დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ევროკავშირის სტანდარტით თაფლის შემოწმებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია წლის ბოლოსთვის შეძლებს
2014/11/22 19:38:00
„ევროკავშირის სტანდარტით თაფლის შემოწმებას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია 2014 წლის ბოლოსთვის შეძლებს. თაფლი ყველაზე რთულად შესამოწმებელი პროდუქტია. თუ ჩვენ ამ პროდუქტის ევროკავშირის სტანდარტებით შემოწმებას შევძლებთ, ჩათვალეთ, რომ სხვა არცერთი სასურსათო პროდუქტის შემოწმებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ იქნება,“ – ამბობს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი ლალი მაძღარაშვილი. 
 
– სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ აშშ-ის სტანდარტების ეროვნული ინსტიტუტის (ANSI) აკრედიტაცია გაიარა და ISO 17025  სერტიფიკატი მიიღო. ეს რთული და ძვირადღირებული პროცესი იყო. ჩვენმა ლაბორატორიამ საკმაოდ მკაცრი შემოწმება გაიარა. ეს გზა ავირჩიეთ იმიტომ, რომ ბევრი დრო არ დაგვეკარგა: ერთ თვეში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოეწერება ხელი და აუცილებელია, რომ ჩვენი ლაბორატორიის შესაძლებლობები ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნებთან რაც შეიძლება მალე იყოს სრულ შესაბამისობაში. საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს, აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაცემულ აკრედიტაციას სამწუხაროდ, საქართველოს ფარგლებს გარეთ არანაირი ძალა არ გააჩნია, რადგან მას საერთაშორისო აღიარება არ აქვს. აკრედიტაციის ეროვნული ორგანოსთვის საერთაშორისო აღიარების მოპოვება ურთულესი და ხანგრძლივი პროცესია. ყველაზე კარგ შემთხვევაში, ამ პროცესს რამდენიმე წელი დასჭირდება. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ აშშ-ის სტანდარტების ეროვნული ინსტიტუტის აკრედიტაცია გაგვევლო  და ISO 17025  სტანდარტი მიგვეღო. კორპორაცია ACLASS, რომელმაც ჩვენ აკრედიტაცია მოგვცა, არის მსოფლიოს  სამი ყველაზე ავტორიტეტული სააკრედიტაციო ორგანოდან ერთ–ერთი და საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული კორპორაცია. 
ISO 17025 სააკრედიტაციო სფეროს ფარგლებში ჩვენ შეგვიძლია სურსათისა და წყლის როგორც ფიზიკური და ქიმიური, ისე რადიოლოგიური და მიკრობიოლოგიური გამოკვლევა.
 
– ეს სერტიფიკატი სოფლის მეურნეობის ლაბორატორიას აძლევს უფლებას, რომ საქართველოში წარმოებულ სურსათს ევროკავშირის ბაზარზე გასვლის „ვიზა“ მისცეს? შეგიძლიათ ცხოველური წარმოშობის სურსათი და თაფლი შეამოწმოთ იმ სტანდარტით, რასაც ევროკავშირი ითხოვს?
 
– დიახ, სურსათში ცხოველური წარმოშობის პროდუქტიც იგულისხმება და სოფლის მეურნეობის ლაბორატორიას ნებისმიერი სურსათის შემოწმება შეუძლია. აკრედიტაცია ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ლაბორატორიაში ჩატარებული აკრედიტაციაგავლილი მეთოდები არის აბსოლუტურად ზუსტი. დამკვეთი, რომელიც ჩვენთან ამ მეთოდებით შემოწმებისთვის რაიმე პროდუქტს მოიტანს, მიიღებს ზუსტად იმ შედეგს, რასაც მიიღებდა მსოფლიოს ნებისმიერი სხვა წამყვანი ქვეყნის ISO 17025  აკრედიტაციაგავლილ ლაბორატორიაში. 
 
რაც შეეხება თაფლს, აქ ცოტა განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს. თაფლი ყველაზე რთულად შესამოწმებელი პროდუქტია. ეს პროდუქტი შეიძლება ეტალონად ავიღოთ, თუ ჩვენ ევროკავშირის სტანდარტებით თაფლის შემოწმებას შევძლებთ, ჩათვალეთ, რომ სხვა არცერთი სასურსათო პროდუქტის შემოწმებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ იქნება. ევროკავშირს თაფლის შემოწმებასთან დაკავშირებით მკაცრი მოთხოვნები აქვს. ამ მოთხოვნებიდან ყველაზე მთავარი თაფლში ანტიობიოტიკების და პესტიციდების ნარჩენების დადგენაა. ევროკავშირს თავისი სტანდარტი აქვს და მკაცრად აქვს გაწერილი თაფლში ზოგიერთი ნივთიერების დასაშვები რაოდენობები და საერთოდ აკრძალული ნივთიერებები. არის ნივთიერებები, რომელთა აღმოჩენა თაფლში ამჟამად არ შეგვიძლია. მეთოდი გვაქვს, მაგრამ არ გვაქვს შესაბამისი აპარატურა. ჩვენ უკვე გადავეცით სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმ აპარატურის ჩამონათვალი, რომელიც თაფლის სრულყოფილი შემოწმებისთვის და ზოგადად, ლაბორატორიის სრულფასოვანი ამოქმედებისთვის არის საჭირო. ამ აპარატურას უახლოეს პერიოდში შევიძენთ. 
 
– შეგიძლიათ დაასახელოთ დრო, კონკრეტული თარიღი, როცა ევროკავშირის სტანდარტებით თაფლის შემოწმებას შეძლებთ?
 
– ეს საკითხი მიბმულია ინსტიტუციური გაძლიერების იმ პროგრამაზე, რომელსაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირი აფინანსებს. ინსტიტუციური გაძლიერების პროგრამის ქუდის ქვეშ არის სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაც. ამისთვის დაახლოებით 1 მლნ ევროა გამოყოფილი. ეს თანხა ძირითადად, ლაბორატორიისთვის საჭირო აპარატურის შეძენას მოხმარდება. მათ შორის არის ის აპარატურაც, რომელიც თაფლის შესამოწმებლად არის საჭირო. კონკრეტულ თარიღს ვერ დაგისახელებთ. არ მინდა შევცდე. მაგრამ, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის სტანდარტით თაფლის შემოწმებას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია 2014 წლის ბოლოსთვის შეძლებს.
 
– კიდევ რა საქმიანობის უფლებას გაძლევთ ISO 17025 სერტიფიკატი?
 
– ISO 17025 აკრედიტაციის სფეროს ფარგლებში ჩვენ შეგვიძლია ვეტერინალური დაავადებების სრულ სპექტრის დიაგნოსტიკა, მათ შორის ისეთი განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკა, როგორებიცაა ბრუცელოზი, ჯილეხი, ფრინველის გრიპი და თურქული. 
 
სოფლის მეურნეობის ლაბორატორიას აქვს ლაბორატორიების ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით. საერთაშორისოო აკრედიტაციას დაექვემდებარება ქუთაისის და ახალციხის ლაბორატორიებიც. ამ ლაბორატორიებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ჩაატარონ ყველა ის გამოკვლევა, რაც ჩვენს ლაბორატორიაში კეთდება. ერთადერთი გამონაკლისი, რასაც ქუთაისის და ახალციხის ლაბორატორიებში ვერ გააკეთებენ, რადიოლოგიური და მძიმე მეტალებზე შემოწმება იქნება. თუმცა, ეს არ არის ისეთი ტესტი, რომელზეც დიდი მოთხოვნაა. აშშ-ის სტანდარტების ეროვნული ინსტიტუტის (ANSI) აკრედიტაციას ეს ლაბორატორიებიც გაივლიან. პროცესი უკვე დაწყებულია და ის წლის ბოლოს დასრულდება. 
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2656
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია