დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისიდან ახალი რეისები შესაძლოა ესპანეთისა და გერმანიის მიმართულებით დაინიშნოს
2015/02/11 18:29:48

2014 წელს საქართველოს 4 აეროპორტიდან რეგულარული და არარეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ 2 მილიონი ადამიანი შეადგინა. ეს მაჩვენებელი კი 2013 წელთან შედარებით 9.5%-ით არის გაზრდილი.


საანგარიშო პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რეგულარული და არარეგულარული რეისებით 1.575 მილიონ ადამიანს მოემსახურა. ეს მაჩვენებელი კი 2013 წელთან შედარებით 9.7%-ით არის გაზრდილი.

 

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 213,439 ადამიანს მოემსახურა, რაც 2.15%-ით არის გაზრდილი. ხოლო, მესტიის აეროპორტი კი 1,343 ადამიანს მოემსახურა, რაც 51.75%-ით არის გაზრდილი.

 

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, რეგულარული და არარეგულარული რეისებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობამ 218 ათასი კაცი შეადგინა და 16%-ით გაიზარდა.

 

წლის შეჯამებისა და სამომავლო გეგმებისთვის "კომერსანტი" თითოეულ აეროპორტს დაუკავშირდა, თუმცა "ტავ"–, რომელიც ბათუმისა და თბილისის აეროპორტების ოპერირებას ახორციელებს, კითხვებზე არ გვპასუხობს. რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, მისი საქმიანობის შესახებ "კომერსანტი" აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელ ქეთევან ალექსიძეს ესაუბრა.

 

-ქუთაისის აეროპორტის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა სულ 2014 წელს 2013 წელთან შედარებით დაახლოებით 16 %-ით არის გაზრდილი. ძირითადად, აქცენტები რა მიმართულებებზე იყო, სად გაიზარდა ინტერესი და 2015 წელს რა გეგმები გაქვთ?


-2014
წელი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის. დაგვემატა ორი ახალი მიმართულება - ვილნიუსისა და ბუდაპეშტის მიმართულებები, ასევე, შენარჩუნდა ის მიმართულებები, რომლებიც წინა წელს გვქონდა. საერთო ჯამში, 218,000 მგზავრს მოვემსახურეთ მთელი წლის განმავლობაში.


მგზავრთა ნაკადის კუთხით, ზოგადად ვფიქრობთ, რომ წლევანდელი წლის მგზავრთ ნაკადს გადავაბიჯებთ და იმედი გვაქვს, რომ 300 ათასამდე მგზავრს მოვემსახურებით.


- უკრაინის მოვლენებმა როგორ იმოქმედა მგზავრთნაკადზე და რა ხდება ამ კუთხით ამ ეტაპზე?


- ჩვენდა სამწუხაროდ, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, მოგვიწია გარკვეული რეისების შეწყვეტა, ეს არის ხუთი რეისი დონეცკის მიმართულებით, სამი ხარკოვის მიმართულებით და ორი რეისი ლვოვის მიმართულებით. ესენი საკმაოდ მოთხოვნადი და საინტერესო მიმართულებები იყო და ჩვენ თავდაპირველად რეალურად გარკვეული შიშიც გვქონდა, რომ მგზავრთნაკადის ზრდა ვერ მოხდებოდა ისე, როგორც ეს დაგეგმილი იყო.


საბედნიეროდ, ამ ტრაგიკული მოვლენების მიუხედავად, საკმაოდ წარმატებული ზაფხული გვქონდა და აგვისტო იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული.


მოვლენები ასე რომ არ განვითარებულიყო, შეიძლება 300 000-მდე მგზავრიც კი გადაგვეყავანა.


როგორც ცნობილია დონეცკის აეროპორტი პრაქტიკულად აღარ არსებობს და აქედან გამომდინარე, ფრენები ამ ეტაპზე ვერ განხორციელდება. ხარკოვს და ლვოვს რაც შეეხება, ამ ორ მიმართულებაზე ჩვენ ვმუშაობთ, რომ რაღაც განსხვავებული ფორმატით შევძლოთ ამ რეისების აღდგენა, თუმცა, ჯერჯერობით მხოლოდ კიევია.


- თუ გაქვთ სხვა ავიაკომპანიებთან რაიმე ტიპის მოლაპარაკებები ახალი რეისების გახსნასთან დაკავშირებით?


სხვა ავიაკომპანიებთან ამ ეტაპზე ჩვენ მოლაპარაკებები გვაქვს, გვინდა კიდევ ახალი, სხვა ავიაკომპანიები შემოვიყვანოთ და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, გავზარდოთ მიმართულებები.


ამ ეტაპზე კონკრეტული ავიაკომპანიის დასახელებისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების სტრატეგიაა ის, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არ სურთ ინფორმაციის გაჟღერება მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ.


როდის გადაწყდება კონკრეტული საკითხები ამას ვერ გეტყვით, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ზაფხულის სეზონიდან, აპრილი - მაისის პერიოდიდან გვექნება უკვე სიახლეები ჩვენი მომხმარებლებისთვის, საუბარია როგორც ახალი კომპანიების შემოყვანაზე, ასევე ახალ მიმართულებებზე.


- რომელი ქვეყნებიდან განიხილება ავიაკომპანიების შემოყვანა, რა მიმართულებით და იქნება თუ არა ესენიც დაბალბიუჯეტიანი რეისები?


ჩვენ ვსაუბრობთ ესპანეთზე, არის ასევე თურქეთი, რამდენიმე აზიური ქვეყანა და დასავლეთ ევროპული ქვეყნები, მაგალითად - გერმანია და არა მხოლოდ.


ასევე, უკვე მოქმედი ავიაკომპანიები, რომლებიც დაფრინავენ მოსკოვის მიმართულებით, მინსკის მიმართულებით, მათთან ვსაუბრობთ სიხშირის გაზრდის შესაძლებლობაზე.


იქნება არა მხოლოდ დაბალბიუჯეტიანი რეისები, მოლაპარაკებები გვაქვს დაბალბიუჯეტიანთანაც და რეგულარულ რეისებთან დაკავშირებითაც.


-თავად აეროპორტში თუ იგეგმება რამე სიახლე, თუნდაც სერვისის მომსახურების გაუმჯობესების კუთხით?


- თავად აეროპორტში ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ იმაზე, რომ თუ რაიმე ხარვეზი გამოვლინდა, მაქსიმალურად გამოვასწოროთ, ან ვთქვათ თუ რამე დამატებითი პროდუქტის ინტერესი აქვთ მგზავრებს, ის შევთავაზოთ. ამ ეტაპზე მიმდინარე პროცესებია თვითონ ტერმინალში და გარკვეული სტრუქტურული გაუმჯობესებები მიმდინარეობს აეროპორტის ტერიტორიაზე.

 

2014 წლის მაისში თამარ მეფის სახელობის მესტიის აეროპორტი მსოფლიოს ათ ყველაზე ლამაზ აეროპორტთაგან ერთ-ერთია. ყველაზე შთამბეჭდავის სტატუსს აეროპორტს ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC ანიჭებს.

 

სვანეთის აეროპორტთან ერთად, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი აეროპორტების სიაში შედიან ჰონგ კონგის საერთაშორისო აეროპორტი, ურუგვაიში მონტევიდეოს აეროპორტი, ვენეციის აეროპორტი LIDO, კალიფორნიისა და შოტლანდიის აეროპორტები.

 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2012 წლის სექტემბერში გაიხსნა, 2014 წლის აგვისტოში კი აეროპორტმა რეკორდი მოხსნა და 24,500 მგზავრს მოემსახურა. მთელი ზაფხულის პერიოდში კი 67,174 ადამიანს.

 

 წყარო: http://commersant.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2216
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია