დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურის მაჟორიტარი: „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებულთა შრომის პირობები ზოგიერთ ასპექტში კრიტიკას ვერ უძლებს“
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/01/30 12:27:07

2015 წლიდან ჭიათურის ბიუჯეტში „ჯოჯიან მანგანეზის“ მიერ გადახდილი მანგანუმის მოპოვების მოსაკრებელი 10-ჯერ გაიზარდება

 

 

მანგანუმი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ბუნებრივი რესურსი, ჭიათურისათვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია. როგორც ამბობენ, ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის, მალხაზ წერეთლის, ყველაზე დიდი მიღწევა მანგანუმით სარგებლობის მოსაკრებლის გაზრდაა. სავარაუდოდ, მაჟორიტარი დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონის საფუძველზე ჭიათურის ბიუჯეტი ყოველწლიურად მინიმუმ 3 მილიონი ლარით  გაიზრდება. მანგანუმის მოპოვების, დამუშავებისა და შრომითი რესურსების საკითხზე მალხაზ წერეთელს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

 

 

-  ბატონო მალხაზ, რომელი ქვეყნის გამოცდილებითა და მაგალითით იხელმძღვანელეთ, როცა მოითხოვდით ბუნებრივი მოსაკრებლის გაზრდას მანგანუმის წარმოებასთან დაკავშირებით?

-

 „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის“ შესახებ კანონპროექტის  გაზრდის ინიცირებისას  ვისარგებლე პოსტსაბჭოთა  და ევროპის ქვეყნებში ანალოგიურ გადასახადზე დაწესებული ციფრებით, კერძოდ რუსეთის, უკრაინის, სერბეთის, ალბანეთის, უნგრეთის, რუმინეთის მაგალითზე. რომ შევადაროთ ამ ქვეყნებში არსებულ მოსაკრებლის გადასახადი პარლამენტის მიერ მიღებულ  გადასახადს,აღმოჩნდება, რომ ჩვენს შემთხვევაში ეს გადასახადი უფრო ნაკლებია.ჩემ მიერ 2013 წელს შეთავაზებულ კანონპროექტით გაცილებით  მეტი იყო გადასახადი, მაგრამ გათვალისწინებული იქნაარსებული რეალობა,  კომპანიის ინტერესები, მის მიერ წარმოდგენილი საბადოს განვითარების, გადაიარაღების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს დამატებით ინვესტიციების მოზიდვას რაიონში.

 

- რატომ დაგვიანდა თქვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება?

 

- მთავრობასთან ჩემი  4-თვიანი ინტენსიური მუშაობასა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან  კონსულტაციების შემდეგ 2013 წლის 30 სექტემბერს პარლამენტში მთავრობის მიერ გამოგზავნილი იქნა კანონპროექტზე დადებითი დასკვნა, ამას დაემატა პარლამენტის დარგობრივი, საფინანსო და გარემოს დაცვის კომიტეტების დადებითი დასკვნა, რის საფუძველზე კანონპროექტი გავიდა საპარლამენტო მოსმენაზე. 2 მოსმენით 2013 წლის 29 ნოემბერს კანონპროექტი მიღებული იქნა, ამის შემდეგ კომპანიამ თხოვნით მიმართა მთავრობას, მთავრობამ კი პარლამენტს, რომ დროებით გადადებულიყო კანონპროექტის მესამე მოსმენა, რათა კვლავ გაგრძელებულიყო კონსულტაციები კომპანიასთან. სამწუხაროა, რომ ეს პროცესი გაგრძელდა 1 წელი. ამის მიზეზი, როგორც კანონპროექტის ავტორს, ბოლომდე ვერავინ ამიხსნა. მქონდა ორი შეხვედრა პრემიერ მინისტრთან აღნიშნულ საკითხზე და სწორედ მთავრობის მეთაურის, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის,  აქტიური პოზიციით და პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონ დავით უსუფაშვილის,  მხარდაჭერით მოხერხდაპარლამენტის დადგენილებით  კანონპროექტის დაბრუნება მეორე მოსმენაზე, შემდეგ კი მეორე და მესამე მოსმენით კანონპროექტის მიღება. იგი ძალაში შევიდა 2015 წლის 1 იანვარს.  წელს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლი განესაზღვრა ტონა/პროცენტზე 0,12 ლარი ნაცვლად 0,012 ლარისა, ანუ გადასახადი გაიზარდა 10-ჯერ. 2016 წლის 1 იანვრიდან და შემდგომ წლებში გადასახადი განესაზღვრება ტონა/პროცენტზე 0,18 ლარი. ციფრებში სურათი ასეთია: კომპანიის მიერ წარმოების არსებული მოცულობის შენარჩუნების შემთხვევაში კომპანია ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში, ნაცვლად 350 ათასი ლარისა, გადაიხდის 3,5 მილიონ ლარს, ხოლო 2016 წლის 1 იანვრიდან - 7,5 მილიონ ლარს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ აღნიშნული თანხა მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავალია და მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის სასიცოცხლო პრობლემების მოგვარებისათვის.

 

 

- თუ გაქვთ ინფორმაცია, რაზე იხარჯებოდა გასული წლების მოსაკრებლები ჭიათურაში?

 

- კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ 2007 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის1 იანვრამდე ბუნებრივი რესურსების სარგებლობისათვის მოსაკრებლის სახით კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ იხდიდა მიზერულ თანხას. ამის მიზეზი კი წინა მოწვევის პარლამენტის მიერ 2006 წლის 29 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებაა, რომლის თანახმადაც ეს გადასახადი კომპანიას შეუმცირდა 10-ჯერ, რის გამოც მილიონობით ლარი დაკარგა ადგილობრივმა ბიუჯეტმა გასული 8 წლის განმავლობაში. რადგან ეს თანხა მუნიციპალიტეტის მთლიანი ბიუჯეტის საერთო შემადგენელი იყო, ძნელია განვსაზღვროთ კონკრეტულად მისი მისამართი.

 

- თქვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ ჭიათურის ბიუჯეტში ბუნებრივი მოსაკრებლის სახით დაახლოებით 3-3,5 მილიონი შევა. საით მიიმართება ეს თანხები? ან გექნებათ მასზე კონტროლის რაიმე მექანიზმი?

 

- როგორც ვთქვი, მოსაკრებლის სახით 2015 წლის განმავლობაში შემოსასვლელი თანხა მუნიციპალიტეტის უკვე დამტკიცებულ ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. ამის გამო 3,5 მილიონი  ლარის დამატებითი შემოსვლა და მისი სხვადასხვა პროექტებში განაწილება გამჭირვალე და საზოგადოებისათვის ადვილად ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაციულად. კონკრეტულად კი სად დაიხარჯება ეს თანხა,გამგეობის გადასაწყვეტია საზოგადოების აქტიური ჩართულობით, სწორედ საზოგადოებიდან უნდა იყოს ინიცირებული ის პრიორიტეტები, სადაც აღნიშნული თანხები იქნება მიმართული. მე, როგორც რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ისევ და ისევ საზოგადოებასთან ერთად ვიქნები აქტიური მონაწილე და მაკონტროლებელი აღნიშნული პროცესების.

 

 

- რადგან ჩვენი საუბარი შეეხება მანგანუმის წარმოებას, შევეხოთ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ დასაქმებულთა მდგომარეობას. პირადად გავეცანი მღვიმევის მაღაროზე სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს, ე.წ. „პაიოკს“ და სამთოელები არ არიან ამ პირობებით უკმაყოფილოები, თუმცა ხელფასის გაზრდაზე ოცნებობენ. გარდა ხელფასის მოცულობისა, რა ჩივილები გესმით სამთოელებისგან?

 

- „ჯოჯიან მანგანეზში“ დასაქმებული მუშა-მოსამსახურეთა შრომის პირობები ზოგიერთ ასპექტებში კრიტიკას  ვერ უძლებს.  სათანადოდ არ არის დაცული  მათი შრომის უსაფრთხოება, ზოგიერთ შემთხვევებში თავიანთი მოვალეობები შესრულება უმძიმეს პირობებში უწევთ. ქარხნებში და ზოგიერთ მაღაროზე დამთავრებული არ არის სანიტარულ-ჰიგიენური კვანძების მოწესრიგება. მართალია, კომპანიას მუშა-მოსამსახურე და მათი ოჯახის წევრები სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფილი ჰყავს, მაგრამ სამედიცინო სერვსების მიღება 13 ათას ადამიანს ქალაქ ზესტაფონში უწევთ, ამას კი  80 კილომეტრის გავლა სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ძალაშია შესული ახალი შრომის კოდექსი, ბოლომდე იგი კომპანიის მიერ დაცული არ არის. დღემდე ვერ მოხერხდა კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება. მუშა-მოსამსახურეთა ერთ-ერთი მთავარი თხოვნაა საპენსიო ასაკის დაწევა.

 

- მღვიმევის მაღარო არა მარტო მაღალხარისხოვანი მანგანუმით არის ცნობილი, არამედ დიდი ლაფსუსითაც. ამბობენ აქ დასაქმებული პირები, რომ ადრე, როცა მაღალმთიანობის კანონი მიიღეს, სოციალური უთანაბრობის პირობებში მოხვდნენ მღვიმეველი სამთოელები. ამ უბანზე მაჟორიტარმა დეპუტატმა მოცრაძემ ხმები ვერ მიიღოო  და ამიტომ ის 10 და 20%-იანი შეღავათები ვერ მიიღეს მცირეწლოვანი შვილების მშობლებმაო. არადა, ჭიათურის მაღაროები ჰიფსომეტრიულად თანაბარ სიმაღლეზეა. ამ მიმართულებით ხომ არ ფიქრობთ, რომ მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს კანონმდებლობით?

 

- ჩვენს მუნიციპალიტეტში სოფელ მღვიმევის გარდა კიდევ რამდენიმე სოფელია დარჩენილი,რომლებიც არ შედის მაღალმთიან ზონაში. ჩემ მიერ მოხდა ამ საკითხის შესწავლა და ინიცირება შესაბამის უწყებებში საკითხის მოგვარებისათვის, დარჩენილი სოფლებისათვის მაღალმთიან ზონაში მოხვედრის თაობაზე.

 

- თქვენ აცხადებდით, რომ მოსალოდნელია მანგანუმის წარმოების მოცულობის ზრდა და ამის საფუძველს, ალბათ,  საშუამავლო ფირმებისა და მცირე მომპოვებელთა რაოდენობის ზრდა განაპირობებს. როგორ შეაფასებდით მანგანუმის წარმოების ზრდის პარალელურად ამ მეტალის მარაგის ამოწურვის დაჩქარებას? როგორ ფიქრობთ, რა იქნება ჭიათურის ხვალინდელი არსებობის საფუძველი? ანუ 80-200 წლის შემდეგ ჭიათურაში, გეოლოგთა პროგნოზით, მანგანუმი აღარ გვექნება...

 

 

- მანგანუმი არის ამოწურვადი ბუნებრივი რესურსი, ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ მისი მოპოვება მიმდინარეობდეს რაციონალურად და სელექციურად, რაც საბადოზე მოქმედი კომპანიის მიერ უგულებელყოფილია. 25%-ზე  ნაკლები შემცველობის მანგანუმი იკარგება გამონამუშევარში. სულ მალე, 5-10 წლის შემდეგ, დაბალ პროცენტიანი მანგანუმი მსოფლიოს საძებარი გაუხდება. ჩვენ კი, ვიმეორებ, მიწაში ვმარხავთ ისე, რომ მომავალში მათი მოპოვება შეუძლებელი გახდება. უახლოეს მომავალში საწვავზე მომუშავე  ავტომობილებისა და სხვა მანქანა- მექანიზმების წილი თანდათანობით შემცირდება. საწვავს ჩაენაცვლება თანამედროვე აკუმულატორები, რაშიც წამყვან  როლს  თამაშობს სწორედ დაბალ 19-20 %-იანი მანგანუმი. როგორი იქნება ჭიათურის რაიონის ბედი ათეული წლების შემდეგ, ეს დამოკიდებულია როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივი ხელისუფლების გონივრულ საქციელზე. რაიონის სიმდიდრე მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული ალტერნატიული საწარმოების შექმნით მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა თუ კულტურულ საგანმანათლებლო კუთხით.  ამის შანსი ჩვენ დღეს და უახლოეს ხანში გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჭიათურის რაიონი მანგანუმის რესურსის ამოწურვამდეც დაამთავრებს თავის არსებობას. ეს რესურსი კი უახლოეს 40-50 წელზეა გათვლილი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4273
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია