საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
უკანონო მოსმენების გამო პასუხისგებაში მიცემულ მოხელთა რაოდენობა კვლავ უცნობია
2014/10/31 18:41:33

2014 წელს IDFI-იმ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს მიმართა განცხადებით და მოითხოვა ინფორმაცია 2009–2014 წლების განმავლობაში იმ საქმეთა რაოდენობის შესახებ, რომლებზეც დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემდეგ ქმედებებზე: კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა და პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა. კერძოდ მოთხოვნილ იქნა შემდეგი ინფორმაცია:


1) 2009-2014 წლებში (ცალ-ცალკე წლების მიხედვით) იმ საქმეთა რაოდენობა, რომლებზეც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნების აღმოჩენის შედეგად დაიწყო საგამოძიებო პროცედურები;
2) წინამდებარე განცხადების პირველ პუნქტში მითითებულ საქმეებში ეჭვმიტანილი პირის სტატუსის მქონე სამინისტროს თანამშრომელთა და სხვა პირთა რაოდენობა (ცალ-ცალკე, საქმეების მიხედვით კლასიფიცირებული);
3) აღნიშნულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები და დამდგარი შედეგები (სხვა საგამოძიებო უწყებაში გადაგზავნა; სასამართლო გადაწყვეტილებები, მათ შორის, ცალკე მითითებით, გამამტყუნებელი განაჩენები; დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შემთხვევები; საპროცესო გარიგების გაფორმების შემთხვევათა საერთო რაოდენობა და სხვა);

 

2014 წლის მაისს საქართველოს პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული ინფორმაცია არ მოიცავდა რაიმე ცნობას 2009–2014 წლების განმავლობაში კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევისა და პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის შესახებ საგამოძიებო მოქმედებათა დაწყების შესახებ.


როგორც მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა საქართველოს პროკურატურას 2011-2013 და 2014 წლის პირველ ოთხ თვეში საერთოდ არ დაუწყია სისხლისსამართლებრივი დევნა ან გამოძიება ამ მუხლებით გათვალისწინებულ მოქმედებებზე, მათ შორის უკანონო / ფარული მიყურადების საკითხებზე.

 

 

 

 

ამასთან დაკავშირებით საინტერესოა 2012 წელს გახმაურებული შემთხვევა, როდესაც საქართველოს პროკურატურამ 15 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოებისა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტების 12 ყოფილი თანამშრომელი დააკავა, მათ შორის უკანონო მოსმენების ბრალდებით. როგორც ღია წყაროებიდან ჩანს ამ პირებიდან მინიმუმ 2 ადამიანს ( შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს ბექა კვარაცხელიას და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილეს შოთა ხიზანიშვილს წაყენებული ჰქონდათ ბრალი 158-ე მუხლით კერძო ინფორმაციის უკანონო მოპოვება, გამოყენება ან გავრცელება). შესაბამისად, ჩვენთვის გაურკვეველი რჩება, საქართველოს პროკურატურის პასუხი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ მუხლებით მათ მიერ არ ყოფილა დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა.


რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღნიშნულმა უწყებამ მოთხოვნილი ინფორმაცია არ მოგვაწოდა კანონით დადგენილ ვადაში, შესაბამისად შსს-ს ქმედება IDFI-იმ გაასაჩივრა თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, ხოლო შემდგომ კი 2014 წლის 9 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. 16 ოქტომბერს გამართულ სასამართლო პროცესზე შსს-ს წარმომადგენელმა ინსტიტუტს განუმარტა, რომ ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მოგვეწოდებოდა უახლოესი პერიოდის განმავლობაში. მართლაც, დღეს (31 ოქტომბერს) ჩვენ მივიღეთ ჯერ-კიდევ 2014 წლის 13 ივნისს მოთხოვნილი ინფორმაცია, თუმცა სამწუხაროდ არასრულყოფილი სახით.


მიღებული ინფორმაციიდან დგინდება, რომ 2009–2014 (5 თვე) წლებში კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევისთვის შსს-მ გამოძება დაიწყო მხოლოდ 12 შემთხვევაში, ხოლო პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევისთვის კი სულ 2 შემთხვევაში.

 

 

 

რაც შეეხება სისხლისსამართლებრივ დევნას, შსს-ს ინფორმაციით, ის კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევისთვის არც–ერთ შემთხვევაში არ დაწყებულა, ხოლო პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევისთვის კი სისხლის სამართლებრივი დევნა მხოლოდ ერთი პირის მიმართ დაიწყო 2010 წელს.


მიღებული ოფიციალური წერილში აგრეთვე აღნიშნულია, რომ 2009-2014 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა (თანამშრომელთა) მიმართ აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნა არ არც- ერთ შემთხვევაში არ დაწყებულა.


აღნიშნული ინფორმაციის არასრულყოფილად მოწოდების გამო სამწუხაროდ, ვერ ხერხდება იმის დადგენა თუ რამდენ პირზე (შსს ან სხვა ძალოვანი სტრუქტურის) წარმომადგენელზე დაიწყო გამოძიება / დევნა უკანონო ფარული მოსმენების და მიყურადების ბრალდებით. აღნიშნული, ინფორმაცია მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის იმ კონტექსტშიც, რომ ამჟამად აქტიურად მიდის მსჯელობა ახალი კანონის შესახებ, რომელმაც უნდა გააძლიეროს კონტროლის მექანიზმები ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით. დღეს კი საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს. ამავე დროს, საზოგადოებამ არ იცის თუ რამდენი მაღალჩინოსანი თუ ძალოვანი სტრუქტურის სხვა თანამშრომელი იქნა მიცემული პასუხისგებაში იმ ფაქტების გამო რაც უკანონო მოსმენების გახმაურებულ საკითხს შეეხება. მეტიც, საზოგადოებაში არის საფუძვლიანი ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ბევრი ის პირი ვინც შესაძლოა მონაწილეობას იღებდა ასეთ ქმედებებში დღესაც მუშაობენ ძალოვან სტრუქტურებში, რაც აღრმავებს უნდობლობას საზოგადოებასა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის. ვფიქრობთ, აუცილებელია, საქართველოს პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნონ ეს ინფორმაცია და დეტალურად განმარტონ თუ როგორ წარიმართა გამოძიება უკანონო მიყურადებასთან დაკავშირებით და რამდენი თანამშრომელი იქნა საბოლოო ჯამში მიცემული პასუხისგებაში უკანონო მოსმენებისთვის. ეს აუცილებელია მათ შორის მსგავსი ფაქტების მომავალში განმეორების პრევენციისთვის.

 

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

წყარო: idfi.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2177
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია