დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასამართლო რეფორმა
2014 წელი - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საქმიანობა სხვადასხვა რაკურსით
ავტორი: ნატო გუბელაძე
2014/12/22 14:49:29

ქუთაისის საქალაქო სასამართლო ერთ-ერთი დიდი სასამართლოა საერთო სასამართლოების სისტემაში. მის შემადგენლობაში შედის ბაღდათის, ტყიბულის და წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოები, სადაც იხილება მაგისტრატი მოსამართლეების განსჯადი საქმეები, შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში უფლებამოსილებას ახორციელებს ათი მოსამართლე, რომლებსაც მართლმსაჯულების განხორციელებაში ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს დაახლოებით ორმოცდაათი საჯარო მოსამსახურე.

 

ჩვენ ვთხოვეთ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, ბატონ თემურ გოგოხიას, რომ შეეფასებინა 2014 წელი, როგორი იყო იგი საქმიანობის თვალსაზრისით.- ბატონო, თემურ, იქნებ შეაჯამოთ 2014 წელი, რა მნიშვნელოვანი საკითხები განხორციელდა სასამართლოში, როგორია საქმეთა განხილვის სტატისტიკა?

 

- მიმდინარე წელი, ისევე, როგორც სხვა წლები, ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთვის საკმაოდ დატვირთული იყო, როგორც შემოსული და განხილული საქმეების რაოდენობით, ასევე - სხვა აქტივობებითაც. 2014 წლის განმავლობაში, დღეის მდგომარეობით ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შემოვიდა დაახლოებით 970 სისხლის სამართლის, 2160 სამოქალაქო სამართლის, 406 ადმინისტრაციული სამართლის და 1836 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. სასამართლომ განიხილა დაახლოებით 980 სისხლის სამართლის საქმე, 2053 სამოქალაქო სამართლის, 405 ადმინისტრაციული სამართლის და 1782 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.  სასამართლო თავისი საქმიანობის გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად, მოთხოვნის შემთხვევაში აქტიურად გასცემს საჯარო ინფორმაციას. მიმდინარე წლის განმავლობაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 47 განცხადება, რომელთაგან 41 მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

 

- როგორც მკითხველმა იცის, ქუთაისის სასამართლოში წელს რამდენიმე პროცესი წარიმართა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით. რამდენად ორგანიზებულად მიმდინარეობს ამ ახალი ინსტიტუტის დანერგვა?

 

- დიახ, 2014 წელს ქუთაისის სასამართლოში რამდენიმე გახმაურებული და მაღალი საზოგადოებრივი  ინტერესის მქონე საქმე წარიმართა. ასევე, განხორციელდა სისხლის სამართლის საქმეების განხილვა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით. ნაფიცმა მსაჯულებმა ერთ საქმეზე უკვე გამოიტანეს ვერდიქტი, ერთი საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა, ხოლო კიდევ ერთ საქმეზე მიმდინარეობს ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცედურები. მიუხედავად იმისა, რომ ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით სისხლის სამართლის საქმეების განხილვის პრაქტიკა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში აქამდე არ არსებობდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე გამართული სასამართლო პროცესები ორგანიზაციული თვალსაზრისით საკმაოდ მაღალ დონეზე იყო მომზადებული, რაც თავად ნაფიცი მსაჯულების მიერაც აღინიშნა შესაბამისი კითხვარების შევსებისას.

 

- გარდა მართლმსაჯულების განხორციელებისა, როგორც ვიცი, სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ღონისძიებებსაც აწყობთ...

 

- ვცდილობთ, რომ ჩვენი საქმიანობის პარალელურად, ყურადღება დავუთმოთ სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებს. ქუთაისის საქალაქო სასამართლო აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სახის სოციალურ ღონისძიებებში, რომლებშიც ჩართულია სასამართლოს მთელი პერსონალი. სასამართლოს თანამშრომლები მიმდინარე წლის აპრილის თვეში  რამდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრნენ, მიულოცეს  მათ ბზობა და დამდეგი აღგდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. სასამართლოს თანამშრომლების მიერ შეგროვილი პირადი სახსრებით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებს გადაეცათ ტელევიზორი, საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარების საგნები და ტკბილეული.

 

- ბატონო, თემურ, საინტერესოა, რა ფორმით თანამშრომლობთ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, უნივერსიტეტებთან, თქვენს მომავალ ახალგაზრდა კოლეგებთან?

 

- ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ, სწორედ ამიტომ სასამართლო  აქტიურად თანამშრომლობს ქალაქში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, უნივერსიტეტებთან და საჯარო სკოლებთან. 2014 წლის განმავლობაში სასამართლოში ვიზიტად იმყოფებოდნენ რამდენიმე საჯარო სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეები. ისინი გაეცვნენ საერთო სასამართლოების სტრუქტურას, სისხლის სამართლის საქმეების განხილვის პროცედურებს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს და ამ კატეგორიის საქმეების წარმოების სპეციფიკას, დაინტერესდნენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ინფორმაციებით, რაზეც მიიღეს შესაბამისი განმარტებები. სასამართლო ანალოგიური ხასიათის შეხვედრებს პროფესიული ორიენტაციისა და დაგეგმვის პროექტის ფარგლებში არამარტო ქალაქის მასშტაბით, არამედ ბაღდათის და ტყიბულის მუნიციპალიტეტებშიც მართავს.

 

მიმდინარე წელს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გააგრძელა ტრადიცია და კიდევ ორ უნივერსიტეტთან გააფორმა ურთიერთიერთთანამშრობლობის მემორანდუმი, რაც  საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს, სტუდენტთა სასამართლოსთან ურთიერთობის გზით, მათ პროფესიულ დაოსტატებას, განვითარებას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

 

ყოველწლიურად დაახლოებით ოცამდე უნივერსიტეტის სტუდენტსა თუ კურსდამთავრებულს ეძლევა საშუალება, სტაჟირება გაიაროს სასამართლოში არსებულ სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში და შეისწავლოს მათი საქმიანობის პრინციპები.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად სამართლებრივი ოლიმპიადის ფარგლებში სტუდენტების და მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა რამდენიმე იმიტირებული პროცესი, სადაც ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით მოხდა საქმეების განხილვა. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს საზოგადოების სამართლებრივი შეგნების ამაღლებას და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მნიშვნელობის გათავისებას.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო, მართლმსაჯულების განხორციელების პარალელურად, მომავალ წელსაც გეგმავს  კიდევ უფრო მეტი აქტიურობით განაგრძოს სოციალურ ღონისძიებებში მონაწილეობა.

 

- წარმატებებს გისურვებთ!

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3565
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია