დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ოთხ ლარად დაკარგული მამაშვილობა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/11/10 13:23:59

ბავშვები ძალადობის პირისპირ

 

7 წლის ანანო იმ დღესაც ჩვეულებრისამებრ წავიდა სკოლაში. დუმდა და ვერავინ შეატყო, რომ მამის ძალადობის მსხვერპლი იყო. მისი შეშუპებული თვალები და დაღლილი სახე უძილობით ახსნეს. მხოლოდ რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ გამოტყდა, რომ თავი  ტკიოდა. სწორედ მაშინ გაიგეს ანანოს ოჯახური კონფლიქტის შესახებ. 

 

როგორც გოგონა ყვება, მამამ (რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს) დედის დატოვებული ოთხი ლარის გამო სასტიკად ცემა.

 

ანანო მამასთან ერთად მარტო ცხოვრობდა და ძალადობის პირისპირაც მარტო აღმოჩნდა. დედა მამის რჩევით სამუშაოდ საზღვარგარეთ იყო წასული.

 

მიუხედავად მომხდარისა, კლასის დამრიგებელი ამბობს, რომ მას ანანოზე ძალადობის კვალი არასდროს შეუმჩნევია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ბავშვი განსხვავებულ ხასიათს ავლენდა, ჯიუტი იყო და შეეძლო გაკვეთილის მიმდინარეობის დროს ოთახიდან ყოველგვარი ნებართვის გარეშე გასულიყო. 

 

„ჩემთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა ეს ამბავი, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი მამასთან მარტო ცხოვრობდა, ყოველთვის მოწესრიგებული დადიოდა. ყურადღებას აქცევდა და  არც სკოლას აცდენინებდა. ანანომ ერთხელ ისიც  მითხრა, რომ მამამ ლობიანი გამოუცხო და ანანო დააწერა. ვერ ვიტყვი რა მოხდა. ოჯახში ძალადობის ფაქტებზე დედასაც არ უსაუბრია და სახლში რა ხდებოდა, ნამდვილად ვერ გავიგებდი, თუ ძალადობის შემთხვევები იყო, დედას ბავშვი მოძალადე მამასთან არ უნდა დაეტოვებინა“.

 

ოჯახში არსებულ ძალადობაზე დაგვიანებით საუბრობს ანანოს დედაც ე.პ. რომელიც, როგორც ირკვევა  ძალადობის მსხვერპლი წლების განმავლობაში იყო. 

 

 „მეუღლე ჩემზე მუდმივად ძალადობდა. ბავშვის მიმართ კი ასეთი აგრესია არასდროს გამოუვლენია. შეიძლება, ეყვირა და მსუბუქად დაესაჯა,  მაგრამ ცემით არასდროს უცემია. ასე რომ ყოფილიყო მასთან როგორ დავტოვებდი?!. სამწუხაროდ ჩემი შვილი ძალადობის პირისპირ დაუცველი აღმოჩნდა. მეუღლეს ფსიქიკური პრობლემა აქვს, მაგრამ „თეთრი ბილეთი“ თუ ჰქონდა, არ ვიცოდი და ახლა გავიგე“.

 

მომხდარი  შესახებ სკოლამ სოციალური მომსახურების სააგენტოს და საპატრულო პოლიციას იმ დღესვე აცნობა. ბავშვი მამიდასთან გადაიყვანეს, მამაზე კი შემაკავებელი ორდერი გაიცა.

 

შემთხვევის სიმძიმის მიუხედავად, ფსიქიკური პრობლემის მქონე მშობლის შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანაც არ  მომხდარა. როგორც აღვნიშნეთ, ერთადერთი შეზღუდვა, რაც მამას დაუწესდა, მასზე გამოწერილი შემაკავებელი ორდერია. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ მოძალადის ჯანმრთელობის მდგომარეობას, შემაკავებელი ორდერი მისთვის დაბრკოლება ვერ იქნება და შესაძლოა, ბავშვზე ძალადობის ფაქტი ისევ განმეორდეს, რის ალბათობასაც  ანანოს მამიდის ნაამბობიც ამყარებს. როგორც მოძალადის და ჰყვება, ოჯახიდან დედასთან ერთად ძმის მიერ მათზე არაერთხელ განხორციელებული ძალადობის გამო წავიდა.

 

შემაკავებელი ორდერი რომ უსაფრთხების გარანტია არ არის, ადასტურებს ანანოს დედა ე.პ. როგორც იგი ამბობს, სკოლაში წასვლისას გზად მეუღლის სახლთან უხდებათ გავლა, რაც მათთვის  საფრთხეს წარმოადგენს.

როგორც ე.პ. აღნიშნავს, მომხდარის შემდეგ მასთან პოლიცია აღარ მისულა, თუმცა, ბოლო გამოძახებისას პატრულმა უთხრა, რომ შორიდან ადევნებენ თვალს და რისკების თავიდან ასაცილებლად მათ ამბავსაც ეცნობიან, რაც დედა–შვილისთვის დამამშვიდებელ ფაქტორი მაინც არ არის. 

 

„შემაკავებელი ორდერი გამოიწერა, მაგრამ თავს უსაფრთხოდ ვერ გვრძნობ. მეშინია გზაში არ დაგვხვდეს და ჩემმა შვილმა კიდევ არ მიიღოს ტრავმა. ძალადობა მას შემდეგაც კი განმეორდა, რაც საქმეში პოლიცია ჩაერთო. სახლში ბავშვის ნივთების წამოსაღებად რომ მივედი, მიუხედავად სასამრთლოს ნებართვისა,   ნივთების წამოღების უფლება არ მომცა და ჩხუბი დამიწყო. პოლიცია გამოვიძახე,  ვიდრე ისინი მოვიდნენ, ჩემი ქმარი უკვე სახლში აღარ იყო. პოლიციამ მითხრა, რომ შორიდან იგებენ ჩვენს ამბავს, ესეც კარგია, მაგრამ მარტო როცა ვიქნები როგრო მოვიქცე? როგორც გითხარით, ჩემს მიმართ ხშირად ძალადობდა. რამდენიმე წლის წინ დავშორდი, მაგრამ  ანანოს დაჟინებული თხოვნის გამო ისევ შევურიგდი. თუმცა, რას წარმოვიდგენდი, რომ ძალადობის მსხვერპლი ჩემს შემდეგ ჩემი შვილიც გახდებოდა“.

 

არის თუ არა  კანონით  გათვალისწინებული ზომები საკმარისი ოჯახურ ძალადობასთან საბრძოლველად და რატომ ვერ ახერხებს სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლის ეფექტურად დაცვას.?

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის,  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანების საფუძველზე, ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობა და ძალადობის დაფარვის ფაქტი მკაცრად ისჯება. არსებული ბრძანებულებით, საქართველოს საჯარო სკოლებისა და სააღმზრდელო დაწესებულების ყველა თანამშრომელი ვალდებულია, ბავშვზე შემჩნეული  ძალადობის ნებისმიერი კვალის გამოვლენისას, დაუყოვნებლივ აცნობოს საპატრულო პოლიციასა და სოციალური მომსახურების სააგენტოს. წინააღმდეგ შემთხვევაში პირი  50-დან 100- ლარამდე ჯარიმდება.

 

თუ საქმის შესწავლის დროს დადასტურდა, რომ ბავშვი რეალურად არის ძალადობის მსხვერპლი  იწყება  რეაგირება. თუმცა, ქუთაისში ვერავინ იხსენებს შემთხვევას, რომ ბავშვზე ძალადობის გამო ვინმე პასუხისგებაში მიეცათ. ერთადერთი ბერკეტი, რაც სახელმწიფოს რეალურად აქვს შემაკავებელი და დამცავი ორდერებია, რაც თავის მხრივ ძალადობის მსხვერპლთა და თვითვხილველთა თქმით, ძალადობის აღსაკვეთად საკმარისი არ არის, მართალია შემაკავებელი ორდერი მოძალადეს კანონის ფარგლებში ძალადობის მსხვერპლთან მიახლოვებას  უკრძალავს, თუმცა, ის, როგორც აკრძალვა, მაინც ვერ იქნება  გარანტი ბავშვის დაცულობისა. სამწუხაროდ, განმეორების შემთხვევაში ძალადობა, შესაძლოა, სავალალო აღმოჩნდეს.

 

შემაკავებელი ორდერით პრობლემის მოგვარებას ეჭვქვეშ აყენებს ქუთაისის ერთ–ერთი საჯარო სკოლის წარმომადგენელი. რომელიც იხსენებს, რომ  ბავშვზე ძალადობის  ფაქტის გამოვლენისას, სოციალურმა მუშაკმა ბავშვის თავშესაფარში გადაყვანაზე უარი თავშესაფრების პრობლემების გამო თქვა და ბავშვი მოძალადე ოჯახში დატოვა.

 

ქალაქში თავშესაფრების პრობლემის არსებობას უარყოფს სოციალური მუშაკი ნანა იდაძე. როგორც იდაძე განმარტავს, თავშესაფრებში ადგილის პრობლემა არ არის და  მსხვერპლს იქ დარჩენა  თავდაპირველად სამი თვის განმავლობაში შეუძლია.  შევეცადეთ თავშესაფრებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გავცნობოდით, მაგრამ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებულ მისამართებზე თავშესაფრები ვერ ვიპოვეთ.

როგორც მეურვეობა-მზრუნველობის იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე ნათია წივწივაძე საუბრობს, სახელმწიფო მიზანია ბავშვი ოჯახურ გარემოში იზრდებოდეს, რისთვისაც მაქსიმალურად ცდილობს პრობლემა ნაკლებად  მძიმე მექანიზმებით დაარეგულიროს.

 

ყველანაირად ვცდილობთ ბავშვი ბიოლოგიურ მშობლებთან დარჩეს, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ხდება სახელმწიფო მზრუნველობაში გადაყვანა. მოძალადის მიმართ შესაბამისი ღონისძიებები ტარდება, რაც უფლების შეზღუდვით გამოიხატება. 

 

ამის პარალელურად, ძალადობის მსხვერპლზე მონიტორინგს ვაგრძელებთ. თუ პირი გადალახავს ორდერით დაწესებულ ვალდებულებას, მოქმედებას იწყებს დამცავი ორდერი. მხარეების(მშობლები) მიერ  ურთიერთობის აღდგენის შემთხვევაში, დამცავი ორდერი უქმდება"–ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის რეგიონული  საკოორდინაციო ცენტრის უფროსის მოადგილე, მეურვეობა-მზრუნველობის იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე ნათია წივწივაძე. 

 

***

 

ძალადობის რამდენიმე ფორმა არსებობს: ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური. ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალადობა უმეტეს შემთხვევაში ფსიქოლოგიური და ეკონომიური პრობლემებით არის გამოწვეული, თუმცა, ხშირია მოზარდზე  სექსუალური ძალადობა.

 

შესაძლოა, ბავშვი უშუალოდ არ იყოს ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ მშობლების და ოჯახის წევრების გახშირებული კამათი და ჩხუბი ახდენს მის ტრავმირებას. ძალადობის მსხვერპლი ბავშვები  დათრგუნული და გარიყულები არიან, არ კონტაქტობენ თანატოლებთან. მათ აქვს რწმენა იმისა, რომ მის შესახებ ყველამ იცის, ზოგჯერ ეს რწმენა მოჩვენებითია, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში - სიმართლეა. ხშირად ძალადობის მსხვერპლზე სკოლაში   მეზობელი ბავშვები ჰყვებიან, ამ შემთხვევაში ბავშვები ბულინგის მსხვერპლი ხდებიან, რაც მოზარდის ტრავმირებას კიდევ უფრო აძლიერებს და შესაძლოა საზოგადოებამ ყოფილი მსხვერპლისგან მოძალადე მიიღოს.

 

ძალადობის მსხვერპლი ბავშვი პოტენციური მოძალადე რომ არის, ადასტურებს ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგი იაგო ბალანჩივაძე. როგორც ის აღნიშნავს, ძალადობის ფაქტები მნიშვნელოვნად გახშირდა. ბავშვი, რომელიც ძალადობის ობიექტია, ან თუნდაც ფაქტის შემსწრეა, იღებს ფსიქოლოგიურ ტრავმას. ბავშვი ვერ ავლენს აგრესიას მშობლებზე, მაგრამ  მოძალადე ხდება თანატოლებში. იქცევა აგრესიულად და ცდილობს დაჩაგროს მასზე სუსტი.

 

კანონში არსებულ ხარვეზებთან ერთად მნიშვნელოვან ფაქტორს სამოქალაქო განათლების პრობლემა წარმოადგენს. მშობლის ან მეურვის უმეტესობა ვერ აცნობიერებს, რომ ყურის აწევა, ყვირილი და მსუბუქად ცემა ძალადობაა და რომ ამით ბავშვის დისკრიმინაცია ხდება. როგორც მოძალადეები, ასევე მსხვერპლები, ძალადობის ფაქტებს უმეტესად ოჯახის იმიჯის შესაძლო შელახვის მოტივით მალავენ. 

 

***

ძალადობამ 7 წლის ანანოსზეც დატოვა კვალი. დედის თქმით, ანანო უფრო ჩაკეტილი და აგრესიული გახდა. არ საუბრობს, ყველაფრის ეშინია და ყველაფერზე ტირის.

 

მასთან ახლა ფსიქოლოგი მუშაობს. ანანოს და დედამისს წასასვლელი არსად აქვთ, ამიტომ, აპირებენ თავშესაფრით ისარგებლონ. დედას იმედი აქვს, რომ მომავალში სამუშაოს იპოვის და შვილის გაზრდას დამოუკიდებლად შეძლებს. 

 

ანანოს დედასთან ერთად სკოლაში შევხვდი. ერთი შეხედვითაც გამოარჩევთ სხვა ბავშვებისგან - ჩუმად არის, გარიყულად დგას და თავდახრილია. თითქოს საკუთარი მამის მიერ განხორციელებულმა ძალადობამ მასზე სამუდამო დაღი დატოვა და არასრულფასოვნების კომპლექსი გაუჩინა, ამიტომ ბავშვი, რომელმაც წლების წინ დედას გაშორებულ მეუღლესთან შერიგება მამისადმი უსაზღვრო სიყვარულის გამო სთხოვა, დღეს მამას საერთოდ აღარ ახსენებს. ერთადერთი, რასაც ახლა გრძნობს, მხოლოდ შიშია, შიში საყვარელი მამისგან დაუცველობის.

 

ფსიქოლოგების თქმით, უმეტესად  მოძალადე აფექტის მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ, ჩადენილი დანაშაულის გამო სინანულს განიცდის, ნერვიულობს და პირობას დებს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება. 

ვიდრე მოძალადე სინანულშია, მომსახურების სააგენტო სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად ძალადობის ხარისხს ადგენს და ვიდრე საზოგადოება მიხვდება, რომ ძალადობის ფაქტისადმი გულგრილი დამოკიდებულებით თავადაც ძალადობის თანამონაწილეა, ანანო და კიდევ ბევრი ანანო ძალადობის პირისპირ „კანონის იმედად“ მარტო რჩება.

(ნესტან ჩაგელიშვილის ფოტო)

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3235
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია