დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მკვლელობების სტატისტიკა საქართველოში
2014/11/27 11:10:56

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა 2003-2014 წლების რეგისტრირებული და გახსნილი დანაშაულის სტატისტიკა. აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები მოთხოვნილი იყო სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი შემდეგი ქმედებებისთვის: განზრახ მკვლელობა (მუხლი 108), განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში (მუხლი 109), განზრახ მკვლელობის მცდელობა (მუხლი 19,108) და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობა (19,109).

 

 როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, მკვლელობის შემთხვევების მაჩვენებელმა ყველაზე მაღალ ნიშნულს 2007 წელს მიაღწია, როდესაც საქართველოს მასშტაბით აღნიშნული დანაშაულის 249 შემთხვევა დარეგისტრირდა. მომდევნო წლებში მაჩვენებელი ეტაპობრივად იკლებდა და 2011 წელს მხოლოდ 90 მკვლელობის შემთხვევა ფიქსირდება საქართველოში. 2012  წელს კვლავ შეინიშნება აღნიშნული დანაშაულის მატების ტენდენცია, როდესაც 2011 წელთან შედარებით 13 შემთხვევით იმატა. სამწუხაროდ, შეუძლებელია მოცემული ტენდენციის უტყუარი შეფასება 2013–2014 წლებისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ მოცემული წლების პირველი 10 თვის მდგომარეობით, თუმცა აღნიშნული მონაცემებით შესაძლებელია გარკვეული დასკვნების გამოტანა ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებული მკვლელობების შესახებ.

 

მაგალითად, 2013 წლის 10 თვის განმავლობაში დაფიქსირებულია დაახლოებით იმავეოდენობის მკვლელობის შემთხვევა, რაც 2012 წლის განმავლობაში სრულად. აღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ 2013 წელს – 2012 წელთან შედარებით – მკვლელობების რიცხვი გაიზრდებოდა. განსხვავებული მდგომარეობაა 2014 წლის შემთხვევაში, როდესაც 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2014  წელს დაფიქსირებული მკვლელობების რაოდენობა შემცირებულია 20 ერთეულით.

 

დარეგისტრირებულ დანაშაულთარაოდენობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, შეფასდეს  ტენდენცია მოცემული წლებისთვის. კერძოდ, როგორც ამას მოწოდებული ინფორმაცია ცხადყოფს, მკვლელობის შემთხვევათა გახსნის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლები 2013 და 2014 წლების საწყისი 10 თვის განმავლობაში ფიქსირდება.

 

 

***

აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია აღნიშნულ ორგანიზაციაზე მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდგომ, 12 ნოემბერს გასცა. ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ მონაცემები, სამწუხაროდ, მოწოდებულ იქნა არასრულყოფილი სახით. კერძოდ, გადაცემული დოკუმენტი შეიცავდა მხოლოდ 2013 და 2014 წლების პირველი რვა თვის (იანვარი-აგვისტო) სტატისტიკურ მონაცემებს.

 

„ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა აღინიშნოს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა დანაშულის სტატისტიკა, რომელიც მოიცავს 2014, ისევე, როგორც 2013 წლის 10 თვის პერიოდს. 

 

შესაბამისად ჩვენთვის გაუგებარი რჩება თუ რა მიზეზით მოგვეწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია 2013 წლის მხოლოდ პირველი რვა თვის მიხედვით, მაშინ როდესაც ეს ინფორმაცია ჩვენს მიერ მოთხოვნილი იქნა 2014 წლის დასასრულს და შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტროს დამუშავებული უნდა ჰქონდეს გასული წლის სტატისტიკა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ მოწოდებული ინფორმაცია სრულყოფილად ვერ ასახავს ქვეყანაში არსებულ სურათს 2013 წელთან მიმართებაში.


ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ ჩვენი 2014 წლის 12 სექტემბრის წერილის პასუხად, რომლითაც ვითხოვდით ანალოგიურ სტატისტიკურ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან, უწყებამ გვაცნობა, რომ შეუძლებელი იყო მონაცემების მოწოდება 2012–2014 წლებისთვის იქიდან გამომდინარე, რომ "საქსტატში" ეს ინფორმაცია არ ინახებოდა. ვფიქრობთ, პრობლემურია ის გარემოება, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს არ მოეპოვება ან/და შსს–სგან არ მიეწოდა დანაშაულის სტატისტიკის შესახებ ინფორმაცია, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მონაცემებზე არსებობს ძალზე მაღალი საჯარო ინტერესი.“ – ნათქვამია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის"  მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

წყარო: სხვადასხვა

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3183
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია