დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რიგში მდგომის ბლოგი
თქვენი რიგი არ არის! - ქართული დაზღვევის მუქი ფერები
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2015/02/05 22:45:36

ჯარისკაცობა ყოველთვის გამორჩეულ და მისაბაძ პროფესიად მიიჩნეოდა საქართთველოში, ეს დღემდე ასეა... სამხედრო სფეროში მომუშავე ადამიანები დღემდე გარკვეული პრივილეგიით სარგებლობენ თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ვაჟკაცურ საქმეს აკეთებენ და ქვეყნის სადარაჯოზე დგანან, საქართველოს იცავენ.

 

სახელმწიფო, ასე თუ ისე, აფასებს მათ ღვაწლს, ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო. ასე თუ ისე მაღალ ხელფასთან ერთად, ისინი და მათი ოჯახის წევრები 100%-იანი სადაზღვევო პაკეტითაც სარგებლობდნენ.

 

თავდაცვის  სამინისტროს თანამშრომელთა ოჯახები 2014 წლის ბოლომდე სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი“-ს მომსახურეობით სარგებლობდნენ.

 

სადაზღვეო კომპანია სრულად უფინანსებდა მკურნალობას სამხედრო მოსამსახურეს, თუმცა მხოლოდ განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებაში. რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები, რომელთაც გაცილებით რთული სამედიცინო გამოკვლევები ესაჭიროებათ და შესაბამისად, უფრო კვალიფიციურ და თანამედროვე კლინიკაში სურთ მოხვედრა, თუმცა ეს პროცესი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებისათვის ძალიან რთული და დროში იმდენად გაწელილია, კუთვნილი დაზღვევის სერვისით საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღებას ბევრი ვერც კი ახერხებს...

 

მათ შორის, ალბათ, მეც აღმოვჩნდები...

 

სამხედრო მოსამსახურის ფეხმძიმე მეუღლეს, რომელზეც ასევე ვრცელდება 100%-იანი დაზღვევა, მისთვის სასურველ კლინიკაში რომ გაიაროს კონსულტაციის კურსი, შემდეგი მომაბეზრებელი ბიუროკრატიული საფეხურების ავლა სჭირდება, მივყვეთ თავიდან:

 

თავიდან იყო ასე: პირველ რიგში ავარჩიე სამედიცინო დაწესებულება, სადაც ხარჯებს დაზღვევა ანაზღაურებს, ასეთი რამდენიმეა ქუთაისში... შემდეგ სასურველმა ექიმმა დამიწერა, თუ რა გამოკვლევა დამჭირდებოდა. მივდიოდი ოჯახის ექიმთან, რომელიც ექიმის მითითებით სათითაოდ მიწერდა ე.წ. საგარანტიო მიმართვებს, რომლებსაც ისევ საავადმყოფოში წარვადგენდი და ჩვეულებრივად მინაზღაურებდნენ ყველა სახის გამოკვლევას, გარდა რამდენიმე ანალიზისა. ეს პროცესი, მართალია, არც ისე კომფორტული იყო და როგორც წესი, დიდხანს გვიწევდა ხოლმე როგორც საგარანტიო წერილისთვის, ასევე ექიმის რიგში დგომა, მაგრამ არავინ წუწუნებდა. თუმცა 2015 წლიდან მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა.

 

თავდაცვის სამინისტროში დასაქმებულ სამხედრო მოსამსახურეთა სამედიცინო დაზღვევა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „იმედი ელმა“ გადაიბარა. შესაბამისად, საგძნობლად შეიცვალა მდგომარეობა.  ამ სიახლის შემდეგ, მე, როგორც სამხედრო დაზღვევით მოსარგებლე, უკვე შემდეგ საფეხურებს გავდივარ:

 

ერთი კვირით ადრე უნდა დავურეკო სადაზღვეო კომპანიას და შევუთანხმო ოჯახის ექიმთან ვიზიტი. თუ გამიმართლა და პასუხად არ მივიღე: „უკაცრავად, ქალბატონო, მაგრამ ამ კვირაში ბევრი ხალხია ჩაწერილი და თქვენ ვერ მიგიღბთ“-ო, რაც ძალიან ხშირია, მაშინ მივაკითხავ ოჯახის ექიმს, რომელიც, ჯერჯერობით, მხოლოდ ორ ადგილზე არის ქუთაისში და წარმოუდგენელი რიგებითაა  „დახუნძლული“.

 

მე, როგორც წინასწარ ჩაწერილი პაციენტი, ამ ფაქტს პრივილეგიად ვთვლი და ვდილობ შემოსასვლელიდან დაწყებული რიგი გავარღვიო და ხმამაღლაც ვაცხადებ: „მე ერთი კვირით ადრე ჩავეწერე მიღებაზე-მეთქი“. პასუხად შეწუხებულ და ამასთან დამცინავ სახეებს ვეფეთები. აღმოჩნდა, რომ ჩემნაირი იქ ძალიან ბევრია. „სიურპრიზია“ ის, რომ, გარდა წინასწარ ჩაწერილებისა, ისეთი ადამიანები უფრო მეტია რიგში, ვინც არ იცოდა, რომ მიღება წინასწარი შეთანხმებით ხდებოდა,  არადა სასწრაფოდ ესაჭიროებათ სამედიცინო მომსახურეობა. მართალია თითქმის ყველა მომლოდინე კრიტიკულ მდგომარეობაშია, მაგრამ  ჯერ არ წაქცეულან, უნდა აიტანონ ლოდინი. იმის იმედიც კი არ არსებობს, რომ იქნებ შევეცოდო და გამატარონ, წუწუნს არ აქვს არანაირი აზრი. ყველას უჭირს, ყველას ეჩქარება.

 

ხალხის რაოდენობა სულ უფრო იზრდება, უკმაყოფილება კი... ნუ გამახსენებთ... ამ დამქანცველ რიგში დგომის დროს კიდევ ერთი რამ აღმოვაჩინეთ. კარს მიღმა, რომლის გაღებას ასე ველოდებით, სადაზღვევოს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ზის, იმის გარდა, რომ ის ძალიან ნელა მუშაობს, აღმოჩნდა, რომ გარდა საგარანტიო მიმართვების ამოწერისა, თავადვე სინჯავს პაციენტებს. ერთი ექიმი კი ორ საქმეს და ამხელა რიგებს, ლოგიკურია, ვერ აუდის. ამ ფაქტმა  ზედმეტად აგვაფორიაქა, ვიყვირეთ, ცუდად გავხდი,თ დავრეკეთ ცენტრალურ ოფისში, მაგრამ არანაირი შედეგი!

 

დილის 10 საათზე მისულმა, 4 საათზე ძლივს შევაღწიე სანატრელ კარს მიღმა. შიგ შესული კი ახალი ამბით გამახარეს: ვინაიდან თქვენს მიერ შერჩეულ საავადმყოფოში „იმედი ელს" მომსახურე პროვაიდერი არ ჰყავს, საგარანტიო ფურცლის წარდგენით ვერ დაგიფინანსებთ მომსახურეობასო, დღეს ყველაფერში თანხის ჩვეულებრივ გადახდა მოგიწევთ, ხოლო უახლოესი 10 დღის ვადაში მიბრძანდებით „ალდაგის“ ოფისში და ის აგინაზღაურებთ თანხასო“.

 

ერთი ფარატინა ფურცელი გამატანა საავადმყოფოში წარსადგენად და მითხრა, რომ იქ ყველაფერი იყო მითითბული და რაცას დავხარჯავდი მეორე დღესვე დამიბრუნებდნენ. მეც წავედი. ძლივს ნასესხები ფულით ჩავიტარე საჭირო გამოკვლევები, თუმცა სარეგისტრაციოში მითხრეს, რომ ჩემს მიერ მიტანილი ფურცლის მიხედვით, მე მხოლოდ ექიმის კონსულტაციის თანხას ამინაზღაურებენ, აქ ასე წერიაო. ექიმის ვიზიტი მხოლოდ 25 ლარი ღირს, ამას გარდა 80 ლარიც დავტოვე სხვა მომსახურებისთვის.

 

კეთილი ადამიანების წყალობით, მოხერხდა დაზღვევის წარმომადგენლის შეცდომის გასწორება და მეორე დღეს გამაგზავნეს „ალდაგში“. საბოლოოდ, იქაც გაუთავებელი რიგები.. შემდეგ იქედან ფულის მაგივრად საქართველოს ბანკის ქვითარი გამატანეს, იქაც უსასრულო რიგი და ძლივს მიღებული, უკვე მოძულებული 80 ლარი.

 

როგორც გავარკვიე, სამხედროებს უთხრეს, რომ ეს ასე არ უნდა იყოს და ჩვეულებრივად, ძველებურად უნდა იღებდნენ სამედიცინო მომსახურებას. სადაზღვევოში კი საპირისპიროს ამბობენ: „დღიდან ამ რეჟიმში მოგემსახურებითო".

 

 

რომელს დავუჯეროთ? ფაქტია, რომ სამხედრო მოსამსახურეებისთვის საწვალებელი გახდა კუთვნილი სამედიცინო მომსახურეობის მიღება. და როგორც შევამჩნიე, არც საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლეებს ულხინთ უსაშველო ბიუროკრატიული კიბის ავლა, თან ოლცა ავად ხარ... ხალხს ურჩევნია თანხა გადაიხადოს და აღარ გაწვალდეს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3919
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია