დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სიკვდილამდე და მის შემდეგ – ფოტოგრაფ ვოლტერ შელსის უნიკალური პროექტი
2014/11/03 16:18:57

ფოტოგრაფი ვოლტერ შელსი ნეკროფობიით იყო დაავადებული. მან საკუთარი დედის დაკრძალვაზეც ვერ შეძლო მისვლა ამის გამო. როდესაც ვოლტერი 70 წელს მიუახლოვდა, გადაწყვიტა, დაემარცხებინა  შიში და ეს იმ პროფესიის დახმარებით გაეკეთებინა, რომელიც მისთვის ყველაზე ძვირფასი იყო.

ათი ადამიანი, ათი ისტორია და ოცი ფოტო-პორტრეტი, სიკვდილის წინ და მის შემდეგ –  ეს არის უნიკალური პროექტი, რომლის ავტორია ფოტოგრაფი ვოლტერ შელსი. ფოტოპროექტს ის მისი ცოლის, ჟურნალისტ ბეატე ლაკოტასთან ერთად ახორციელებდა გერმანიის სხვადასხვა საავადმყოფოებში.

 

same-place-different-season-before-after-8-2

 სახელი: იან ანდერსენი

ასაკი: 27

დაიბადა: 1978 წლის 21 თებერვალს

 გარდაიცვალა: 2005 წლის 14 ივნისს, ჰამბურგის საავადმყოფოში

იანი 19 წლის იყო, როდესაც ექიმებმა შიდსის დიაგნოზი დაუსვეს.  დაბადების დღეზე,  როცა 27 წელი შეუსრულდა, იანმა ექიმებისაგან შეიტყო, რომ ცოტა დრო ჰქონდა დარჩენილი – იმუნოდეფიციტის ვირუსმა ორგანიზმში იშვიათი სახეობის სიმსივნის წარმოქმნა გამოიწვია. იანს ამის გამო არ დაუჩივლია, მან გადაწყვიტა შებრძოლებოდა დაავადებას, თუმცა,  ეს ყველაფერი ცოტა ხანს გაგრძელდა – როგორც ჩანს, იანი შეეგუა ბედისწერას, გარდაუვალი სიკვდილის იდეას. იანი მალე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სიცოცხლის დარჩენილი პერიოდი გაატარა. მეგობრები მას დაეხმარნენ,  პალატა საკუთარი ოთახის მსგავსად მოეწყო. იანმა, სიკვდილემადე რამდენიმე ხნით ადრე, თავის ექთანს სთხოვა მოეყოლა, როგორია ადამიანის სიკვდილი, რა ხდება ამ დროს. როდესაც გვერდით პალატაში ქალი კვდებოდა, ანდერსენს უფლება მისცეს, დასწრებოდა  და ენახა საკუთარი თვალით ეს პროცესი. როგორც ჩანს, ამის ნახვამ მასში უწინდელი შიში დათრგუნა. იანმა მოგვიანებით თქვა, რომ აღარ ეშინოდა სიკვდილის.

მისი გარდაცვალების ღამეს, მასთან დედა დარჩა. როცა დედა დაინახა, იანმა ჰკითხა “კიდევ აქ ხარ?”  შემდეგ  დედას სთხოვა, რომ ჩახუტებოდა და არ გაეშვა სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე. მისი ბოლო სიტყვები იყო – ” მიხარია, რომ დარჩი.”

Walter_Schels_Sangbastian_11

ასაკი: ელმირა სანგ ბასტიანი

ასაკი: 17 თვის

დაიბადა : 2002 წლის 18 ოქტომბერს

გარდაიცვალა:  2004 წელის 23 მარტს, მშობლების სახლში

ელმირა ტვინის თანდაყოლილი სიმსივნით დაიბადა. „ჩვენ ვერ გადავარჩენთ თქვენს შვილს“ – ეს იყო სიტყვები, რომლებიც ექიმებმა უთხრეს ახალდაბადებული გოგონას მშობლებს. ელმირა ტყუპის ცალი იყო –  მას ჰყავს და, რომელიც სრულიად ჯანმრთელია. ელმირას დედამ უარი თქვა, შეგუებოდა ექიმების ნათქვამს და გადაწყვიტა, ყველანაირი ძალით ეცადა გოგონას გადარჩენა, ის იმედს  ბოლომდე არ კარგავდა და ამბობდა : „შეუძლებელია, ღმერთმა ადამიანს ორი ქალიშვილი აჩუქოს ერთად და  შემდეგ ერთ-ერთი მათგანი წაართვას! მხოლოდ მას შეუძლია გადაწყვიტოს, როდის შევწყვეტთ სუნთქვას!“

ერთ დილას, ელმირამ შეწყვიტა სუნთქვა…

 

Walter_Schels_Behrens_03

სახელი: კლარა ბერენსი

ასაკი: 83

დაიბადა: 1920 წლის 2 დეკემბერს

გარდაიცვალა: 2004 წლის სამ მარტს, ჰამბურგის საავადმყოფოში

მას შემდეგ, რაც კლარამ ავადმყოფობის შესახებ გაიგო, ამბობდა, რომ  კიდევ დიდხანს იცოცხლებდა, თუმცა, ამაში ხელი დაავადებამ შეუშალა. „ ხანდახან მგონია, რომ უკეთ გავხდები, თუმცა, შემდეგ, დაავადება თავს მახსენებს, ეს საშინელი გრძნობაა – საკუთარი თავი მძულს. ასეთ დროს ვხვდები, რომ სიცოცხლეს აღარ აქვს აზრი.“

თებერვლის ბოლო დღეს, კლარამ თქვა – „ ერთადერთი რაც მინდა, საავადმყოფოდან გასვლაა – მდინარის ნაპირას წავიდოდი, ქვიან სანაპიროზე დავჯდებოდი და ფეხებს წყალში ჩავყოფდი. ეს არის ის, რასაც ბავშვობაში ვაკეთებდი მეგობრებთან ერთად, როცა შეშის შესაგროვებლად მივდიოდით მდინარის მახლობლად. ხელხლა ცხოვრების საშუალება რომ მქონდეს, ყველაფერს სხვანაირად გავაკეთებდი, არც ერთ ტოტს არ მოვტეხავდი ხიდან, არც ერთ მცენარეს არ მოვაშორებდი ნიადაგს. სულ მაინტერესებდა, არსებობს, თუ არა მეორე სიცოცხლე – მგონია, რომ არა. საბოლოოდ ყველას იმის გვწამს, რასაც ვხედავთ, მე კი იმას ვხედავ, რაც ამ კონკრეტულ მომენტში არსებობს. არ მეშინია სიკვდილის,  მე არ ვარ არც პირველი და არც უკანასკნელი. ერთადერთი, რაც მაშინებს, ეს სიკვდილის პროცესია. არავინ იცის რა ხდება ამ დროს.”

 

Walter_Schels_Kotzahn_09

სახელი: ვოლფგანგ კოტცანი

ასაკი: 57

დაიბადა: 1947 წლის 19 იანვარს

გარდაიცვალა: 2004 წლის 4 თებერვალს, ჰამბურგის საავადმყოფოში

ჩაბნელებულ ოთახში, მაგიდაზე ლარნაკი დგას ყვავილებით, საწოლზე ავადმყოფი წევს, რომელსაც მედდა უახლოვდება. მას ხელში შამპანიური და ნამცხვარი უჭირავს – ამ დღეს ვოლფგანგი იუბილარია. „დღეს, 57 წლის გავხდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი ჩემს თავს მოხუცს, თუმცა, ვერც იმას წარმოვიდგენდი ასე ახალგაზრდა თუ მოვკვდებოდი. სიკვდილი ასეთია, ის ნებისმიერ ასაკში გიტევს.“

6 თვის წინ, მარტოხელა ბუღალტერს, ვოლფგანგ კოტცანს, ბრონქის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. დაავადება ბოლო სტადიაში იყო და მკურნალობას აღარ ექვემდებარებოდა.

„ ეს ჩემთვის შოკი იყო, არასდროს გამიაზრებია რა არის  სიკვდილი, მხოლოდ სიცოცხლეზე ვფიქრობდი. მიკვირს, რომ აქამდე ასე „მარტივად“ და უბრალოდ მოვედი – ახლა ვწევარ აქ და ველი სიკვდილს. მიუხედავად ამისა, ჩემთვის ყოველი დღე გადარჩენას ნიშნავს. ვცდილობ, ბოლომდე შევიგრძნო სიცოცხლე. არასდროს მიმიქცევია ყურადღება  ღრუბლებისათვის, ახლა ყველაფერს ვაკვირდები, ყველაფერს სხვა კუთხით ვუყურებ – თოთოეულ ღრუბელს, რომელიც ჩემი ფანჯრიდან ჩანს, თითოეულ ყვავილს ლარნაკში – ამ ყველაფერმა უცებ აზრი და მნიშვნელობა შეიძინა.“

 

Walter_Schels_Cao_05

 

სახელი: მარია ჰაი-ან ტუიეტ ჩაო

ასაკი: 52

დაიბადა: 1951 წლის 26 აგვისტოს

გარდაიცვალა: 2004 წლის 15 თებერვალს, ჰამბურგის საავადმყოფოში

მარია ტუიეტ ჩაოს გარდაცვალების პროცესი, ნამდვილად, ყველასაგან განსხვავებული იქნებოდა. მარია „უზენაესი ოსტატის“, ჩინგ ჰაის იდეოლოგიას და სწავლებას იზიარებდა. “რაც ჩვენი სამყაროს მიღმაა, იმაზე უკეთესია, ვიდრე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ!” -ეს ჩინგ ჰაის სიტყვებია.

მარია ჩინგ ჰაის ფოტოს თან ატარებდა. როგორც ის ამბობს, უკვე ესტუმრა სხვა სამყაროს მედიტაციის საშუალებით. „მე არ მეშინია სიკვდილის, მე გაშლილი ხელებით შევხვდები მას. სიკვდილი არაა სამარადისო, მას შემდეგ, რაც ჩვენ ღმერთს შევხვდებით, უფრო მშვენიერნი გავხდებით. დედამიწაზე კვლავ მოვევლინებით, თუ კი განგებით დავუკავშირდებით სხვა ადამიანს.” ჩაო ყოველდღე ემზადებოდა  სიკვდილისათვის, მას სურდა, რომ გარდაცვალების მომენტში სრული სიმშვიდე და მარტოობა ეგრძნო.

Walter_Schels_Schmitz_12

სახელი: ჰაინერ შმიტცი

ასაკი: 52

დაიბადა: 1951 წლის 26 ნოემბერს

გარდაიცვალა: 2003 წლის 14 დეკემბერს, ჰამბურგის საავადმყოფოში

ჰაინერ შმიტცმა საკუთარი თვალით ნახა მის ტვინში გაჩენილი სიმსივნე რენდგენის ეკრანზე. მან მაშინვე გააცნობიერა, რომ დიდი დრო აღარ დარჩა. ის იყო ადამიანი, რომელიც ლაპარაკობდა სწრაფად, თავდაჯერებულად, აზროვნებდა გონივრულად, თუმცა, სავსე იყო ეჭვებით. ჰაინერი მარკეტინგის სფეროში მუშაობდა. მეგობრები ყველანაირად ცდილობდნენ მისი ყურადღება დაავადებიდან სხვა თემებზე გადაეტანათ, რათა არ მოეწყინა. სიცოცხლის ბოლომდე, შმიტცის პალატა სავსე იყო ახლო მეგობრებით. ისინი ერთად უყურებდნენ ფეხბურთს, სვამდნენ ლუდს, ეწეოდნენ სიგარეტს და, ხანდახან, წვეულებებსაც კი აწყობდნენ. ყველაფერი ხდებოდა ისე, როგორც უწინ. როგორც, ჰაინერი იხსენებდა, ხანდახან, კოლეგა ქალებიც მიდიოდნენ მასთან, მიჰქონდათ ყვავილები, თუმცა იგრძნობოდა უხრხულობა, რადგან ძნელია, რაიმე საიმედო უთხრა ადამიანს, რომელიც გარდაუვალ სიკვდილს ელის.

„ არავის უნდა მელაპარაკოს ჩემს ავადმყოფობაზე. ისინი ძალიან შეშინებულები არიან, ამას ყოველთვის ვგრძნობ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცდილობენ ნებისმიერ თემაზე მელაპარაკონ, გარდა სიმსივნისა. ეს ზოგჯერ მწყინს. არავინ მეკითხება რას ვფიქრობ ყოველღამე, ყოველ წამს, როცა მარტო ვარ –  ამ დროს სიკვდილზე ვფიქრობ.“

 

Walter_Schels_Bening_04

სახელი: ვალტრაუდ ბენინგი

ასაკი: 80

დაიბადა: 1922 წლის 29 მაისს

გარდაიცვალა: 2003 წლის 26 იანვარს, ბერლინის საავადმყოფოში

ვალტრაუდ ბენინგს სურდა, სახლში გაეტარებინდა დარჩენილი დღეები, თუმცა,  მეუღლემ ვერ აიღო პასუხისმგებლობა მის მოვლაზე. „ ეს ჩემთვის ძალიან მეწყინა. ის მთელი ცხოვრება ნამდვილი ტირანი იყო.“- ამბობდა ბენინგი მეუღლეზე. ამის გამო,  აღარ უნდოდა ქმრის ნახვა და წინააღმდეგი იყო მისი საავადმყოფოში მისვლის.

ბოლო კვირებს, ვალტრაუდი თავისი შვილების გარემოცვაში ატარებდა. ისინი არ შორდებოდნენ, რაც ძალიან ახარებდა მას. ამის შემდეგ,   ცუდად გახდა, გრძნობდა, როგორ ეცლებოდა სასიცოცხლო ძალები. მოულოდნელად, ბენინგმა მეუღლის ნახვა მოინდომა – „მე მინდა ჩემი მეუღლე მოვიდეს“. ამ სიტყვების თქმიდან რამდენიმე საათში, კაცი უკვე ცოლის სასთუმალთან იჯდა . მათ დიდხანს ისაუბრეს, თუმცა, საუბრის დეტალები არავისთვის გაუმხელიათ. მეორე დღეს ვალტრაუდ ბენინგი გარდაიცვალა.

 

Walter_Schels_Foege_06

სახელი: მაიკლ ფოგე

ასაკი: 50

დაიბადა: 1952 წლის 15 ივნისს

გარდაიცვალა: 2003 წლის 12 თებერვალს, ბერლინის საავადმყოფოში

მაიკლ ფოგე, ბერლინის ველომრბოლელთა ასოციაციის ხელმძღვანელი იყო. 50 წელი რომ შეუსრულდა, ფოგეს უცნაური სიმპტომები დაეწყო – ავიწყდებოდა ყველაფერი, რასაც ამბობდა და აკეთებდა.მალევე  ექიმებმა მაიკლს ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. რამდენიმე თვის შემდეგ, სიმსივნე მთელს ტვინს მოედო, მან დააზიანა მეტყველების ცენტრი. სიმსივნემ გამოიწვია მარჯვენა ხელისა და სახის ერთი ნაწილის სრული პარალიზება. უკანასკნელი დღეები ფოგემ საავადმყოფოში გაატარა. დღითი დღე, მას უფრო  დიდხანს ეძინა. ერთხელაც მაიკლ ფოგემ აღარ გაიღვიძა…

რამდენადაც არ შეეძლო მეტყველება, მას არასოდეს უსაუბრია საკუთარ განცდებსა და შეგრძნებებზე ავადმყოფობის პერიოდში.

 

Walter_Schels_Genthe_07

სახელი: ელი ჯენთე

ასაკი: 83

დაიბადა: 1919 წლის 4 აგვისტოს

გარდაიცვალა: 2003 წლის 11 იანვარს, ბერლინის საავადმყოფოში

ელი ჯიუტი სა სიცოცხლით სავსე ქალბატონი იყო. ის ყოველთვის დამოუკიდებლად ცხოვრობდა და ხშირად ამბობდა „ მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე საკუთარ თავზე დამოუკიდებლად ზრუნვის უნარი დავკარგო“  როდესაც ეს დრო დადგა,ელი ჯენთმა შეუპოვარი ხასიათი შეინარჩუნა. სიცოცხლის ბოლო პერიოდში, ელისთან ოჯახის წევრები იყვნენ. ის ამ დროს, უკვე ძალიან დასუსტებული იყო. მოულოდნელად, ელიმ  შვილიშვილის ხელი აიღო და უთხრა – „ არ წახვიდე, სული მეხუთება“  მალე  შეტევა დაეწყო – „გთხოვ, ისუნთქე ჩემ მაგივრად!“- სთხოვდა მედდას. ასეთ დროს, ელის მორფინს უკეთებდნენ. მას მთელი დღეები ეძინა, ხოლო უკანასკნელ წუთებში,  ჰალუცინაციები დაეწყო. „გამიყვანეთ აქედან!“ – სთხოვდა ელი მის სანახავად მისულ ყველა სტუმარს – „არ მინდა აქ ყოფნა, აქ ყველა კვდება! მე არ მინდა სიკვდილი!“

 

Walter_Schels_Lauermann_10

სახელი: მაიკლ ლაუერმანი

ასაკი: 56

დაიბადა: 1946 წლის 19 აგვისტოს

გარდაიცვალა: 2003 წლის 14 იანვარს, ბერლინის საავადმყოფოში

მაიკლ ლაუერმანი მენეჯერი იყო, ზედმეტად შრომისმოყვარე. ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია, უცებ კი გონება დაკარგა. როდესაც საავადმყოფოში მიიყვანეს, ექიმებმა მაიკლს ტვინის სიმსივნე დაუსვეს, რომელიც არც ოპერაციას, და მითუმეტეს, არც მკურნალობას არ ექვემდებარებოდა. დიაგნოზის დასმიდან, 6 კვირის თავზე მაიკლი გარდაიცვალა.

მას არ უყვარდა მოახლოებულ სიკვდილზე საუბარი, ერჩივნა ელაპარაკა განვლილ ცხოვრებაზე. უყვარდა იმის გახსენება, თუ როგორ დააღწია თავი პატარა დაბას და როგორ მოახერხა პარიზში წასვლა. „დაუმორჩილებლობა, ქუჩის ამბოხი, რევოლუცია, ქალები – ეს იყო ჩემი ახალგაზრდობის პერიოდი, რომელიც განუმეორებელია. მე ძალიან მომწონს ჩემი განვლილი ცხოვრება, მე ის მიყვარს. ახლა ის მთავრდება, მაგრამ არ მეშინია იმის, რაც მელოდება. “  ბოლო პერიოდში, ლაუერმანი ძალიან დასუსტდა, ის აღარაფერს გრძნობდა – არც ტკივილს. „მე მალე მოვკვდები! არ ვნანობ არაფერს!“

სამი დღის შემდეგ, მისი პალატის კარებთან მედდებმა სანთელი აანთეს – ეს ნიშნავდა, რომ მაიკლ ლაუერმანი გარდაიცვალა…

წყარო: www.featureshoot.com

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2634
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია