საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„შეზღუდული შესაძლებლობების“ შეუზღუდავი სამყარო
2015/02/20 17:37:51

პატარა ნინი 11 წლისაა. მისთვის კომპიუტერი და მუსიკა არა მხოლოდ გართობის და დასვენების საშუალებებია, არამედ მთელი სამყარო. დღის ცენტრისა და საჯარო სკოლის პირველი კლასის მონდემებული და წარმატებული მოსწავლეა. ცდლობს, იყოს დამოუკიდებელი, თავისით, ვინმეს დახმარების გარეშე, რთავს კომპიუტერს, Youtube-საც, სადაც მის საყვარელ ანიმაციებსა და საბავშვო გადაცემებს უყურებს. ყოველთვის იცის, სად დევს მისი ნივთები, ამიტომ თავადაც მიდის მათ ასაღებად სხვების დაუხმარებლად.

 

ნინის მეორე გატაცება მუსიკაა. შეუძლია, საათობით უსმინოს სიმღერებს. ადრე, როცა „მაესტროზე“ ქართული კლიპები გადიოდა, შეეძლო, მთელი დღე მჯდარიყო ტელევიზორთან და მუსიკალური გადაცემებისთვის ესმინა. ახლა კი, დედამისის ტელეფონში დამოუკიდებლად რთავს ნატო გელაშვილისა და სხვადასხვა კლასიკურ სიმღერებს. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად არაჩვეულებრივად გამოიყურება, კარგი სმენა და კომპიუტერული უნარები აქვს. ნინის ნერვული აშლილობა „აუტიზმი“ ჯერ კიდევ 1 წლის ასაკში დაუდგინეს.  

 

 

რა არის აუტიზმი?

აუტიზმი ტვინის განვითარების ნეირობიოლოგიური დარღვევის შედეგია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარზე. ბავშვს ახასიათებს საგნებით გატაცება და პრობლემები აქვს სოციალურ განვითარებაში: კომუნიკაციაში, მეტყველებაში, ქცევაში. აუტიზმის სიმპტომები, ჩვეულებრივ, თავს იჩენს ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში და თან სდევს მთელი ცხოვრების მანძილზე. ყველაზე ძლიერ ფორმას ახასიათებს გარემოსთან კონტაქტის, თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობის დამყარების შეუძლებლობა, უჩვეულო თვითდამაზიანებელი და აგრესიული ქცევა, შიშები. ასეთი ბავშვი ყურადღებას არ აქცევს ოჯახის წევრებს, თითქოს ვერ ამჩნევს მათ, ის არ თამაშობს სხვა ბავშვებთან, უჭირს საკუთარი აზრის და ემოციების სხვებისთვის გაზიარება. მათთვის მეტყველება კომუნიკაციის საშუალებას არ წარმოადგენს, ისინი ხშირად უცნაურ მეტაფორებს ხმარობენ, აქვთ მონოტონური ხმა, ან გაწელილი, წამღერებითი ინტონაცია.

 

ქეთევანი, ნინის დედა: „ერთი წლისას ძილი აერია და ნევროპათოლოგთან წავიყვანეთ, იქ დაუდგინეს აუტიზმი. მიზეზი, რამაც ეს აშლილობა გამოიწვია, ასე ვთქვათ, დაუდგენელია. ერთ-ერთ ვარიანტად სიმაღლიდან გადმოვარდნა და თავის დარტყმა ითვლება, თუმცა დაზუსტებით არ იციან, ეს გენეტიკურიც კი შეიძლება იყოს. უძილობის შემდეგ ნელ-ნელა მდგომარეობამ გაუარესება დაიწყო. ნინი უცხო სხეულებს ჭამდა: ძაფებს, სხვადასხვა რკინის ნივთებს, სათამაშოებს, ახლაც, ყურადღებას ერთი წამით მაინც თუ არ აქცევ, ყველაფერს პირში იდებს. საერთოდ ვერ ლაპარაკობს, ზოგჯერ ცდილობს რაღაც თქვას, მაგრამ მხოლოდ ყვირილის ხმას თუ გაარჩევ და ძალიან ადვილად ბრაზდება.

 

მისი ყოველი დღე მუსიკით იწყება, გაღვიძებისთანავე ჩემს ტელეფონს ეძებს, სკოლიდან მოსვლისთანავე კი კომპიუტერი ხდება მისი ყურადღების ობიექტი. გასაკვირი ის არის, რომ ჩემი გოგონასთვის არავის უსწავლებია, როგორ აკრიფოს საიტები, ყველაფერი თავისით ისწავლა. ტექნიკაში ხუთიანი უწერია. თავიდან ძველ კომპიუტერთან მიდიოდა, ჯდებოდა და საათობით ცდილობდა, რაღაც გაეკეთებინა მასში, ეს ამშვიდებდა. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ სწავლების უფლებას არავის გვაძლევდა, იმის გამო, რომ ძალიან ადვილად ბრაზდება და შემდეგ მისი დაწყნარება გვიჭირს, ვცდილობთ, ყველა მისი თხოვნა შევასრულოთ. რაც ჩემს პატარა ბიჭს, ბექას, სკოლაში „ბუკი“ მისცეს, მას შემდეგ ნინი ხელიდან არ უშვებს, არც ის ცდილობს გამოართვას. პირიქით, იქეთ აწოდებს ხოლმე. რაც კომპიუტერი ისწავლა, მას შემდეგ ტელევიზორს საერთოდ აღარ ეკარება, არც სათამაშოებით თამაშით გამოირჩევა. ერთი სავარჯიშო ბურთი აქვს, რომელზეც ჯდება ხოლმე, ხელში ტელეფონს იკავებს თან მუსიკას უსმენს და თან ბურთით დახტის. იმის გამო, რომ ღეჭვის რეფლექსი კარგად არ აქვს განვითარებული, სპეციალური კვება სჭირდება, უჭირს მშრალი საჭმელების გადაყლაპვა, ამიტომ სულ წვნიანი უნდა იყოს სახლში. ტკბილეულსაც სულ ითხოვს, თუ არ არის, „პანიკაში“ ვარდება. ასევე მუდმივად გვჭირდება პამპერსიც. სამწუხაროდ, თავისით ვერც კი იცვლის, ამიტომ ყოველთვის სჭირდება სხვისი ყურადღება. ზოგჯერ ისე იქცევა, მგონია, საერთოდ ვერ მხედავსთქო, არც მოფერება და ჩახუტება უყვარს არანაირი სურვილი არ აქვს ვინმესთან ურთიერთობის, თუმცა აგრესიულიც არასოდეს ყოფილა. ისეთი შემთხვევებიც გვქონია, ქუჩაში მიმავალს რომ გაკიდებია და ჩახუტებია, უბრალოდ იმიტომ, რომ ასე უნდა. მაგრამ არანაირად არ კონტაქტობს თავისი ასაკის ბავშვებთან“.

 

ნინი დღის ცენტრში „პირველი ნაბიჯი” უკვე ხუთი წელია დადის. დედის თქმით, ამან დიდი პროგრესი მისცა. ყოველ დილით სამარშრუტო ტაქსი აკითხავს და ამავე გზით ბრუნდება სახლში. დღის ცენტრში სწავლობენ სიმღერას, ცეკვას, ასრულებენ მიზნებს და თუნდაც ის, რომ ბავშვი გარეგნულად არაჩვეულებრივად გამოიყურება, ქალბატონ ქეთინოს დღის ცენტრის დამსახურებად მიაჩნია.

 

„ავტობუში ასვლისთანავე დასაჯდომს ეძებს. თუ ვერ პოულობს, ჯდება, სადაც მოუნდება. ხალხი გაკვირვებული უყრებს, რას აკეთებსო? მერე ვუხსნი, რომ ბავშვს აუტიზმი აქვს და თუ შეიძლება, დასვან. ერთხელ ავტობუსში ნინიმ ფანჯრის ლოკვა დაიწყო,  უკან 2 ბებო იჯდა და დაუწყეს: „არა, გენაცვალოს ბებო, ეგ არ შეიძლებაო“. მე ვუთხარი, არ ესმის, ქალბატონო, თქვენითქო. „რატომ, ყრუაო?“ არა, ქალბატონო, უბრალოდ, ნერვიული აშლილობა აქვს და ვერ გებულობს, რომ ეს არ შეიძლებათქო. თავიდან გაკვირვებულები მიყურებდნენ, შემდეგ კი ტირილი დაიწყეს, ვაიმე, რა ცოდო არისო. ასეთებიც ხდება ხოლმე.

ნინი საჯარო სკოლაშიც დამყავდა, ინკლუზიურ კლასში. იქ ერთ გაკვეთილს ძლებდა, ყველაზე მეტად მუსიკის გაკვეთილი უყვარს, თუმცა, რაც ავად ვარ, ნინი ვეღარ დამყავს საჯარო სკოლაში. გამაყუჩებლებზე ვარ, ისეთი ტკივილები მაქვს. რამდენიმე თვეა, რაც მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე დამიდგინეს. სადაზღვეო კომპანიამ კი გამაწამა, 12 დღეა, ველოდები პასუხს, დამიფინანსებს თუ არა ოპერაციას. შემოსავალი ოჯახში 600 ლარს არ აღემატება, არადა, ნინის ოპერაცია სჭირდება, რომელიც 30 000 ევრო ჯდება.  ამას რომ თავი დავანებოთ, მის წამლებში, საკვებში და ჰიგიენისთვის საჭირო ნივთებში მიგვდის ამ ფულის უმეტესი ნაწილი, ბექასთვის თითქმის არაფერი გვრჩება, თუმცა, ის არასოდეს წუწუნებს. და ძალიან უყვარს, სულ მეკითხება: დე, ნინი ლაპარაკს ხომ მალე დაიწყებს?“

 

ისინი სოციალურად დაუცველები არიან და არც საკუთარი სახლი გააჩნიათ. წლების განმავლობაში მხოლოდ მერია და მუნიციპალიტეტი თუ ეხმარებოდა, მაგალითად, ყოველ ზაფხულზე 12-დღიან ტურს ჩუქნიან ურეკსა და ბორჯომში თავისი კვებით და საცხოვრებლით. რა თქმა უნდა, ბავშვის ჯანმრთელობის გამო, მხოლოდ დედას და ნინის.  უხდიან სწავლების ფულს 220 ლარს, იღებენ სოციალულ დახმარებას და ბავშვის პენსიას - 100 ლარს. წელს კი უკვე მე-2 საქველმოქმდეო ფონდი ეხმარება. პირველი „ქვიშის საათი” იყო, მათ პროდუქტით და პამპერსით დაასაჩუქრეს ნინის ოჯახი. მე-2 არასამთავრობო ორგანიზაცია, საქველლმოქმედო ფონდი „კვალი ნათელი” არის. ისინი სისტემატურად ურიცხავენ ფულს ქალბატონ ქეთინოს.

 

ნინის სურათებს სხვადასხვა ადგილას შეხვდებით,  საქველმოქმედო ყუთებზე, ფლაერებზე, ინტერნეტსა  და სოციალურ ქსელებში. მასზე ათასგვარ ისტორიას მოისმენთ, თუმცა რეალობა მხოლოდ ერთია. ის 11 წლის მონდომებული, ჭკვიანი, საოცარი და თბილი გოგოა, რომელიც ცდილობს იყოს დამოუკიდებელი. მას გამოჯანმრთელებისთვის, ან თუნდაც მდგომარეობის არ გაუარესებისთვის, სჭირდება ოპერაცია, რომლის ღირუბულებაც 30 000 ევროა. ასეთი თანხის გადახდის შესაძლებლობა ოჯახს არ აქვს, სახელმწიფომ კი, მიმართვის და თხოვნის მიუხედავად, ჯერჯერობით, თანხა არ გამოუყო ოპერაციისათვის, ამიტომ დამარებას ახლა მხოლოდ უცხო ადამიანებისგან ელოდებიან, ვისაც კი სურვილი და შესაძლებლობა აქვს. სწორდე მათ ხელშია ახლა ნინის მომავალი და მისი განვითარებაც.

 

P.S. დახმარების მსურვებმა შეგიძლიათ თანხა საქართველოს ბანკში GE97BG0000000277776800  ამ ანგარიშზე    ჩარიცხოთ, მიაკითხოთ სახლში ქ. თბილისი, გლდანი მე-6 მკრ, 23 კორპუსი 159-ე ბინა, ან მიმართოთ საქველმოქმედო ორგანიზაცია „კვალი ნათელს“.

 

 

 


 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2390
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია