დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისს
2015/01/28 22:31:23
რამდენიმე დღის წინ შესანიშნავი ინიციატივის შესახებ შევიტყვეთ: ფონდმა „ქართუმ" გადაწყვიტა, თავისი ხარჯით ააშენოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. განათლების სისტემაში მილიონობით ლარის უანგაროდ დაბანდება უდავოდ დიდსულოვანი საქციელია. საქართველოში ასეთი რამ ადრეც მომხდარა, მაგრამ მაშინ სასწავლებლის დამფუძნებელთა მიზანი მეტწილად სტუდენტთა ინდოქტრინაცია და კომერციული მოგება გახლდათ. ამ შემთხვევაში კი უნივერსიტეტის ტექონოლოგიური პროფილი და ფონდის ხელმძღვანელის ფინანსური შესაძლებლობები ყველა ეჭვს მეტ-ნაკლებად გამორიცხავს. თითქოს მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, მაგრამ ჩვენ უმადური საზოგადოების წარმომადგენლები ვართ და ნებისმიერი ინიციატივის შესახებ შეგვიძლია შენიშვნების გამოთქმა.


საზოგადოების განსაზღვრული ნაწილის უკმაყოფილება ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მომავალმა მდებარეობამ გამოიწვია. მოქალაქეთა ერთ ჯგუფს მიაჩნია, რომ სასწავლებელმა თბილისში არ უნდა დაიდოს ბინა. ისინი ამტკიცებენ, რომ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის, განათლების სისტემისთვის განსაკუთრებით სასარგებლო იქნება, თუ ეს უმაღლესი სკოლა ქუთაისში განთავსდება. მათი არგუმენტები ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას და გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრებას.
რატომ უნდა აშენდეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისში?
1. ჩვენს დედაქალაქში ისედაც ფუნქციობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელსაც ზურგს უმაგრებს უდიდესი სასწავლო გამოცდილება და გამოარჩევს მრავალფეროვანი სამეცნიერო ტრადიცია. მიუხედავად ამისა, ეს სასწავლებელი სულს ღაფავს, უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაშია, ვერ ახერხებს კვლევითი საქმიანობის სრულყოფილად წარმართვას, განიცდის კვალიფიციური აკადემიური პერსონალის მწვავე დეფიციტს. ამასთანავე, სრულიად ამორტიზებულია სტუ-ს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. მაშასადამე, თუ ვინმეს უანგაროდ სურს თბილისში მაღალხარისხიანი ტექნოლოგიური განათლების კერის დაფუძნება, საამისოდ აქ შესაბამისი სივრცე უკვე არსებობს; მას თავისუფლად შეუძლია, კაპიტალი სტუ-ს განვითარების ახალ სტრატეგიაში დააბანდოს. თბილისში ახალი, მრავალმილიონიანი ბიუჯეტის მქონე ტექნოლოგიური სასწავლებლის არსებობა კი საბოლოოდ გაანადგურებს და ზურგში მახვილს ჩასცემს სტუ-ს, რომელსაც დღესდღეობით მძაფრ კონკურენციაში გამარჯვების შანსი ფაქტობრივად არ გააჩნია.
2. არასახარბიელო და შემაშფოთებელია საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქის ეკონომიკური მდგომარეობა. დიდ ქართულ დასახლებებს შორის უმუშევრობისა და სოციალური გაჭირვების დონის მიხედვით ქუთაისი ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. საშუალოსტატისტიკურ ქუთაისურ ოჯახში თუ მაინც ყოფილხართ, ადვილად შეამჩნევდით ქალაქის კიდევ ერთ უმძიმეს პრობლემას: ქუთაისი ნელ-ნელა იცლება, მოსახლეობის ნაწილი თბილისშია გამოხიზნული, ადგილობრივი ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი კი ეგეოსისა და ადრიატიკის ზღვის სანაპიროებზე ცდილობს ლუკმაპურის მოპოვებას. პარალელურად, არსებობს საფრთხე და ლოგიკური აუცილებლობა, დასავლეთ საქართველოს ცენტრი დროებით გადატანილი და უმცირესი ეკონომიკური ეფექტის მქონე პარლამენტისგან გათავისუფლდეს.
მაშასადამე, გაზვიადებული ნამდვილად არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ქალაქი სოციალური კატასტროფისა და უფუნქციობისთვის არის განწირული. ქუთაისის განვითარებისთვის ახალი ბიძგის მიცემა მხოლოდ ერთ რამეს თუ შეუძლია - ქალაქში დასახლებულ ათასობით სტუდენტს (მათ ხომ სწავლასთან ერთად კვება, გართობა, ცხოვრება, პრაქტიკული სამუშაოების შესრულებისა და დასაქმების შესაძლებლობაც დასჭირდებათ).
3. ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის იდეას კიდევ ერთი არგუმენტი უმაგრებს ზურგს. დახედეთ გასულ საუკუნეში გამოცემულ ნებისმიერ ეკონომიკურ-გეოგრაფიულ რუკას - დასავლეთ საქართველოს მთავარი ქალაქი ათასფრად არის აჭრელებული. თითოეული ფერი ინდუსტრიის ერთ დარგს აღნიშნავს. მანქანათმშენებლობა, ქიმიური და გადამამუშავებელი მრეწველობა, მეფეიქრეობა, სამშენებლო მასალების წარმოება - ეს წარსულში ქუთაისში განვითარებულ სამეურნეო საქმიანობათა არასრული ჩამონათვალია. მაშასადამე, ამ ქალაქს ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება ნამდვილად აქვს. ახალ სასწავლებელს ძველი ტრადიცია უდავოდ მისცემდა დამატებით, თუნდაც უმცირეს ბიძგს წარმატებისთვის.
4. არ უნდა დაგვავიწყდეს ქუთაისელი მასწავლებლებისა და მოსწავლეების შესაძლებლობებიც. ტექნიკურ საგნებსა და ინფორმატიკაში ჩატარებული ყველა ეროვნული თუ საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულთა სიის სათავეში ყოველთვის ხვდებიან ქუთაისელი მოსწავლეები. ნებისმიერი უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტებზე აუცილებლად აღმოაჩენთ ყველასგან გამორჩეულ სტუდენტებს, რომელთაც ე.წ. ფიზმათი (ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა) აქვთ დამთავრებული. მაშასადამე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კონტინგენტის საუკეთესო ნაწილს ისედაც ქუთაისელი მოსწავლეები დააკომპლექტებენ.
აღნიშნულ და სხვა მოსაზრებათა მოსმენის შემდეგ მეც დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ყველაზე მეტად ქუთაისს სჭირდება (და არა თბილისის იპოდრომის ყოფილ ტერიტორიას).
ლევან ლორთქიფანიძე
http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=12&id=565
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2850
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია