საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რატომ მოკვდა პატიმარი?
2014/11/27 07:44:36

სახალხო დამცველის განცხადება ქსანში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

 

 

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა, შეტყობინების მიღების საფუძველზე, 2014 წლის 25–26 ნოემბრის ღამეს ვიზიტი განახორციელეს სასჯელაღსრულების #15 დაწესებულებაში, პატიმარ ა.ჭ. გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. გარდაცვალების ანამნეზის მიხედვით, მსჯავრდებული საკანში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ყელის არეში, უფრო მეტად მარჯვნივ აღენიშნებოდა სტრანგულაციური ნაჭდევი, საძილე არტერიებზე პულსაცია არ აღენიშნებოდა, გულის ტონები არ ისმინებოდა, ჩაუტარდა გულ-ფილტვის რეანიმაციული ღონისძიებები. მიუხედავად ჩატარებული სამედიცინო დახმარებისა, სიცოცხლის ფუნქციის აღდგენა ვერ მოხერხდა. ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა 20:40 საათზე, სავარაუდო DS ასფიქსია. არ ფიქსირდება #15 დაწესებულებაში მედიკამენტების მიღების ფაქტიც.


საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ გვამის დათვალიერების დროს გარდაცვლილს სხეულზე არ აღენიშნებოდა დაზიანებ(ებ)ის კვალი, გარდა ყელის არეში დაფიქსირებული დაზიანებისა. ასევე დააფიქსირეს ზედა კიდურებზე და მუცლის არეში ძველი მრავლობითი თვითდაზიანებების კვალი.


საქართველოს სახალხო დამცველისთვის მოწოდებული ინფორმაციით, ჩატარდა სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს გარდაცვალების მიზეზი.


საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა შეამოწმეს მსჯავრდებულ ა.ჭ.–ს ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი, ასევე, დაწესებულების მთავარი ექიმის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობა, რომლის მიხედვით, სასჯელაღსრულების #15 დაწესებულებაში მოთავსებისას ექიმისთვის რაიმე სახის ჩივილებით მსჯავრდებულს არ მიუმართავს. თუმცა, მსჯავრდებულ ა.ჭ.–ს სამედიცინო ბარათის მიხედვით, სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში ყოფნის (2014 წლის 1 მარტიდან 15 ოქტომბრამდე) პერიოდში, მსჯავრდებული გადიოდა მკურნალობას, მათ შორის, გაწეული აქვს ექიმ–ფსიქიატრის კონსულტაციები 2014 წლის ივნისი–ივლისის თვეში.


საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს საქმის დეტალების შესწავლას და დამატებითი მასალების მოძიების შემდგომ ინფორმაციას მიაწვდის შესაბამის ორგანოებს და საზოგადოებას.

 

წყარო: http://www.ombudsman.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1529
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია