დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისურ რაგბისაც ჰყავს თავისი „ფეოლები“
2009/07/01 10:10:22

საქართველოს რაგბი დღეს მსოფლიოში მე-13 ადგილზეა. ის არა მხოლოდ ათლეტური აღნაგობის ვაჟებში, გოგონებშიც კი სპორტის პოპულარულ სახეობად ითვლება. აღსანიშნავია, რომ დასავლეთ საქართველოში პატარა დაბა და რაიონიც კი არ არსებობს, რაგბი რომ არ იყოს განვითარებული (იმერეთში გამონაკლისი მხოლოდ თერჯოლის რაიონია). „ცუდი რაგბისტი არ არსებობს, ადამიანი ან თამაშობს და ბოლომდე მიყვება რაგბს, ან საერთოდ ანებებს თავს. თუმცა, ერთხელ თუ შემოდგა ამ სამყაროში ფეხი, უჭირს აქედან წასვლა, ჩვენ ამასრაგბის სიყვარულით მოწამვლასვეძახით“, - ამბობენ საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები, საბჭოთა კავშირის შვიდგზის ჩემპიონები - რამაზ სვანიძე და ალეკო მიქაბერიძე. სწორედ მათ სახელებს უკავშირდება რაგბისტთა არაერთი თაობის წარმატება.

სპორტის ამ სახეობით 45 წლის წინ „მოიწამლნენ“ და, მას შემდეგ, ოდნავადაც არ განელებიათ სიყვარული: „რომ დავიწყეთ, ერთ თვეში მოვიდა ჩვენთან სიყვარული: პირველი ლელო რომ დავდეთ, პირველი გამარჯვება ვიგემეთ, პირველი დამარცხების სიმწარე... ფანატიზმი მოვიდა და პირველი დღიდან 45 წელია, არ განელებულა. ამას ვაძლევთ ჩვენც ბავშვებს - ინსტიქტურად გადადის,“ - ამბობენ ისინი.

გამოცდილ მწვრთნელთა დამსახურებების სია საკმაოდ გრძელია. გაზრდილი ჰყავთ საბჭოთა კავშირის თუ საქართველოს არაერთი ჩემპიონი. არიან რაგბის ლიგა „რაგბი13“-ის ჩემპიონები - სწორედ მათი ჩამოტანილია საქართველოში ე.წ. „რაგბი13“. ქუთაისის „აიას“ სამგზის ჩემპიონობაც მათ სახელებს უკავშირდება. არანაკლები წარმატებები ჰქონიათ ლელობურთშიც: „ადრე საქართველოს ჩემპიონატები და სპარტაკიადები ტარდებოდა ლელობურთში. ქუთაისი ეჯიბრებოდა დაგროვილი ქულების რაოდენობით სხვადასხვა გუნდებს: ფეხბურთში, ფრენბურთში, ტყვიის სროლაში, გუნდურ თუ არაგუნდურ თამაშებში. სულ მეორე ადგილზე ვიყავით, მაგრამ კონკურენცია იყო ძალიან დიდი აფხაზეთიდან და აჭარიდან. ლევან ახვლედიანმა მაშინ უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქუთაისში რაგბის დანერგვაში, მან ითხოვა გამოყოფილიყო თანხები...“

ახლა რამაზ სვანიძე, ალეკო მიქაბერიძესთან ერთად, ქუთაისის 24-ე სკოლაში ავარჯიშებს ბავშვებს. ორი წელია, რაც მათი გამოზრდილი ბავშვები, სხვადასხვა ასაკში, რაგბის ფესტივალებში მონაწილეობენ და გამანადგურებელი ანგარიშებით იმარჯვებენ.

გუნდური თამაშის პრინციპებთან და ლელოს დადებასთან ერთად, მწვრთნელები მათ ასწავლიან: ვაჟკაცობას, სამშობლოს სიყვარულს, პირდაპირობას, დამოუკიდებლად აზროვნებას, ურთიერთპატივისცემას, ყველაფერს ნელ-ნელა აჩვევენ, თუმცა, მთავარი მაინც რაგბის სიყვარულია: „თუ არ გიყვარს, არ გამოგივა, თუ მშიშარა ხარ - ვერ ითამაშებ. ქართველი ადამიანის ხასიათში დევს რაგბი, სხვა საკითხია, როგორი მიმართულებით მიგყავს მერე ვარჯიში, რას ნერგავ გუნდში მოთამაშეებთან ერთად, წინა თაობამ რა გადმოგცა,“ - ამბობს ბატონი რამაზი.

მწვრთნელები ამბობენ, რომ დღეს რაგბი მწვავე პრობლემების წინაშე არ დგას, თუმცა, არც ყურადღებით არიან დიდად განებივრებული. იციან, რომ:    „გაჭირვებასა და დალხინებაში ერთნაირად უნდა განვითარდნენ“. როგორც ამბობენ, რომ არა 24-ე სკოლის დირექტორი სოფიო ხარშილაძე, ვერაფერს გააკეთებდნენ. თავიანთ წარმატებებსაც მთლიანად მას უმადლიან: „მანამდე, სხვა სკოლაში ვიყავით, სადაც მოედანზე არ უშვებდნენ ბავშვებს. 24-ე სკოლაში კი მთელი სკოლა, დირექცია ყველანაირად გვიწყობს ხელს. საერთოდ კი ყველა მწვრთნელი ქუთაისში, თავისი ჯგუფებით, ეკუთვნის ქუთაისის მერიასთან არსებულ რაგბის სკოლას, რომლის დირექტორია სოსო დიაკონიძე“.

მოსწავლეთა 80 პროცენტი სწორედ 24-ე სკოლიდანაა, თუმცა, მოგვიანებით, უკვე საკმაოდ პოპულარულ და წარმატებულ რაგბისტებს ?? 14, 21, 30, 32 და სხვა სკოლებიდანაც შემოუერთდნენ.

„მეორე წელია, რაც ამ სპორტში ვარ, მეშვიდე კლასიდან. რამაზ მასწავლებელი ჯგუფში შემოვიდა და გვითხრა, ვის უნდა რაგბიო? ბიჭები ყველანი შევედით. თავიდან, პატარები რომ ვიყავით, მართლა ძალიან რთული იყო ვარჯიში, მაგრამ შემდეგ, უფრო და უფრო იოლდებოდა. უამრავი მეგობარი მყავს, ყველანი ძმურად ვართ, ერთმანეთი და რაგბი ძალიან გვიყვარს. მსიამოვნებს, მეგობრებთან ერთად რომ ვთამაშობ. რაგბისტი მინდა გამოვიდე და მთელი ცხოვრება რაგბს გავყვე“, - გვითხრა 12 წლის ზურა მხეიძემ. ბოლომდე რაგბის გაყოლას აპირებენ ლევან მხეიძე და თედო აბჟანდაძეც. ეს უკანასკნელი, პარალელურად, ფეხბურთშიც დადის, თუმცა, ამბობს, რომ რაგბი მაინც სხვანაირად უყვარს: „ჯერ ფეხბურთში დავდიოდი, რამაზ მასწავლებელი რომ მოვიდა 24-ე სკოლაში, რაგბში სიარულიც დავიწყე. რაგბი ძალიან მიყვარს, უფრო მეგობრული სპორტია, ვიდრე ფეხბურთი. ბევრ შეჯიბრში გვაქვს მონაწილეობა მიღებული და ბევრი ლელოც გვაქვს დადებული. ყველაზე მეტად მაინც ბორჯომის ფესტივალზე გამარჯვება გამიხარდა, თბილისის გუნდს რომ მოვუგეთ“.

სკოლაში რამდენიმე, სხვადასხვა ასაკის ბავშვებით დაკომპლექტებული გუნდია, რომლებიც სისტემატურად მონაწილეობენ ფესტივალებში და საკმაოდ კარგი შედეგებიც აქვთ. წელს 8 საგაზაფხულო ფესტივალში ითამაშეს: 1997-98-იანებმა ცალკე, 1999-2000-იანებმა - ცალკე. მარტიდან დღემდე, ყოველ შაბათ-კვირას ჰქონდათ თამაშები: ქუთაისში, ჭიათურაში, ზესტაფონში, ბათუმში, ფოთში, ლანჩხუთში, სამტრედიაში... საუკეთესო შედეგები 1999-2000-იანებმა აჩვენეს, რომლებსაც ერთი თამაშიც არ წაუგიათ. ასევე, 7 ივნისს ბორჯომში (ახალდაბა) ჩატარდა ფინალური თამაშები აღმოსავლეთის საუკეთესო გუნდთან. ქუთაისის „ქურციკებს“, ორი თამაშის შემდეგ, თბილისის „მერანთან“ ერთად დაუგროვდათ ქულათა თანაბარი რაოდენობა: ერთი ფრე და ერთი მოგება. ლელოების შეფარდებით პირველ ადგილზე გავიდა ქუთაისის         „ქურციკები“.

შედეგები ასე გამოიყურება: „ქურციკები“-I - მოგება, ფრე, ლელოების შეფარდება 60-15; „მერანი“-I - მოგება, ფრე, ლელოების შეფარდება 30-20; „მერანი“-II - მოგება, წაგება, ლელოების შეფარდება 20-55; „ქურციკები“-II - ორი წაგება, ლელოების შეფარდება 15-35.

ფესტივალზე „ქურციკები“ გამოდოდნენ რამდენიმე გუნდით. აი, მოთამაშეებიც: თედო აბჟანდაძე - გაიტანა 32 ლელო, გიორგი ჭოლაძე - 11, ლაშა ძნელაძე (გუნდის კაპიტანი) - 11, ანზორ ყუბანეიშვილი - 10, დათო გახოკიძე - 9, აჩიკო ღონღაძე - 8, ანზორ ახვლედიანი - 8, ზურაბ ურთმელიძე - 6, გიორგი კაკიაშვილი - 6, გიორგი ნემსაძე - 5, გურამ ჩირაძე - 3, მიხეილ მესხი - 3, დათო ძნელაძე - 3, ვიტალი ხარშილაძე - 2.

ყველა ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა და აქტიური წვლილი შეიტანეს გამარჯვებებში: გაგა ბრეგაძემ, ირაკლი ქორიძემ, რეზო შარაშაძემ, გია შამუგიამ, ლაშა შამუგიამ, ბაკურ კუხალაშვილმა და ელგუჯა ნიქაბაძემ.

არანაკლები წარმატებები ჰქონდათ 1997-98-იანებსაც, რომლებიც საგაზაფხულო ფესტივალში წარმატებით გამოვიდნენ ქუთაისის რამდენიმე გუნდთან ერთად. ფოთის, ჭიათურის, ბაღდათისა და სხვა გუნდების გვერდით მათი გამოსვლები საკმაოდ წარმატებული იყო. გუნდის შემადგენლობა ასე გამოიყურება: ბექა ბრეგაძე (გუნდის კაპიტანი) - 15 ლელო, ზურაბ მხეიძე - 13, ლევან მხეიძე - 11, მურმან კუხიანიძე - 5, ზურაბ სურმანიძე - 4, ბექა კუხიანიძე - 3, ბექა კახიძე - 3, ჯემალ მონიავა - 2.

ყველა ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა და აქტიური წვლილი შეიტანეს წარმატებებში: ზურაბ ჯაფარიძემ, გიორგი ხევსურიშვილმა, გიორგი ალფაიძემ, ლევან თამაზაშვილმა, გიორგი შოვნაძემ, ნოდარ დარსაველიძემ, თორნიკე დარსალიამ და ლექსო ლომიძემ.

„ძლიერი რაგბისტების მთელი პლეადები გვყავს გაზრდილი და, რომ ვადარებთ ამათ, ისინიც ზუსტად ასეთები იყვნენ. ზოგი ძალიან ძლიერი გამოვა, ზოგი - საშუალო, მაგრამ ცუდად არც ერთი არ გაგვიზრდია,“ - ამბობენ მწვრთნელები.

საკმაოდ მთულ და არათანაბარ ბრძოლაში იგებენ გოგონებიც - როგორც რაოდენობრივად, ასაკითაც. ისინი არამხოლოდ თანატოლ გოგონებს, ვაჟებსაც გამანადგურებელი ანგარიშებით უგებენ. ისინი მონაწილეობდნენ 1997-98 წლიანებს შორის ჩატარებულ ყველა საგაზაფხულო ფესტივალში. ასევე, გამოვიდნენ ქუთაისში 2 მაისს ჩატარებულ პირველ ისტორიულ მატჩში - ქალთა ნაკრების წინააღმდეგ. ყველა ზემოაღნიშნულ თამაშში გოგონათა გუნდი თამაშობდა ასეთი შემადგენლობით: ქრისტინე მაღლაფერიძე - 10 ლელო, ნინო კვაშილავა - 3, თეკლა ჟორჟოლიანი - 3, გვანცა ხალიანი - 1, მარი ორმოცაძე - 1, ია ლომთაძე (გუნდის კაპიტანი) - 1, ილონა ლოსაბერიძე - 1. ყველა ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა და აქტიური წვლილი შეიტანეს გამარჯვებაში: ნიტა სვინტრაძემ, ნათელა დათეშიძემ, სალომე ნანავამ, ანა თუთისანმა, ნინო დათუაშვილმა, თათია მაღლაფერიძემ, ნინო თუთისანმა, ქრისტინე შახკულიანმა, ხატია მაღლაფერიძემ, ციალა ციბაძემ და მარი მაცაბერიძემ.

ქალთა გუნდში ჯერ მხოლოდ 20 გოგონაა. „არასპორტულად“ გაზრდილი გოგონების სპორტულ რიტმში ჩასმა თავიდან მწვრთნელებისთვისაც რთული აღმოჩნდა და გოგონებისთვისაც, თუმცა, მალე ყველაფერი დარეგულირდა.

„მწვრთნელები სკოლაში რომ მოვიდნენ, მსურველი ძალიან ბევრი იყო, მაგრამ ზოგიერთი მშობლებმა არ გამოუშვეს. თავიდან, სანამ შევიდოდი რაგბში, თამაში კი არა, ტელევიზორში ყურებაზეც ზედმეტი იყო საუბარი. ახლა დავდივარ ყველა ფესტივალზე, სადაც ბიჭები დადიან, ვეთამაშებით და თითქმის ყველა თამაში გვაქვს მათთან მოგებული, თან - საკმაოდ სერიოზული ანგარიშებით. ამის დასტურია ჩვენს მიერ მოპოვებული ორი თასიც. რაც რაგბიში შევედი, სკოლაში ყველა მცნობს, მოსწავლეც და მასწავლებლებიც. ყველა მეუბნება: „რა კარგია, შენი მეგობარი რომ ვარ, რაგბისტი ხარ და დამიცავო“. დედა თავიდან უარზე იყო, მაგრამ დავითანხმე. ჩემი და დღემდე მსაყვედურობს - რა გინდა რაგბიზე, ბიჭი ხომ არ ხარო? - მიუხედავად იმისა, რომ უკვე ერთ წელი გავიდა. მომავალშიც ვაპირებ გაგრძელებას და უფრო დიდი წარმატების მიღწევას“, - გვითხრა ია ლომთაძემ, რომელსაც პროფესია - ექიმ-გინეკოლოგობა - უკვე არჩეული აქვს.

მწვრთნელების თქმით, თავისი მასშტაბებით ეს ფესტივალები გაცილებით დიდია, ვიდრე საქართველოს ჩემპიონატი. თუმცა, მათი მიზანი, მაინც და მაინც გამარჯვება არაა: „ფესტივალებში უამრავი გუნდი მონაწილეობს. მთავარი მოგება როდია, აქ არის რაგბის უნარ-ჩვევების სწავლა, რაგბის დიდებული დღესასწაულების ამ ბავშვებამდე დაყვანა. ისინი უმეგობრდებიან სხვადასხვა ქალაქისა და რაიონის რაგბისტებს. ყველაზე დიდ მიღწევად მაინც ის მიგვაჩნია, რომ ყოველ კვირას, ნებისმიერ ასაკში ტარდება შეჯიბრი და ეს ბავშვები შეჯიბრიდან შეჯიბრებამდე იზრდებიან“.

არის შვიდკაცა, ცხრაკაცა, თორმეტკაცა რაგბი. „თხუთმეტკაცამდე რომ მივდივართ, უკვე ტექნიკურ მონახაზებზე გადავდივართ. მე-8, მე-9 კლასში იწყება ბავშვთა ბ-ლიგა და ბავშვთა ა-ლიგა. სკოლას რომ ამთავრებენ, საქართველოს რაგბის კავშირი აფინანსებს ყველანაირად: ავტობუსი, კვება, გზა... ფესტივალებისათვის ფორმაც საქართველოს რაგბის კავშირმა გამოუგზავნათ. ხელფასსაც რაგბის სკოლაში ვიღებთ (გოგონებთან უსასყიდლოდ ვმუშაობთ), გაუთვალისწინებელ ხარჯებს კი, ძირითადად, მერია აფინანსებს.“

პერსპექტივები საკმაოდ დიდია: „სკოლას რომ დაამთავრებენ, ატესტატთან ერთად აქვთ ძალიან ძლიერი მეორე სპეციალობაც. ქუთაისში რაგბის აკადემია უკვე გახსნილია ბესიკ ხამაშურიძის ხელმძღვანელობით, რომელიც 10 წელი საქართველოს ნაკრებში თამაშობდა და 10 წელი - საფრანგეთში. ამ ბავშვებს, ფაქტობრივად, გზა გახსნილი აქვთ საფრანგეთში, რუსეთში... ნებისმიერი დონის კლუბებში. აი, სად იჩენს მერე ეს შრომა თავს! კლუბი ხელს უწყობს სწავლაშიც, გარდა ამისა, დიდი ხელფასები ექნებათ. ეს პერსპექტივა უჩნდება ჩვენთან ნებისმიერ ბავშვს“.

პატარა მორაგბეები საზღვარგარეთ ჯერ არ ყოფილან, თუმცა, იმედი აქვთ, რომ სულ მალე ესეც მოხერხდება. გოგონებს მთავარი ხელშემწყობი და დამფინანსებელი უკვე ჰყავთ - „ტაოპრივატბანკის“ მმართველი სერგო ლექვინაძე, რომელიც ფორმით, ავტობუსებით, კვებით ყველანაირად ეხმარება მათ, ყველა თამაშს თვალს ადევნებს და არაერთი მოულოდნელი სურპრიზიც მოუწყვია: „საქართველოს ფედერაციის წარმომადგენელს და ნაკრების მთავარ მენეჯერს დაუკავშირდა და სთხოვა, თუ იქნება რაიმე ტურნირი ევროპაში, ბავშვებმა 15 წლამდე რომ ითამაშონ, მე დავაფინანსებ, გავუშვებ გოგონებსო და ეს გვაქვს დაგეგმილი ამ ზაფხულს. თვით მიდგომაა ამ ადამიანისა ძალიან საინტერესო, თავადაც ხარობს ამ ბავშვებთან ერთად. ქუთაისში ძალიან ჭირს სპონსორი და ჩვენ ერთადერთი ვართ, ვისაც გამოგვიჩნდა. ბატონი სერგო შეგვპირდა, ბიჭებსაც მივაქცევ ყურადღებასო“.

სამადლობელი ბევრი აქვთ, თუმცა, პრობლემებიც არ ავიწყდებათ: „დიდი მადლობა რაგბის სკოლის დირექტორს სოსო დიაკონიძეს, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს გია ნიჟარაძეს,     „ტაოპრივატბანკის“ მმართველს სერგო ლექვინაძეს. როგორც შეუძლიათ, ყველანაირად გვერდით გვიდგანან, მაგრამ ყველაზე დიდი მადლობა მაინც 24-ე სკოლის დირექტორს, სოფიო ხარშილაძეს ეკუთვნის. ერთი თხოვნაც გვაქვს ქალაქის ხელმძღვანელობასთან - სკოლის ეზოში არის პატარა მოედანი, სულ 10 მანქანა მიწა უნდა, გასწორდება და მშვენიერი სათამაშო მოედანი გამოვა. უბნის სტადიონზე გვიწევს თამაში, გვითმობს მოსახლეობა, მაგრამ სულ ხომ არ დაგვითმობს? დარბაზია სკოლაში ისეთი, მსგავსი ქუთაისში არ არის, მაგრამ გარემონტება სჭირდება. იქნებ, მოახერხონ და ამაშიც დაგვეხმარონ“.

;;;

2011 წელს „ერთა თასის“ მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. ბატონ რამაზს და ბატონ ალეკოს იმედი აქვთ, რომ, გია ნიჟარაძის დახმარებით, იქ გოგონების გუნდითაც გამოვლენ. ამასთან, სექტემბრიდან ჯგუფებში ახალი ბავშვების მიღებასაც გეგმავენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1788
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია