დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნაციონალების აქცია ანექსიისა და „კოლაბორაციონისტული“ მთავრობის წინააღმდეგ
2014/11/16 16:24:14

15 ნოემბერს ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის ცენტრში ათასობით მომიტინგეს მოუყარა თავი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, რათა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „ანექსიის მცდელობა“ და ამის წინააღმდეგ საქართველოს „კოლაბორაციონისტული“ მთავრობის პოლიტიკა გაეპროტესტებინა.


თავდაპირველად მომიტინგეები თბილისში ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობა მოაწყვეს რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის შენობის წინ მიტინგი გამართეს. მანიფესტანტებს ხელში ეკავათ ბანერი ინგლისური წარწერით  “Stop Russia“.  აქციაზე წარმოდგენილი იყო ბანერები „არა ანექსიას“, ასევე საქართველოს, აშშ-ის, ევროკავშირისა და უკრაინის დროშები. მომიტინგეებს შორის ასევე გაჭიმული იყო ნატოს დიდი ზომის დროშა.

 

მიტინგის დასასრულს, რომელიც დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა და მშვიდობიანად დაიშალა, შეკრებილებს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ და ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა კიევიდან პირდაპირი ვიდეო-ჩართვის მეშვეობით.

 

მისი თქმით, თბილისსა და საქართველოს ფარგლებს გარეთ „დღეს ჩვენ ყველამ ერთად მოვაწყვეთ ღირსების აღლუმი“ და „იქ, სადაც მთავრობა დუმს, ხალხმა ამოიღო ხმა“, რათა „დავანახოთ ყველას, რომ ბევრნი ვართ, ამაყნი ვართ, ღირსეული ვართ, ბრძოლის არ გვეშინია, შეუპოვრები ვართ და აუცილებლად გავიმარჯვებთ“. 

 

ყოფილმა  პრეზიდენტმა, რომელიც საქართველოში სხვადასხვა ბრალდებებით იძებნება, თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს ორი ფუნდამენტურად განსხვავებული მოდელის შესახებ, რომელთა შორის სხვაობაც „უკვე საკმარისად ვნახეთ ამ ორ წელიწადში“ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ.

 

„ჩვენ წინაშეა ორი ურთიერთდაპირისპირებული მოდელი: ერთი, რომლისაც გვჯერა ჩვენ და მეორე, რომელიც უნდა ივანიშვილს. ამ ორ ხედვას შორის ძალიან, ძალიან დიდი განსხვავებაა იმიტომ, რომ არის, ერთის მხრივ, ღირსეული საქართველო და მეორეს მხრივ, მიჯირყვნილი საქართველო“, - განაცხადა მან კიევიდან, სადაც მის გვერდით ასევე იდგნენ ქუჩაში მოწყობილი აქციის მონაწილეები.

 

„ერთის მხრივ, არის საქართველო, რომელიც  მიუხედევად დიდი წინააღმდეგობებისა, მაინც იბრძვის საკუთარი ღირსებისთვის და მას უნდა მეორე საქართველო, რომელიც ბაბაის ეძახის დათვს და მორჩილად მიყვება მას ბუნაგში; ერთის მხრივ არის საქართველო, რომელიც მთელი მსოფლიოს გასაგონად საუბრობს ოკუპაციაზე, ჩვენს უფლებებზე, ჩვენს ლტოლვაზე თავისუფლებისკენ და მეორეს მხრივ, მათ უნდათ საქართველო, რომელსაც არ სჯერათ, რომ რუსეთს აქვს დაპყრობის გეგმები და აგრესიული ზრახვები ჩვენს და სხვა მეზობლების მიმართ; ერთის მხრივ, არის საქართველო, რომელიც მიდის ევროპის გზით, რომელსაც სწამს, რომ მხოლოდ ამ გზას მივყვართ თავისუფლებისკენ... და მეორეს მხრივ, არის საქართველო, რომელიც, თუ რა გზით იაროს, უთანხმებს ამას უთავმოყვარეოდ კარასინს, კრემლის შიკრიკს“, - განაცხადა მან.  

 

„ერთის მხრივ არის საქართველო, რომელიც მიისწრაფვის იმისკენ, რომ მთელი მსოფლიოს ცივილიზებული სამყარო მეგობრებად და პარტნიორებად გვთვლიდეს და მეორეს მხრივ, არის საქართველოს მთავრობა, რომელიც ლანძღავს ყველა ჩვენ მეგობარს და ამცირებს ყველა ჩვენ კეთილისმსურველს;  ერთის მხრივ, არის საქართველო, რომელიც ცდილობს ყველა საერთაშორისო ბერკეტის გამოყენებას ჩვენს გადასარჩენად და მეორეს მხრივ, არის საქართველო, რომელსაც მიაქანებენ საერთაშორისო იზოლაციისკენ; ერთის მხრივ არის საქართველო, რომელიც არ შეურიგდება ჩვენი უკრაინელი ძმების ჩაგვრას და მეორეს მხრივ, არის საქართველოს მთავრობა, რომელსაც ერთი ხმა არ ამოუღია უკრაინელი ხალხის დასაცავად და მათ გვერდზე დასადგომად“, - განაცხადა სააკაშვილმა.

 

მისი თქმით, ივანიშვილის საქართველო არის „ერთი პროვინციელი დიქტატორის ოცნებაზე მორგებული“, რომელსაც „არ უნდა გააჩნდეს რეგიონალური ამბიციები“ და არ უნდა ფიგურირებდეს საერთაშორისო განხილვის დღის წესრიგში.

 

„ივანიშვილის ოცნების საქართველოში მტერი თუ დაგვიპყრობს, ამაში ჩვენ ვართ დამნაშავე, ჩვენ საქართველოში კი არსებობს ძალა, რომელიც თავისუფლებასა და ქართული მიწის დაცვაზე ვერავინ გვათქმევინებს უარს; ივანიშვილის საქართველო არის ჩუმად და ჩვენი საქართველო ხმაურობს, როგორც დღეს ხმაურობს რუსთაველი [გამზირი]“, - განაცხადა მან, რასაც თბილისში მომიტინგეთა სკანდირება მოჰყვა:  „მიშა, მიშა“.   

 

„ივანიშვილის საქართველო მარტოა, ჩვენ - საქართველოს მეგობართა დიდი არმია გვყავს; ივანიშვილის საქართველო არის დაჩმორებული და გაბანძებული, ჩვენი საქართველო არის ის, რაც ყოველთვის იყო -  ამაყი, ღირსეული, განსაკუთრებული ქვეყანა“, - განაცხადა მან. 

მისი თქმით, ახლა ადგილი აქვს დაპირისპირებას „აწმყოსა და მომავალს შორის“.

„აწმყო და მომავალი უნდა იყოს ჩვენი საქართველოს მხარეს“, - განაგრძო მან, „თუ ასე გაგრძელდა ჩვენი ქვეყანა განწირულია, მას არ აქვს მომავალი საერთოდ; ახლა, როგორც არასდროს, არის მომენტი, რომ მთელი ერი გავერთიანდეთ და სანამ არ არის გვიან ხმამაღლა ვუთხრათ ივანიშვილს, რომ ქართველი ერი არ იზიარებს მის ოცნებას“.

 

 

„ჩვენ გავქვს ამბიცია, რომ ვიყოთ განსაკუთრებული, ძალიან მაგარი, ძალიან წარმატებული ქვეყანა და ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ამ ქვეყნის მშენებლობას ბოლომდე“, - განაცხადა მან, „ქართველი ერი ირჩევს  ცივილიზებულ სამყაროსთან შეკრულ, განსაკუთრებულად დაცულ, ერთიან საქართველოს. ახლა არის მომენტი, როცა მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ ქართველი არასოდეს არ შეეგუება უღირსობას, უნდა დავანახოთ მტერს, რომ მისი ოცნება მეხუთე კოლონით, ხრიკებით, მოსყიდვით, დაშინებით, დაჩმორებით კისერი მოუგრიხოს ქართული სახელმწიფოებრიობის იდეას, ერთხელ და სამუდამოდ არის განწირული და ჩვენ ამას დავასამარებთ“. 

 

„უნდა დავანახოთ საქართველოს მთავრობას, რომ ერი ერთიანია და შეუვალია მაშინაც კი და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დიდი საფრთხე გვემუქრება და როცა საქმე ჩვენი ერის თავისუფლებას, მომავალს, დამოუკიდებლობას და მთლიანობას ეხება“, - განაცხადა ექს-პრეზიდენტმა.

 

სააკაშვილის გამოსვლამდე მომიტინგეებს ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერებმა მიმართეს. 

 

„არა ანექსიას, ძირს ოკუპანტი, ძირს კოლაბორაციონისტული მთავრობა“, განაცხადა დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა თავის გამოსვლის დროს და აღნიშნა, რომ „მთავრობა ატყუებს საკუთარ თავსაც, საკუთარ ხალხსაც და მთელ მსოფლიოსაც, რომ ვითომდაც ჩვენ ურთიერთობების დალაგებით ვართ დაკავებული ოკუპანტთან“ და  თითქოს ანექსიის მცდელობის თვალსაზრისით „საქართველოში არაფერი არ ხდება“. 

 

ნაციონალური მოძრაობის წევრმა და პარტიის მერობის ყოფილმა კანდიდატმა თბილისში ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მთავრობა „სდუმს, ცახცახებს და არაფერზე ხმას არ იღებს“. 

 

„40 კილომეტრში მტერი ვერაფერს ვერ დაგვაკლებს, თუ 400 მეტრში კოლაბორაციონისტი მთავრობა არ გვეყოლება“, - განაცხადა მან მხედველობაში ჰქონდა რა ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსული საოკუპაციო ჯარები.

 

„საქართველოში ვერასოდეს ბიძინა ივანიშვილის რუსული ფული ვერ გაიჯეჯილებს, საქართველოს ბედი ვერასოდეს ვერ გადაწყდება მოსკოვში, ვერასოდეს ვერ გაძლიერდება რუსეთის პოზიციები ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა მელიამ.

 

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მთავრობის „უუნარობა და უმოქმედობა“ არის წითელი ხაზი და „ეს წითელი ხაზი თუ გადალახა საქართველოს მთავრობამ, მაშინ შეუქცევადი პროცესი დაიწყება“.

 

„მე მგონია, რომ ჩვენ მთავრობას პოლიტიკური განაჩენი უკვე დამდგარი აქვს და ეს ხალხი, რომელიც აქ ვართ, ამ განაჩენს დემოკრატიული გზით აუცილებლად მოვიყვანთ სისრულეში და ეს მოხდება ძალიან მალე“, - განაცხადა დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა მიტინგზე გამოსვლისას.


 
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ „საქართველო იქნება ძლიერი აფხაზეთთან და ოსეთთან ერთად“.

  
 
„უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმა ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, რომ ჩვენ გვინდა მათთან ერთად დგომა, ჩვენ გვინდა მათთვის ძლიერი საქართველო, ჩვენ გვინდა ის ქვეყანა, სადაც ერთად ვიცხოვრებთ და ჩვენ არ გვინდა, რომ ისინი გაითქვიფონ და გაქრნენ რუსეთში“, - განაცხადა მან.

 

ნაციონალურმა მოძრაობამ  თბილისში საპროტესტო აქციის გამართვა გასული თვის ბოლოს მას შემდეგ დააანონსა, რაც რუსეთმა „მოკავშირეობისა და ინეგრაციის“ შესახებ ახალი ხელშეკრულებისგაფორმება შესთავაზა სოხუმს, რომელიც საქართველოს პარლამენტმადაგმო, როგორც „ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიის მცდელობა“. 

 

წყარო: http://www.civil.ge/geo/article.php?id=28859

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2576
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია