საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
2013 წელთან შედარებით, გავაორმაგეთ ოჯახში მოძალადეთა მიმართ დევნის მაჩვენებელი
2015/01/13 11:18:37

შინაგან საქმეთა მინისტრი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

ოჯახში ძალადობის პრობლემის მოგვარება 2015-16 წლებში ჩვენი სამინისტროს თითოეული თანამშრომლის მთავარ პრიორიტეტად დარჩება - ერთი მხრივ, გავაკეთებთ ყველაფერს პრევენციისთვის, თუმცა, ძალადობის შემთხვევაში დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება. 

მსურს, მადლობა გადავუხადო ყველა სამართალდამცველს ბოლო ორი წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოსთვის და მოვუწოდო მეტი ძალისხმევისკენ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. ამ პერიოდში:

• ჩვენ არამხოლოდ კონტროლზე ავიყვანეთ ძალადობის ფაქტები და მათზე რეაგირება, არამედ შევქმენით მონაცემთა განახლებადი რუკა, რომელიც სამინისტროს ვებ-გვერდზეა განთავსებული და რომლის საშუალებითაც თითოეულ შემთხვევას და რეაგირების მასშტაბებს საზოგადოებაც გააკონტროლებს;

• მოვახდინეთ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებაზე; 

• ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კოორდინირებული და ეფექტური რეაგირების მიზნით გადავამზადეთ თანამშრომლები, მათ შორის, 500-ზე მეტი უბნის ინსპექტორი. ძალადობის შემთხვევებზე ადეკვატური რეაგირებისთვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებიდან გამოიყო ორ-ორი თანამშრომელი - ქალი და მამაკაცი; 

• 2013 წელთან შედარებით, გავაორმაგეთ ოჯახში მოძალადეთა მიმართ დევნის მაჩვენებელი; 

• 2013 წელთან შედარებით, თითქმის გავაოთხმაგეთ შემაკავებელი ორდერების გამოყენების მაჩვენებელი; 

• მხოლოდ 2014 წელს საზოგადოებრივ ჯგუფებთან ჩავატარეთ 2200-მდე საინფორმაციო შეხვედრა; 

• ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირებისთვის შეიქმნა ცხელი ხაზი; 

• დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით ვმუშაობთ ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიაზე.

ვინაიდან პრობლემა კომპლექსურია, მის მოსაგვარებლად საჭიროა არაერთი პირობის უზრუნველყოფა: 

• საჭიროა საზოგადოების კიდევ მეტად ინფორმირება ძალადობის დაუშვებლობაზე; 

• ძალადობის ფაქტებზე და რისკებზე საჭიროა პოლიციელების კიდევ უფრო დროული, ეფექტური და კოორდინირებული რეაგირება; 

• მსხვერპლებს უნდა ჰქონდეთ მტკიცე გარანტიები და თავდაჯერება, რომ პოლიციისადმი მიმართვის შემთხვევაში დაცული იქნებიან და დამნაშავე აუცილებლად დაისჯება;

• ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლი გახდნენ, სჭირდებათ უკეთესი ხელმისაწვდომობა უსაფრთხო და დაცულ თავშესაფარზე, ისევე როგორც სხვა სერვისებზე;

• გამკაცრდება კონტროლი იარაღის უკანონო ფლობაზე და მის კანონიერ მფლობელებზეც, რომელთაც წარსულში ძალადობრივი ქმედების გამოცდილება აქვთ, რადგან საერთაშორისო მონაცემებით, იარაღის ქონა 5-ჯერ და მეტად ზრდის ქალის მოკვლის რისკს ოჯახში ძალადობის შემთხვევისას. 


ოჯახში ძალადობა გლობალური პრობლემა და მნიშვნელოვანი გამოწვევაა თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოებისთვის. სწორედ ამიტომ, პირადად მე და შინაგან საქმეთა სამინისტრო წელს გავააქტიურებთ დისკუსიას ოჯახში ძალადობის თემაზე. გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოების ყველა ნაწილთან - საკითხი კომპლექსურია და საზოგადოების ყველა სექტორის გაერთიანებას მოითხოვს.


მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა და დახარჯული ძალისხმევისა, ჩვენ ვთვლით, რომ მოგვიწევს მეტის გაკეთება.

 

რწყარო: http://police.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1387
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია