საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რას უწუნებს ომბუდსმენი ზაქარეიშვილის სამინისტროს?
2015/02/19 12:13:10

2015 წლის 16 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „2013 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა განიხილეს.


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შესრულებული რეკომენდაციების შესახებ ანგარიში მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა წარმოადგინა.


სახალხო დამცველის რეკომენდაციით მინისტრის აპარატს დაევალა სამოქალაქო ინტეგრაციისა და უმცირესობათა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ზედამხედველობა გაუწიოს ეთნიკური უმცირესობის პოლიტიკურ, კულტურულ, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილოების საკითხს.


სახალხო დამცველის რეკომენდაცია ნაწილობრივ შესრულებულად შეიძლება ჩაითვალოს, ვინაიდან გასულ წელს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის უშუალო მონაწილეობით არაერთი ღონისძიება განხორციელდა. შემუშავდა მთავრობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, სადაც მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის საკითხებს. მათ შორის, გათვალისწინებულია განათლების ხელმისაწვდომობა: სასწავლო პროგრამების დახვეწა, სახელმძღვანელოთა თარგმანების ხარისხის ამაღლება, მასწავლებელთა კვალიფიკაციის გაზრდა.


უმაღლესი განათლების მიღების მსურველ ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელი აბიტურიენტთათვის დაწესებული კვოტების შედეგად 2014 წელს 673 სტუდენტმა დაასრულა ბაკალავრიატის პროგრამა; მიმდინარეობს ქართული ენის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და ახალგაზრდა პედაგოგთა  წახალისების მიზნით, ფინანსური დაინტერესება.


საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერით ყოველკვირეულად 5 ენაზე გადის საინფორმაციო გამოშვებები, ასევე მაუწყებლობს რადიოპროგრამა ქურთულ ენაზე. სახელმწიფო აფინანსებს სომხურ და აზერბაიჯანულ ენოვან გაზეთებს. დაგეგემილია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა „ჩვენი ეზოს“ აღდგენა.


მიუხედავად გაწეული საქმიანობისა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სამოქალაქო ინტეგრაციის ჩართულობის თვალსაზრისით დაბალი მაჩვენებელია; მთავარ გამოწვევად კვლავ სახელმწიფო ენის არ ცოდნა, ან არასაკმარისი ცოდნა რჩება; ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები ინფორმაციის ნაკლებობას  განიცდიან და კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში ქართულ ენის უცოდინარობის გამო, მოსახლეობა ძირითადად მათთვის მშობლიური ენით მაუწყებელ სხვა ქვეყნების ტელევიზიებს უყურებენ. ასევე, ცენტრალურ დონეზე, ფაქტობრივად, არ ხდება ეროვნულ უმცირესობათა ჩართვა პოლიტიკურ ცხოვრებაში\

 

წყარო: http://www.ombudsman.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1754
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია