოდათ საკრებულოში. ოპონენტები ამბობდნენ, რომ მან პირადად მართლა მოიგო არჩევნები და პოლიტიკური ძალის „წაშველება“ არ დასჭირვებიაო.

 

მამას ოდნავ თუ მაინც ჰგავხარ, ეს უკვე ბევრიაო, – უთქვამს ერთ ამომრჩეველს. თვლის, რომ მამის ოდენი არ შეუძლია, მაგრამ თანადგომას ბევრი ვერ ასწავლის.

 

სად იყო მაშინ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, როცა საჩხერე-ჭიათურის სოფლები ფეხდაფეხ მოიარა, მეგობარი „კეთილი სამარიტელების“ მომზადებული საჩუქრები დაურიგა პატარებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ათეულობით ეტლი გადასცა საჩუქრად და საზღვარგარეთ გარდაცვლილ ქალს სამშობლოს მიწა აღირსა განსასვენებლად.

 

ორგანიზაცია  „მე დავბრუნდები“ დაარსა და პირველი თავად დაბრუნდა სამშობლოში.

 

„როგორი მონატრება იცის სამშობლომ, თქვენ არ იცით. დამღალა ემიგრანტულმა ცხოვრებამ. მე ჩემი საქართველო მიყვარს და აქ უნდა ვიცხოვრო“, – თქვა და უმძიმესი ცხოვრების შემსუბუქებას სხვისთვისაც ცდილობდა. ფსიქორეაბილიტაცია და იურიდიული კონსულტაციები მისი ორგანიზაციიდან უსასყიდლოდ ეძლეოდა ცხოვრების ბედუკუღმართობის გამო სამშობლოდან გადახვეწილ ადამიანებს.

 

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ხერხემალი დაუზიანდა, მაგრამ, თუ ვინმე შეჭირვებული მიადგება, ავიწყდება, რომ მისთვის ზედმეტი მოძრაობა არ შეიძლება. აქციასაც მოაწყობს, მეგობრებსაც შეაწუხებს და „ზემოთაც“ არ დაიზარებს მისვლას. მერე გაჭირვება უკან იხევს და უზომოდ ბედნიერი მზესავით გამოანათებს.

 

საკრებულოს წევრობა და საჯარო მოხელის სტატუსი მას არ ცვლის. თუ შემეშლება, მითხარი, თუ ისევ შემეშლება, მერე დაწერეო, – მეუბნება. მედიამუშაკს ჩინოვნიკის საზოგადო საქმიანობაზე თვალი უნდა ეჭიროს, თუ გვინდა, რომ წესიერი ქვეყანა აშენდესო. ჯერ ისევ ისეთია, როგორსაც ვიცნობდი. სულ ფუსფუსებს, მაგრამ  ქონება არ მოჰმატებია, უბრალოება და კომუნიკაბელობა ისევ ისეთი აქვს, როგორც წლების წინ.

 

ჰო, კიდევ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ერთადერთი მაჟორიტარი ქალია. ალბათ, საკრებულოს არცერთ წევრს იმდენი ვიზიტორი არ ჰყავს, რამდენიც მას.

 

ძნელია თითქოს ნიუ-იორკის ხმაურიანი ქუჩებიდან ჭიათურაში გადმოსახლება, მაგრამ ეს მისი მშობლიური მხარეა.

 

უფრო უკეთესი უნდა გავხადოთ ცხოვრება – ეს ინა ასანიძის დევიზია.

 

ალბათ, მიხვდით, როგორ ადამიანზე  ვსაუბრობდი ამდენ ხანს...

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5283
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია