დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საახალწლო ფასდაკლებები, მაგრამ რეალურად გაძვირებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა
2014/12/25 12:38:43

ტექნიკის მაღაზიებს საახალწლოდ ბაზარზე ფასდაკლებების შემოთავაზება გამოაქვთ, თუმცა მომხმარებლის გამოკითხვამ აჩვენა, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკა ბრენდულ მაღაზიებსა და ბაზრობებზე რეალურად გაძვირებულია. 

მომხმარებლები, რომელთაც საყოფაცხოვრებო ტექნიკა ოქტომბერ-ნოემბერში იყიდეს, "ნეტგაზეთთან" საუბარში აცხადებენ, რომ სარეცხის მანქანები, გაზქურები და მაცივრები გაძვირდა: 

 

"სამსუნგის 5-6 კილოგრამიანი სარეცხი მანქანები "სმაილში" და "ელიტ ელექტრონიქსში" ოქტომბერში ღირდა 520 ლარი, იგივე სარეცხის მანქანა დეკემბრის დასაწყისში უკვე 630 ლარი ღირდა. კონსულტანტს რომ ვკითხე, რამ გამოიწვია 120 ლარით გაძვირება-მეთქი, ლარის კურსის ვარდნამო, ასე განმიმარტა," -ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ნათია თაბაგარი, რომელმაც საყოფაცხოვრებო ტექნიკა 2014 წლის ოქტომბერში იყიდა. 

"სამსუნგისვე მაცივარი, 1.5 მეტრი სიმაღლის, მშრალი ყინვის, 620 ლარად ვიყიდე ოქტომბერში, ახლა იგივე მაღაზიაში 820-850 ლარი ღირს," -ამბობს თემურ რეხვიაშვილი. 

 

ეკა ნიქაბაძე კი ამბობს, რომ BOSH-ის გაზქურა, რომელიც ზაფხულში 1000 ლარად იყიდა, საახალწლო ფასდაკლებებზე 1200 ლარი ღირს, ხოლო სარეცხის მანქანა, რომელშიც 1200 ლარი გადაიხადა- 1350 ლარი: "ბუკლეტებს, რომელსაც გარეთ არიგებენ, სხვა დაპირებებია, ხოლო რეალური ფასები ტექნიკაზე გაცილებით მაღალია."  

რატომ გაძვირდა ტექნიკა ბრენდულ მაღაზიებსა და ბაზრობებზე? 

 

"ნეტგაზეთთან" საუბაში "სმაილის" კონსულტანტმა განაცხადა, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე ფასი ნოემბერში გაიზარდა: "ფასნამატი არის 50-100 ლარი. გაძვირება ლარის კურსის ვარდნას უკავშირდება."

 

24 დეკემბრის მონაცემებით, "სმაილში" LG-ის 6 კილოგრამიანი სარეცხის მანქანის ფასი 802 ლარიდან 998 ლარამდე იცვლება. მაღაზიის კონსულტანტი განმარტავს, რომ ფასის ცვლილებას სარეცხი მანქანის მონაცემები განაპირობებს. სამსუნგის 1,5 მეტრი სიმაღლის მაცივრის ფასი მონაცემების მიხედვით 699-დან 805 ლარამდეა. 

 

"ელიტ-ელექტრონიქსში"  LG-ის 6-კილოგრამიანი სარეცხის მანქანის ფასი 829 ლარიდან იწყება და ფუნქციების მიხედვით 1069 ლარამდეა. 1000 ლარიდან იწყება 1,5 მეტრი სიმაღლის სამსუნგის ბრენდის მაცივრის ფასი. 

 

"ელიტ ელექტრონიქსის" კონსულტანტმა "ნეტგაზეთთან" საუბარში განაცხადა, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფასები მაღაზიის ქსელში ყოველდღე იცვლება: "ახალი ფასი გვაქვს ყოველდღე. მაგალითად, დღეს მაცივრების რამდენიმე მოდელი გაძვირდა. გაზქურებზე ფასმა დაიწია."

ელიტ-ელექტრონიქსის" კონსულტანტები ამბობენ, რომ ნოემბერში მაღაზიების ქსელში საყოფაცხოვრებო ტექნიკა დაახლოებით 10%-ით გაძვირდა: "ფასების ზრდა ლარის კურსის ცვლილებამ გამოიწვია."

 

სავაჭრო ცენტრ "თბილისი ცენტრალში", "მეტრო მარტის" მაღაზიაში LG -ის 6 -ილოგრამიანი სარეცხის მანქანის ფასი 879 ლარია, განვადებით- 915 ლარი. რაც შეეხება სამსუნგის მაცივარს, გასაყიდი ფასი 825 ლარია,  განვადებით კი 885 ლარად არის შესაძლებელი.

"არაის" ქსელში LG-ის 6-კილოგრამიანი სარეცხის მანქანის ფასი 802 ლარიდან 998 ლარამდეა, სამსუნგის 1,5 მეტრი სიმაღლის მაცივრის ფასი კი 699-დან 805 ლარამდე. 


საახალწლოდ საყოფაცხოვრებო ტექნიკა ბაზრობებზეც გაძვირდა. დათო ბუაძე "ნეტგაზეთთან" საუბარში ამბობს, რომ ბრენდულ მაღაზიაში  მისთვის სასურველი LG-ის პლაზმური ტელევიზორის ფასი 620 ლარია, ხოლო ბაზრობაზე მსავსი მოდელი 670 ლარი ღირს.   

 

მარკეტინგის და ინტეგრირებული კომუნიკაციების სპეციალისტი ელდარ ფირმისაშვილი "ნეტგაზეთთან" საუბარში ამბობს, რომ საქართველოში ყველა მაღაზიაში ფასდაკლებების სისტემა ბუნდოვანია და ლოგიკას მოკლებული:  

 

"მთელ მსოფლიოში არსებობს ფასდაკლების სისტემა, რომელიც კონკრეტულ დღეს იწყება. ამაში ერთვება ყველა მაღაზია და მომხმარებელმა იცის უკვე, რომ კონკრეტულ დროს არის კონკრეტული ფასდაკლება. ფასდაკლება იწყება 10%-დან - 70%-მდე და მიდის ლიკვიდაციამდე. ჩვენთან ეს ტენდენცია დაიწყო და კარგად აითვისა ტანსაცმლის რამდენიმე ქსელურმა მაღაზიამ. ბოლო ორი წელია ფასდაკლებების სისტემა გახდა ქაოტური. მაღაზიებმა დაიწყეს არა სრულ კოლექციაზე ფასდაკლება, არამედ ის მანკიერი მიმართულებები, რაც აქამდე იყო. ტექნიკის მაღაზიები კონკრეტულ ერთ პროდუქტზე აკეთებენ აქცენტს ფასდაკლებების აქციებზე. უნდათ, რომ მომხმარებელი მიიზიდონ და მიიყვანონ სავაჭრო ობიექტზე და არა ის, რომ რეალურად შესთავაზონ ფასდაკლება. ამიტომ მაღაზიებში ტექნიკის ყიდვის ბევრი მსურველია, მაგრამ რეალური მყიდველი ცოტაა. ეს იმის მანიშნებელია, რომ კომპანიები სწორ კომუნიკაციას ვერ ახორციელებენ."

 

ნინო ნატროშვილი

წყარო: http://www.netgazeti.ge/

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2861
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია