დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ადგილი, სადაც სიბერეს ამარცხებენ
2015/02/27 11:58:55

თბილისში, აღმაშნებლის გამზირზე, №121-ში მდებარეობს სათნოების სახლი „კათარზისი“ -  კოხტა და ლამაზი სამსართულიანი შენობა, რომელიც არაფრით განსხვავდება სხვა შენობებისგან. კარის შეღებისთანავე, მისაღებში, თვალს მოჰკრავთ  მსხდომარე მოხუცებს და სულ სხვა სამყაროში ხვდებით.  შესვლისთანავე ყველა ყურადღებას გაქცევს, რადგან უცხო ხარ.  ეს არის ადგილი, სადაც  „სიბერე“ არ არსებობს. მას „კათარზისი“ ჰქვია.

 

სათნოების სახლი 1990 წელს დაარსდა. თავიდან ქაშვეთის ეკლესიის ეზოში ხდებოდა მოსახლეობის დაპურება, შემდეგ კი, ზვიად გამსახურდიამ საკუთრებაში გადასცა ის შენობა (აღმაშენებლის №121), სადაც ამჟამად იმყოფება.  

 

„რამდენი საშინელი რამ გამოვიარეთ, მაგრამ დაარსების დღიდან ჩვენი თავშესაფარი ერთი დღითაც არ დახურულა და ყოველთვის ახერხებდა მოხუცებისთვის ცხელი საკვების მიწოდებას.  ეს არის სოციალური დახმარების კომპლექსური ცენტრი, სადაც თავმოყრილია ის გადაუდებელი  დახმარებები, რომლებიც დღეს აქტუალურია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის. ჩვენ, თბილისის გარდა, 5 ქალაქსა და რაიონში ვფუნქციონერებთ და მაქსიმალურად ვცდილოთ, დავეხმაროთ ყოველ ადამიანს, რომელსაც ეს სჭიროება“. -  განაცხადა  „კათარზისის“ პრეზიდენტის მოადგილემ, ნანა მუსხელიშვილმა.

 

სათნოების სახლში ფუქციონირებს: უფასო სასადილო,  წინასწარი სამედიცინო დათვალიერების კაბინეტი, აფთიაქი, ბიბლიოთეკა, სილამაზის სალონი, ტანსაცმლის შეკეთების სამსახური, უბინაოდ დარჩენილ ხანდაზმულთა თავშესაფარი, სამლოცველო, ხანდაზმულთა ხალხური, კლასიკური და საესტრადო გუნდები, აგრეთვე თეატრი. ყველაზე დიდ მიღწევად კი შეიძლება ჩაითვალოს „სადილი ყველას“, რომლის ფარგლებშიც ყოველდღიურად 400-მდე ადამიანს ემსახურებიან, მათ შორის - სახლში მწოლიარებსაც.

 

„ნოსტალგიის თეატრი“ - ასე ჰქვია თეატრს, რომელშიც სათნოების სახლის მოხუცები იღებენ მონაწილეობას. დგამენ სპექტაკლებს: „ხანუმა“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „გამოკეტილი ჭიშკარი“ და სხვა. რეჟისორის, ილია ნიშნიანიძის განცხადებით, „ძალიან რთულია ხანდაზმულებთან მუშაობა, რადგან ზოგიერთი მათგანი 80 წელსაც არის გადაშორებული, ტექსტიც ავიწყდებათ ხოლმე, მაგრამ ამავდროულად, რამდენადაც რთულია, იმდენად საინტერესო და მნიშვნელოვანი. ბოლო შედეგი კი საოცრად ტკბილია, რადგან მოხუცებს აქვთ საშუალება, იკეკლუცონ, იცეკვონ და იმღერონ, სულიერი საზრდო მიიღონ, დაამარცხონ სიბერე და თავი საჭიროდ იგძნონ. აგერ უკვე 7 წელია, აქ ვმუშაობ და სიამოვნებით ვასრულებ ჩემს მოვალეობებს, ასეთი რამ მსოფლიოში არსად არის სათნოების სახლებში.  ასეთ ხანდაზმულებთან და თან არაპროფესიონალებში ამ ხარისხის შესრულება, ეს ჩვენ გვაქვს და ამას გატანა უნდა. ყველა მოხუცმა უნდა დაინახოს, რომ სიბერეში ყველაფერი არ მთავრდება და როცა ამას სახლში მსხდომი მოხუცები ხედავენ, მათ ავიწყდებათ თავიანთი პრობლემები, სიცოცხლის სურვილი უღვივდებათ და უბრალოდ, სიამოვნებთ“.

 

„კათარზისში“ ყოველწლიურად  ტარდება კონკურსები, მაგალითად: „სუპერ ბებია“, რომლის 2013 წლის გამარჯვებულიც 83 წლის ციალა კიკილაშვილი გახლავთ.  ქალბატონი ციალა ასევე თამაშობს სპექტაკლებში და მღერის გუნდში. ის „კათარზისში“ 5 წლის წინ მოვიდა გამგეობის დახმარებით და მას შემდეგ ყოველ დღე 6 საათამდე აქ იმყოფება, საღამოს კი სახლში ბრუნდება. ის მარტოხელა ქალბატონია.

 

ქალბატონი ციალა: „ოჯახის არასოდეს მყოლია, მას შემდეგ, რაც მშობლები დამეღუპნენ, მარტო ვცხოვრობ, ნათესავები მყავს, მაგრამ მხოლოდ „კათარზისის“ იმედად ვარ. მაქვს პენსია და სოციალური დახმარება, რომელიც მხოლოდ წამლებისთვის და კომუნალურებისთვის  ძლივს მყოფნის. რომ არა „კათარზისი“, ალბათ, დიდი ხნის წინ მოვკვდებოდი  მშიერი. ყოველთვიურად 200 ლარის წამლები მაინც მჭირდება, აღარაფერს ვამბობ კომუნალურებზე და სტომატოლოგიურ დახმარებაზე. მე კათარზისმა მომცა უამრავი მიზეზი, თავი კარგად ვიგრძნიო. არ მშია, არც მცივა, კარგ გარემოში ვარ და ხან ვმღერი ხან კიდევ ვცეკვავ.  წარმოიდგინეთ სალონიც კი გვაქვს, რომ ჩემნაირმა მოხუცებმა თავი კომფორტულად იგრძნონ. ასეთი ადგილები ბევრი უნდა იყოს და ყველა უნდა დადიოდეს აქ”.

 

საბოლოოდ კი, ეს არის ადგილი, სადაც „სიბერე“ არ არის დეპრესიის და სახლში ჯდომის ანალოგი. აქ სიბერეს ამარცხებენ!

 

ია ასათიანი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3409
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია