დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სახალხო დამცველისთვის მიუღებელია ე.წ. „ფარული მიყურედაბის კანონის“ მიღების გადავადება
2014/10/29 10:08:31

28 ოქტომბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა „ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტი, რომლის მიზანია 2015 წლის 1 აპრილამდე გადავადდეს იმ რეგულაციების შემუშავება, რომლებმაც ადამიანის პირადი ცხოვრება სახელმწიფოს არამართლზომიერი ჩარევისაგან უნდა დაიცვას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 2014 წლის 1 აგვისტოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს 2014 წლის 1 ნოემბრამდე უნდა უზრუნველეყო ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციების ამსახველი ინფორმაციის მოპოვებაზე ეფექტური გარე კონტროლის მექანიზმის განსაზღვრა და საკანონმდებლო რეგულაციების მიღება. ამ მიზნით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2014 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას იღებდა საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი.

სამუშაო ჯგუფმა მიმდინარე წლის 24 სექტემბრამდე რამდენიმე შეხვედრა გამართა, რომელიც ძირითადად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სქემების განხილვას ეთმობოდა. 2014 წლის 24-25 სექტემბერს, სამუშაო ჯგუფის დახმარებით გაიმართა კონფერენცია ევროსაბჭოს ექსპერტთა მონაწილეობით. კონფერენციაზე ექსპერტების მიერ ცალსახად აღინიშნა მხოლოდ შსს-ს ხელში ე.წ. „გასაღების“ არსებობის დაუშვებლობა. სამწუხაროდ, კონფერენციის შემდეგ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა არ გამართულა და კანონის პროექტის ინიცირება მისი გვერდის ავლით მოხდა.

საქართველოს სახალხო დამცველს კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნია ცვლილებების შემუშავების ვადის გადაწევა „სრულყოფილად დამუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღების“ მოტივით რამდენიმე მიზეზის გამო: 1. 2014 წლის 1 აგვისტოდან დღემდე, საქართველოს პარლამენტს ჰქონდა საკმარისი დრო და რესურსი ცვლილებების შესამუშავებლად; 2. ცვლილებების შემუშავებაში პარლამენტს დახმარებას უწევდნენ ევროპის საბჭოს ექსპერტები და იურიდიულ კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომლის ფართო წარმომადგენლობას შეეძლო უზრუნველეყო საერთაშორის სტანდარტებთან შესაბამისი რეგულაციების შემუშავება; 3. საკითხის დარეგულირების 2015 წლის 1 აპრილამდე გადაწევით გრძელდება ის მანკიერი საკანონმდებლო პრაქტიკა, რომელიც მოწმეთა დაკითხვის წესის გადავადებით დაიწყო და საფუძვლად სახელმწიფო ინსტიტუტების უუნარობა უდევს; 4. საკითხის დარეგულირების გადავადებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინარჩუნებს შეუზღუდავ წვდომას ინფორმაციასთან, რომელიც ადამიანის კერძო ცხოვრების სფეროს განეკუთვნება და როგორც უახლოესი წარსულის გამოცდილება გვიჩვენებს, ხშირ შემთხვევაში გამოიყენება არა დანაშაულთან ბრძოლის, არამედ ადამიანთა შანტაჟის იარაღად.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, არ დაუშვას კანონპროექტის მოცემული სახით მიღება, გააქტიუროს სამუშაო ჯგუფის საქმიანობა და საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებისას გაითვალისწინოს შემდეგი: 

1. ფარული მიყურადების ე.წ. "გასაღები" არ უნდა იყოს მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში;

2. პროცესის გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან არსებობდეს კოლეგიური ორგანო (ე.წ. საბჭო), რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციის სფეროში ინფორმაციის დაცულობის ხარისხზე კონტროლს და რომელშიც თანამდებობრივად შევლენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოს სახალხო დამცველი;

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში აუცილებელია განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, გაუქმდება გადაუდებელი აუცილებლობის დროს პროკურორის დადგენილების საფუძველზე განხორციელებული ფარული მიყურადება და აღნიშნული განხორციელდება მხოლოდ მოსამართლის მიერ  ბრძანების გაცემის შემთხვევაში;

4. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს განხორციელებული ფარული მოსმენის შესახებ სტატისტიკის გამოქვეყნება პერიოდულად.

 

წყარო: http://www.ombudsman.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2598
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია