საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ბიბლიოთეკის თანამშრომელთა შემცირება ატესტაციის ჩატარების შემდეგ მოხდება?
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/12/09 10:23:08

ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლები ხელფასების ზრდას ითხოვენ

 

გასულ კვირაში ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის  თანამშრომლებმა გამაფრთხილებელი გაფიცვა მოაწყვეს. ისინი ხელფასის გაზრდას და შენობის რეაბილიტაციას ითხოვენ. ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ გაფიცვა იმ დრომდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

 

ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ბიბლიოთეკაა. 1873 წლის  26 ოქტომბერს პედაგოგ ანტონ ლორთქიფანიძის მიერ დაარსდა პირველი კერძო ბიბლიოთეკა - საკითხავი კაბინეტი  1500 ცალი წიგნით.

 

1997 წელს საჯარო ბიბლიოთეკას ეწოდა ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო-უნივერსალური ბიბლიოთეკა.

 

ფონდი შეადგენს 1 მილიონ საბიბლიოთეკო დოკუმენტს, წიგნებს, პერიოდულ გამოცემებს, CD-ROM-ებისა და DVD-ის კოლექციებს. ფონდში დაცულია როგორც ქართული, ისე უცხოენოვანი ლიტერატურა.

ბიბლიოთეკის სიმდიდრეა უნიკალური და იშვიათი გამოცემები, რაც ეროვნულ საგანძურს წარმოადგენს. 

ბიბლიოთეკაში ამჟამად 14 განყოფილება ფუნქციონირებს და 140 ადამიანი მუშაობს. მათ ანაზღაურებას კი მათივე ფუნქციები განსაზღვრავს: ბიბლიოთეკის თანამშრომელთა შორის მაქსიმალური ხელფასი - 296 ლარი  განყოფილების გამგეს აქვს,  ხოლო დამლაგებლის ანაზღაურება 160 ლარია.

 

გასულ კვირას კი ბიბლიოთეკის განყოფილებები: აბონემენტის, დარბაზის, პერიოდიკის, საცავის, კატალოგიზაციის, რესტავრაციის, ბიბლიოგრაფიის, რელიგიის - გაიფიცნენ. გაფიცულთა თქმით, ისინი სამი კვირის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ ქალაქის მერთან შეხვედრას, რის შემდეგაც გამაფრთხილებელი გაფიცვა მოაწყვეს.

 

ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა შემდეგი განცხადება გაავრცელეს:

 

„ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის, აბონემენტის, დარბაზის, პერიოდიკის, საცავის, კატალოგიზაციის, რესტავრაციის, ბიბლიოგრაფიის, რელიგიის განყოფილებები ბოდიშს უხდიან მკითხველს, რადგან გაფიცვის გამო წყვეტენ მათ მომსახურეობას.

 

უკვე წლებია, საჯარო ბიბლიოთეკაში უმძიმესი ვითარებაა, ძალიან მცირეა თანამშრომელთა ხელფასები, მოშლილია საშემსრულებლო დისციპლინა, საბიბლიოთეკო მუშაობაში არაერთი ხარვეზის გამო ფერხდება მკითხველთა სრულყოფილი მომსახურეობა, კარგად გაპიარებული ფასადური პოლიტიკის მიღმა დგას უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი დირექტორის გარკვეული ნაწილი და უკმაყოფილო მკითხველი.

 

პარლამენტისა და ქუთაისის მთავრობისთვის არ ახალია ბიბლიოთეკის პრობლემები.

დაპირება ბევრია, დახმარება მინიმალური.

 

დღემდე გაურკვეველია ბიბლიოთეკარების მომავალი. მაშინ, როცა ქუთაისის მასშტაბით ყველგან მიმდინარეობს ბიუჯეტზე მსჯელობა, ბიბლიოთეკის საკითხი საერთოდ არ განიხილება. ადგილობრივი ხელისუფლების პოზიცია, მიუხედავად ათასგვარი დაპირებისა, დღემდე გაუგებარია.

საჯარო ბიბლიოთეკის გაფიცვა არ ნიშნავს მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოსვლას. ჩვენ ადგილობრივ ჩინოვნიკთა გაურკვეველი ქმედებები გვაწუხებს, რომელთაც ნდობის მანდატი აქვთ მინიჭებული მთავრობისა და ხალხისგან.“

 

ბიბლიოთეკარების გაფიცვასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ ბიბლიოთეკის დირექტორს ნარგიზ ჩოგოვაძეს.

 

მისი თქმით, გაფიცვის დროს კატალოგიზაციის ერთი სექტორი იყო გაფიცული, მეორე კი მუშაობდა, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომუშავე განყოფილება არ უერთდება თანამშრომლების პროტესტს ხელფასების გაზრდის მოთხოვნით.

 

„ჩვენმა ძირითადმა განყოფილებებმა შეაჩერეს მუშაობა, მაგრამ დანარჩენი სექტორი აბსოლუტურად უერთდება ჩვენს მოთხოვნებს. ჩვენ ერთსულოვნები ვართ.  ხელფასების პრობლება ბიბლიოთეკაში მრავალი წელია არსებობს. იყო პერიოდი,  როდესაც  34  ლარი ჰქონდათ თანამშრომლებს, თუმცა ახლა ჩვენ ძველ დროში არ ვართ. ბიბლიოთეკა სრული დატვირთვით მუშაობს, მკითხველთა რაოდენობა თვიდან-თვემდე იზრდება, გვაქვს სხვადასხვა ღონისძიებები, კონკურსები, შემოქმედებითი საღამოები, ვაწყობთ შეხვედრებს, ვიძენთ ახალ სახელმძღვანელოებს... ზღვა შრომა ჩავდე თითოეულ თანამშრომელთან ერთად ბიბლიოთეკის ამუშავებისთვის, სიახლეების დამკვიდრებისთვის. გარედან სრულიად განსხვავებულად მოჩანს ყველაფერი. სხვისთვის იოლია, ზერელედ შეაფასოს ის ლომის წილი, რაც ჩვენ მიგვიძღვის აქაურობის შესანარჩუნებლად და პროგრესირებისთვის. ამის დაუნახავობა არ შეიძლება,“ - განაცხადა ნარგიზ ჩოგოვაძემ.

 

მისივე თქმით,  ბიბლიოთეკაში 2014 წლის დასაწყისში, დაახლოებით, 65 ლარით გაიზარდა ხელფასები. მაგრამ მანამდე არსებული ხელფასები იმდენად მწირი იყო, რომ მატება ვერ დაეტყო.

„ადრე ვესაუბრე ქალაქის ხელმძღვანელობას ამ საკითხზე, მათ არც კატეგორიული უარი უთქვამთ და არც მატების პირობით არ გამოვუშვივარ უკან. ახლა მიმდინარეობს ბიუჯეტის შედგენა და სწორედ ახლა უნდა იყოს გაწერილი მასში ბიბლიოთეკის ხარჯები.“

ნარგიზ ჩოგოვაძის თქმით, რაც  შეეხება ბიბლიოთკის შენობის რეაბილიტაციას, ეს საკითხი უკავე მოგვარებულია და მომავალი წლიდან დაიწყება შენობის როგორც გარემონტება, ასევე იგეგმება ფართის მომატებაც.

 

ბიბლიოთეკარების გაფიცვას ქალაქის მერის მოადგილე, ნოდარ მიქიაშვილი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ბიბლიოთეკაში ხელფასების გაზრდის საკითხს მას შემდეგ განიხილავენ, რაც დაწესებულებაში რეორგანიზაცია მოხდება.

 

„ბიბლიოთეკა მხოლოდ ნაწილობრივ არის პარალიზებული, რაც შეეხება ხელფასების ზრდას, 2014 წლის დასაწყისში 25%-ით გაიზარდა ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ხელფასები. კიდევ გაზრდას არ ვგეგმავთ, მას შემდეგ ვიფიქრებთ ხელფასების ზრდაზე, როცა იქ იმდენი თანამშრომელი დარჩება, რამდენიც საჭირო არის,“ - განაცხადა მიქიაშვილმა.

 

მისი ეს განცხადება სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა მუქარად აღიქვეს.  
ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, ნინო ძოწენიძემ, საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე ნოდარ მიქიაშვილი მუქარასა და შანტაჟში დაადანაშაულა.

 

„გთხოვთ ყველას, გულდასმით მოისმინოთ ვიცე-მერის, ნოდარ მიქიაშვილის კომენტარი, რომელიც შეიცავს მუქარისა და შანტაჟის ელემენტებს. ეტყობა, ბატონი ნოდარი ვერ გამოვიდა „ნაცების“ კოშმარული ხანიდან და ვერც ძველი ტერმინოლოგიით საუბარს გადაეჩვია.

 

„ულტიმატუმის ენა“ და ხალხის დაშანტაჟება „ნაცების“ გამოცდილი მეთოდი იყო. ბიბლიოთეკის თანამშრომლები არ საუბრობენ ულტიმატუმის ენით. პირიქით, მათ მრავალგზის თხოვეს დახმარება მას, თუმცა - უშედეგოდ. ნაცნობ-მეგობრების საკეთილდღეოდ წაყრუების პოლიტიკა აირჩია და საერთოდ იგნორირება გაუკეთა სისტემას... სიმართლეს და სამართალს ვერ მოერევით. თქვენი ასეთი განცხადებებით მხოლოდ თავი გამოიაშკარავეთ,“ - დაწერა „ფეისბუქის“ გვერდზე ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ ნინო ძოწენიძემ.

 

ბიბლიოთეკის დირექტორი აცხადებს, რომ მერი არ არის ადგილზე და მთავრობის სხვა წარმომადგენლების მოსაზრებას ვერ შეაფასებს. თუმცა ბიბლიოთეკაშიც არის კადრები, რომლებიც შესამცირებელია.

 

„ჩამოვა მერი, დავსხდებით და დავილაპარაკებთ, რაც შეეხება კადრების შემცირებას, ეს საკითხი ურთიერთშეთანხმებით უნდა მოხდეს. ზედმეტი კადრი ყველგან არის, და შეიძლება არის შესამცირებელი, მაგრამ ამას მარტო ერთი მხარე ვერ გადაწყვეტს,“ - განაცხადა ბიბლიოთეკის დირექტორმა.

 

მიმდინარე კვირას გავრცელდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს ნარგიზ ჩოგოვაძეს გაფიცულ თანამშრომელთა ე.წ. „შავი სიის“ გადაცემა უნდოდა მიქიაშვილისათვის, თუმცა თანამშრომლების ჩარევის შემდეგ უკან დაიხია. ამ ფაქტს არ ადასტურებს თავად ბიბლიოთეკის დირექტორი. მისი თქმით, ეს სრული სიცრუეა. მას არაფერში არ სჭირდება „შავი სიები“, მისი ყველა თანამშრომელი იქვე ჰყავს და ნებისმიერ დროს შეუძლია მათთან საუბარი, ამისთვის რაიმე სიების შედგენა არ სჭირდება.

 

ამჟამად ბიბლიოთეკის რამდენიმე განყოფილება გაჩერებულია, ისინი მერთან შეხვედრას ელოდებიან.

 

ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი იმ შემთხვევაში, თუ მერთან საუბრის შემდეგაც არ გაეზრდებათ ხელფასები, არ აკეთებს პროგნოზს, გაგრძელდება თუ არა მათი პროტესტი. 

მერის პოზიცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. როგორც ვარაუდობენ, შესაძლოა, მერიამ ბიბლიოთეკის თანამშრომლებს სავალდებულო ატესტაციის გავლა მოსთხოვოს და ამის შემდეგ გაუზარდოს ხელფასი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1372
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია