დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ უმკლავდებიან ადამიანთა უკულტურობას ქუთაისის დასუფთავების სამსახურში
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/11/03 15:26:10

ვარლამიშვილის სკვერის დანიშნულება დღემდე ნაგავსაყრელია...

 

ის, რომ ქალაქს, სხვა მრავალ საჭიროებასთან ერთად, სისუფთავეც სჭირდება, ამაზე არავინ დავობს, თუმცა ქუთაისში, ვარლამიშვილის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ 6 ოჯახს, წლებია, დავა სწორედ მონატრებული სისუფთავისთვის აქვთ.

 

როგორც თავად ამბობენ, წლების განმავლობაში მერიაში არაერთი შეტანილი განცხადების, თუ ადგილზე მოსული ჩინოვნიკების დაპირების მიუხედავად, ვარლამიშვილის სკვერის დანიშნულებად დღემდე ნაგავსაყრელი რჩება.

 

შესაბამისად, გასულ წლებში, რაღაცის შეცვლის იმედით, ყველანი ერთად საუბრობდნენ, დღეს კი უკვე უიმედობის გამო, საუბარიც არ სურთ.

 

მათგან საგაზეთო ინტერვიუზე თანხმობა  მხოლოდ ერთმა მოსახლემ გამოთქვა.

 

ლალი მორჩაძე, ვარლამიშვილის ქუჩის მკვიდრი: „ამ თემაზე ადგილობრივებს საუბარიც აღარ სურთ, დავიღალეთ. წლებია, დაპირებებით ნაგავში ვცხოვრობთ. ეს სკვერი კი არა, ნაგავსაყრელი და ღია საპირფარეშოა, ფაქტობრივად. ღამით ბავშვებსაც ვერ ვუშვებთ გარეთ. გაუსაძლისი სიბინძურე და სუნია.“

 

ქუთაისის მერიაში საკადრო ცვლილების გამო, ქალაქში არსებულ დასუფთავების ავკარგზე პასუხს ამჯერად უკვე მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური აგებს.

 

სამსახურის უფროსი მალხაზ ბასილაძე ვარლამიშვილის ქუჩაზე არსებულ მძიმე მდგომარეობას გარემოვაჭრეების არაკეთილსინდისიერებით ხსნის, რომლებიც სკვერს ნარჩენებით აბინძურებენ. ბასილაძე სისუფთავის მრავალწლიანი პრობლემის მოგვარების იმედს უახლოეს მომავალში იტოვებს, რადგან მერიის მიერ გაიჯარებულ ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის დასრულების შემდეგ, მოიჯარეს სკვერის მოვლა-პატრონობის ვალდებულებაც დაეკისრება.

 

„სკვერების დასუფთავებას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ქალაქ სერვისი“ ახორციელებს. ყოველდღიურად ხდება სკვერიდან ნარჩენების გატანა, მაგრამ ეს ერთჯერადი დასუფთავებაც არ არის საკმარისი. აქ, ფაქტობრივად, მთელი დღე  უნდა იდგეს ვინმე, ვინც ნარჩენებს გაიტანს. ამის ფინანსური რესურსი ჯერ არ გაგვაჩნია. სკვერი მართლაც დაბინძურებულია, მაგრამ ეს გარემოვაჭრეების არაკეთილსინდისიერების შედეგია, აქამდე მათი დაჯარიმებაც ვერ მოვახერხეთ, რადგან რთულია კონკრეტულ ფაქტზე გასვლა. მდგომარეობა უახლოეს პერიოდში უნდა გამოსწორდეს, რადგან სკვერი გაიჯარებულია და მოიჯარეს, მშენებლობის დასრულების შემდეგ, სკვერის მოვლა-პატრონობა ევალება,“ - აცხადებს მალხაზ ბასილაძე.

 

იქამდე კი, ვარლამიშვილის სკვერს, რომელიც ნაგავსაყრელთან ერთად, ღია საპირფარეშოდაც არის ქცეული, სამშენებლო ნარჩენებიც ემატება და, როგორც ადგილობრივები ამბობენ, სკვერი, საიდანაც ჩრდილოეთ ნაწილში ბაგრატის ტაძრის ულამაზესი ხედი იშლება, უცხოელი ტურისტების ობიექტივში, დაყრილი ნაგვით ხვდება.

რაც შეეხება ქალაქის დასუფთავების ზოგად სურათს, როგორც  მერიაში აცხადებენ, მდგომარეობა აქ გაცილებით უკეთესია და ქალაქის დასუფთავებაზე მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმში ხდება.

 

მალხაზ ბასილაძის ინფორმაციით, „კომპანია „ქალაქსერვისი“ დღეში ორჯერ ახდენს ცენტრალური უბნების, ხოლო დღეში ერთხელ - პერიფერიების დასუფთავებას. ღამის საათებში ხდება ქუჩების ჩარეცხვა. დასუფთავების მხრივ  ყველაფერი საჭიროების მიხედვით ხდება.“

 

***

 

გურგენი ბაბუ ქალაქის სისუფთავეზე ნახევარ საუკუნეზე მეტია, ზრუნავს. ის, ბოლო რამდენიმე წელია, ქალაქის ცენტრალურ ბაღს ასუფთავებს და, როგორც ამბობს, ქუჩების თუ სკვერების დაბინძურებაში მთავარი დამნაშავე თავად მოქალაქეების კულტურა და თვითშეგნებაა, რადგანაც ზოგიერთ მათგანს ხელიდან ნარჩენების მოსაშორებლად, ურნის ნაცვლად, ქუჩა ეიოლება.

 

 „ჩვენი სამუშაო დღე დილის  7 საათიდან იწყება,  ყველანაირად ვუვლით სკვერს, თუმცა, ყოველდღიური დასუფთავების მიუხედავად, ძნელია, ადამიანების უკულტურობას გაუმკლავდე. ზოგი იცავს წესრიგს, უმეტესობა - არა. შე დალოცვილო, სკამზე რომ დაჯდები და ნაგავს ფეხების ქვეშ შეიყრი, წინ ურნა რომ გიდგას, წელი მოგწყდება, იქ რომ ჩაყარო ნარჩენები? ამას ზოგი აკეთებს, უმეტესობა კი - არა.“

თუმცა უფრო  კულტურულებსაც, ვისაც ნაგვის ურნაში ჩაგდება არ ეზარება, არსებული ურნების უმრავლესობა  მწყობრიდან გამოსული, ფსკერგამოცლილი ფორმის გამო, ქუჩის უნებურად დამბინძურებლებს გახდის.

 

ქალაქში, სისუფთავით უკმაყოფილო მოქალაქეებთან ერთად, არიან ისეთებიც, რომლებიც გურგენი ბაბუს და სხვა დანარჩენების შრომას აფასებენ და, მათი აზრით, გასულ წლებთან შედარებით, ქალაქი დღეს გაცილებით სუფთაა.

 

მაგული დოღონაძე: „კმაყოფილი ვარ ქალაქის დასუფთავებით. ვფიქრობ, ამ კუთხით ქალაქში მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხშირად ვისვენებ ცენტრალურ ბულვარში და ვხედავ, როგორ იგვება, ყოველდღიურად გააქვთ ნარჩენებიც.“

 

უშანგი ღიბრაძე: „არ ვიცი, რა ხდება გარეუბნებში, მაგრამ ცენტრალური ქუჩები საკმაოდ მოვლილია, სკვერშიც მეტი სისუფთავე იქნება, თუ ამ დაზიანებულ ურნებს გამოცვლიან.“

 

ქუთაისის სუფთა ქალაქად გაქცევის სურვილით, ქალაქის მერიამ საჯარიმო სანქციებიც შემოიღო, ჯარიმის ოდენობას დანაგვიანების მასშტაბები განსაზღვრავს.

 

თუმცა, როგორც მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, პრაქტიკაში ფულადი დაჯარიმების შემთხვევები ჯერ არ აქვთ. მათივე შემოღებული შინაგანაწესის მიუხედავად, პირველ ეტაპზე გაფრთხილებას არჩევენ. ხოლო მათ, ვისაც საჯარიმო სანქციების დაკისრების ბერკეტი არ გააჩნიათ და ქალაქში სისუფთავეზე გული შესტკივათ, დაბინძურებას ასეთი ფორმით - „დედის დაფიცებით“  ებრძვიან.

ვარლამიშვილის სკვერის ტერიტორია 2013 წელს აუქციონის წესით დაიჯარდა. მფლობელი შპს „გეგი 2013“-ია, რომელმაც  ხელშეკრულების პირობების თანახმად ფართის  იჯარით სარგებლობის სანაცვლოდ წელიწადში 12 550  ლარი უნდა გადაიხადოს.

 

აღნიშნული შპს ადგილზე საოფისე ფართს აშენებს, მშენებლობა მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში დასრულდება. შპს „გეგი 2013“-ის დირექტორის გიორგი მიქაბერიძის ინფორმაციით, მშენებლობის დასრულების შემდეგ, ვარლამიშვილის სკვერის კეთილმოწყობა მოხდება, ამუშავდება შადრევანი, დაიგება ახალი ფილები და გაშენდება გამწვანება, მოიჯარე სკვერის დასუფთავებაზეც იზრუნებს.

 

„ხელშეკრულების თანახმად, სკვერის კეთილმოწყობის ვადა 2015 წლის ოქტომბრამდე გვაქვს, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ აქ მართლაც თვალშისაცემი სიბინძურეა და მოსახლეობის დიდი სურვილია, დასუფთავდეს სკვერი, ჩვენ ამ ვადებს არ დაველოდებით და შევეცდებით, რაც შეიძლება მალე ამ ადგილმა თავისი დანიშნულებისამებრ ლამაზი და მოვლილი სკვერის იერსახე მიიღოს,“ - აცხადებს გიორგი მიქაბერიძე.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2440
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია