დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როკოს ბლოგი
თურქული რეპორტაჟი, ანუ რა მინდოდა სტამბოლში თუ ისტანბულ-კონსტანტინეპოლში
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/01/12 15:48:52

ალბათ, მარტო მე ვწუწუნებ იმაზე, რომ სამუშაო არ მელევა და არც დეპრესია მაწუხებს არასდროს. როგორც ამბობენ, დეპრესია ,,სვეცკი ნაროდის“ დაავადებაა. მე კიდე ,,სვეცკობამდე“ ბევრი მიკლია. სწორი გითხრათ, არც შევპოტინებივარ ასეთ მოდურ მდგომარეობას.

 გასულ წელს რომ გადავხედე ჩემს შემოსავლებს, მივხვდი, რომ ორჯერ დავღლილვარ და ორჯერ დასვენება გამოვუწერე ჩემს თავს. პირველი _ ეგვიპტური ტური, მეორე _ თურქული დაიგეგმა და განხორციელდა. პირველი ათდღიანი იყო და იმდენად უსაქმოდ მივებერტყე, რომ 10 კილოთი მეტი დავუბრუნდი სამშობლოს და მალევე ჩამოვყარე ზედმეტი წონა!


 რაც შეეხება თურქულ ტურს, უფრო ეთნოტურის ფორმა ჰქონდა. თავიდან ბუდაპეშტის დალაშქვრა მინდოდა, მერე თანამეინახეების აზრი გავითვალისწინე და ,,მშობლიური სტამბოლი“ მოხვდა ბადეში. ორმა მეგობარმა აიტეხა, თვითმფრინავი არ გვინდა, მოწყენილი გვაქვსო (ერთი იტალიაში ცხოვრობდა კარგა ხანს, მეორე უფრო მეტ ხანს გაერთიანებულ სამეფოში) და ავტობუსით გზად ბევრს ვნახავთო.


ანტარქტიდისა და ავსტრალიის გარდა, ყველა კონტინენტზე მყავს მეგობრები და სტამბოლში სამსართულიანი სახლის მეპატრონე მეგობარს ვთხოვე მეგზურ-მასპინძლობა. მეგობარი თურქეთში არ იყო, მაგრამ გასაღები, დიასახლისი ნურჰან ხანუმ და მეგზურად ემიგრანტი ახალგაზრდა დაგხვდებათო.


იმით გაამაყებულმა, რომ სამსართულიანი სახლი უყოყმანოდ დამითმეს სტამბოლის ისტორიულ ცენტრში, 3 იანვარს ძლივს შევტიე ,,ჯონტურის“ ავტობუსში გაფხორილი ანატომია და ბილეთი შემხვდა #41! ცოტა ხანში ჩემმა მეგობრებმა წათვლიმეს, მე კიდე ვერ, რადგან მეშინოდა, რამე საოცნებო არ მომჩვენებოდა და ასე შემდეგ!


ვიღაც გამყიდველმა ჩემს მწეველ თანამეინახეს უთხრა, თურქეთში პაპიროსი ძვირია და წეიძღვანიეთ, იქანა მამასისხლად იყიდებაო. მერე ორ-ორი ბლოკი ,,ვინსტონი“ ავიღეთ და მოვცოცხეთ (თურმე სამის წაღება შეგვეძლო და თითო ბლოკი გამცილებელმა ,,დაგვიმატა“ საზღვრის გადალახვამდე). სასაცილოდ არ გვეყო სტამბოლში ჩასულებს, როცა 6-7 ლარით მეტი შემოგვაძლიეს და მერე თურმე თითო კოლოფს 5 დოლარად ჰყიდიან ისევ ქართველი გადამყიდველები.


ბათუმამდე გზის პირებს ვაკვირდებოდი და მაოცებდა ნაგვის ფართო ასორტიმენტი, რომელშიც სჭარბობდა პოლიეთილენი და პლასტირი. ევროკავშირში კი არა, ბუნკერში თუ მიგვიღებენ ნეტავ? მერე მთელ თურქეთში დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი გზის პირებსა და ბაზრებს, ეგებ ნაგვით მაინც ვაჯობოთ ჩვენს ისტორიულ მეზობლებს-მეთქი და ბედი არ გვქონია! ძალიან ცოტა ნაგავი აქვთ სტამბოლში, არადა 20 მილიონი კაცი ცხოვრობს იქ და ათეულობით ათასეული ტურისტი მიდის კონსტანტინეპოლში! უკაცრავად, ისტამბულში.


პონტოს მთების გადალახვა და შავი ზღვის სანაპირო ზოლი გვახსენებს საქართველოს და ვამბობთ: ეს თურქეთის ურეკია, ეს კიდე ხაშური!


მოკლედ, შევჯირითდით იმ ქალაქში, სადაც ადვილი არ არის თავის დამკვიდრება. სტამბოლი დიდი ქალაქია, 500 კმ/სთ-ით მიფრინავს მის თავზე 20 წუთის განმავლობაში თვითმფრინავი, რომ მიაღწიოს აეროპორტამდე.


 აეროპორტი არა, მაგრამ აქსარაის ავტოსადგურში ბედკრული საქართველოს სრული სურათია. ემიგრანტული საქართველოს წარმომადგენლობა სახლში დარჩენილებს ან უგზავნიან რამეს, ან პირიქით_ იღებენ.


ავტობუსში მხოლოდ სამი ,,ყაზილარი“ ვიყავით ბედის ნებიერები, მხოლოდ ჩვენ არ ვწუხდით სამუშაოზე, ანაზღაურებაზე და გზის პირად 109 კილოგრამიანი გოგრის ფონზეც გადავიღეთ ფოტოები. ბევრს ალბათ არც შეუმჩნევია ეს სოფლის მეურნეობის სასწაული.


 აქსარაიში რატი დაგვხვდა. მორიდებული ახალგაზრდა კაცი. ბინამდე მიგვიყვანა ტაქსით და ტვირთი შეგვატანინა სახლში, რომელიც, უფრო სწორად თუ ვიტყვით, სასახლეა. ფირუზაღად წოდებულ უბანი ახლოსაა გალათას კოშკთან, ცნობილ სტამბოლის ხიდთან და ახალ მეჩეთთან (რომელიც მტრედების სიმრავლით არის ცნობილი), არც აიასოფიაა შორს, არც ოტომანთა სასახლეთა კომპლექსი, არც ცისფერი მეჩეთი (ამ ბოლოს, ბევრ რამესთან ერთად, საინტერესო წარწერაც აქვს ერთ სვეტზე: ,,რასაც აქ ეძებ, ვისაც აქ ეძებ, დახუჭე თვალი, შენშია სულაც“).


 ნურჰან ხანუმი ქურთია, იცის თურქული და ინგლისური ენები. სამზარეულოს, რომელიც სარდაფშია, ვერაფრით განასხვავებს დანარჩენი სამი სართულისგან და ნურჰანი აღმოსავლური სტუმართმოყვარეობით გვიმზადებს თურქული წესით რამე-რუმეებს. სადილის მერე რატის გავყავართ ისტორიულ სტამბულში და ვნახულობთ ეგვიპტურ ბაზარს, ხიდს, რომელიც სრუტეზეა და მარმარილოს ზღვას მიჯნავს. თურქული შაურმის მერე ენერგიულად შევდივართ აიასოფიაში და ყველა კუნჭულს მაქსიმალური ყურადღებით ვათვალიერებთ. ისლამური და ქრისტიანული არქიტექტურა შესანიშნავ მიქსს ქმნის და მსოფლიოს ყველა კუთხიდან იზიდავს ტურისტებს. უნიკალური ფრესკები და წარწერები ყველაზე მეტ ობიექტივს იზიდავს და მერე უკვე ცისფერ მეჩეთში ფეხშიშველა შევდივარ (ფეხსაცმელებისთვის უთვალავი ცელოფანია შესასვლელში) და იმდენად მოწიწება გეუფლება ამ მეჩეთში, რომ უნებლიედ ევედრები ღმერთს, რომ შეგვიწყალოს.


საკმაოდ ძვირი მოსაკრებელი (30-50 ლირა, დაახლოებით ლირის ღირებულება 80 თეთრია) უნიკალურ სასახლეთა კომპლექსშიც უნდა გადაიხადო, მაგრამ ღირს. ოქროცურვილი კედლები, სხვადასხვა ნივთი, ლამის მფრინავ ხალიჩებად აღქმული ოქრომკედი, ზურმუხტები, ფირუზები, ოქროს აკვანი თუ მოსევადებული ხმლები ოტომანთა დინასტიის დიდებულებას გვაუწყებს.


 ლონდონის შემდეგ ყველაზე ძველი მეტროპოლიტენი სტამბოლშიაო და თავი ამოვყავით ტაქსიმზე მიწისქვეშეთიდან. მერე ზარას თუ ვაიკიკის მაღაზიებში შევიჭყიტეთ, გვიან ღამით უკვე სართულები დავინაწილეთ ტურისტებმა, თან ისევ ვიფხორებოდი  ჩემი მეგობრის ხარისხით _ „ზავეძუიწე, მალჩიკი, უ მენია  ვ მირე სავსემ ლუჩშიე დრუზია!“


 მცირე შოპინგი, ჯიბის სწრაფი დაცარიელება და სულიერი სიმაძღრე ერთმანეთს ავსებს. უგემრიელესი თურქული სამზარეულო და ჩაი საეჭვოდ ზრდის ჩვენს ღიპებს (სამივე ზედმეტნაკლებად ქონიანები ვართ). მოკლედ, დაგეგმილზე მეტი ვნახეთ და ვიყიდეთ კიდეც. აქსარაიზე გამოსულებს ვიღაც უშტატო აგენტმა ,,იკატურიზმის“ მომსახურება შემოგვთავაზა, ვაიფაის მომსახურებაცაა და დროის გასვლას ვერც კი გაიგებთ, ისე ჩახვალთ გურჯისტანშიო. საქართველოდან 35 დოლარად წამოსულებს არ დაგვნანებია 40 დოლარი უწყვეტი ინტერნეტის მოლოდინში (თუმცა, ეს ინტერნეტი ისეთივე ბლეფი აღმოჩნდა, როგორც წინასაარჩევნო დაპირებათა კასკადი).


 სასაცილო იყო, როგორ ვიჭერდით ვაიფაი მომსახურებას სხვა ტურისტული ავტობუსის დაახლოებისას. ყველაზე მეტად მაშინ გვიმართლებდა, როცა ორსაათიანი ჭენების მერე ,,მეტროს“ ავტობუსის გვერდით გაეხირებოდა ჩვენი ,,მერსედესი“. ჩემი ,,ეშმაკის მიერ დაღდასმული“ პასპორტი ორჯერ ,,გაშმონეს“ საზღვარზე და დავბრუნდი სამშობლოში. არ გაგიკვირდეთ და კინაღამ ასფალტზე დავეცით მიწის საკოცნელად, თუმცა არსად იყო მიწა!

 ღირდა თუ არა სამი დღე თურქეთში და ორი ,,სუტკა“ გზაში? კი, ღირდა!


ნახეთ სტამბოლი! თუ ვინმე გკითხავს, სად მიდიხარო, ეტყვი სტანდარტული ბებიების სტანდარტულ კომუნისტების დროინდელ ფრთიან გამოთქმას: სად მივდივარ და სტამბოლში (ან ტრაპიზონში). მაშინდელმა ბებიებმა სტამბოლში წასვლისა რა იცოდნენ, უბრალოდ, შორი გზის აღნიშვნისათვის იძახდნენ ასე.


 მომავალშიც სიამოვნებით წავალ სტამბოლში, ოღონდ თვითმფრინავით! თანაც დიდი სხვაობა სულაც არაა ფასებში და გამყოლი ქალიც წარამარა არ მოგვატყუებს, წინა რიგში ორსული ქალია და ხმაურს ვერ იტანსო!

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2606
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია