დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„პარლამენტის თბილისში დაბრუნების იდეამ შეაჩერა ქუთაისის და მთლიანად რეგიონის განვითარება“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/11/03 15:21:30

ირღვევა თუ არა კონსტიტუცია საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანით?

 

საქართველოს მთვარობას ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ. კერძოდ კი, აღნიშნავენ, რომ საპარლამენტო სხდომების თბილისში ჩატარებითა და საკანონმდებლო ორგანოს დედაქალაქში დაბრუნების მცდელობით ირღვევა კონსტიტუციის 48-ე მუხლი, სადაც აღნიშნულია, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი არის ქუთაისი და საკანონმდებლო ორგანოსთვის ადგილის შეცვლა მხოლოდ საომარი ვითარების შემთხვევაშია შესაძლებელი.

პარლამენტის ქუთაისში დარჩენის მომხრეებმა მოძრაობა „დაიცავი კონსტიტუციის 48-ე მუხლი“ დააფუძნეს.

 

ორგანიზაცია ძალების მოკრებას რაიონებშიც ცდილობს, ადგილობრივებს იმერეთის რეგიონისთვის პარლამენტის როლსა და მნიშვნელობაზე მიაწვდიან ინფორმაციას. მათი თქმით, ქვეყნის თანაბარი განვითარება საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში ფუნქციონირებითაა შესაძლებელი.

 

 

***

პარლამენტის ქუთაისში დარჩენის მოთხოვნას, მომხრეებთან ერთად, მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. როგორც ისინი აღნიშნავენ,  საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში არსებობით, ქალაქში ორი წლის განმავლობაში სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა, რადგან ეს თავშივე განწირული იდეა იყო.

 

რა მნიშვნელობა აქვს საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისისა და, ზოგადად, იმერეთისთვის, რატომ ვერ მოხდა ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარება და რა  შეფერხებები გამოიწვია პარლამენტის თბილისში დაბრუნების იდეამ? - ამ საკითხზე პოზიცია, ოპოზიცია, არასამთვარობო სექტორი და რიგითი მოქალაქეები გვპასუხობენ.

 

ვანო ცერცვაძე, მოქალაქე: „ყველა მთავრობის პრობლემა ის არის, რომ მხოლოდ ერთმანეთთან ბრძოლით არიან დაკავებული და მთავარი საქმე, რისთვისაც ისინი ხალხმა აირჩია, ავიწყდებათ. დავუშვათ, ქუთაისში პარლამენტის გადმოტანა არ იყო სწორი, მაგრამ  ხომ არის გადმოტანილი, რატომ არ შეიძლება, დავტოვოთ ამ ქალაქში? როდესაც ამბობენ, რომ წინა ხელისუფლებამ გაუმართლებელი ხარჯები გაიღო, ესენიც იგივეს არ აკეთებენ? მხოლოდ იმის გამო წაიღო პარლამენტი უკან, რომ ის „ნაციონალების“ აშენებულია, არაა სწორი. რა მოხდება, ამ ქალაქში რომ იმუშაონ? თუ არ ავყვავდებით ქუთაისელები, იმით მაინც ვიამაყებთ, რომ მთავარი საკანონმდებლო ორგანო ჩვენს ქალაქში მუშაობს და უცხოელებიც გაიგებენ ჩვენი ქალაქის შესახებ. ვისზე ნაკლები ისტორია და კულტურა გვაქვს. მაგრამ არ უნდათ ხალხზე ზრუნვა, მხოლოდ პირად ინტერესებზე ფიქრობენ. უჭირთ თურმე რამდენიმე დღე ოჯახისგან მოშორებით ყოფნა. მაშინ იმ დედებმა რა თქვან, წლების განმავლობაში რომ არ უნახავთ შვილები და ოჯახს მოშორებულები არიან, რომლებიც იხდიან გადასახადებს, არჩენენ ქვეყანას, ამ ქვეყნის მთავრობას  ერთი ქალაქიდან მეორეში სიარულიც არ უნდა?“

 

მერაბ ბარათაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია  „ევროპა ჩემი სახლია“: „ხშირად უკითხავთ, რა მნიშვნელობა აქვს პარლამენტს ქუთაისისთვის და რა სარგებელი მოუტანა რეგიონს? მიუხედავად იმისა, რომ დეცენტრალიზაცია რეგიონის განვითარებისთვის მოხდა, ის ვერ იქნებოდა მომგებიანი იმ შემთხვევაში, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ პირველივე სხდომაზე განაცხადა, რომ პარლამენტი ქუთაისში არ იმუშავებდა. ამან გამოიწვია უკვე არსებული მოლაპარაკებების შეჩერება. ინვესტორებმა უარი თქვეს ქუთაისში ინვესტიციის ჩადებაზე, რადგან წამგებიან ბიზნესად მოეჩვენათ. ერთი ასეთი მოლაპარაკებით ქუთაისში თანამედროვე ტიპის სასტუმრო უნდა აშენებულიყო. წყალტუბოში კი ინვესტორმა დაწყებული მშენებლობა მიატოვა, სადაც ორი მილიონი იყო გახარჯული.

 

პარლამენტის თბილისში დაბრუნების იდეამ შეაჩერა ქუთაისის და მთლიანად რეგიონის განვითარება. პარლამენტის ქუთაისში ყოფნა გამოიწვევდა იმერეთში ეკონომიკის, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის განვითარებას. ამ ყველაფერის შეფერხებას კი ხელი მთავრობამ შეუწყო, რომელიც დღიდან მოსვლისა აპელირებდა, რომ პარლამენტი ქუთაისში არ უნდა ყოფილიყო, რადგან ის „ნაციონალების“ ინიციატივაა. მთავრობა უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლს, სადაც წერია, რომ საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი ქუთაისია.“

 

ნატო ქათამაძე, „რესპუბლიკელი“, ქუთაისის საკრებულოს წევრი:  „ჩემი პოზიცია პარლამენტთან დაკავშირებით არაერთხელ დამიფიქსირებია. მაშინ, როდესაც პირველად გაჟღერდა იდეა, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა ყოფილიყო, ვფიქრობ, ერთადერთი ადამიანი ვიყავი, ვინც ამბობდა, რომ ეს იყო არასწორი მოსაზრება, რადგან პარლამენტი ქუთაისს ვერ განავითარებდა. მართალიც აღმოვჩნდი, რადგან ორი წელია პარლამენტი ქუთაისში, მაგრამ ამან ვერაფერი განსაკუთრებული ვერ შესძინა ჩვენს ქალაქს.

 

რაც შეეხება დარჩენას, პარლამენტი რომ დარჩეს ქუთაისში, ამისთვის ძალიან ბევრი რამ უნდა ყოფილიყო წინასწარ გაკეთებული. ჯერ ის, რომ ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგებულიყო. პარლამენტს კი არ უნდა მოყოლოდა ინფრასტრუქტურა, არამედ, ჯერ უნდა მოწესრიგებულიყო და შემდეგ გადმოტანილიყო საკანონმდებლო ორგანო. ბევრი შემთხვევა ვიცი, როდესაც დეპუტატები უცხოელ სტუმრებს ვერ იღებენ. ელემენტარული, არაა ნორმალური სასტუმრო ან ისეთი დაწესებულება, სადაც შეიძლება სტუმრების მიღება. თუ არ ჩავთვლით პარლამენტის შენობას.

 

უფრო მნიშვნელოვანი რაც არის, მთავრობა - საკანონმდებლო და აღმასრულებელი ერთად უნდა იყოს. ვინაიდან მეტი კომუნიკაციაა საჭირო, ხშირად მინახავს მინისტრი ან მინისტრის მოადგილე ჩამოდის ქუთაისში ნახევარსაათიანი მოხსენებით, ვერ ხერხდება კომიტეტებზე მისი გატანა და ორი დღე უწევს ქუთაისში გაჩერება. მაშინ, როდესაც თბილისში ეს პროცესი  მარტივად მოხერხდება და დროსაც უკეთესად გამოიყენებენ. მთავრობა  ჩვენგან იღებს ხელფასს და იღებენ არა აქეთ-იქეთ სიარულში, არამედ - საქმის კეთებისთვის. თუ ამ საკითხს მივუდგებით სახელმწიფოებრივად, პარლამენტი უნდა იყოს თბილსში, მაგრამ როგორც ერთ რიგით ქუთაისელს მინდა, პარლამენტი იყოს ქუთაისში, თუმცა, ქვეყნის მომავლისთვის თბილისში ყოფნა ჯობია“.

 

ქეთევან ბერძენიშვილი, ჟურნალისტი: „როგორც საზოგადოებას მოეხსენება, პარლამენტი ნაწილობრივ გადავიდა თბილისში, რის გამოც  დაირღვა კონსტიტუციის 48-ე მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია, რომ საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი არის ქუთაისი და საკანონმდებლო ორგანოს გადატანა მხოლოდ საომარი ვითარების დროსაა ნებადართული. სამწუხაროდ, თურმე დეპუტატების კრიტიკას მოუწესრიგებელი ქუთაისი იწვევს, რის გამოც დელეგაციების მიღება უჭირთ. ამ ყველაფრით კი შეურაცხყოფას გვაყენებენ ქუთაისელებს. ხშირად უთქვამთ, რომ თბილისი-ქუთაისის გზა იყო დამღლელი და ბიუჯეტისთვის დიდ ხარჯს წარმოადგენდა. სამაგიეროდ, ბევრად მეტი ხარჯი გაიღეს თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის რემონტზე. დეპუტატებს კანონის დაცვისკენ, საზოგადოებას კი ჩვენს კამპანიაში ჩართვისკენ მოვუწოდებთ, რადგან პარლამენტი ქუთაისისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ვინაიდან ამ ქალაქს განვითარების სხვა საშუალება არ აქვს. ეს არაა რომელიმე პარტიის მხარდაჭერა, არამედ ამ  ქალაქის სიყვარულია, რომელსაც აქვს უფლება, იყოს წარმატებული და განვითარებული“.

 

გიორგი ჭიქაბერიძე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე: პარლამენტის ქუთაისში დარჩენა-არდარჩენის საკითხს ჩვენ პოლიტიკურ შეფასებას ვერ მივცემთ და ვერ ვიტყვით, რატომ არის მნიშვნელოვანი ქუთაისისთვის და რა ზარალს იღებს ბიუჯეტი, მაგრამ რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, ვიტყვი, რომ საკანონმდებლო ორგანოს თბილისში ნაწილობრივ  გადატანით და დედაქალაქში გასვლითი სხდომების ჩატარებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლი, რაც სამართლებრივად ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.“

დავით დვალი, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე: „მე, როგორც ქუთაისელს მინდა, რომ  ყველა კარგი შენობა იყოს ქუთაისში. მოხდეს ჩემი ქალაქის ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარება, ესაა ჩემი პოზიცია, მაგრამ ამ საკითხით სიმულიანტობის უფლებას არავის არ მივცემთ, იმიტომ, რომ რაც ხდება პარლამენტის გარშემო, ეს არა ქალაქის, არამედ - ერთი პარტიის მიმართ ერთგულებაა“.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2773
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია