საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რას გეგმავენ ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატები?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2015/02/11 11:38:58

ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტის რექტორობისთვის 4 კანდიდატი იბრძვის. რომელი კანდიდატის პროგრამას დაუჭერს მხარს 19-კაციანი აკადემიური საბჭო?

 

 

 

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი რექტორის არჩევნებისთვის ემზადება. არჩევნები 23 თებერვალს გაიართება. გამარჯვებისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს.

 

ყოფილი და მოქმედი რექტორები, ქუთაისის ყოფილი მერი და მერობის კანდიდატი, – ესაა იმ კანდიდატთა მცირე რეზიუმე, რომლებიც საარჩევნო კამპანიაში ჩააერთვნენ და სამოქმედო გეგმები და პროექტები წარმოადგინეს.


არსებული წესდების შესაბამისად, რექტორს აკადემიური საბჭოს ცხრამეტი წევრი უმრავლესობით შეარჩევს. თუმცა, რექტორობის ერთ–ერთი კანდიდატის განცხადებით, აკადემიური საბჭოს ხმები წინასწარ არის გადანაწილებული.


PSNEWS.GE,  გარდა ქუთაისის ყოფილი მერის, დიმიტრი კოპალიანისა, ყველა კანდიდატს გაესაუბრა და მათ სამომავლო გეგმებს და პერსპექტივებს გაეცნო.

 

შერმადინ–ბესო მიქელთაძე იურისტი, ინჟინერ–ტექნოლოგი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. ფართო საზოგადოებამ ქუთაისის მერობის კანდიდატობით გაიცნო.რომელიც გამარჯვებას ვრცელი სამოქმედო გეგმით აპირებს. ამავდროულად, კონკურენტების მისამართით ბრალდებებით გამოირჩევა.

 

შერმადინ მიქელთაძე, რექპორობის კანდიდატი: „მოქმედ რექტორს, ღავთაძეს და ყოფილ რექტორს, ონიანს 19 წევრიან აკადემიურ საბჭოში ხმები უკვე გადანაწილებული აქვთ, სამწუხაროდ, მათ თავთავიანთი ჯგუფები ჰყავთ და უნივერსიტეტი ბრძოლის ველად აქციეს. მე ეს უნივერსიტეტი დავამთავრე და ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც იქ ხდება.  უნივერსიტეტი რეანიმაციულ სიტუაციაშია და თუ ძირეული ცვლილებები არ მოხდა, მისი სიცოცხლისუნარიანობა ორ წელია.

 

ღავთაძის ფინანსური  მაქინაციების გამო, უნივერსიტეტში პროკურატურა შევიდა, ონიანს კი ყალბი დიპლომების დამზადებაში ედავებიან. ეს ადამიანები თავიანთი გეგმებით უნივერსიტეტს სიკეთეს არ მოუტანენ.

 

რაც შეეხება სამოქმედო გეგმებს, შემიძლია ვთქვა, რომ ონიანს და კოპალიანს ცარიელი და სამარცხვინო პროგრამები აქვთ წარმოდგენილი, ღავთაძის პროგრამა შედარებით პოზიტიურია.

 

ხარისხიანი უმაღლესი განათლება თანამედროვე, კონკურენტუნარიანი და სამართლიანი სახელმწიფოს შენების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ქვეყნის მომავალი პერსპექტიული განვითარება დიდ წილად არის დამოკიდებული განათლების ხარისხსა და მის ხელმისაწვდომობაზე.

 

ჩემი სამოქმედო გეგმით მთავარ აქცენტს დისტანციურ საგანმანათლებლო პროგრამაზე ვაკეთებ. არის ასეთი პროგრამა – coursera, რომელსაც უკვე ცხრა მილიონი სტუდენტი ჰყავს და 800 კურსს და 200 უნივერსიტეტს მოიცავს. სწავლა წელიწადში 1000 დოლარს  ბევრად არ აღემატება და სტუდენტი ამერიკულ დიპლომს იღებს.  ეს არის თანამდეროვე მეთოდი ონლაინ სწავლების და თუ ამ გამოწვევებში არ ჩავერთეთ,  უნივერსიტეტი სტუდენტის შენარჩუნებას ვერ შეძლებს.


წერეთლის უნივრიტეტში სწავლების დაბალი დონეა, ამავდროულად არ არის საერთაშორისო ურთიერთობებში ჩართულობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნივერსიტეტი არ ზრუნავს კადრების მომზადებასა და კურსდამთავრებულთა დასაქმებაზე. 


გამოქვეყნდა განვითარებადი ქვეყნების 500 უნივერსიტეტი და სამწუხაროდ, მათ შორის ვერცერთი ქართული უნივერსიტეტი ვერ მოხვდა.  თუ გვინდა ევროპის ნაწილი გავხდეთ, სწავლის ხარისხი უნდა გავზარდოთ. დღეისათვის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი თვალნათლივ დადგა ახალი გამოწვევების წინაშე. დიდი ერთობლივი შრომის შედეგად ის უნდა შევიდეს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სია. რთული ამოცანის გადასაჭრელად აუცილებელია გაგვაჩნდეს მიზანდასახული ამბიციური გეგმა, უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგია და სწორი მიმართულება. ჩემს მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა ეყრდნობა ქვეყნის მიერ არჩეულ სტრატეგიულ კურსს და განვითარების მიმართულებებს და პერსპექტივას.“

 

მიქელთაძე ღავთაძე–ონიანის მისმართით გამოთქმულ ბრალდებებთან ერთად, აღნიშნავს, რომ მეოთხე კანდიდატი, ყოფილი მერი დიმიტრი კოპალიანი რექტოობისთვის ისეთივე შეუფერებელი კადრია, როგორც მერობისთვის და მისი ვრცელი რეზიუმე უნივერსიტეტს სასიკეთოს ვერაფერს მოუტანს. ამავდროულად აღნიშნავს, რომ კოპალიანი, მაღალ პოლიტიკურ ეშელონებში სახელისუფლებო ვერტიკალით სიტუაციის დალაგებას და  რექტორობას ვერ შეძლებს.

 

***

კონკურენტის ბრალდებას  უსაფუძლოს უწოდებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ონიანი, რომელიც რექტორის პოსტს გასულ წლებში უკვე იკავებდა.

ონიანი დიპლომების თემაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს მისი მისამართით წამოწყებული ანტიკამპანიის ნაწილია და სიმართლეს არ შეესაბემება.

 

გიორგი ონიანი, რექტორობის კანდიდატი: „დიპლომების თემა არის თითიდან გამოწოვილი ბრალდება.  ეს კანონდარღვევა რომ  ყოფილიყო, გამოძიება არ შეწყდებოდა, უბრალოდ, ერთ–ერთი გამოცდა ერთი ლექტორის ნაცვლად, მეორემ ჩაიბარა და ორმა სტუდენტმა დადებითი შეფასების მიღების შემდეგ დიპლომები მიიღეს და არანიარი ყალბი დიპლომის დამზადებას ადგილი არ ჰქონია. ასევე, აბსურდულია ბრალდება ღავთაძესთან ერთად უნივერსიტეტის განადგურების პირამდე მიყვანის შესახებ.

 

რა თქმა უნდა, უნივერსიტეტში არის სწავლების დაბალი დონე, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. გარკვეული მიმართულებით არის ნორმალური სტანდარტები, თუმცა, საერთო ჯამში გაჯანსაღებას საჭიროებს.


უნდა მოხდეს დასავლეთში აპრობირებული მეთოდების დანერგვა, კვლევითი პროგრამების ხელშეწყობა და კვლევებში ფინანსების მიმართავა. ასევე უნდა მოხდეს ახალგაზრდა მკვლევარების ხელშეწყობა.

 

უნივერსიტეტის საშტატო განრიგში უნდა მოვიძიოთ რესურსები ახალგაზრდების დასაქმებისა და საქმიანობაში ჩასართავად. ჯერჯერობით, ამ კუთხთ რეაგირება არ მომხდარა. ჩემი საქმიანობისას ერთ–ერთი პრიორიტეტი სასწავლო და საგამოცდო პროცესების ურთიერთჰარმონიზება იქნება. უნდა მოხდეს ანაზღაურების გაზრდა, პრემირება და ლექტორთა წახალისება, რომ კარგი შედეგი მივიღოთ.  ერთ–ერთი კონკურენტი, ერთი მხრივ, მართალია, როდესაც ამბობს, რომ უნივერსიტეტში გაბერილი შტატებია. რა თქმა უნდა, რაც ნაკლებია დასაქმებული, მეტია ხელფასი. თუმცა დაუსაქმებელთა არმიას ვერ შევურეთებთ ამ ადამიანებს, მაგრამ იმავდროულად ღირსეულ პროფესურას შესაბამისი ანაზღაურება სჭირდება. ამისთვის ოქროს შუალედის პოვნაა საჭირო.

 

რაც მთავრია, უნივერსიტეტი ვიწრო პოლიტიკური ზემოქმედების გამტარად არ უნდა გადაიქცეს. მე მაქვს გეგმები უნივერსიტეტის განსავითარებლად, რაშიც  უნივერსიტეტის საზოგადოების ნაწილი  მიჭერს მხარს, რამაც მომცა საშუალება რექტორობისთის ბრძოლის განცხადება გამეკეთებინა“.

 

***

მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხისმგებლოს უწოდებს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი და ამავდროულად, რექტორობის კიდევ ერთი კანდიდატი  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორიეკონომისტი გიორგი ღავთაძე. ის აღნიშნავს, რომ ბრალდებებზე კომენტარის გაკეთებას საჭიროდ არ თვლის.

 

 

გიორგი ღავთაძე რექტორობის კანდიდატი: „უნივერსიტეტის შტატები შესაბამისობაშია იმ რეალობასთან, რომელშიც ვიმყოფებით. უნივერსიტეტში ხდება ახალგაზრდა კადრების აყვანა და მეტიც, ვცდილობთ, მოვახდინოთ სტუდენტების დასაქმებაც. აღნიშნულის კარგი მაგალითია უნივერსიტეტში შექმნილი „სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სერვისები“, სადაც სტუდენტები მუშაობენ.

არ ვფიქრობთ, რომ უნივერსიტეტში შტატები გაბერილია, რადგან შტატების ზრდა გამოწვეულია ობიექტურ გარემოებათა გამო. მათ შორის:

მოგეხსენებათ, რომ ამჟამინდელი უნივერსიტეტი წარმოადგენს ადრე დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი სამი უნივერსიტეტის ერთობლიობას. 2010 წელს შემოგვიერთდა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის სასწავლო უნივერსიტეტი. ასევე, 2011 წელს ჩვენს სამედიცინო ფაკულტეტზე მობილობით გადმოვიდა სამედიცინო ინსტიტუტ „ქუთაისის“ დაახლოებთ 500 სტუდენტი, სოხუმის აკ. ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტის 100-მდე სტუდენტი და ა.შ.;

უნივერსიტეტში შეიქმნა აგრარული ფაკულტეტი და ამჟამად, სულ გვაქვს 9 ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული.

უნივერსიტეტის ისტორიაში შეიქმნა უცხოენოვანი პროგრამები, რომელზეც უნივერსიტეტმა მიიღო უცხოელი სტუდენტები.

შეიქმნა ახალი სამსახურები, მაგალითად: სასწავლო პროცესის მართვის (საგამოცდო სექტორი); სპორტის კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრი. უწყვეტი განათლების ცენტრი.

უნივერსიტეტი ყოველწლიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლის ფარგლებშიც აღდგა რამდენიმე კორპუსი,  სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი.

განვლილ პერიოდში გადაგმული ნაბიჯები და მიღწეული წარმატებები საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო გავაქტიურდეთ და დავისახოთ უფრო ამბიციური მიზნები, რადგან სასტარტო პოზიციები ამჟამად გაცილებით მყარია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო. ამასთან, ჩვენი აზრით, უნივერსიტეტის ქმედებები ფოკუსირებული უნდა იყოს ორ ძირითად სეგმენტზეშიდასაუნივერსიტეტო რესურსების ოპტიმალური გამოყენება არსებული პრობლემების გადასაჭრელადცვალებადი გარემოს გამოკვეთილი ტენდენციების ანალიზი და თანამედროვე გამოწვევებზე აქცენტირებული ქმედებების განხორციელება; ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, მომავალ ოთხწლიან პერიოდში აქცენტი უნდა გაკეთდეს შემდეგ მომენტებზ: უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის დასრულება, უნივერსიტეტის ბრენდირება, უნივერსიტეტში, სადაც ინტეგრირებულია სწავლება და კვლევა, სასწავლო პროცესთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მეცნიერების განვითარებას და ახალი აკადემიური პროგრამების შექმნა-განვითარებაზე ზრუნვა“.–აცხადებს გიგა ღავთაძე.

 

***

რაც შეხება რექტორობის კიდევ ერთ კანდიდატს, ქუთაისის ყოფილ მერს, დიმიტრი კოპალიანს  (დოქტორი, პროფესორი), მასთან დიალოგი ვერ მოვახერხეთ, თუმცა, ცნობილია, რომ  ის აქცენტს წერეთლის უნივერსიტეტის  მძლავრ სასწავლო დაწესებულებად გადაქცევასა და განვითარებაზე აკეთებს.

ძირითად პრიორიტეტებად პიროვნების შესაძლებლობების რეალიზების ხელშეწყობას,

საუკეთესო აკადემიური პერსონალის მოზიდვა და შენარჩუნებას, მართვის ელექტრონული სისტემის დანერგვას  და საერთაშორისო ურთიერთიერთობების ხელშეწყობას ასახელებს.

 

***

2015 ფინანსური წლისათვის უნივერსიტეტის ბიუჯეტი 17928488 ლარია, რაც დაახლოებით 1,5 მლნ. ლარით მეტია გასული წლის ბიუჯეტის ფაქტობრივ შესრულებაზე.

საშტატო განრიგით აწსუ-ში არის: 512 აკადემიური შტატი, 25 მასწავლებელი, 300 ადმინისტრაციული, ტექნიკური და დამხმარე პერსონალი (ამ უკანასკნელში შედის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ყველა სამსახური, ბიბლიოთეკა და ფაკულტეტების ადმინისტრაციები).

 

რა შეეხება უნივერსიტეტის სტუდენტთა ოდენობას, როგორც რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აღნიშნავს,  მკვეთრად გაიზარდა უკანასკნელი წლების განმავლობაში. კერძოდ: 2010 წელს უნივერსიტეტში იყო დაახლოებით 6000 სტუდენტი იყო, ამჟამად ეს მაჩვენებელი 11000-ის ფარგლებშია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4873
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია