საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მოხდა თუ არა დისკრიმინაცია?
2014/11/27 08:12:52

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო გუშინ „რუსთავი2“-ის ეთერით გასულ გადაცემას ეხმიანება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი სტუმრის გევორქ პეტროსიანის გამონათქვამებს იეჰოვას მოწმეებზე დისკრიმინაციულად აფასებს და მიიჩნევს, რომ გადაცემის წამყვანმა დაარღვია მაუწყებელთა ქცევის კოდექსი.


კერძოდ, 26 ნოემბრის გადაცემაში “ნანუკას შოუ” სტუმრად იმყოფებოდა პროექტ “ნიჭიერის” მონაწილე გევორქ პეტროსიანი, რომელმაც იეჰოვას მოწმეები მოიხსენია “საშიშ, სასტიკ და ტოტალიტარულ სექტად” და დასძინა, რომ პროექტში მისი მონაწილეობის მიზანი, საზოგადოებისთვის სწორედ ამის შეტყობინება იყო.

 

წამყვანმა, არა თუ არ შეაჩერა გადაცემის სტუმარი, არამედ თავადაც გამოიყენა დისკრიმინაციული ტერმინები: “ანუ ძაან ბნელა”, “იეღოველები აგრესიულები ხომ არ არიან?”, “თქვენ სიტყვას მაძლევთ, რომ აქ იეღოველები არ მომივარდებიან? მეშინია მე მაგათი”, “კარგი ქენით, რომ წამოხვედით”,“იეღოველები დაზომბირებულები არიან?” “ძაან მეშინია, რომ არ დამაგიპნოზონ”.

 

ქარტიის საბჭო შეახსენებს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ს” და გადაცემის წამყვანს, რომ მაუწყებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსით, რომლის 32-ე და 33-ე მუხლები მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპების დაცვას მოითხოვს.

 

მუხლი 32. მაუწყებლის მიერ მრავალფეროვნების, თანასწორობის და შემწყნარებლობის პრინციპების დაცვისადმი წაყენებული მოთხოვნები (წესები)


1. მაუწყებელი ვალდებულია სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ზუსტი და სარწმუნო, დაბალანსებული, პროპორციული და თანაზომადი ინფორმაცია საქართველოში მცხოვრებ ყველა კულტურულ, რელიგიურ, ეთნიკურ ჯგუფზე და სოციალურ ფენაზე სამართლიანობის და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით.


2. მაუწყებელმა პატივი უნდა სცეს აზრის, სინდისის, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებებს და თავიდან აიცილოს ნებისმიერი ეთნიკური, რელიგიური, კულტურული ან სოციალური ჯგუფის შეურაცხყოფა.
3. მაუწყებელმა პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.

 

მუხლი 33. სახელმძღვანელო რეკომენდაციები მაუწყებლის მიერ მრავალფეროვნების, თანასწორობის და ტოლერანტობის პრინციპების დაცვის შესახებ


1. მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს ეთნიკურ ან რელიგიურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებას, მათ შორის ცალკეული პიროვნებების საქმიანობის ასოცირებას მთელ ჯგუფთან.
2. მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს უმცირესობების და სოციალური პრობლემების შესახებ არასწორი და შეცდომაში შემყვანი განცხადებების გაკეთებას, ხელი არ უნდა შეუწყოს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას, აუცილებლობის გარეშე არ უნდა აღნიშნოს პირის ეთნიკური წარმოშობა და რელიგიური მრწამსი.


3. მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს რელიგიური, ეთნიკური, ან სხვა ნიშნის მიხედვით რომელიმე ჯგუფის შეურაცხყოფა, მათ შორის გარკვეული ლექსიკის ან გამოსახულების გამოყენება. ეს მოთხოვნა არ უკრძალავს მაუწყებელს, ხელი შეუწყოს ინფორმირებულ და არაცალმხრივ დისკუსიას შეუწყნარებლობის ან დისკრიმინაციის საკითხებზე, ან გადასცეს ფაქტობრივი მასალა ან საზოგადოებაში რეალურად არსებული მოსაზრება.


4. თუ წყარო პირდაპირ ეთერში ან ახალ ამბებში უსაფუძვლოდ ასახელებს ეთნიკურ წარმომავლობას, რელიგიურ მრწამს, სექსუალურ ორიენტაციას, ოჯახურ ან ქონებრივ მდგომარეობას, სოციალურ კუთვნილებას, ან ნებისმიერ სხვა ნიშანს, როგორც პრობლემის გამომწვევ მიზეზს ან იყენებს შეურაცხმყოფელ ტერმინოლოგიას რომელიმე ჯგუფის მიმართ, წამყვანი არ უნდა აყვეს ასეთ დიალოგს და შეეცადოს შეურაცხმყოფელი განცხადების ავტორს დაუსვას შეკითხვა გამოთქმული მოსაზრების დასაბუთების მიზნით.

 

ქარტიის საბჭო მიესალმება იმ ფაქტს, რომ საზოგადოების რეაქციის შემდეგ, წამყვანმა განმარტება გამოაქვეყნა, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს მას ეთერშივე უნდა გაეკეთებინა. საბჭო მიმართავს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ს”: ნუ გაიმეორებს გადაცემის ამ ფრაგმენტს ეთერში და ნუ გაავრცელებს მას ინტერნეტით; მეტი სიფრთხილით მოეკიდოს რელიგიურ და მსგავს მგრძნობიარე თემებს; წამყვანის მიერ გაკეთებული განმარტების მიუხედავად, რეაგირების გარეშე არ დატოვოს ეთიკური სტანდარტის ასეთი უხეში დარღვევა და შესაბამისი განმარტება გააკეთოს წამყვანისა და სტუმრის დისკრიმინაციულ გამონათქვამებთან დაკავშირებით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2159
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია