საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ვიცე-მერს სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშაულებენ
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/10/08 16:44:26

 

ქუთაისში, ჭაჭავაძის №51-ში, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ისინი მათი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერის ადგილზე დაწყებულ კერძო მშენებლობას აპროტესტებენ.


ადილობრივების განცხადებით, აღნიშნულ ადგილზე დავა ორი წლის წინ დაიწყო, მას შემდეგ სასამართლო პროცესიც გაიმართა, რომელიც წააგეს, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და ახლა აპელაციის პასუხის მიღებამდე შემოიღობა აღნიშნული ფართი.


„ეს არ არის ახალი დაწყებული საქმე, ორი წლის წინ დაიწყო სასამართლო პროცესი, თუმცა ვიცე–მერის ზეწოლის შედეგად წავაგეთ პროცესი. ნოდარ მიქიაშვილმა სასამართლოს დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე დაარღვია ჩვენთან სიტყვიერი შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ  სანამ არ დამთავრდებოდა სასამართლო პროცესი, ამ ტერიტორიაზე არ იქნებოდა არანაირი გადაწყვეტილება მიღებული. არ ვიცით, ეს რატომ გააკეთა, მაგრამ აშკარაა, რომ მისმა განცხადებამ სასამართლოზე ზეწოლა მოახდინა,"-აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები შორენა ლუტიძე.


როგორც ცნობლია, აღნიშნული ტერიტორია ვინმე ედიშერ თავხელიძეს აქვს შეძენილი, რომელიც სკვერის ადგილზე სამეწარმეო ფართის აშენებას გეგმავს. ადგილობრივების თქმით, სკვერი გუშინ დაცვის პოლიციის თანხლებით შემოიღობა.


„გვაქვს უფლება, თავისუფალ გარემოში ვიცხოვროთ, აქ ჩვენი შვილები იზრდებიან, ორად-ორი ხე დგას და იმასაც მოუჭრიან ბავშვებს, რას აკეთებენ უფრო სასარგებლოს ამ ადგილზე? არ დავუშვებთ, ჩვენს შვილებს წაართვან ეზოში ჩამოსვლის უფლება," - ამბობს თამილა მამრიკიშვილი.


აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ არაერთელ მოითხოვეს მერიაში, იჯარით აეღოთ ეს ადგილი, მაგრამ არ მისცეს, მერე კი გაყიდეს.


„სააპელაციოს გადაწყვეტილების გარეშე გაისცა უკანონო მშენებლობის ნებართვა "-ამბობენ ადგილობრივები. 


აღნიშნული ტერიტორია გამარჯვების მუნიციპალიტეტს  ეკუთვნის, ოლქის მაჟორიტარი ადგილზე მივიდა და აქციის მონაწილეებს გაესაუბრა.


„ცუდია, როცა მოსახლეობა ამ ფორმით გამოხატავს პროტესტს. რაც შეეხება ფართს, არ არის სწორი, რომ აქ შენდება შენობა, მაგრამ ნებისმიერი სადავო საკითხი სასამართლოში უნდა განიხილონ. მაქვს ინფორმაცია, რომ მოსახლეობას ჰქონდა სასამართლო პროცესი, სადაც დამარცხდნენ, თუმცა გაასაჩივრეს და გამამტყუნებელი  განაჩენის გამოტანამდე შემოიღობა ფართი, რაც უკანონობაა. მე დავინტერესდები ამ საკითხით.  შევეცდები სიღრმისეულად გავარკვიო ეს საქმე და დავიცავ მოსახლეობის ინტერესებს," - განაცხადა გამარჯვების ოლქის მაჟორიტარმა ნატო ქათამაძემ.

 

ჭავჭავაძის №51-ში მცხოვრებლები აქციების გამართვას კვლავ გეგმავენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1981
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია