დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მედია და ხელისუფლება
რა მეთოდებით ებრძვის "კახეთის საინფორმაციო ცენტრს" და ბიზნესს კახეთის გუბერნატორი
2015/02/11 22:52:44

როგორ უშლის ხელს მედიას და ბიზნესს კახეთის გუბერნატორი  – ამ სათაურით გამოაქვეყნა რედაქტორის ბლოგი ჩვენმა კოლეგამ კახეთიდან, გელა მთივლიშვილმა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

„არცერთი საბიუჯეტო ორგანიზაცია არ გააფორმებთ კონტრაქტს კახეთის საინფორმაციო ცენტრთან“; „თუ რომელიმე მედიაორგანიზაცია, განსაკუთრებით კახეთის საინფორმაციო ცენტრი რეკლამაზე დაგელაპარაკებათ, არ დათანხმდეთ“; ეს კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის დირექტივების არასრული ჩამონათვალია. გუბერნატორი პირადად ურეკავს რეგიონში მოქმედი ბიზნესკომპანიების ხელმძღვანელებს და საყვედურობს, რატომ განათავსეს რეკლამა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდზე.


პრემიერ – მინისტრის მეუღლის ნუნუკა თამაზაშვილის თანაკლასელი ირაკლი შიოლაშვილი კახეთის გუბერნატორად 2013 წლის 13 დეკემბერსდაინიშნა. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ის დედოფლისწყაროს გამგებელი იყო. 2007 წლიდან 2012 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით კი ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა.


დედოფლისწყაროს გამგებლად ირაკლი შიოლაშვილის მუშაობის პერიოდს დაემთხვა სოფელ სამთაწყაროში მუსლიმებისთვის ლოცვის ერთობლივად ჩატარების აკრძალვა. შიოლაშვილი შეუწყნარებელი და კონფლიქტის წამახალისებელი განცხადებებით გამოირჩეოდა, რის გამოც კახეთის საინფორმაციო ცენტრი მას აკრიტიკებდა. ამან მისი გაღიზიანება გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში, ჯერ ბიძინა ივანიშვილმა, შემდეგ კი მოქმედმა პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა მამამაც, კახეთის საინფორმაციო ცენტრი დაადანაშაულეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში, „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთების შესრულებაში და ა.შ. 


გუბერნატორის დირექტივა საბიუჯეტო ორგანიზაციებს

2013 წლის 27 დეკემბერს, გუბერნატორის ადმინისტრაციაში გამართულ თათბირზე, რომელსაც კახეთის მუნიციპალიტეტების გამგებლები ესწრებოდნენ, ირაკლი შიოლაშვილმა მათ დაავალა, რომ 2014 წლიდან არცერთი საბიუჯეტო ორგანიზაცია აღარ გააფორმებდა კონტრაქტს კახეთის საინფორმაციო ცენტრთან.

აი, რა მომწერა 2014 წლის 02 იანვარს, ერთ–ერთი მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რომელიც თათბირს ესწრებოდა.

 

„პარასკევს გუბერნატორმა გამგებლების თათბირზე დავალება გასცა, რომ შეწყვიტონ შენთან ყველანაირი ხელშეკრულებები. ყველა გამგებელს უთხრა, აღარ მისცემთ მთივლიშვილის ორგანიზაციას არანაირ შეკვეთას და არცერთი საბიუჯეტო ორგანიზაცია არ გააფორმებთ კონტრაქტს კახეთის საინფორმაციო ცენტრთანო“.

 

2014 წლიდან დღემდე, კახეთის საინფორმაციო ცენტრს რეგიონში არცერთი ხელმომწერი აღარ ჰყავს. 2013 წელს, საინფორმაციო ცენტრების ქსელს მხოლოდ კახეთში 14 ასეთი დამკვეთი (საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო ორგანიზაციები) ჰყავდა. შემოსავლების 27% კომერციული შემოსავალი იყო (რეკლამა, ხელმოწერები), დანარჩენი 73% საგრანტო დაფინანსება.

 

აკრძალვის თაობაზე, 2014 წლის იანვარშივე, ერთ–ერთ შეხვედრაზე პირადად ვუთხარი გუბერნატორს, ვიცით თქვენი დირექტივის შესახებ მეთქი. მან ყველაფერი უარყო. მას შემდეგ ამ საკითხზე სულ ორჯერ ვისაუბრე, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გაგზავნილ წერილში; საჯაროდ არცერთხელ.

გუბერნატორის დირექტივის მიუხედავად, საინფორმაციო ცენტრების ქსელის გაყიდვების სამსახურის თანამშრომლები ამზადებდნენ სხვადასხვა წინადადებებს და სთავაზობდნენ კომპანიებს.

 

წერილი N1

2014 წლის თებერვალში, გუბერნატორის პრესმდივანმა მადონა ბატიაშვილმა (საინფორმაციო ცენტრების ქსელის ყოფილი თანამშრომელი) მუნიციპალიტეტების გამგეობების პრესსამსახურების ხელმძღვანელებს ამ შინაარსის წერილები გაუგზავნა:

 

„ალბათ უკვე იცით, რომ გუბერნიის პრეს-სამსახურს მე ვხელმძღვანელობ, რის გამოც ხშირად მექნება კონტაქტი თქვენთან. მინდა, თქვენს გამგებლებს გადასცეთ გუბერნატორის გადაწყვეტილება - თუ რომელიმე ჟურნალისტი, გაზეთი, ჟურნალი, ტელევიზია თუ რადიო კომპანია, განსაკუთრებით კახეთის საინფორმაციო ცენტრი ფასიან სტატიაზე, ან რეკლამაზე დაგელაპარაკებათ, არ დათანხმდეთ. თუ ასეთი ტიპის მომსახურება აუცილებლობითაა გამოწვეული შეათანხმეთ გუბერნატორთან“. (სტილი დაცულია)

 

წერილი N2

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გუბერნატორის ადმინისტრაციიდან მოითხოვა ინფორმაცია თანამშრომლების გათავისუფლების, დანიშვნის, სახელფასო დანამატების და პრემიების შესახებ. მსგავს წერილებს თქვენც მიიღებდით. გუბერნატორის ადმინისტრაცია არ გასცემს ამ ინფორმაციას სრულად და პასუხები თქვენც ჩვენთან შეათანხმეთ“.

 

უარი საჯარო ინფორმაციაზე და დავა სასამართლოებში

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გუბერნატორის ადმინისტრაციას საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 2014 წლის 28 მარტს მიმართა. Ick.ge ითხოვდა ინფორმაციას 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2014 წლის 28 მარტის ჩათვლით, რის საფუძველზე განხორციელდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საკადრო ცვლილებები. ასევე, კახეთის საინფორმაციო ცენტრი ითხოვდა ინფორმაციას, 2013 წლის 01 დეკემბრიდან 28 მარტის ჩათვლით გუბერნატორის ადმინისტრაციაში რა პოზიციებზე დასაქმებულ პირებზე, როდის და რის საფუძველზე გაიცა ხელფასი, დანამატი და პრემია.

 

გუბერნატორის ადმინისტრაციამ არასრული ინფორმაცია მოგვაწოდა, რის გამოც, კანონით დადგენილი წესით გუბერნატორს ადმინისტრაციული საჩივრით მივმართეთ. საჩივარი უკან დაგვიბრუნეს – განხილვის გარეშე, სასამართლოში წადითო. მოვამზადეთ სარჩელი, გადავიხადეთ სახელმწიფო ბაჟი და რაიონულ სასამართლოს მივმართეთ. თელავში პროცესი წავაგეთ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით, გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ. საქმის განხილვა 5 თვე გაგრძელდა. 2014 წლის დეკემბერში, სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კახეთის საინფორმაციო ცენტრის სააპელაციო საჩივარი (სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა) და გუბერნატორის ადმინისტრაციას დაავალა კახეთის საინფორმაციო ცენტრს მიაწოდოს საჯარო ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საკადრო ცვლილებების განხორციელების შესახებ, პირთა იდენტიფიკაციის გამომრიცხავი ფორმით, ანუ გვარი – სახელების გარეშე, კერძოდ: როდის, რამდენი პირი და რის საფუძველზე გათავისუფლდა ამ სამსახურიდან, რის საფუძველზე გამოცხადდა კონკურსი, რამდენი პირი დაინიშნა თანამდებობებზე. სასამართლო გადაწყვეტილება წერილობითი სახით ამ დრომდე არ ჩაგვბარებია, შესაბამისად არც საჯარო ინფორმაცია მიგვიღია, რომელსაც უკვე ერთი წელია ვითხოვთ.

 

გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მიუხედავად, თელავის ტელეკომპანია „თანამგზავრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გუბერნატორი შიოლაშვილი აქცენტს ისევ იმაზე აკეთებს, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრი იტყუება.

 

გუბერნატორის დირექტივა ბიზნესმენებს

საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების გარდა, კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი საინფორმაციო ცენტრების ქსელთან ურთიერთობას (სხვადასხვა მომსახურების მიღებას, რეკლამის დაკვეთას) კერძო ბიზნესის წარმომადგენლებსაც უშლის.

 

დაზუსტებული ინფორმაციით, გუბერნატორმა პირადად დაურეკა რამდენიმე ბიზნესმენს და მოსთხოვა განმარტება, რატომ განათავსეს რეკლამა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდზე ან რატომ სარგებლობენ საინფორმაციო ცენტრების ქსელის სხვა სერვისებით.

ბიზნესმენების თხოვნით, არ ვასაჯაროებთ მათ ვინაობას.

 

უარი საინფორმაციო ცენტრების ქსელს კონვენციის გამოყენებით

საინფორმაციო ცენტრების ქსელი, კახეთის [www.ick.ge], მცხეთა – მთიანეთის [www.icmm.ge] და ქვემო ქართლის [www.icn.ge] საინფორმაციო ცენტრებს ამუშავებს. მარტო კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდს ყოველდღიურად 7–8 ათასი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს. ამის მიუხედავად, კახეთში მოქმედი კომპანიების უმეტესობა თავს იკავებს რეკლამის განთავსებაზე. ამის მიზეზად ასახელებენ იმას, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრი და პირადად მე, გელა მთივლიშვილი, ჯერ ბიძინა ივანიშვილთან, ხოლო შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილთან „დაპირისპირებულები ვართ“.

 

2013 წლის ზაფხულიდან საინფორმაციო ცენტრების ქსელი ამუშავებს საინფორმაციო ცენტრს 16 100 [www.16100.ge]. ეს არის მედიაორგანიზაციის ბიზნესპროექტი, რომლის განხორციელებაც შესაძლებელი გახდა USAID–ის და IREX–ის მხარდაჭერით. 2014 წლიდან 16100–თან სხვადასხვა სერვისებია ინტეგრირებული, მათ შორის ერთ–ერთი გარერეკლამის სერვისია. საინფორმაციო ცენტრს 16100 კახეთში აქვს გარერეკლამის 4 ბილბორდი, სადაც განთავსებულია 16100–ის რეკლამა. ასევე, სხვა კომპანიებსაც შეუძლიათ მისი დაქირავება შეღავათიან ფასად.

 

2014 წლის ნოემბერში, საინფორმაციო ცენტრების ქსელმა განცხადებით მიმართა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას და ითხოვა, ორ ადგილზე, გამოცხადებულიყო აუქციონი გარერეკლამის განთავსების ნებართვის მისაღებად. საკრებულოს შესაბამისი დადგენილების გვერდის ავლით, რომელიც ამ საკითხებს არეგულირებს, გამგებელმა გივი გერგიძემ ჩვენს მიერ მითითებულ ადგილებზე გარერეკლამის განსათავსებლად აუქციონის გამოცხადებამდე მიმართა საავტომობილო გზების დეპარტამენტს იმის გასარკვევად, მიზანშეწონილი იყო თუ არა გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე გარერეკლამის განთავსება.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მიღებულ წერილზე დაყრდნობით კი გამგეობამ უარი გვითხრა განცხადების დაკმაყოფილებაზე.

 

ჩვენ მოვითხოვეთ ინფორმაცია, რა მიწერეს გამგეობას საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან. აი, პასუხიც: „საგზაო ნიშნებისა და სიგნალების შესახებ“ 1968 წლის ვენის კონვენციის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 25 ოქტომბრის N568–Iს დადგენილებით) მოთხოვნებიდან გამომდინარე, იკრძალება პლაკატების, აფიშების განთავსება, მონიშვნა და ისეთი მოწყობილობების დაყენება, რომლებიც შეიძლება მიიღონ როგორც სასიგნალო ნიშანი ან რაიმე სხვა მოძრაობის მარეგულირებელი ნიშანი, ან მათ შეამცირონ საგზაო ნიშნების დანახვა და ეფექტურობა, ან დააბრმავონ გზებით მოსარგებლეები, ან გაფანტონ მათი ყურადღება და ამით საფრთხე შეუქმნან საგზაო მოძრაობას“.

 

არგუმენტი N1

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის მიხედვით, გარერეკლამა არ უნდა ჰგავდეს საგზაო ნიშნებსა და მაჩვენებლებს. მან არ უნდა გააუარესოს ამ ნიშნების, მაჩვენებლებისა და გზის ხილვადობა. საფრთხე არ უნდა შეუქმნას საავტომობილო ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას“.

 

იმ ადგილებზე, სადაც საინფორმაციო ცენტრების ქსელი გარერეკლამის განსათავსებლად აუქციონის გამოცხადებას ითხოვდა, არცერთი ეს მოთხოვნა არ ირღვევა.

გარერეკლამის ერთი მყარი კონსტრუქციის (ბილბორდის) დადგმა საშუალოდ 10 000 ლარი ღირს (გარდა იჯარის ყოველწლიური გადასახადისა) და ამ თანხას მთლიანად მცირე კომპანიები და ფიზიკური პირები (ხელოსნები) იღებენ სხვადასხვა სახის სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ.

 

გარერეკლამის ნებართვის მფლობელი კომპანია ყოველწლიურად რამდენიმე ათას ლარს ადგილობრივ ბიუჯეტში იხდის – იჯარის და მოგების გადასახადების სახით.

ამასთან, გარერეკლამის ნებართვის მფლობელი კომპანია წლის განმავლობაში რამდენიმე ათას ლარს ხარჯავს მინიმუმ 4 ბილბორდის მოვლა, შენახვა, რეკლამის განახლებაზე; ამ თანხასაც მთლიანად ადგილობრივი მაცხოვრებლები ითვისებენ.

 

არგუმენტი N2

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განმარტებით, „ვენის კონვენცია“ კრძალავს გზის ღერძულა ხაზიდან 100 მეტრში გარერეკლამის განთავსებას. ამ კონვენციის მიხედვით, საქართველოში არსებული გარერეკლამის თითქმის ყველა ბილბორდი კანონდარღვევით არის განთავსებული და დემონტაჟს უნდა დაექვემდებაროს.

 

ვენის კონვენციით გათვალისწინებული აკრძალვა მხოლოდ საინფორმაციო ცენტრების ქსელისთვის არ უნდა მოქმედებდეს.

ერთ–ერთი კომპანია, რომელიც დაკავშირებულია „ქართული ოცნებიდან“ ერთ–ერთი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატთან, უპრობლემოდ ახერხებს კახეთის რეგიონში გარერეკლამის ბილბორდების განთავსებას.

 

არგუმენტი N3

საინფორმაციო ცენტრების ქსელმა საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ არცერთი მუნიციპალიტეტის გამგეობა არ მიმართავს გზების დეპარტამენტს თანხმობის მისაღებად, გზის კონკრეტულ მონაკვეთზე შესაძლებელია თუ არა გარერეკლამის განთავსება და ამას თავად წყვეტენ „რეკლამის კანონის“ მოთხოვნებიდან გამომდინარე.

 

არგუმენტი N4

კახეთის რეგიონში სპეციალური ნებართვების გარეშე დგას გარერეკლამის არაერთი ბილბორდი, რომელსაც სხვადასხვა კომპანიები იყენებენ, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ კანდიდატების რეკლამის მიზნით. ზედამხედველობის სამსახური, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებობს, ამ დარღვევებზე რეაგირებას არ ახდენს.

 

არგუმენტი N5

საინფორმაციო ცენტრების ქსელი ერთადერთი კომპანია იყო კახეთში, რომელმაც 2012 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინაპერიოდში უარი არ უთხრა გარერეკლამის განთავსებაზე პარტიას „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ შესაბამისი, ოფიციალური ანაზღაურების გადახდის სანაცვლოდ. ამის გამო საინფორმაციო ცენტრების ქსელს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოქმედმა გამგებელმა გივი გერგიძემ არაერთხელ უსაყვედურეს.

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელებმა პირად საუბარში განმიცხადეს, რომ „გარერეკლამის 2 ბილბორდის განთავსების ნებართვის მიღებას საინფორმაციო ცენტრების ქსელი უპრობლემოდ შეძლებდა ან შეძლებს გუბერნატორთან ურთიერთობების დალაგების შემთხვევაში“. გუბერნატორი რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში ერევა, ამას ეს ჩანაწერიც მოწმობს, რომელიც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა.

 

ჩვენ რამდენჯერმე შევთავაზეთ კახეთის გუბერნატორს ვიდეოინტერვიუს ჩაწერა, მათ შორის ამ საკითხებზე, მაგრამ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით, მან უარი გვითხრა.

საინფორმაციო ცენტრების ქსელი, ფინანსური მდრადობის მიზნით, არ აპირებს რომელიმე თანამდებობის პირთან „ურთიერთობების დალაგებას“ სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვის ან თვითცენზურის ხარჯზე!

 

გელა მთივლიშვილი | საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორი

 

გაზეთი p.s. და ინტერნეტგამოცემა WWW.PSNEWS.GE სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს და "კახეთის საინფორმაციო ცენტრს" და მიგვაჩნია, რომ რეგიონული დამოუკიდებელი მედიის დასაცავად ყველა მედიასაშუალება თუ არასამთავრობო სექტორი უნდა გავერთიანდეთ და ხელისუფლების ასეთ ვაიჩინოვნიკებს საკადრისი პასუხი გავცეთ! 



'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3944
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია