დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ურთიერთობები
ქართულ-პოლონური მედიამეგობრობა
ავტორი: ნატო გუბელაძე
2014/10/06 15:32:28

ქართული რეგიონული გაზეთებისა და პოლონელი მედიაექსპერტების მეგობრობა 2007 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. პოლონურმა ორგანიზაციამ „დემოკრატიული აღმოსავლეთი“ „ჟურნალისტთა კავკასიის საერთაშორისო ცენტრის“ თბილისის ოფისთან პარტნიორობით უკვე რამდენიმე პროექტი განახორციელა ადგილობრივი ქართული გაზეთებისთვის.

 

ჩვენი გაზეთი „პოსტსკრიპტუმი“ ამ პროექტს გასული წლიდან შეუერთდა და ძალიან საინტერესო გამოცდილებაც მიიღო პოლონელი კოლეგებისაგან.

 

პროექტების თემატიკა ყოველწლიურად სხვადასხვა იყო. დაწყებული იქიდან, თუ როგორ უნდა გაშუქდეს ადგილობრივი არჩევნები, როგორ უნდა  ვიზრუნოთ გაზეთის დისტრიბუციის გაუმჯობესებაზე, როგორ მოვიზიდოთ გაზეთში მცირე განცხადებები, რათა შემოსავლები გავზარდოთ  და დამთავრებული  ინტერნეტგანვითარებაში ხელშეწყობით.

 

სწორედ წელს, ივლის-აგვისტოში პოლონელი კოლეგების მიერ კიდევ ერთხელ განხორციელდა საქართველოს ადგილობრივი გაზეთების მხარდაჭერის პროექტი, „საინფორმაციო მედიიდან ინტერაქტიულ მედიამდე - საქართველოს ადგილობრივი გაზეთები ინტერნეტში“,  რომელიც დაფინანსებულია შემდეგი პროგრამების ფარგლებში: პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2014 წლის თანამშრომლობის განვითარების პროგრამა „დემოკრატიის მხარდაჭერა“ და თავისუფლების ფონდის პოლონურ-ამერიკული პროგრამა „ცვლილებები რეგიონში“ - RITA, რომელსაც ახორციელებს ფონდი განათლება დემოკრატიისთვის.

 

 ტრენინგები წარმართეს პოლონელმა ტრენერებმა აგნეშკა ნოვინსკამ და მარჩინ ბანკმა. მათ ქართული რეგიონული  გაზეთების რედაქტორებს და ჟურნალისტებს აუხსნეს და პრაქტიკულად ასწავლეს, თუ როგორ იწერება მასალა ინტერნეტისათვის.

 

ტრენინგზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შეკრებილმა ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა  ინტეგრირებული მედიის საქმიანობის პრინციპები და მკითხველისთვის ინფორმაციის ეფექტურად მიწოდების სხვადასხვა ხერხები განიხილეს. შეჯამდა პოლონური პროექტის რამდენიმეწლიანი საქმიანობაც.

 

ტრენინგების დასრულების შემდეგ პროექტის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ოთხ ნომინაციაში:  ვებ-გვერდი; ვიდეომასალა ვებ-გვერდზე; ფოტომასალა ვებ-გვერდზე; ტექსტური მასალა ვებ-გვერდზე.

საკონკურსო კომისიის წევრები არიან:

 

აგნიეშკა ნოვინსკა - პროექტის მთავარი ტრენერი;

 

პიოტრ კრიშიაკი - პოლონური ადგილობრივი გაზეთების გამომცემელი;

 

იაროსლავ ბაბიცკი - პოლონური ადგილობრივი გაზეთების გამომცემელი, ქართული ადგილობრივი გაზეთებისთვის გახორციელებული პროექტების ექსპერტი;

 

პშემისლავ კუცა - პროგრამისტი და დიზაინერი, ქართული ადგილობრივი გაზეთებისთვის განხორციელებული პროექტების ექსპერტი;

 

პაველ კოზერა - პოლონური ადგილობრივი გაზეთების და პორტალის toiowo.info გამომცემელი, ქართული ადგილობრივი გაზეთებისთვის გახორციელებული პროექტების ექსპერტი;

 

გამარჯვებულთათვის გათვალისწინებულია ძალიან საინტერესო პრიზები, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა, ერთწლიანი ინტერნეტდაფინანსება და ტრენინგები პოლონეთში.

 

როგორც ჩვენთვის ცნობილია, პოლონელი მედიაექსპერტები 7 ოქტომბრისთვის კვლავ ეწვევიან საქართველოს და რეგიონული მედიაორგანიზაციების საზეიმო დაჯილდოვებას გამართავენ.


იმედი გვაქვს, რომ ჯილდოს გარეშე არც „პოსტსკრიპტუმი“ დარჩება!

 

მიუხედავად ყველაფრისა, მადლიერების გარეშე შეუძლებელია, ისაუბრო იმ მხარდაჭერასა და დახმარებაზე, რაც ჩვენმა პოლონელმა მეგობრებმა „დემოკრატიული აღმოსავლეთიდან“ საქართველოს ადგილობრივი გაზეთებისთვის ამ 8 წლის მანძილზე გააკეთეს და რაც სამომავლოდ კვლავ დაგეგმილი აქვთ.


 

 ჩვენ ერთად ყველა პრობლემას დავძლევთ! 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3371
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია