საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ნანული ცხვედიანის ბლოგი
"ქუთაისელი ქალბატონები" ძველ ქუთათურ ფოტოგრაფთა თვალით
ავტორი: ნანული ცხვედიანი
2015/03/02 18:57:39

 

ფოტოგამოფენამ, რომელიც დღეს ქუთაისში, თიბისი -ბანკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ა(ა)იპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებისა და მისი ფილიალის - დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატიანის მუზეუმის ორგანიზებით, თავისი არქაული სილამაზითა და სიღრმით გააოგნა დამთვალიერებელი.


ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო ალექსანდრე მიხაილოვის, კოწია ლორთქიფანიძის, კუჩუხოვისა და სხვა ძველ ქუთაისელ ფოტოხელოვანთა მიერ შესრულებული პორტრეტების გადიდებული, ორიგინალთან მაქსიმალურად მიახლოებული ვერსიები. ზოგიერთი სახე - ვთქვათ, ფოტოგრაფ მიხაილოვის მეუღლე (ჩირაძის ქალი), ნიკო ლორთქიფანიძის დედა, შალვა დადიანის "ჰარამხანაში" აღბეჭდილი რამდენიმე მშვენიერი ბანოვანი, მინდია უგრეხელიძის დიდი ბებიები და კიდევ სხვები - შთამომავლობისათვის რეალურად ცნობილია, ბევრი კი ჯერჯერობით დაუდგენელი უცნობი ქალბატონია.

 

მაგრამ ეს როდია მთავარი, გაცილებით მნიშვნელოვანია ამ ფოტოსურათთა დიდი მხატვრული ღირებულება,ის შინაგანი ძალა და სულიერი წყობა,აწ გარდასული ქალბატონებისა და გოგონების გამოხედვაში რომ იგრძნობა, მათი ულამაზესი კაბების , სამკაულების, ვარცხნილობის ორიგინალურობა, ფოტოგრაფ - ხელოვანთა ხედვის ძალიან საინტერესო რაკურსი,- მოკლედ, ათასი რამ.


ასეთი ბუნებრივი სიხარული, კარგა ხანია, არ მიმიღია ქუთაისში გამართული გამოფენებიდან. საზოგადოებაც ფრიად აღფრთოვანებული იყო. ყველანი განსაკუთრებულ მადლობას ვუხდიდით ამ გამოფენის უმთავრეს შემოქმედს - ფოტო- კინო მატიანის მუზეუმის დირექტორს რამაზ მორჩაძეს, რომლის მრავალწლიანმა ჯოჯოხეთურმა შრომამ, კერძო თუ საჯარო ორგანიზაციების არქივებში, ათას ხარახურასა და გადაყრილ ნივთებში განუწყვეტელმა ქექვამ, დიდმა მოწადინებამ ასეთი შესანიშნავი შედეგი გამოიღო.

 

ეს გამოფენა, -სახელწოდებით "ქუთაისელი ქალბატონები", - რომელიც მე-19 საუკუნის დასასრულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ეპოქას ასახავს, ვფიქრობ, მთელმა საქართველომ უნდა ნახოს. 


მე არ ვიცი, ჩაიტანენ თუ არა მას თბილისში, მაგრამ, მერწმუნეთ, ეს არის უაღრესად აკადემიური, ნატიფი ექსპოზიცია, რომლისთვისაც მართლაც რომ უშედეგოდ არ დახარჯულა ბიუჯეტის ფული. აი, ამას ჰქვია ქუთაისის დიდი კულტურული ტრადიციის ჩვენება და გათანამედროვება.


კიდევ იმას აღვნიშნავდი, რომ ამ გამოფენას ესწრებოდნენ ქუთაისური ფოტოგრაფიის ფუძემდებლის - ალექსანდრე მიხაილოვის შვილიშვილი და შვილთაშვილი.ესეც განსაკუთრებულ დატვირთვას სძენდა თაობათა უწყვეტ კავშირს.
სულ ესაა. გმადლობთ დედის დღის ორიგინალურად მოლოცვისათვის.)))))

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4626
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია