დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მაშინ წამოვალ ჯარიდან, როცა დედაჩემს აფხაზეთის მიწაზე დავადგმევინებ ფეხს“
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/10/13 15:28:24

ჩემი რესპონდენტი ქალბატონი იმით არის გამორჩეული, რომ მისი, ერთი შეხედვით, ნაზი უბრალოების მიღმა უდიდესი სიმამაცე და ამასთანავე ენით აღუწერელი ტკივილი იმალება. ასაკი გამოვლილმა გაჭირვებამ დაატყო, თუმცა, 60 წლის ქალბატონის იერი  უაღრესად სიცოცხლისუნარიანია.

 

ქალი, რომელზეც ვსაუბრობ, სულ რაღაც ორი კვირაა, რაც გავიცანი, რაც ერთ ჭერქვეშ გვიწევს ცხოვრება და სიმართლე გითხრათ, ისეთი შთაბეჭდილება მეუფლება, რომ ძალიან დიდი ხნის ნაცნობობა გვაკავშირებს. მოკლედ, უკვე გაუთავებლად შემიძლია ამ ქალბატონზე საუბარი, თუმცა შევეცდები, მისი პიროვნული ღირსებები და მის თავს გადახდენილი ამბავი მისივე მონოლოგით შემოგთავაზოთ. ერთს გეტყვით, ჩემი რესპონდენტი აფხაზეთიდან დევნილი ლარისა (ნელი) უბირიაა, სამი შვილის - ირმა, ილონა და ირაკლი მეშველიანების დედა.

 

 

„მე და ჩემი მეუღლე ჩვენს სამ შვილთან ერთად ქალაქ ტყვარჩელში „40 წელი საბჭოთა აფხაზეთი“ ქუჩაზე ვცხოვრობდით. ჩემი მეუღლე სოხუმის დეპოში მუშაობდა, ოჩამჩირის, ტყვარჩელის და სხვადასხვა მიმართულებით. ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერაში იყო ჩემი მეუღლის ძირი ოჯახი. იქ ახალი გადასულები ვიყავით, როცა 1992 წელს ომი დაიწყო. ომის დაწყების დღიდან ჩემი მეუღლე ბრძოლაში ჩაერთო. თავიდან იარაღი არ მისცეს და შეუიარაღებლად იცავდა სოფელს, ზედამხედველობდა, ვინმე რომ არ შემოსულიყო. ოქტომბრის 20 რიცხვში ვითარება დაიძაბა და ჩვენი სოფლის დაცლა დაიწყო. დააყენეს ავტობუსი და ქალები და ბავშვები მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში წაგვიყვანეს, გაგვარიდეს სიტუაციას. ჩემი ქმარი ელგუჯა კი  სახლში დარჩა, ოჯახს ვერ მივატოვებო. სალხინოში დევნილად ორი თვე დაგვტოვეს. ამ ორი თვის განმავლობაში ჩემი ქმარი მხოლოდ ერთხელ ჩამოვიდა ჩვენს სანახავად და ისევ დაბრუნდა ცაგერაში. ჩვენს სოფელში არსებულ ინფორმაციას ტელევიზიით ვიგებდით. სახლიდან ისე გამოვედით, რომ საერთოდ არაფერი წამოგვიღია, რაც მეცვა, იმ ტანსაცმლით წავედით ყველანი. შეფერხებული იყო მიმოსვლა, საომარი მდგომარეობაც გამოცხადდა.

 

ერთ დღესაც ჩემმა მამამთილმა მოგვაკითხა დედაჩემის სახლში, სოფელ აკვასკაში რომ წავეყვანეთ. სოფელ გუფამდე ფეხით მივედით, სადაც აფხაზები იდგნენ. რა თქმა უნდა, გაგვაჩერეს სამხედროებმა, მე შემეშინდა, მაგრამ არ დავიბენი და მათ აფხაზურად მივესალმე, დაინტერესდნენ ჩემი ვინაობით. ვუთხარი, რომ მთელი ბავშვობა იქ მქონდა გატარებული, დედაჩემის სახლში, რომ ჩემთვის აფხაზი უცხო არ იყო. მათაც შევეცოდეთ პატარა ბავშვების პატრონი და გაგვიშვეს, თან გაგვაფრთხილეს, რომ გზა დანაღმულია და ფრთხილად იარეთო. გზად პატარებს მოშივდათ, მოწყურდათ. ჩემმა მამამთილმა ერთ ოჯახში დაიძახა, იქნებ წყალი მაინც დავალევინოთ ბავშვებსო. უფლის წყალობით, ღვთისნიერი ხალხი შეგვხვდა, სახლში მიგვიპატიჟეს, საჭმელი, წყალი, ხილი ჩაგვილაგეს ჩანთაში და გამოგვიშვეს, ასე მივაღწიეთ დედას სახლში სოფელ აკვასკაში, მამამთილი კი ცაგერაში დაბრუნდა. მინდოდა, მას გავყოლოდი, მაგრამ არ წამიყვანა.

 

მეგონა, ცოტა ხნით მაინც დავწყნარდებოდი, გავერიდეთ არეულობას-მეთქი, მაგრამ ჩემი სახლის წინ აფხაზების შტაბი იყო... მართალია იცოდნენ, რომ იქ ვიყავით თავშეფარებული და არ გვეხებოდნენ. ბავშვებს მაინც სულ ჩაცმულს ვაძინებდი, უცებ გაქცევა რომ დაგვჭირვებოდა. ცოტა ხანი ვიყავით დედაჩემთან, მერე კი ელგუჯამ შემომითვალა, რომ სოფელ ბესლახუბამდე  წამოდიო ფეხით, იქ კი მე დაგხვდებიო, მაგრამ მარტო არ გამიშვა დედამ,  ბესლახუბას ცოტა აქეთ ჩემი ქმრის ბიძაშვილი ჩამოვიდა და ისევ ჩვენს სახლში, ცაგერაში წაგვიყვანა. სულ ტყე-ტყე ვიარეთ და მივაღწიე ჩემ ქმართან, ისევ სახლში მივედით. იქ სრული არეულობა იყო, მაგრამ მაინც ჩვენს კუთხეში გვინდოდა დარჩენა, ასე ვერ მივატოვებდით იქაურობას. ღამეებს თეთრად ვათენებდით, ისმოდა საშინელი სროლის ხმა, ცოტა ხანი ვუძლებდით ამ არეულობას. ერთი პერიოდი კი ძალიან დაიძაბა სიტუაცია. მალე გავიგეთ, რომ ჩემი მაზლი მინაზე აფეთქებულა. ეს დიდი ტრაგედია იყო ჩვენი ოჯახისთვის. მამამთილმა გვითხრა, ამაღამ ცაგერას ბომბავენო და ოჩამჩირეში გავიქეცით, „ელექტრიჩკაში“ ჩავსხედით და გამოვიქეცით. არ გვქონდა საერთოდ არაფერი, ისე გამოვედით სახლიდან და წყალტუბოს სანატორიუმში დავსახლდით  დროებით. დევნილის სტვტცსით მარტის თვიდან, „სამშვიდობოს“ გამოცხადებამდე. როცა დამთავრდა „პერემირიე“, გვითხრეს, რომ ცაგერაში არ იყო საშიშროება და შეიძლებოდა, შინ დავბრუნებულიყავით. ისევ დავბრუნდით ცაგერაში, მონატრებულ სახლში, სადაც, მიუხედავად შედარებით მშვიდი სიტუაციისა, მაინც გვეშინოდა ცხოვრება, განსაკუთრებით კი ღამის დადგომა...

 

ერთხელ, შუაღამეს ვიღაცის განწირული ყვირილი შემოგვესმა: „ელგუჯა! ადექი ჩქარა! აფხაზები შემოვიდნენო.“ შიშით წამოვვარდით,  ჩემს შუათანა გოგოს, ილონას მივაძახე: „დედა ჩქარა მამაშენს შენ გაუღე კარი, კარგი ფეხი გაქვს და მშიდობით დაგვიბრუნდება-მეთქი“. ილონა მაშინ 5 წლის იყო. არ დამავიწყდება 5 წლის ბავშვის შეშინებული სახე, აკანკალებული მუხლები და მისი ნათქვამი სიტყვები, როცა კარისკენ დამფრთხალი გარბოდა: „აფხაზი, თათარი, თურქი, ვინც არ უნდა იყოს, ღმერთო! ყველა გადაარჩინე ამ ომს და ყველა  დედას მისი შვილი სახლში უვნებელი დაუბრუნეო“. დღესაც ცრემლი მადგება თვალზე, ამას რომ ვიხსენებ... მამამისს კარი გაუღო და ელგუჯაც უკანმოუხედავად გაიქცა. მე ერთის მიძახება მოვასწარი: ჩვენ რა გვეშველება-მეთქი. მისგან პასუხი არ მიმიღია - ის მშობლიური მიწის დასაცავად გარბოდა.

 

გარედან აფხაზების გინება და მუქარა მესმოდა. ირმას და ილონას უცებ ჩავაცვი, ირაკლი კი საწოლში იყო და ვერ მოვასწარი მისთვის ტანსაცმლის მოძებნა, საცვალის ამარა ავიტაცე ხელში და გარეთ გავვარდი. მერე როგორც გავიგე, სამშვიდობოს („პერემირიეს“) დროს ყველას გადაუმალავს შვილები, მარტო მე ვიყავი დარჩენილი სოფელში ბავშვებთან ერთად. გავიქეცი სახლის უკან, მაგრამ ღობეზე ვერ გადავედი, თან მესმოდა იმათი ყიჟინა: „ურა! ავიღეთ ცაგერაო“... გავრბოდი განწირულად და არ ვიცოდი, სად წავსულიყავი, ტყით ვერ გავიგნებდი გზას, ვიფიქრე, რაც იქნება იქნება-მეთქი და ბავშვები უკან დავაყენე, გოგოებს შუაში ჩავუყენე ირაკლი და მე წინ გავიქეცი, თუ ისვრიან მე მომხვდება-მეთქი. ამ სირბილში ჩვენები შემომეგებნენ, მიცნეს ბიჭებმა, ეხ ხომ ელგუჯას ცოლიაო და მომაძახეს, რაც ძალი და ღონე გაქვს გაიქეცი, უკან არ მოიხედოო... ასე ვირბინე და როგორც იქნა, ოჩამჩირემდე ფეხით მივაღწიე. რკინიგზის სადგურში ჩემი მაზლის ცოლი ვნახ. ვთთხოვე, პატარა ირაკლისთვის რამე მოეცა, რომ ჩამეცმია. საცვლის ამარა სულ კანკალებდა. რძალმა მითხრა: მარტო კაბა მაქვსო. გამოვართვი და ირაკლის ეს კაბა გადავაცვი, ცოტა რომ გამთბარიყო ბავშვი... ჩამოვჯექი იქ და ჩემთვის ვტიროდი. ამ გლოვის დროს, ვიღაც ბიჭი გამომეცნაურა და მკითხა ვინაობა. როგორც გავარკვიეთ ჩემი მაზლის ჯარის ამხანაგი ყოფილა. დამაიმედა, ნუ გეშინია, ისეთ ადგილას მიგიყვან, არაფერს გაგიჭირვებენო. მეც მივენდე ახალგაზრდას და მან  ვინმე როგავების ოჯახში მიმიყვანა, სადაც 13 წლის გოგონა დამხვდა დედასთან ერთად. იქ მართლაც რომ მშვიდად და უზრუნველყოფილი ვიყავით, თავს მევლებოდნენ. შაოსანი ქალი ვიყავი, ჩემს მაზლს ვგლოვობდი  და იმ ოჯახის დიასახლისმა იასამნისფერი კაბა მაჩუქა. ის კაბა არც ჩამიცვამს, ისე წამოვედი იმ სახლიდან, რადგან სრულიად მოულოდნელად ჩემმა თანასოფლელებმა შემომითვალეს, რომ ქუთაისის გზა იხსნება და წყალტუბოში დავბრუნდეთო. მოვკიდე ხელი ჩემს შვილებს და წამოსვლა დავაპირე. დიასახლისი ქალი სახლში არ იყო, 13 წლის გოგონამ კი  სულ ცრემლებით გამომაცილა. ბავშვმა საჭმელი ჩამილაგა და წამოსვლისას 20 მანეთს მაძლევდა. არასდროს დამავიწყდება იმ პატარა გოგოს საქციელი... არაფერი არ წამომიღია, ისე წამოვედი იქედან. 

 

როგორც იქნა, ქუთაისამდე მოვედით, ბავშვები ცხარე ცრემლით ტიროდნენ შიმშილისგან. გზად სასადილოში შევედი და პური ვთხოვე დახლიდარს, თან ფულიც მივაწოდე, მაგრამ ერთი ნაჭერიც კი არავინ მომცა, შენ რომ მოგცე მერე სხვებს არ ექნებათო, ტირილით გამოვედი იქიდან, ანგელოზებისთვის ერთი ნაჭერი პურიც კი არ გაიმეტეს,  გამწარებული ვიყავი. უკან ხელჯოხიანი მოხუცი კაცი გამომეკიდა, მე მოგცემ პურსო. ასე წვალებით მოვედი წყალტუბოში. თურმე აქაურებს სცოდნიათ, რომ მე ჩემს ბავშვებთან ერთად ცაგერში მინაზე ავფეთქდი. გაუკვირდათ ჩვენი დანახვა. რამდენიმე დღე აქ ვიყავით, სანატორიუმში ერთი ოთახი დავიკავეთ და დევნილ ცხოვრებას შევუდექით იმ იმედით, რომ მალე ყველაფერი ჩაწყნარდებოდა და ჩვენი მარჩენალი ელგუჯა შემოგვიერთდებოდა, მაგრამ ჯერ არაფერი ჩანდა სამშვიდობო.

 

ცოტა ხანში მომივიდა ამბავი, რომ ჩემი ელგუჯა ბრძოლის დროს დაიჭრა. ეს იყო 1993 წლის 16 სექტემბერი. მტრის შემოტევის დროს სოფელ ცაგერაში მიუღია ჭრილობები მარჯვენა ბარძაყისა და მუცლის არეში.  ბავშვები მეზობელს ჩავაბარე და უკან, სახლში გავიქეცი, ცაგერაში. მამამთილი გაგიჟდა ჩემს დანახვაზე, ამაღამ ცაგერა იბომბება და აქ რამ მოგიყვანაო. იმ საღამოსვე უკან გამომიშვეს. მას შემდეგ მე იქ აღარ დავბრუნებულვარ. ელგუჯას საავადმყოფომდე მიუღწევია. იქ უთქვამთ, რომ არ შეიძლება ამ ტყვიების ამოღებაო და დაუტოვეს „ასკოლკები“. წამოვედით და ჩემი ქმრის ამბავი კარგა ხანს არ ვიცოდით, ხან რას მეუბნებოდნენ, ხან რას, ჩვენ აქ ვცხოვრობდით ელგუჯას მოლოდინში.

 

ჩემი ქმარი და მამამისი თურმე ცაგერაში დარჩენილან, მამამთილს მისი ცოლი წაუყვანია თავისი რძლის  სახლში, გალში და ისევ ცაგერაში დაბრუნებულა ელგუჯასთან. „ერთი შვილი იქ მომიკვდა და მეორესაც ვერ დავტოვებ, იქნებ გადავარჩინოო“. ცაგერაში მიმავალს მისი ძმისშვილი შეხვედრია და რომ გაუგია, ცაგერაში ბრუნდებოდა, გაგიჟებულა, იქ აფხაზები მაინც მოგკლავენ და არ დავუშვებ მათი ხელიდან მოკვდეო. ავტომატი გადმოუღია და ბიძამისისთვის დაუმიზნებია: „აქ ორი ტყვია მაქვს, ერთით შენ მოგკლავ, მეორეთი კი თავს მოვიკლავ, მაგრამ იქ არ გაგიშვებო“. მამამთილს უფიქრია, ბავშვი ცოდვაში არ ჩავაგდო, ანერვიულებულიაო და გადაუფიქრებია ცაგერაში დაბრუნება, მაგრამ ორ დღეში მაინც გადასულა. მას შემდეგ არაფერი არ გაგვიგია მასზე. ზოგი ამბობს, რომ მისი შვილის საფლავზე ნახეს მოკლული, არ ვიცი... მისმა ცოლმა თავის მოკვლა სცადა, თურმე, გამწარებულმა, მაგრამ ხელი შეუშალეს. ის შემდეგ ჩვენ წამოვიყვანეთ წყალტუბოში, სანატორიუმში.

აფხაზეთი რომ დაეცა, იმ დღეს გადმოვიდა ელგუჯა იქედან. წამოვიდა და აქ მოგვაკითხა...“

 

„ეზოში  ბურთს ვთამაშობდით ბავშვები, მახსოვს, რომ ვიღაც კაცი, სულ შავებში ჩაცმული, შავი ცილინდრით შემოვიდა სანატორიუმის ეზოში. მახსოვს, მაშინ ძალიან გამიხარდა, მაშინვე მივხვდი, რომ ის შავოსანი, ნაომარი კაცი მამიკო იყო...“ - იხსენებს ირაკლი მეშველიანი.

 

აფხაზეთიდან წამოსვლის შემდეგ მეშველიანების ოჯახმა წყალტუბოს ერთ-ერთი სანატორიუმის შენობაში, „დრუჟბაში“ განაგრძო ცხოვრება...

 

„სხვისი ხელის შემყურეებმა განვაგრძეთ ცხოვრება, არანაირი შემოსავალი, არანაირი ტანსაცმელი, სულ ნოლიდან დავიწყეთ. ჩვენი ყოველდღიური საკვები 5 კაცზე დღეში ორი პური, გრამობით ბრინჯი და რამდენიმე კოვზი შაქარი იყო. ეს - ბავშვებისათვის განკუთვნილი ულუფა, ჩვენ, უფროსები კი ათას „ბალაბურდას“ ვპოულობდით და საჭმელს ვარქმევდით. ასე ვიყავით მანამ, სანამ ჩემმა მეუღლემ თავისი პროფესიით არ დაიწყო მუშაობა სამტრედიის დეპოში, მემანქანედ. თუმცა, აფხაზეთიდან გამოყოლილი იარები, როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური, წლების მანძილზე გვაწამებდა. ელგუჯას ტყვიების „ასკოლკები“ მთელს სხეულში ჰქონდა გაფანტული და უწამლობის და უფულობის გამო გაუსაძლის ტკივილები აწუხებდა, მაინც უძლებდა. 5 წელი იმუშავა, ამ დროის განმავლობაში კი ძალიან ბევრი აკლდათ ჩემს შვილებს: გოგოებს არაჩვეულებრივი მუსიკალური ნიჭი ჰქონდათ, თუმცა, იმის გამო, რომ გამოსაცვლელი ტანსაცმელი არ ჰქონდათ ზამთარში, ვერ ვატარე და ეს ნიჭი ჩავუხშეთ.“

 

ოჯახის უფროსი ელგუჯა მეშველიანი 2001 წლის 29 ნოებმერს გარდაიცვალა. იგი ერთი წლის განმავლობაში ლოგინად იყო ჩავარდნილი, ვინაიდან „ასკოლკები“ მთელს სხეულში განაწილდა და მისი მდგომარეობა ძალიან გართულდა. ამ დროის განმავლობაში კი, როგორც ნელი უბირიამ მიამბო, თითქმის ყოველდღე ცდილობდა თვითმკვლელობას გაუსაძლისი ტკივილების გამო. ცოლ-შვილისთვის ტვირთის და საზრუნავი შეემცირებინა... ამის უფლებას კი მისი ცოლი არ აძლევდა. თუმცა, ოჯახი მისი დაქვრივებული მეუღლის შემყურე დარჩა. ამასობაში ბავშვებიც წამოიზარდნენ და 15 წლის ირაკლი დედასთან ერთად შეუდგა დებზე ზრუნვას.

 

მეშველიანების ოჯახი 1992 წელს დაწყებულმა ომმა ძალიან დააზარალა, გარდა იმისა, რომ მათ აფხაზეთში დატოვეს ყველაფერი, რაც გააჩნდათ, იქ დარჩათ სული და გული და ყველაზე მთავარი სიცოცხლე იმ ადამიანებისა, ვინც მათთვის ძვირფასი იყო.  ელგუჯა მეშველიანის მამა აკაკი მეშველიანი დღემდე დაკარგულად ითვლება. ძმა, მურმან მეშველიანი აფეთქების შედეგად დაიღუპა, თვითონ ელგუჯა მეშველიანმა კი აფხაზეთში მიღებული ჭრილობებით 7 წელი იცოცხლა. დღემდე ინახება მეშველიანების  ოჯახში   დოკუმენტი,  „საბრძოლო მოკვლევა“, რომელიც შემდეგი შინაარსისაა:

 

„რიგითი მეშველიანი ელგუჯა აკაკის ძე. დაბადებული 1952 წელს. ქართველი. მცხოვრები ოჩამჩირის რ-ნი სოფ: ცაგერა.

 

 საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში აფხაზეთში, იბრძოდა 24-ე ბრიგადის  242-ე ბატალიონში. 1993  წლის იანვრიდან 1993 წლის 16 სექტემბრამდე, აქტიურ მონაწილეობას იღებდა საბრძოლო ოპერაციებში, რომელსაც აწარმოებდა ბატალიონი, კერძოდ ტამიშის დესანტის განადგურება. ბრძოლები მოქვისა და კოჩარის მიმართულებით. ბრძოლაში იგი გამოირჩეოდა სიმამაცითა და გამბედაობით, მასზედ დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა პირნათლად.

 

1993 წლის 16 სექტემბერს მტრის შემოტევებისას მიიღო ჭრილობები მარჯვენა ბარძაყისა და მუცლის არეში. მკურნალობას გადიოდა ქ. ოჩამჩირის, ხოლო შემდეგ ქ. თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში.“

 

ეს ერთადერთი დოკუმენტია, სადაც აღწერილია ელგუჯა მეშველიანის გმირობა, თუმცა აქ არაფერი წერია იმაზე, თუ როგორ იხსნა ელგუჯა მეშველიანმა ომის დროს 15 ადამიანის სიცოცხლე. ამის შესახებ ოჯახისთვის იმ მებრძოლების ნაამბობიდინაა ცნობილი, ვინც მის გვერდით იბრძოდა.

 

დღეს მეშველიანები წყალტუბოს სანატორიუმში ცხოვრობენ, ჯერ კიდევ არ მიუღიათ კუთვნილი ბინა.

 

ლარისა (ნელი) უბირია 60 წლისაა. ქალი, რომელმაც 16 წელი ოჩამჩირის სტატისტიკურ ცენტრში (ривс) იმუშავა, დღეს ხან ცერეცოს კრეფს სათბურებში, ხან სიმინდის ყანას ტეხს...

 

ლარისა უბირია უშრეტი ენერგიის პატრონია და მისი შვილების ერთადერთი იმედი. მისი იმედი კი შვილები: ირმა, ილონა და ირაკლია. ირაკლი, რომელიც უკვე 6 წელია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობს, იმყოფებოდა ავღანეთში (ჰელმანდის პროვინცია) აისაფის მისიით.

 

ირაკლი ხშირად იმეორებს: „მანამ არ წამოვალ ჯარიდან, სანამ ჩემს აფხაზეთს არ დავიბრუნებ. დედაჩემს კვლავაც ჩვენს მიწაზე უნდა დავადგმევინო ფეხი“.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2884
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია