საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გამჭვირვალე კონკურსი, თუ წინასწარ დარიგებული ადგილები?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/12/22 14:54:55

ქუთაისის თვითმმართველობაში მიმდინარე გასაუბრებას უნდობლობას უცხადებენ

 

მიმდინარე წელს ქუთაისის მერიამ და საკრებულომ 179 ვაკანტურ ადგილზე კონკურსი გამოაცხადა. ადგილობრივი თვითმმართველობის დასაქმების სურვილი, საერთო ჯამში, 5000-მდე ადამიანმა გამოთქვა, თუმცა მეორე ეტაპზე (ტესტირება) გადასვლა მხოლოდ მათ შეძლეს, რომელთაც სრულფასოვნად შევსებული დოკუმენტაცია წარადგინეს.

 

გარდა ამისა, მერიაში გაიმართა თანამშრომელთა ატესტაცია, რომელიც 48 ადამიანმა ვერ გაიარა. ამის გამო, მოგვიანებით, ამ 48 ადგილზეც გამოცხადდა განმეორებითი კონკურსი.

 

ამჟამად მერიაში ბარიერგადალახულ კონკურსანტებთან მესამე ეტაპი - გასაუბრება მიმდინარეობს. საკონკურსო კომისია, რომლის თავმჯდომარეც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალია, ქალაქის მერთან ერთად კონკურსანტებს ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება. კონკურსანტს სურვილის შემთხვევაში საშუალება აქვს გასაუბრების ვიდეო და აუდიო ჩაწერა მოახდინოს.

თუმცა, კონკურსის მესამე ეტაპი განსჯის საგანი თავიდანვე გახდა. მოწინააღმდეგეები აღნიშნავდნენ, რომ კონკურსანტს, რომელმაც ტესტირება წარმატებით გაიარა დამატებითი ბარიერები აღარ უნდა შეუქმნან, რადგან ეს ადამიანებისთვის ნერვიულობას წარმოადგენს.

 

გასაუბრება ტრაგიკულად დასრულდა მერიის ერთ-ერთი თანამშრომლისთვის, რომელიც კომისიასთან გასაუბრების დასრულების შემდეგ შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.

 

ამის გამო კონკურსის მესამე ეტაპი კიდევ ერთხელ გააპროტესტა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ევროპა ჩვენი სახლია“. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გასაუბრება მერიის მხრიდან მოფიქრებული დემოკრატიული ბლეფია, თუმცა მათი ბრალდება ამით არ სრულდება. მათი თქმით, ქუთაისის მერიაში გასაუბრება „ჩაწყობებით და ნაცნობობით“ მიმდინარეობს, რაც იქნება შედეგი იმისა, რომ კონკურსგავლილი მოქალაქეები მერის გადაწყვეტილებით სამსახურს გარეთ დარჩებიან.

 

„შოთა მურღულია მერი აღარ არის და ის ტიპური ბატონი გახდა, რომელსაც მერია თავის სამფლობელო ჰგონია და ადამიანებს საკუთარი სურვილის მიხედვით ირჩევს. ჩვენ მოვითხოვდით კონკურსის მესამე ეტაპის გაუქმებას, რადგან ეს არ არის დემოკრატიული პროცესი და მერი, რომელიც ყველაფერში კომპეტენტური ვერ იქნება, არ უნდა აფასებდეს კონკურსანტებს. სამწუხაროდ, კონკურსში ჩართულია მერია, საკრებულო, გუბერნია და ძალოვანი უწყებებიც კი, რომლებიც ადამიანებს აიძულებენ, „პატრონის“ ძებნა დაიწყონ და რომელიმე მაღალჩინოსანთან სამსახურის პოვნის მიზნით ურთიერთობები დაალაგონ.

 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მერიაში ადგილები უკვე გადანაწილებულია და თითო დეპუტატს სამი ადგილი ერგო, რომლის მიხედვითაც საკუთარ მომხრეებს არა პროფესიული, არამედ პარტიული ნიშნით აფასებენ. შესაძლოა, სანახაობისთვის რამდენიმე „ნაციონალიც“ დაასაქმონ, რადგან ეს არის დემოკრატიული ბლეფი,“ - განაცხადა „ევროპა ჩვენი სახლია“-ს დამფუძნებელმა გია გოქაძემ.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით დვალს წერილობით მიმართა, მიეწოდებინათ საჯარო ინფორმაცია 2014 წლის 16 ნოემბრის ქუთაისის თვითმმართველობაში ვაკანტურ თანამდებობებზე გამართული კონკურსის და ატესტაციის ტესტირების ეტაპზე ბარიერგადალახული კონკურსანტების მონაცემების და მიღებული ქულების შესახებ ინფორმაცია, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა, რომ საკრებულო კონკურსის და ატესტაციის შედეგების მიწოდების  შესაძლებლობას მოკლებულია და ინფორმაციის გაცემა მხოლოდ კონსტიტუციის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის წესით დადგენილი თანხმობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

 

„ევროპა ჩვენი სახლია“-ს განცხადებას საკონკურსო კომისიის თავმჯდომარემ, დავით დვალმა წერილობით უპასუხა.

 

„გოქაძე თავის განცხადებაში ქუთაისის თვითმმართველობაში მიმდინარე საკონკურსო საატესტაციო პროცესს და მასში დამსწრის სტატუსით ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდობლობას უცხადებს. გოქაძე იმასაც აღნიშნავს, რომ კონკურსის მესამე ეტაპის მიმდინარეობას არც ერთი ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია არ აკვირდება, ხოლო საკონკურსო  საატესტაციო კომისია კონკურსის მეორე ეტაპის (ტესტირების) შედეგებს არ  აწვდის. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და არასერიოზული კაცის მორიგი არასერიოზული განცხადება, რომელსაც მხოლოდ საზოგადოების ინფორმირებულობის თვალსაზრისით ვპასუხობთ,“ - ნათქვამია განცხადებაში.

 

საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს  პასუხის პასუხი გაუგზავნა გია გოქაძემ და აღნიშნავს, რომ დვალი პირად შეურაცხყოფაზე გადადის.

 

„არასერიოზულ განცხადებაზე საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან საგანგებო პასუხის გაცემის აუცილებლობას და შინაარსის სერიოზულობას საზოგადოება შეაფასებს. საზოგადოება, რომელსაც აქვს კითხვები და აინტერესებს: თუკი კონკურსანტის პროფესიულ დონეს ტესტირება ამოწმებს, მაშინ რა როლი აქვს გასაუბრებას, რომელიც პარტიული ნიშნით დაკომპლექტებული კომისია ახორციელებს? რატომ არის თეორიულად შესაძლებელი ტესტირებაზე უმაღლესი შეფასების მიმღებ კონკურსანტს გასაუბრებაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარს სიმწრით გადალახულმა კონკურსანტმა „აჯობოს“.


რატომ მოხდა მერიის მხრიდან საჯარო სამსახურში (გადასახადის გადამხდელის მიერ დასაქირავებელი) საჯარო მოხელის თანამდებობაზე ასარჩევი კონკურსანტის ტესტირების შედეგების გასაიდუმლოება და კანონის რომელი მუხლი ითხოვს ამას? რა პროფესიული ნიშნით არიან კომისიის წევრები  შერჩეული და დამთხვევაა თუ არა ის, რომ  „ქართული ოცნების“ ქომაგთა და აქტიურ წევრთა გარდა კომისიის შემადგენლობაში არავინაა?

ბატონი დვალის შემუშავებული ტაქტიკა დახვეწას არ ექვემდებარება. პრობლემის პერსონალიზაცია და კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის დისკრედიტაციის მცდელობა მოკლევადიანი გათვლაა და საზოგადოების ინტერესთან შეუთავსებელი.

საზოგადოების კითხვებზე პასუხის გაცემა მათივე დაქირავებულ დვალს, მურღულიას და სხვა ჩინოვნიკებს აუცილებლად მოუწევთ, მანამდე კი გირჩევდით, რომ ენერგია, რომელსაც გია გოქაძის და „ევროპა ჩვენი სახლია“-ს არასერიოზულობაში საზოგადოების დასარწმუნებლად ხარჯავთ, პარლამენტის ქუთაისში დასატოვებლად დაგეხარჯათ, რაც თითოეული ქუთაისელის უკეთესი მომავლის გარანტია იქნებოდა,“ აღნიშნავს გოქაძე.

 

მერიაში გასაუბრება 25 დეკემბერს დასრულდება, რის შემდეგაც შერჩეული თანამშრომლები ახალი წლიდან მერიასა და საკრებულოში მუშაობას დაიწყებენ. ცნობისთვის, ახალი წლიდან საჯარო მოხელეების სახელფასო სარგოც იზრდება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2140
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია