საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გიორგი ღავთაძე: „აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი ქუთაისსაც საერთაშორისო არეალზე გაიყვანს“
2015/03/05 10:11:15

აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქუთაისის შემთხვევაში მხოლოდ განათლების ცენტრი არ არის. რა თქმა უნდა, ის არ არის ქვეყნის „ალმა მატერი“, მაგრამ  ქალაქში, რომელმაც უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით დაკარგა საგუბერნიო, სატრანზიტო, ინდუსტრიულ და საპარლამენტო ქალაქად ყოფნის შესაძლებლობა, ძლიერი უნივერსიტეტი, ანუ  საუნივერსიტეტო ქალაქად განვითარების შესაძლებლობა უკანასკნელი იმედია.

 

ისტორიული ქრონოლოგია ასე აეწყო: 1930 წელს ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ გააუქმა 1918 წელს დაარსებული უნივერსიტეტი და მის ბაზაზე 4 უმაღლესი სასწავლებელი შექმნა. ერთ ერთი იყო პედაგოგიური ინსტიტუტი.

 

1930-33 წლებში პედაგოგიური ინსტიტუტი თბილისში ფუნქციონირებდა. 1933 წელს კი უნივერსიტეტი კვლავ აღსდგა და პედაგოგიური ინსტიტუტი ქუთაისში გადაიტანეს. 1933-1990 წლებში პედაგოგიური ინსტიტუტი ალექსანდრე წულუკიძის სახელს ატარებდა.

 

1990 წელს კი უმაღლესი სასწავლებელი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტად გარდაიქმნა.

 

აწსუ დღეს რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელს აერთიანებს. ესენია: ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი და სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის სასწავლოუნივერსიტეტი. ამ გაერთიანების შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ უნივერსიტეტს საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი მძლავრი სასწავლო ბაზა აქვს. დღეს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 11000-მდე სტუდენტი იღებს განათლებას.

 

როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, სხვაგან შესაძლოა, უნივერსიტეტის რექტორი და მისი საქმიანობა მხოლოდ უნივერსიტეტს უკავშირდებოდეს… მაგრამ ქუთაისის შემთხვევაში უნივერსიტეტის რექტორი და უნივერსიტეტის განვითარება ქალაქის გადარჩენის საწინდარია.

 

წელს უნივერსიტეტის რექტორად მეორე ვადით პროფესორი გიორგი ღავთაძე აირჩიეს. აკადემიური საბჭოს 19 წევრიდან 14-მა მხარი ღავთაძის არჩევას დაუჭირა. Aris.ge- განათლებაქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განმეორებით არჩეულ რექტორთან ინტერვიუს გთავაზობთ.


- ბატონო გიორგი, რამდენად ელოდით მეორე ვადით რექტორად არჩევას და როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა თქვენდამი ასეთი ერთსულოვანი მხარდაჭერა?


– უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარი დამიჭირა არჩევნებში, და ვინც გაიზიარა ჩემი ხედვა უნივერსიტეტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით. მადლობა მათაც, ვინც მხარი არ დამიჭირა. განსხვავებული აზრი ყოველთვის ზრდისმოტივაციას, რომ დაწყებული საქმე დაასრულო და ბოლომდე მიიყვანო. მზად ვარ ვითანამშრომლო ნებისმიერ  პირთან და ორგანიზაციასთან, ვინც დაინტერესებული იქნება, რომ ქუთაისს უკეთესი უნივერსიტეტი ჰქონდეს.

 

- როგორია თქვენი სამოქმედო გეგმა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, რა არის თქვენი მთავარი მიმზანი?


– ჩემი მიზანია ქუთაისის სახელმწიფოუნივერსიტეტის მოქმედების არეალის გაფართოვებადა საერთაშორისო არეალზე დამკვიდრება. ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ საიმისოდ, რომ  რეგიონული უნივერსიტეტიდან საერთაშორისო ცნობადობის მქონე უნივერსიტეტის სახელი მოგვეპოვებინა. ჩვენ დღესაც რეგიონული უნივერსიტეტი ვართ, მაგრამ  სიტყვა „რეგიონულმა“ დატვირთვა შეიცვალა-ჩვენ სამხრეთ კავკასიაში ერთ ერთი ყველაზე აქტიური უნივერსიტეტი ვართ, რომლიც ინტენსიურად მონაწილეობს საერთაშორისო საგრანტო პროგრამებში.

 

აწსუ  სულ უფრო გამოკვეთილად იკავებს ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი, ლიდერი რეგიონული უნივერსიტეტის პოზიციას ქვეყნის მასშტაბით. სამომავლოდ, ვაპირებთ დიდი აქცენტი გავაკეთოთ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე. ჩვენ გვყავს პარტნიორი უნივერსიტეტები ახლო საზღვარგარეთში და დავიწყეთ სტუდენტების მოზიდვა უცხოეთისქვეყნებიდან. დღეს ქუთასის სახელმწიფო უნივერსიტეტში 150-მდე უცხოელი სტუდენტი სწავლობს. და მომავალში მათი რაოდენობა გაიზრდება. ჩვენ შევიმუშავეთ რამდენიმე უცხოენოვანი პროგრამა, რამაც განაპირობა კიდეც უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდა.

 

- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე მრავალსტუდენტიანია, რის ხარჯზე მაღლდება აბიტურიენტების ინტერესი, რა არის ის ფაქტორები, რომელიც მათ აქ ჩაბარებისკენ უბიძგებს, რას სთავაზობთ მათ?


– ჩენს უნივერსიტეტს სტუდენტების რაოდენობა ყოველთვის სოლიდური ჰყავდა. ეს, ერთი მხრივ, უნივერსიტეტის შიდა რეგიონული მდებარეობითაა განპირობებული. მეორეს მხრივ, აწსუ-ს სტუდენტს აქ სამივე საფეხურის – ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის გავლის შესაძლებლობა აქვს. დღეისათვის ჩვენ ყველაზე ძლიერი რეგიონული უნივერსიტეტი ვართ. ჩვენ გვყავს მაღალკვალიფიციური პროფესორ- მასწავლებლები და ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები აქტიურად არიან ინტეგრირებული ქვეყნის მასშტაბით არსებულ სხვადასხვა სფეროში. მაგრამ, სტუდენტების რაოდენობის შეფასებისას გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – ჩვენ დღეს რამდენიმე უნივერსიტეტის გაერთიანებას წარმოვადგენთ, რამაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სუბიექტს ახალი შესაძლებლობები მისცა. აწსუმ დაიმატა და განამტკიცა: ტექნიკური, აგრარული და სამედიცინო სპეციალობები, ხოლო ზემოთ ჩამოთვლილმა ინსტიტუტებმა მიიღეს უფრო მყარ ფინანსურ ბაზაზე ხელმისაწვდომობა, დოქტორანტურის დონეზე საქმიანობის განვითარების შესაძლებლობა და ა.შ. უმაღლესი სასწავლებლების გაერთიანებით თვისობრივად ახალი, უფრო ძლიერი ბაზის მქონე  უმაღლესი სასწავლებელი მივიღეთ.

 

- ჯერ კიდევ გუშინ ეს ინსტიტუტები დამოუკიდებელი ერთეულები იყვნენ,რამდენად რთულიამათი მართვა?


-ამ ეტაპისათვის საუნივერსიტეტო მმართველობაშიგანხორციელებული დეცენტრალიზაციის პოლიტიკის ფარგლებში გაზრდილია ფაკულტეტების ავტონომიურობა როგორც გადაწყვეტილებების მიღების, ასევე ფინანსური რესურსების მართვის და ბიუჯეტის დაგეგმვის თვალსაზრისით. მომავალში ფაკულტეტებმა კიდევ უფრო უნდა გააქტიურონ ქმედებები საკუთარი სტრატეგიული განვითარებისა გეგმის ფორმირებისა და მათი რეალიზაციის კუთხით-ასეთია ჩვენი ხედვა.

 

- წელს რამდენი სტუდენტი სწავლობს აკაკიში, ამდენის მიღებაზე გაქვთ განაცხადი გაკეთებულიდა როგორია თქვენი მოლოდინები?


– ამჟამად ჩვენს უნივერსიტეტში 11000-მდე სტუდენტი სწავლობს და სტუდენტთა რაოდენობის მიხედვითა და სასწავლო ბაზებით ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობისსახელმწიფო უნივერსიტეტი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის ხუთეულში შედის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პოლიტექნიკური უნივერსიტეტის შემდეგ  ჩვენ და „ილიაუნი“ მესამე და მეოთხე ადგილებს ვიყოფთ. სტუდენტების მოლოდინი კვლად დიდია. დარწმუნებული ვარ აბიტურიენტები კვლავ გააკეთებენარჩევანს ჩვენი უნივერსიტეტის სასარგებლოდ. ჩვენთვის პრიორიტეტულია უცხოელი სტუდენტების მოზიდვის საკითხი. შემუშავებული გვაქვს უცხოენოვანი აკადემიური პროგრამები.

 

- როგორია სტუდენტთა ფინანსური წახალისების ან სოციალური დახმარების პრინციპი თქვენთან?


– სტუდენტებისათვისყველაზე პრობლემურია სწავლების საფასურის გადახდა. ამიტომ, ჩვენგავყავით სწავლების საფასურის გადახდაოთხ ნაწილად და ყოველკვარტალურად გადახდის შესაძლებლობას ვიძლევით. არ გამოვრიცხავთ ინდივიდუალურ მიდგომებსაც სწავლის საფასურის გადახდაში. უნივერსიტეტში მოქმედებს სპეციალური პროგრამა, რითაც ვეხმარებით სხვადასხვა კატეგორიის (უდედმამოები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა შვილები, სოციალურად დაუცველები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სტუდენტური ოჯახები და ა.შ.) სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდაში.

 

რა თქმა უნდა, უნივერსიტეტში გვაქვს სხვადასხვა სახის(მ.შ. სახელობითი) სტიპენდიები. კონტაქტები გვაქვს საფინანსო დაწესებულებებთან და ვთხოვთ მათ, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენსსტუდენტებს მისცენ სტუდენტური სესხები შეღავათიანი პირობებით. ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იყო „სტუდენტთა მხარდაჭერისა და  განვითარების სერვისების“ შექმნა და განვითარება. იგი დაფინანსებულ იქნა ტემპუსის პროექტის ფარგლებში. პროცესი ჯერ არ დამთავრებულა და  მის დასრულებამდე გარკვეულ სიახლეებს კიდევ უნდა ველოდოთ.

 

- რამდენად კონკურენტუნარიან კადრებს ზრდის თქვენ ისასწავლებელი და სად საქმდებიან ძირითადად თქვენი კურსდამთავრებულები?


– ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები სამუშაოს პირველ რიგში აქვე, ქუთაისში და ახლო რაიონებში ეძებენ. ზუსტი სტატისტიკის გაკეთება შეუძლებელია. მოგეხსენებათ ქუთაისი ეკონომიკურად აქტიური ქალაქი არ არის… და სამუშაო ადგილი დეფიციტია. და თუკი რომელიმე კურსდამთავრებული სამუშაოს ვერ პოულობს, ეს არა კვალიფიკაციის და განათლების ხარისხის, არამედ სამუშაო ადგილების დეფიციტის ბრალია. თუმცაღა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები აქტიურად არიან დასაქმებული საფინანსო სფეროში, ჯანდაცვის ორგანიზაციებში, საჯარო სამსახურებში და ა.შ.ხშირად, კურსდამთავრებულები, თბილისში და საზღვარგარეთ მიემგზავრებიან და აქ მიღებული ცოდნით თავს იმკვიდრებენ.

 

- როგორი შესაძლებლობებია აწსუ-ში სტუდენტურიცხოვრების თვალსაზრისით?


– ბოლო 4 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა: აღდგა სტუდენტური დასი, მხიარულთა და საზრიანთა კლუბი; ჩამოყალიბდა არაერთი სპორტული სექცია, გაიმართა მრავალი კულტურული, სპორტული თუ შემეცნებითი ღონისძიება, მოეწყო სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა და სტუდენტების მიერ წამოწყებული არაერთი პროექტი განხორციელდა.

 

- განათლებისადამეცნიერებისსამინისტროსთანთუგაქვთმჭიდროურთიერთობა, საჭიროებთ თუ არა მთავრობის მეტ თანადგომას და კონკრეტულად რა კუთხით რა პრობლემები აქვს უნივერსიტეტს?


– სახელმწიფოსა და უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობის სხვადასხვა მოდელები არსებობს. ბრიტანულ-ამერიკული მოდელი უნივერსიტეტებს შედარებით მეტ თავისუფლებას ანიჭებს. სხვა შემთხვევაში, მაგალითად გერმანიაში კი, სახელმწიფო ფაქტობრივად სრულად იღებს საკუთარ თავზე უნივერისტეტების დაფინანსების საკითხებს. რთულია ოქროს შუალედის მოძებნა. ჩვენს სინამდვილეში, სახელმწიფოს გამოცხადებული აქვს პრიორიტეტული სპეციალობები და სასწავლო პროცესის  დაფინანსება მისთვის პრიორიტეტულია და  ამ სფეროში სწავლების საფასურს სახელმწიფო იხდის.

 

- „ონლაინ განათლება“ სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში. ამ მხრივ რას აკეთებს აწსუ?


– დიახ, თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცის ერთ ერთი სიახლე -online university –ა. დღეს არა მარტო ონლაინ კურსების, არამედ სრული აკადემიური პროგრამების გავლის შესაძლებლობაა. უნივერსიტეტებს შორის  ამ ბაზარზეც დიდი კონკურენციაა. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ მიმართულებით საქმიანობა და ჩვენს საიტზე შეგიძლიათ იხილოთ ელექტრონული უნივერსიტეტის ბმული, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს სრულყოფას მაგრამ მუშაობა ამ მიმართულებით დაწყებული გვაქვს.

 

- უნივერსიტეტისმომავალზეგვინდა გკითხოთ,როგორსხედავთმასწლებისშემდეგ?


ჩვენ უკვე ვისაუბრეთ რომ აწსუ- საერთაშორისო განვითარების რელსებზე დგას და დიდი გამოწვევები აქვს. მომავალში ეს იქნებასაერთაშორისო მასშტაბის მქონე უნივერსიტეტი, ჩვენ ვიქნებით საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე უნივერსიტეტი. ამ მხრივ უკვე გადაიდგა  პირველი ნაბიჯები: ჩვენთან ორჯერ იმყოფებოდა ამერიკული ე.წ. ABET აკრედიტაციის ექსპრეტთა ჯგუფი, რომელმაც მოგვცა რჩევები და რეკომენდაციები. უნივერსიტეტი ჩართულია საპილოტე პროექტში, რომელსაც მიმდინარე წლის განმავლობაში განახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად. გარდა  ამისა, აწსუ უკვე თანამშრომლობს ინგლისის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსთან და ბელგიის სააკრედიტაციო სააგენტოსთან, რომლებმაც ამ საკითხში დასახმარებლად მზადყოფნა გამოხატეს. ქუთაისის ხვალინდელი დღე უნივერსიტეტთანაა დაკავშირებული. მომავლის უნივერსიტეტი  ქუთაისსაც საერთაშორისო არეალზე გაიყვანს.

 


ელისო გოლეთიანი – ქუთაისი

წყარო: http://edu.aris.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2414
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია