დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დაკანონდება თუ არა ტექდათვალიერების აუცილებლობა 2015 წლის მარტიდან?
2015/01/11 19:03:50

რა საფრთხეს შეიცავს ტექდათვალიერების შემოღება საქართველოში


”ორ თვეში ამხელა რეფორმის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია”



ინფორმაციამ, რომ 2015 წლის 1 მარტიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო ხდება, საყოველთაო ინტერესი გამოიწვია. არაერთმა მძღოლმა თავისი ავტომობილის გადაკეთება და მწყობრში მოყვანაც დაიწყო, თუმცა, ბევრი ფიქრობს, რომ ჩვენი ავტოპარკი ამ ცვლილებისათვის ჯერ მზად არ არის. ”საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონის ის პუნქტი, რომელიც 2015 წლის 1 მარტიდან სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტესტირებას ითვალისწინებს, ძალაში რჩება, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ ე.წ. ტექდათვალიერების შემოღება შესაძლოა კიდევ ორი წლით – 2017 წლამდე გადაიდოს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ინიციატივით მთავრობას პარლამენტისთვის ჯერ არ მიუმართავს.

კოალიცია ”საზოგადოებრივი ინიციატივის” წარმომადგენელი, ვასო ურუშაძე, იმათ რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ფიქრობს, რომ ჩვენი ქვეყანა ამ რეფორმისათვის მზად არ არის:


- ჩვენი კოალიცია ტექდათვალიერების აღდგენის პროცესს მონიტორინგს 2013 წლიდან უწევს - იმ დროიდან, როცა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა - 2014 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში ტექნიკური დათვალიერება უნდა აღდგესო. მოვიდა 2014 წლის 1 იანვარიც და კანონში ”საგზაო მოძრაობის შესახებ” შევიდა ცვლილება, რომლითაც ტექნიკური დათვალიერება 2015 წლის 1 მარტამდე გადაავადეს. სავარაუდოდ, ახლაც ასე მოხდება, რადგან ამისათვის არც ინფრასტრუქტურა არსებობს, არც სტრატეგია და არც გეგმა. მიუხედავად ამისა, 2015 წლის დასაწყისში გავრცელდა განცხადება, რომ ტექნიკური დათვალიერება 1 მარტიდან უნდა აღდგეს, თუმცა, არ არსებობს არანაირი ბაზა, პასუხისმგებელი სტრუქტურა, ან კომისია, რომელიც ამ საკითხზე რეალურად მუშაობდეს. ამიტომ, ჩემი აზრით, დარჩენილ ორ თვეში პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ ტექნიკური დათვალიერება თუნდაც რაღაც ფორმით აღდგეს. ჩვენი ვარაუდით, კანონში შევა ცვლილება და ტექდათვალიერება ისევ გადავადდება 2017 წლამდე, თუმცა, ეს ჩვენი ვარაუდია. რაც ჩვენ ამ პროცესს მონიტორინგს ვუწევთ, ასე ხდება ხოლმე, დანარჩენს კი, მომავალი გვიჩვენებს.

- საქართველოში მძღოლების დიდი ნაწილი მოუწესრიგებელი და მოძველებული მანქანით დადის. ამიტომ, ტექდათვალიერების შემოღება ბევრს არ სურს.


- საერთოდ, ე.წ. ტექდათვალიერება მოსახლეობას საბჭოთა პერიოდს აგონებს, როცა ის სერიოზული კორუფციის წყარო და ბუდე იყო, მაგრამ დღეს ჩვენ სხვა რეალობის წინაშე ვდგავართ: თუ გვინდა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები გავხდეთ, ის წესები და ნორმებიც უნდა გავითვალისწინოთ, რა ნორმებითაც ცივილიზებული სამყარო ხელმძღვანელობს. როდესაც გვექნება თავისუფალი მიმოსვლა, უვიზო რეჟიმი, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს თავისი ავტომობილით გადაადგილდეს ევროპაში ყოველგვარი დაბრკოლებისა და საბაჟო პროცედურის გარეშე. თუმცა ვეროკავშირი გვეუბნება, რომ მათ აქვთ თავიანთი წესები ეკოლოგიური უსაფრთხოების დასაცავად, ეს ეხება მანქანის მიერ გამონაბოლქვი ტოქსიკური აირების რაოდენობას და ავტომობილის ტექნიკურ გამართულობას. ავტომობილი ირგვლივ მყოფთათვის საფრთხეს არ უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ დავუშვათ, საქართველოს რომელიმე რაიონში მცხოვრებ ადამიანს ჰყავს 1970 წელს გამოშვებული ”მოსკვიჩი” და საერთოდ არ გეგმავს ევროპაში წასვლას, ასეთ მძღოლს არავინ უნდა სთხოვდეს ევრო-4 და ევრო-5-ის სტანდარტების დაკმაყოფილებას. აქ ლაპარაკია იმათზე, ვისაც სურს თავისი ავტომობილით ევროპის ქვეყნებში გადაადგილდეს.

- რატომ ფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე ტექდათვალიერების აღდგენა შეუძლებელია?
- ჩემი აზრით, ხელისუფლება ნამდვილად არ არის მზად საიმისოდ, რომ ტექდათვალიერება 1 მარტს აღადგინოს. ეს უნდა მოხდეს თანდათან, ეტაპობრივად. ამ სფეროში ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი ავტოპარკი ძალიან მოძველებულია. ამიტომ, ერთი ხელის მოსმით რომ ავიღოთ და აქ ევროპული ნორმები გადმოვიტანოთ, ჩვენი ავტოპარკის 80 პროცენტი პარალიზებული იქნება. ამიტომ, ჯერ უნდა დავიწყოთ საზოგადოების ინფორმირება - ვისაც სურვილი აქვს, რომ უახლოეს მომავალში საზღვარი გადაკვეთოს და ევროპის ქვეყნებში წავიდეს, ეს მოთხოვნები თავდაპირველად იმან უნდა დააკმაყოფილოს.

- კონკრეტულად, რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ავტომობილი, რომ ტექდათვალიერება გაიაროს?

- ტექნიკური დათვალიერების ნორმები 2 კრიტერიუმად იყოფა: ეს არის ეკოლოგიური და საგზაო უსაფრთხოება. ჯერ ეკოლოგიურ უსაფრთხოებას შევეხოთ: ავტომობილის გამონაბოლქვში ტოქსიკური აირები გარკვეულ ზღვარს არ უნდა აღემატებოდეს. ამის გამო ავტომობილს აქვს სპეციალური კატალიზატორი, რომელიც ატმოსფეროში გამოფრქვეული მავნე აირების გამოყოფას ხელს უშლის და აჩერებს, მაგრამ საქართველოში ძალიან დაბალი ხარისხის საწვავია - ჩვენ ვიყენებთ აზერბაიჯანულ საწვავს, რომელიც ოდნავაც ვერ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს, შესაბამისად, კატალიზატორებიც ხშირად გამოდიოდა მწყობრიდან და მათ ხსნიდნენ. ხშირად მძღოლები კატალიზატორს იღებდნენ იმიტომაც, რომ ის ძვირადღირებული ლითონისაგან იყო დამზადებული და ჩამბარებელ პუნქტებში აბარებდნენ. ამასთანავე, არსებობდა მითი, რომ კატალიზატორის ამოღებით საწვავის ეკონომიას შეძლებდნენ - სწორედ ამ სამმა ფაქტორმა განაპირობა ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ავტომფლობელების 80 პროცენტს მანქანიდან კატალიზატორი ამოღებული აქვს, ხოლო თუ ავტომობილს კატალიზატორი არა აქვს, ის ოდნავაც ვერ აკმაყოფილებს ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმებს. არანაკლებ მნიშვნელოვანი კრიტერიუმია გამართული სამუხრუჭე სისტემა, განათების სისტემა და მაშუქები. ეს ყველაფერი მწყობრში უნდა იყოს, ისევე, როგორც საქარე მინა და ცეცლმაქრი, ავტომობილში აუცილებლად უნდა იყოს საავტომობილო აფთიაქი და სხვა ბევრი წვრილმანი რამ... ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მოთხოვნებია, მაგალითად, გერმანიაში 600-მდე კრიტერიუმი არსებობს, რომელიც ავტომანქანამ ტექდათვალიერების დროს უნდა გაიაროს. საქართველოში ეს ნორმები რომ გადმოვიღოთ, ჩვენი ავტომობილების 80 პროცენტზე მეტი ტექდათვალიერებას ვერ გაივლის. ამიტომ, ჩვენ ჯერ მინიმალური მოთხოვნებით უნდა დავიწყოთ, როგორიც თუნდაც საავტომობილო აფთიაქი, ცეცხლმაქრი, ან სამუხრუჭე სისტემაა და მერე გადავიდეთ უფრო რთულ ეტაპზე. აუცილებელია საზოგადოების ინფორმირებულობა, რომ ის არ მოხდეს, რაც ღვედების შემოღების შემდეგ მოხდა: ეს ცვლილება ერთი ხელის მოსმით შემოიღეს, რამაც საზოგადოებაში ძალიან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ხალხმა უნდა იცოდეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ რეფორმის გატარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გატარება ნებისმიერი ხელისუფლებისათვის რთული იქნება.

- რატომ ფიქრობთ, რომ 1 მარტს ტექდათვალიერების შემოღება ვერ მოხერხდება.
- საქართველოში ტექნიკური დათვალიერება დღესაც ხორციელდება, ოღონდ - სატვირთო ავტომობილებზე და იმ ავტომობილებზე, ვისაც შვიდ მგზავრზე მეტი გადაჰყავს. მათი ტექდათვალიერება სავალდებულოა და ამ პროცესს 19 აკრედიტებული ავტოსერვისი ემსახურება. დღეს საქართველოში 1 მილიონზე მეტი რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილია. იანგარიშეთ, რამდენი ავტოცენტრი უნდა აშენდეს საქართველოში, რომ მათ მოემსახუროს და თან, ევროსტანდარტებსაც მოერგოს? ამის მიღწევას ძალიან დიდი დრო და მუშაობა სჭირდება, რაც ორ-სამ თვეში რთული მისაღწევია. ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ პერიოდში ტექდათვალიერება შევა ძალაში და თუ შევა, ეს სერიოზული საფრთხე იქნება, რადგან შესაძლოა იმ ძველი ტექდათვალიერების ფორმა მიიღოს. ამ აჩქარების გამო ჩვენი ავტოპარკიც დიდი პრობლემების წინაშე დადგება. საკითხავია, ტექდათვალიერება მართლა აღდგება, თუ მოსაკრებელი უნდა შემოვიღოთ, როგორც ეს ადრე იყო? - ეს მართლაც პრობლემური საკითხებია. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვაკვირდებით, მონიტორინგს ვუწევთ ამ პროცესებს და ყველანაირად ვეცდებით ამ მილიონამდე ადამიანის უფლებები არ დაირღვეს.

ხათუნა ჩიგოგიძე

წყარო: http://www.bpn.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3591
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია